Home რუბრიკები ისტორია ყვარადან ხარჭიშომდე – თიანეთი

ყვარადან ხარჭიშომდე – თიანეთი

ლაშა-გიორგისა და სუსანას უიღბლო სიყვარულის ისტორიამ არხალიდან ივრის სათავეებისაკენ წაგვიყვანა და ზემო არტანს შემდეგ, რომლის მახლობლად ლაშარის ხატობა იმართება ხოლმე, ერთ ხერთვისთან შევჩერდით. მარცხნიდან პატარა მდინარე ხაშმურა მოედინება, მარჯვნიდან – თავად იორი.

ხაშმურის მიმართულებაზე ბილიკი ორად იყოფა: მარცხენა ბილიკს, ბაჩალის სერის გადავლით, დიყელასა და ჩარგალში მივყავართ, მარჯვენა ბილიკს – გოგოლაურთაში, ჭიჩოში და ხოშარაში. ამ ადგილებიდან ყველაზე უკეთ ჩარგალსა და დიყელას ვიცნობ – ჩარგლის თავზე გაშლილ ერთ ულამაზეს სუბალპურ მინდორს, ყვავილოვან მხარეს, სადაც პირქუშაშვილები აძოვებენ საქონელს და ქოხიც უდგათ.
ივრის მიმართულებით სამანქანო გზა ყვარამდე მიდის, შემდეგ კი ვიწრო ბილიკი ბორბალოს მთისკენ მიემართება. მახსენდება, დიდი ხნის წინათ როგორ გადავყურებდით მწვერვალიდან ოთხივ მხრივ დაქანებულ ოთხ მდინარეს: პირიქითა ალაზანს, კახეთის ალაზანს, ანდაქისწყალსა და იორს. მაშინ ანდაქისწყლის სათავეებიდან მივადექით ბორბალოს, ახლა კი ივრისპირა გზა ავირჩიეთ: ხერთვისიდან 5 კილომეტრი გავიარეთ, მწყემსების ბინას გავცდით და ორ, გვერდიგვერდ, მდგარ ეკლესიასთან შევჩერდით. შედარებით მცირე, დარბაზული საყდარი რიყის დიდრონი ქვებითაა ნაგები და ვიღაც მადლიანს განუახლებია; შიგნით მარტივი პილასტრების კაპიტელებიდან კამარის დამჭერი წყვილი თაღი გადადის. მეორე საყდარი სიგრძეში 10,5 მეტრია, სიგანეში – 7,5. იგი ჯვარ-გუმბათოვანი ყოფილა. ნაგებია კლდის ქვითა და აქა-იქ შირიმის კარგად გათლილი კვადრებით. გუმბათის ყელი, რომელიც ახლა სრულიად მოშლილია, აფრების საშუალებით ოთხი მინიატურული მკლავის თაღს ეყრდნობოდა. ექსტერიერში თვალშისაცემია აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც ხუთწახნაგა შვერილ აფსიდს წარმოადგენს. ტაძარი XIII საუკუნისა უნდა იყოს.

ამავე მიდამოებში, ივრის მეორე ნაპირზე, ტყეში, კიდევ უფრო ძველი და საინტერესო ეკლესიის ნანგრევებია. ეს ტაძარი ნაგები ყოფილა კარგად პირმოსწორებული, მაგრამ დარღვეული მართკუთხა ფორმის გრანიტის კვადრებით. საყდარი სიგრძეში 15 მეტრს აჭარბებს, სიგანეში – 14-ს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ძალიანაა დანგრეული და მისი შიდა სივრცე ლოდებითაა ამოვსებული, ზოგადი შტრიხებით, ასაკის დადგენა, მიახლოვებით, მაინც შეიძლება – იგი IX საუკუნის აქეთ არ უნდა იყოს აგებული. საყდარი რომ 3-ნავიანი და 2-სართულიანი ყოფილა, ამას სახურავის ქანობის კონტურები და აღმოსავლეთ ფასადზე ორ სხვადასხვა დონეზე გამოჭრილი სარკმლები ადასტურებს. ქვედა, ცენტრალური, სარკმელი, იმის გამო, რომ მოშვავებულ ნიადაგს კედელი სანახევროდ დაუმარხავს, ახლა, ლამის, მიწის დონეზეა, არადა ინტერიერში იგი კონქის ქვეშაა. მეორე სარკმელი 145 სანტიმეტრით მაღლაა, მაგრამ იგი დარბაზში არ იყურება და იმაზე მიგვანიშნებს, რომ საკურთხევლის თავზე არსებული სამალავის კუთვნილებაა. ასევე ორსართულიანი უნდა ყოფილიყო სადიაკვნოც და სამკვეთლოც, რომლებიც კამარათა ჩამოქცეული ლოდებითაა დამარხული. საფიქრალია, რომ ეს უსახელო ტაძარი დიდი სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა და სამლოცველო იქნებოდა.

