Home რუბრიკები პოლიტიკა ჯიმი ჯალიაშვილი: საქართველოში თუ რაიმე საჭიროებს ძირეულ ცვლილებას, უწინარესად, ესაა საგარეო პოლიტიკა

ჯიმი ჯალიაშვილი: საქართველოში თუ რაიმე საჭიროებს ძირეულ ცვლილებას, უწინარესად, ესაა საგარეო პოლიტიკა

940

ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც მოქკავშირის წიაღიდან აღმოცენებული ძალები ტრიალებენ

– ბატონო ჯიმი, უკვე თვეზე მეტია, თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ჯერჯერობით ოპოზიციამ და საზოგადოებამ ხელისუფლებას ძვრაც ვერ უყო. როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლების ძლიერების ნიშანია თუ, უბრალოდ, ოპოზიცია ვერ იყენებს რესურსებს?

– ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება ძლიერია და ამიტომ ვერ ხერხდება მისი შეცვლა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – მიხეილ სააკაშვილის ეპოქაში საქართველო ჩამოყალიბდა ავტორიტარულ სახელმწიფოდ…
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ჩვენი საზოგადოება ბოლო 20 წლის მანძილზე ძალიან შეეჩვია არეულობას და დღეს ყველას ჰგონია, რომ ესაა უმარტივესი გზა, რადგან მიტინგების გზით შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა უმოკლეს ვადაში მოხერხდა, ახლაც სწორედ მიტინგებში ხედავს ხალხი გამოსავალს… ეს უკვე წესად გვექცა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ირწმუნა, რომ ხელისუფლების დამხობა შესაძლებელია სამ კვირაში… რა თქმა უნდა, ნორმალურ ქვეყნებში ეს ხდება, მაგრამ ჩვენ არანორმალურ ქვეყანათა რიცხვს განვეკუთვნებით.

– იქნებ ოპოზიციის წარუმატებლობას ისიც განაპირობებს, რომ იგი პრობლემას ერთ ადამიანში – მიხეილ სააკაშვილში ხედავს?

– არც სააკაშვილია ჩვენი პრობლემა და არც რომელიმე კონკრეტული პიროვნება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ უკვე ჩვიდმეტი წელია, საქართველო არასწორი პოლიტიკით ხელმძღვანელობს. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის სტრატეგიულ კურსს ქვეყანა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავს. ასე იყო ზვიად გამსახურდიას დროსაც, მაგრამ მაშინდელი პროცესებისგან განსხვავებით, სააკაშვილის პირობებში ეს პოლიტიკა შემზადდა ძალოვანი სტრუქტურებით. ამ ხელისუფლებამ უფრო მეტად შეუტია რუსეთს და მივიღეთ გაცილებით ცუდი შედეგი, ვიდრე ზვიადის დროს.

ამდენად, დღეს უკვე ნათელია, რომ საქართველოში თუ რამე საჭიროებს ძირეულ ცვლილებას, უწინარესად, ესაა საგარეო პოლიტიკა…

ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები, ვალდებულნი ვართ დავფიქრდეთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. დღევანდელ ვითარებაში საჭიროა, ვილაპარაკოთ არა იმაზე, რომ ქვეყანას მართავს ცუდი პიროვნება, არამედ იმაზე, რომ პოლიტიკა, რომლითაც ის ხელმძღვანელობს, მცდარია ძირშივე. სანამ ეს პრობლემა არ იქნება გადაჭრილი, საქართველოს არაფერი ეშველება…

– იმისთვის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალოს და ქვეყანა დაადგეს სწორ გზას, საკმარისია თუ არა ერთი პიროვნების ანუ პრეზიდენტის შეცვლა?

– ამ თემაზე, როგორც პოლიტიკოსები, ისე რიგითი მოქალაქეები ძალიან ხშირად საუბრობენ და, სამწუხაროდ, საკითხს ასე სვამენ – ხელისუფლების გადაყენების შემთხვევაში, ვინ მოვიყვანოთ ან ვის გავყვეთ? ეს თავისთავად არასწორი მიდგომაა. ჩვენ იქამდე უნდა მივიდეთ, რომ ვსაუბრობდეთ, რას გავყვეთ და რა გზას დავადგეთ, თუმცა სიმართლე გითხრათ, დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში მე ვერ ვხედავ ძალას, რომელიც პროცესებს ამ მიმართულებით წარმართავს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ ამბობს, როგორ მოაგვარებს ჩვენს მთავარ პრობლემას – რუსეთთან ურთიერთობას. არადა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომლის გაუთვალისწინებლობამ საქართველო უკვე მიიყვანა კატასტროფამდე…

