Home რუბრიკები ისტორია საბჭოთა სარაკეტო ბირთვულ ფარს ქართველი მეცნიერი ქმნიდა

საბჭოთა სარაკეტო ბირთვულ ფარს ქართველი მეცნიერი ქმნიდა

სოციალისტური შრომის ორგზის გმირი (1976, 1982), ლენინისა (1966) და სახელმწიფო (1987) პრემიების ლაურეატი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი და დირექტორი ალექსანდრე დავითის ძე ნადირაძე 1914 წლის 20 აგვისტოს ქალაქ გორში დაიბადა; 1936 წელს, ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მოსკოვში გადასახლდა და მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.
1938 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ – ჯგუფის ხელმძღვანელად. დაკავებული იყო თვითმფრინავის საჰაერო ბალიშის პრინციპზე დაფუძნებული ამფრენ-დამჯდომი მოწყობილობის თეორიული, ექსპერიმენტული და სამეცნიერო კვლევით. ნადირაძის საჰაერო ბალიშზე დაფუძნებული ამფრენ-დამჯდომი მოწყობილობა დამონტაჟდა «УТ-2Н» ტიპის თვითმფრინავზე. 1941 წელს ის დაინიშნა მოსკოვის ს. პ. გორბუნოვის სახელობის 22-ე ქარხნის საცდელ-კონსტრუქციული ბიუროს მთავარ კონსტრუქტორად. 1941 წლის ბოლოდანვე შეუდგა სარაკეტო ტექნიკის გამოკვლევას. ომის წლებში ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების ხუთი სახეობა გამოიგონა.

1945 წელს ნადირაძემ შექმნა მოსკოვის მექანიკური ინსტიტუტის რეაქტიული შეიარაღების ფაკულტეტთან არსებული საცდელ-კონსტრუქციული ბიურო, რომელშიც თავად გახლდათ მთავარი კონსტრუქტორი. პარალელურად კითხულობდა ლექციებს რაკეტების პროექტირებისა და გამშვები მოწყობილობების შესახებ, განაგრძობდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ორსაფეხურიანი რაკეტებისა და ტურბორეაქტიული ჭურვების მიმართულებით.

1948 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, მოსკოვის მექანიკური ინსტიტუტის საცდელ-კონსტრუქციული ბიურო «КБ-2»-ის შემადგენელი ნაწილი გახდა და ნადირაძე ხელმძღვანელობდა ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ჭურვებისა და არამართვადი ზენიტური რაკეტების შემუშავების ქვეგანყოფილებას. 1950 წლიდან მუშაობდა საზენიტო ჭურვ «სტრიჟზე». 1951 წლიდნ «КБ-2» შეუერთდა «ГСНИИ-642 МСХМ»-ის, რომელშიც ფრთოსანი და დენთის რაკეტების, რადიომართვადი და თვითდამიზნებადი ავიაბომბების შესაქმნელად გაერთიანებული იყო ორლოვის, ნადირაძის, კაშერინინოვის და სვეჩარნიკის საცდელ-კონსტრუქციული ბიუროები. 1953 წლიდან ნადირაძე სათავეში ჩაუდგა «Вრპრნ»-ის სისტემაზე მუშაობის საქმეს.

დაგროვილი გამოცდილებით შეიქმნა მსოფლიოში პირველი მაღლივი მეტეოროლოგიური კვლევითი რაკეტა, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ 1949 წელს დაიწყეს სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცენტრალური აეროლოგიური ობსერვატორიის ტექნიკური დავალებით. რაკეტა გამიზნული იყო გაზომვითი აპარატურის ატმოსფეროს მაღალ ფენებში ტრანსპორტირებისათვის. 1951 წელს ობსერვატორიის თანამშრომელთა მონაწილეობით გაუშვეს პირველი მეტეოროლოგიური რაკეტა «МР-1», რომელიც სწორედ ალექსანდრე ნადირაძემ შექმნა.

1951 წლის 15 ოქტომბერს ხელისუფლების დადგენილებით, ნადირაძეს რადიომართვადი ბომბ «УБ-2000Ф»-ით აღჭურვილი საავიაციო კომპლექს «Чайка»-ს შექმნა დაევალა. 1955 წელს მისი გამოცდები წარმატებით დასრულდა და იმავე წლის 1 დეკემბრიდან კომპლექსი «УБ-2Ф» ბომბით მიღებულ იქნა შეიარაღებაში.