– სამივე ეკლესია ყვარას ტერიტორიას ეკუთვნის, არა? – ვეკითხები ჩვენს მეგზურს, თიანეთის მუზეუმის თანამშრომელს მიხეილ მგელიაშვილს.

– რა თქმა უნდა, მაგრამ ყვარა ერთი დაბის სახელწოდება კი არ არის, არამედ ხერთვისის ზემოთ არსებული მთელი ივრის ხეობისა. ამ ქედს კი, რომელზეც ეკლესია დგას, ჩვენში გარეჯის მთაც ჰქვია… საინტერესოა, არა? ისიც უნდა გითხრათ, რომ XIX საუკუნეში სწორედ აქ მოღვაწეობდა ერთხანს ვაჟა-ფშაველას მამა პავლე რაზიკაშვილი.

– როგორც ვიცი, დაბა ყვარელს აქედან ჩასახლებულებმა დაარქვეს სახელი. ასევეა, ვთქვათ, სოფლები ფხოველიც და ფშაველიც, არა?

– ასეა… – კვერს მიკრავს მგელიაშვილი, – ოღონდ ეს ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა. თანაც, დავუკვირდეთ, აქაურ კაცს ყვარელი ერქვა, ყვარელში მცხოვრებს კი ყვარელელი ჰქვია.

გადავხედოთ ისტორიას:

“მოქცევაი ქართლისაი” გვეუბნება, რომ, წობენის შემდეგ წმინდა ნინო “გარდავიდა ერწუდ და დადგა ჟალეთს, დაბასა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა. და ყუარელთა ესმა ესე და გადაკრბეს თოშეთა, რომელნი უკანასკნელ იპოვნეს, თრდატ მეფემან მოიყვანნა და მონათლნა”.

ლეონტი მროველი თუშეთიდან ყვარელთა დაბრუნებას ერთ-ერთ ასურელ მამას – აბიბო ნეკრესელს მიაწერს. მაგრამ ყვარელთა ჩასახლება დურუჯის ხეობაში, შესაძლოა, უფრო ინტენსიურად თამარისა და ლაშა-გიორგის მეფობაში მოხდა, როცა აჯანყებული მთიელები სუსანას მისიონერული მოღვაწეობის შედეგად დაცხრნენ.

და აი, აქ ჩვენს მოგზაურობაში ხელახლა ცოცხლდება ხარჭად შერაცხული ლაშას ცოლყოფილის სახე. უეჭველია, რომ ლაშას დავალებით ფშავ-ხევსურეთსა და ერწო-თიანეთში მოღვაწე სუსანა ყვარას ხეობის სოფლებსაც მოივლიდა და იქაც ძლიერ ეყვარებოდათ. მაგრამ შვილწართმეულ და შემონაზვნებულ სუსანას დიდხანს არ უცხოვრია.

…ყვარადან გამობრუნებულები ისევ ორი მდინარის შესაყართან ვჩერდებით, მაგრამ ჩემი თხოვნით ხაშმურის აყოლებაზე, ბაჩალისაკენ აღარ მივდივართ. ვიცი, რომ ბაჩალს გადაღმა დიყელაა, ჩემთვის კარგად ნაცნობი ყვავილოვანი გრძელი მინდორი, სადაც ერთ დროს სულის ლხენასა და თვალთა სიამეს განვიცდიდი, ახლა კი შორიდან, წარმოსახვაში, მგლოვიარე და მოქუფრული მეჩვენება იგი.