ჩვენს პოლიტიკოსებს, იქნება ეს ოპოზიციონერი თუ ხელისუფლებაში მყოფი, ერთმნიშვნელოვნად უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა და საერთო ენის გამონახვის გარეშე, საქართველოს არანაირი პერსპექტივა საერთაშორისო ასპარეზზე არ აქვს. ამიტომ, რაც უნდა განსხვავებული ფასეულობების მატარებელი იყოს, ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ მასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას.

სამწუხაროდ, რამდენიმე წელია, ჩვენთან ყალბი ცნობიერება ჩამოყალიბდა – თუ რუსეთს აგინებ, გზა ხსნილი გაქვს ხელისუფლებისაკენ და, რაც უფრო მეტს აგინებ, მით უფრო ასაბუთებ სამშობლოს სიყვარულს; ცხადია, რომ ამაში ხელისუფლება სარგებელს ხედავს, მტრის ხატის არსებობით. მმართველ ძალას საშუალებას აძლევს საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების ყურადღება გარეშე საფრთხეზე გადაიტანოს, მაგრამ არ შეიძლება, ხალხის ინტერესები და კეთილდღეობა ხელისუფლების წარმომადგენელთა შეცდომებს შეეწიროს…

– 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დიალოგი მოითხოვა. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის მხრიდან ეს იყო გარკვეული უკანდახევა, სამოქმედო გეგმებში რაიმე სტრატეგიული ცვლილება თუ დასავლელი პოლიტიკოსების დიპლომატიური ზემოქმედების შედეგი?

– დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის ინიციატივები, რაც სააკაშვილმა ოპოზიციას მოლაპარაკების დროს შესთავაზა, რეალურად არაფერს შეცვლის. დღეს ამოცანა ნომერი პირველი, რომელიც ხსნის ყველა პრობლემას, ესაა საქართველოს პოლიტიკური გარესარტყელის გაუსაფრთხოება. მხოლოდ საჭიროა ამ პოლიტიკის მიგნება. ჩვენ იმდენად ნიჭიერი ერი ვართ, რომ მშვიდობიანობის შემთხვევაში, ძალიან ძლიერ სახელმწიფოს და მდიდარ საზოგადოებას შევქმნით.

– დავუშვათ, გადადგა სააკაშვილი, ვინ შეიძლება მოვიაზროთ პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად?

– ოპოზიციის ლიდერებიდან ბევრს პირადად ვიცნობ და დაბეჯითებით შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან მომზადებული, ნიჭიერი და ენერგიული ხალხია, თუმცა, როგორც გითხარით, ჯერჯერობით ვერცერთი მათგანი ვერ გვთავაზობს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის წარმართვის ისეთ გეგმას, რომელიც მოგვიტანს მშვიდობას და გაცილებით უფრო მეტ დამოუკიდებლობას, ვიდრე ამჟამად გვაქვს. ამას რომ ვამბობ, უწინარესად მხედველობაში მაქვს ჩვენი მეზობლების – აზერბაიჯანისა და სომხეთის პრაქტიკა, რომლებმაც შეძლეს ისეთი დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, რომ ყველა ქვეყანასთან, მეტნაკლებად, მაგრამ მაინც, ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

ჩვენთან ასეთი პოლიტიკისა და პოლიტიკური ხედვების მქონე ადამიანების ნაკლებობა რომაა, სწორედ ამის შედეგია ის, რომ ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, არასწორადაა ინფორმირებული ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებზე; სკოლაში ბავშვებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ამქვეყნად საქართველოს მტერი მხოლოდ რუსეთია, ამერიკა კი – ჩვენი კულტურული იდენტურობის გარანტი სახელმწიფო. ეს, რა თქმა უნდა, ფარსია და არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამას რეალურად არ აღიქვამს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამით ხელისუფლება მომავალ თაობებზე სერიოზულ ფასეულობით ზემოქმედებას ახდენს…

– ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ოპოზიცია ნინო ბურჯანაძეს მიიჩნევს. თქვენი შეხედულებით, დღევანდელ სიტუაციაში რამდენად არის ბურჯანაძე ის ლიდერი, რომელიც სჭირდება ქვეყანას?