ქვეყნის მმართველობის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრომ მოაწყო კონკურსი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შექმნის საუკეთესო პროექტზე. კონკურსი ნადირაძემ მოიგო. 1966 წლის 6 მარტს თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს დაევალა, შეექმნა მყარსაწვავიანი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა მოძრავი საგრუნტო კომპლექსისათვის. პროექტს «Темп-20» ეწოდა.

1972 წლის 14 მარტს პლესეცკის პოლიგონზე «Темп-20»-ის გამოცდები დაიწყო და 1974 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა. 1976 წლის 21 თებერვალს «Темп-20»-ის ორი პოლკი პლესეცკის რაიონში საბრძოლო მორიგეობას შეუდგა.

1971 წელს ნადირაძის საკონსტრუქციო ბიურომ კომპლექს «Пионер»-ზე დაიწყო მუშაობა. ზაფხულის გამოცდებმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა და 1976 წლის 9 იანვარს დასრულდა. 1976 წლის 11 მარტიდან სარაკეტო კომპლექსი «Пионер» შეიარაღებაში მიიღეს.

1977 წლის 19 ივლისს დაიწყო გაუმჯობესებული ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების მქონე კომპლექს «Пионер»-ზე მუშაობა. 1981 წლის 28 აპრილს კომპლექსი «Пионер УТТХ» შეიარაღებაში მიიღეს. ეს რაკეტა 5500 კილომეტრის დაშორებაზე ისეთი სიზუსტით ისროდა, რომ სწორედ ეს გახდა ახლო და საშუალო სიშორის (ანუ რაკეტები, რომელთაც შეუძლიათ, მიაღწიონ მიზანს 500-დან 5500 კილომეტრამდე მანძილის დაშორებიდან) რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ სსრ კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მიზეზი. ფაქტობრივად, უნდა განადგურებულიყო ყველაფერი, რაც მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტში იქმნებოდა. 1752 განთავსებული და 845 განუთავსებელი საბჭოთა რაკეტა განადგურდა. შეერთებულმა შტატებმა, შესაბამისად, 859 და 283 რაკეტა გაანადგურა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ

როდესაც ოდნავი გადახვევის გარეშე ათეულობით საბჭოთა «Пионер» აფრინდა, ამერიკელები დარწმუნდნენ, რომ «სარაკეტო-ბირთვული ფარი» სულაც არ იყო უბრალო სიტყვები, რომელსაც საბჭოთა გენერლები ვინმეს შესაშინებლად იყენებდნენ.

ალბათ, სწორედ ამის გამოა, რომ ვაშინგტონის ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმში «Пионер»-ის ერთ-ერთი ეგზემპლარი დღემდე მთავარ ექსპონატად ინახება.

«Пионер»-ის შექმნისას დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გახდა ახალი საგრუნტო სარაკეტო კომპლექსის, სტრატეგიული რაკეტით აღჭურვილი «Топ¬оль»-ის შექმნის საფუძველი. მასზე მუშაობა ალექსანდრე ნადირაძემ დაიწყო, მაგრამ წელს გულის შეტევით მისი უეცარი გარდაცვალების შემდეგ ეს სამუშაოები ლაგუტინმა განაგრძო. სწორედ «Топ¬оль», დასავლური კლასიფიკაციით, იგივე «შშ-25» გახდა პირველი მოძრავი სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც შეეძლო, გადაელახა რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა და 10 000 კილომეტრზე მიეღწია მიზნისათვის. საბჭოთა კავშირს «МАЗ-7912»-სა და «МАЗ-7917»-ზე განთავსებული ასეთი 360 რაკეტა ჰქონდა. ისინი 1986 წლიდან ტყიან მასივებში ახორციელებდნენ საბრძოლო მორიგეობას, რათა მზვერავი თანამგზავრებიდან შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ. ამჟამად მათ ადგილი გაცილებით სრულყოფილ და ზუსტ რაკეტებს დაუთმეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here