იქნებ, სწორედ დიყელას გამოვლით მოჰყავდათ 1217 წელს სულთმობრძავი სუსანა ფშაველებს? მთიელთა შემოსარიგებლად იქაური სოფლებში მოსიარულე ახალგაზრდა ქალი ქარსა და წვიმაში, თურმე, ისე გაცივებულა, რომ სიკვდილის პირამდე მისულა. სუსანა ბაჩალის სერამდე ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა… მაგრამ უმტყუნა ჯანმა? იქნებ, უკანაფშავში ან ჭიჩოში, სადაც მადლიერი მთიელები, უძველესი ტრადიციის თანახმად, საჯოგე ულაყს უზრდიდნენ? სოფელ ჭიჩოს თავზე დღემდეა შემორჩენილი თამარღელედ მიჩნეული ხატი. მახლობლად, ხოშარასთან, ხმელგორაზე, ლაშარის მთავარი ჯვარია. ლაშარობის დღეს ლაშარის ხატიდან სწორედ თამარღელის ხატში გადადიან ხოლმე მლოცველ-მოხატენი. ასეთია უძველესი ტრადიცია. ახლა ერთ რამეს დავუკვირდეთ: თამარღელის ხატის ქვედა პლასტები თამარ მეფესთან რომ იყოს დაკავშირებული, მაშინ, წესით და რიგით, განა ის არ უნდა გამხდარიყო ფხოვის უმთავრესი სალოცავი და არა ლაშა-გიორგისთან დაკავშირებული ლაშარი? გარდა ამისა, ისიც ხომ ცნობილია, რომ ივანე ათაბაგის მიერ მთიულეთის აჯანყების სისხლში ჩახრჩობის გამო, თამარის მეფობის ხანას და თავად თამარს მაინცადამაინც დიდ პატივს არ მიაგებენ ფშავ-ხევსრუნი. ისინი ლაშა-გიორგის და ერეკლე II-ის თაყვანისმცემლები არიან. და აი, ჩნდება არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ლაშარის სიახლოვეს, მის მეწყვილედ, მდებარე ხატი თავდაპირველად სწორედ სუსანას ხსოვნას უკავშირდებოდა, მაგრამ შემდგომში მიკერძოებულმა ისტორიამ მას მტვერი წააყარა და სახელიც გადაარქვა.

ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ, გადმოცემის თანახმად, აქ წინათ თამარის ხატი არ იყო და იგი გვიან შუასაუკუნეებშია დაარსებული ვითომცდა თამარ მეფის კუბოს ადგილზე (იხ. ივ. ბარდაველიძის “ფშავის საკულტო ძეგლები”, წიგნი I). ვინ იცის?!. მაშინ, 1217 წლის მარიამობის თვეს კი ყველაფერი ნათელი და აშკარა იყო. დამწუხრებულ ფშავლებს ბაჩალის სერზე გადმოჰყავდათ სულთმობრძავი დიდი დედა, საკუთარი დედოფალი სუსანა – ოდესღაც უმშვენიერესი ხათუნა, რომელიც სამეფო კარმა მოიძულა და ხარჭად შერაცხა…

იოანე ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ სუსანამ უფალს სული მიაბარა ბაჩალის სერის იმ მონაკვეთში, სადაც 9 თუ 12 არყის ხე მდგარა. ფშავლები, თურმე, XIX საუკუნემდე ადიოდნენ იქ და შესაწირი აჰქონდათ. ჩვენი მეგზური მიხეილ მგელიაშვილი იხსენებს, რომ, უფროსებისაგან მასაც გაუგონია არყიანებში არსებული რაღაც ძველი ნიშის არსებობის შესახებ.