– საქართველოში დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, არ მოქმედებს პოლიტიკური გაკოტრების კრიტერიუმები, რაც გულისხმობს, რომ როცა ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა გრძნობს საკუთარ შეცდომებს, მაშინვე ტოვებს პოსტს და ემზადება ახალი არჩევნებისთვის. ჩვენი ცნობიერებისთვის ასეთი რამ უცხოა და ამიტომაც ჩვენს პოლიტიკოსებს აქვთ პრეტენზია, რომ ყველა ხელისუფლებაში იყონ. თუ დააკვირდებით, ამჟამად არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველა სუბიექტი ერთი და იმავე წერტილიდან აღმოცენებული მცენარეა – დღეს, ფაქტობრივად, მოქალაქეთა კავშირის წიაღიდან გამოსული ძალები ტრიალებენ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც…

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, რაც მართალია, მართალია, ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანია, მაგრამ ის განცხადებები, რაც მან აგვისტოს ომიდან დღემდე გააკეთა, არანაირად არ მაძლევს მისი პოლიტიკური ხედვებისადმი ნდობისა და დადებითი დამოკიდებულების საფუძველს. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, რომ ბურჯანაძე იყოს ის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შეუძლია, დაიწყოს რუსეთთან დიალოგი და, შესაბამისად, ქვეყანა გამოიყვანოს ჩიხიდან…

– დღეს რეალურად რა რესურსები არსებობს რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად?

– ამ ეტაპზე რუსეთს რაც უნდოდა, ყველაფერი წაღებული აქვს და, სამწუხაროდ, ახლა სულ არ აინტერესებს ჩვენთან დიალოგი. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მოსკოვსა და თბილისს შორის ჯერ კიდევ იყოს ვაჭრობის საგანი, ესაა საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხი, ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუ ჩვენ უარს ვიტყვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვაზე, რუსეთმა შეიძლება გარკვეულწილად შეარბილოს საქართველოს მიმართ მწვავე დამოკიდებულება, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ახლა სწორედ ამ ნაბიჯებს ვდგამდეთ, კრემლის ჯინაზე (როგორც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აცხადებს) ნატოს წვრთნებს ვატარებთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება, მეტად დავუახლოვდეთ ამ ალიანსს…

– თუ ნატოს ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება და, როგორც ამბობენ, მომავალში საქართველო გახდება ალიანსის სამხედრო ძალების საწვრთნელი პლაცდარმი, რა რეაქცია მოჰყვება ამას რუსეთის მხრიდან?

– აუცილებლად ძალისმიერი, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან ისევ და ისევ თავისი გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ადეკვატური იქნება მხოლოდ ძალის გამოყენება, ბუნებრივად ისმის კითხვა: თუკი ამერიკისთვის და ნატოსთვის საქართველო, უკრაინა და ერაყი სასიცოცხლო მნიშვნელობის სივრცეა, როგორ ვაიძულოთ რუსეთი, რომ აღარ დაინტერესდეს, რა ხდება საქართველოში?! ეს ხომ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ვერანაირი დიპლომატიური თუ სხვა სახის ზემოქმედება კრემლის გავლენას ვერ შეასუსტებს საქართველოში და მთლიანად კავკასიაში. ამით იმის თქმა მსურს, რომ ის პოლიტიკა, რომლითაც მოწამლულია დღეს მთელი საქართველო, მცდარია ძირშივე და სანამ ამ გზით ვივლით, სულ უფრო და უფრო მწვავე კომფრონტაციაში შევალთ რუსეთთან, რაც შესაძლოა, საბოლოო ჯამში თვით რუსეთისთვისაც არ აღმოჩნდეს მთლად პოზიტიური შედეგის მომტანი, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად იქნება დამღუპველი…

– თქვენ თქვით, რომ ნატოში გაწევრებაზე უარის თქმით, შეიძლება, რუსეთთან ურთიერთობა გარკვეულწილად გამოვასწოროთ. თვითონ რუსეთი რას გვთავაზობს ამ ნაბიჯის სანაცვლოდ?