…ლაშა-გიორგის ბევრი უგლოვია და სუსანას დაკრძალვა ხარჭოის ეკლესიაში უბრძანებია. ბუნებრივია, XIII საუკუნემდე ამ ადგილს სხვა სახელი ერქმეოდა. სხვათაშორის, ტოპონიმმა თავდაპირველად ჩვენც შეცდომაში შეგვიყვანა და ეკლესიას სოფელ ხარტიშოში ვეძებდით. ადგილობრივებმა, ეს ამბავი რომ გაიგეს, ხევსგაღმა შეფენილი სოფლის – თვალივის ტყეზე მიგვანიშნეს და არ გაინტერესებთ, რა გვითხრეს? – ეგ ის ეკლესიაა, სადაც ლაშამ ლუხუმისათვის წართმეული ცოლი დაკრძალაო… სომეხ ტერტერათა და რუსუდან დედოფლის მხარის ამბმელთა მონაჩმახი, რომ ლაშამ ველისციხელ კაცს წაჰგვარა ცოლი, მთიელებმა თავისებურად მოთარგმნეს და დაზარალებული ველისციხელის როლში ფშავი ლუხუმი გამოიყვანეს. რა სქელი და შავი მტვერი ადევს სუსანას თავგადასავალს!..

…თვალივის ტყეში ადგილობრივი მკვიდრი ხვთისო გუშარაშვილი მიგვიძღვის, თან ჩიტები მოგვძახიან და მოგვაცილებენ. სამონასტრო კომპლექსი სოფელთან ახლოსაა, იგი მაღალ ბორცვზე დგას და, ძველი გალავნის ფრაგმენტებთან ერთად, საბრძოლო კოშკიც შემორჩენია. თავად ეკლესია დარბაზული ტიპისაა, სიგრძეში 13 მეტრია, სიგანეში – 8. აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული შვერილი აფსიდი, დასავლეთით კი კარიბჭე, რომელზეც სამრეკლოს ფანჩატური ყოფილა დადგმული. ფანჩატურის ბაქანზე ქვის საფეხურები ადის. ალბათ, ამ სამრეკლოს ფორმის გამო ამბობდა ვახუშტი ბატონიშვილი, – ეკლესია გუმბათიანიაო.

1265 წლის შემდეგ, როცა “ბერქა ყაენმა მოაოხრა ჰერეთი, კახეთი და ყოვლის ივრის პირი”, სწორედ ეს მონასტერი იქცა საეპისკოპოსო საკათედრო ტაძარადა, რადგან ამ დრო გორგასლის დროინდელი ჟალეთის კომპლექსიც დაენგრია მტერს.

ცნობილია 11 ხარჭაშნელი ეპისკოპოსი. როგორც ვარაუდობენ, პირველი მათგანი იყო ლაშა-გიორგის ღრმად მოხუცებული პირადი მოძღვარი და მისი სუსანასთან კანონიერი ქორწინების მაკურთხებელი მეუფე გიორგი. ბოლო ეპისკოპოსი ყოფილა ნიკოლოზი, ბოლოსწინა კი გრიგოლი – ერისკაცობაში გრიგოლ ავალიშვილი, რომელმაც თავის დროზე ქართული სტამბა მოაწყო პეტერბურგში. ხარჭოის ეკლესია ბოლოს ერეკლე II-ის მზრუნველობით შეკეთდა 1749 წელს.

…ტაძრის კედლებზე ამაოდ ვეძებთ რაიმე წარწერას, ვეძებთ სუსანას საფლავსაც. საყდარის მთავარ დარბაზში, დასავლეთ მონაკვეთში, ორი ძალიან დიდი ფილა დევს, რომელთა ქვეშ სიცარიელე შეინიშნება. ძალიან საინტერესო იქნება როგორც ამ სამარხის გახსნა, ისე მონასტრის ეზოს არქეოლოგიური შესწავლა. უეჭველია, რომ სუსანას ნეშტი სადღაც აქ უნდა განისვენებდეს.

…ვზივარ გალავნის მორღვეული კარიბჭის ქვაზე და ფიქრებს მივცემივარ: რა სწრაფად გალეულა მშვენიერი ახაშნელი ქალის სიცოცხლე. რა მძიმე და მოკლე ყოფილა ჭერემიდან თვალივის მონასტრამდე გავლილი გზა…

ლაშა-გიორგის ცოლი აღარ მოუყვანია…

 

გელა ქოქიაშვილი

ავტორის ფოტოები

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here