– არაფერს არ გვთავაზობს. რუსეთს არ სჭირდება საქართველოსთან საერთო ენის გამონახვა იმისთვის, რომ აქ არ შემოვიდეს უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები. თუ ნატო საქართველოში ბაზებს განათავსებს, ეს, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის იქნება ძალიან დიდი თავსატეხი, მაგრამ ამ პრობლემას ის როგორმე თვითონაც მოაგვარებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს რუსეთი იმდენად დასუსტებულია, რომ საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ შეძლებს, ეს ძალიან მცდარი შეხედულებაა. კრემლის ცალსახა პოზიციაა კავკასიაში გავლენის სფეროს შენარჩუნება და ამ მიზნისთვის ის ბოლომდე იბრძოლებს. ამას დასავლეთშიც კარგად ხედავენ და ამიტომ ყველა წამყვანი სახელმწიფო, მათ შორის ამერიკაც და ევროპის მოწინავე ქვეყნებიც, ყველანაირად ცდილობენ, რუსეთთან ღია კომფრონტაციისთვის თავის არიდებას…

ერთადერთი ჩვენ ვართ, ქართველები, რომლებსაც გვგონია, რომ დაპირისპირებით რაიმეს მივაღწევთ. უფრო მეტიც, ზოგს იმის იმედი აქვს, რომ რუსეთი მალე დაიშლება და ამით ყველა პრობლემა მოგვეხსნება. ღმერთმა ნუ ქნას, ეს მოხდეს, თორემ საქართველო კი არა, შეიძლება მთელი მსოფლიო წალეკოს ამ უზარმაზარი სახელმწიფოს დაშლამ…

– საზოგადოებაში და პოლიტიკოსთა გარკვეულ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ თუ საქართველოში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, კრემლი შეეცდება, შემოგვიგდოს თავისი კანდიდატი. თქვენ რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს მოსაზრება?

– ამ ეტაპზე მგონია, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს, ვინაიდან, როგორც გითხარით, ეს მას არ სჭირდება. ის პროცესები, რაც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, თავისთავად საინტერესოა რუსეთისთვის, მაგრამ მისწრაფება იქითკენ, რომ აქ ხელისუფლებაში ჩაერიოს ვინმე პრორუსული, ჯერჯერობით კრემლის პოლიტიკაში არ ჩანს. ამდენად, გამოვრიცხავ რუსეთის ჩარევას საქართველოს საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნებში…

– რაც შეეხება ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ სამოქალაქო აღლუმს, ხალხში არის იმის მოლოდინი, რომ ამ დღეს გადაწყდება, არის თუ არა სააკაშვილი და მისი გარემოცვა მართლა წამსვლელი. ოპოზიციონერი ლიდერებიც საკმაოდ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ… როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ოცდაექვსში?

– იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ოცდაექვსი მაისის სამოქალაქო აღლუმზე რაიმე იმედები დავამყაროთ, მაგრამ, ვთქვათ და, რომ გადადგეს ხელისუფლება, რეალურად რა შეიცვლება ამით?..

ის ძალა, რომელიც ჩაიბარებს ქვეყნის მმართველობას, რა გარანტიას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არ ჩაგვაგდებს? ხალხი ხომ რეალურად არცერთი პარტიის სამოქმედო გეგმას არ იცნობს?! როგორ უნდა ავირჩიოთ ადამიანი მმართველად, როცა არ ვიცით, რა ცვლილებებს გვთავაზობს და როგორ წარმოუდგენია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, როგორ უნდა ვენდოთ ასეთ პიროვნებას?!

არსებობს მეორე (შიშის) მომენტიც – ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლა ოპოზიციურ პარტიებს შორის ხომ არ გადაიზრდება ურთიერთდაპირისპირებაში?! ხომ არ ატყდება ქაოსი და განუკითხაობა?! მე, სიმართლე გითხრათ, ამის ძალიან დიდ საშიშროებას ვხედავ და, თუ ეს მოხდება, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურება და დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის… ამიტომ საზოგადოებას დაფიქრება მართებს; თუ სწორად გავაანალიზებთ შექმნილ ვითარებას და გადაწყვეტილებასაც სწორს მივიღებთ, გადარჩება საქართველო, თუ არადა, – ისედაც დაღუპვის გზაზე ვდგავართ და, მგონი, ბევრიც არაფერი გვიკლია საბოლოო განადგურებამდე…

ესაუბრა

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here