მომძლავრებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კაცობრიობის წინასწარ დაგეგმილი და მომზადებული რყევაა. ის ჩამოყალიბებულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში წინასწარ განჭვრეტილი შედეგებით იმისათვის, რომ გადაიზარდოს გლობალურ სოციალურ კრიზისში, მიგვიყვანოს საყოველთაო ბრძოლასთან მსოფლიოს რადიკალური გარდაქმნისათვის. ამიტომ იგი იქნება გაჭიანურებული, მრავალწლიანი, აღზევებითა და დაცემებით, იმის დემონსტრაციით, რომ მცდელობებს მისი სრული დაძლევისათვის მსოფლიოს მოწყობის არსებულ სისტემაში წარმატება არ მოჰყვება, მსოფლიოს ყველა ხალხს კი ქანცს გააცლის. ჩვენი თანამედროვენი ერთ დროს დასავლეთში განხილული «მართული ქაოსის» თეორიის გამოყენების თვითმხილველები ხდებიან. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში საჯაროდ საუბრობდნენ, რომ სწორედ ეს სოციალური ტექნოლოგია იქნება გამოყენებული მსოფლიოს წამყვანი ძალების გადამწყვეტი სტრატეგიული მოქმედებების განსახორციელებლად.
გამოყენებული პოლიტიკური ტექნოლოგიების არსი ისაა, რომ მოხდეს მოსახლეობის ცხოვრების დეზორგანიზაცია, დაირღვეს მისი სიცოცხლის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო მართვის, აგრეთვე, ბუნებისა და სოციალური სტიქიისაგან მისი უშიშროების დიდმნიშვნელოვანი მექანიზმები. პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და მომსახურების მწვავე დეფიციტი, საზოგადოების ეკონომიკური ცხოვრების დეზორგანიზაცია, აგრეთვე, საშიში ბუნებრივი და სოციალური მოვლენები (მასობრივი უმუშევრობა, ტექნოგენური და კლიმატური კატასტროფები, უჩვეულო ეპიდემიები, შეიარაღებული პროვოკაციები, მასობრივი უწესრიგობანი და ასე შემდეგ) შეიძლება მიზანდასახულად გამოიყენონ დაინტერესებულმა ძალებმა, შექმნან პირობები ამ მოვლენების წარმოქმნისა და განვითარებისათვის.
ამ ფაქტორების მოქმედება კატასტროფულ მასშტაბებამდე ავა, რათა დაითესოს პანიკა და უიმედობა მოსახლეობაში. ადამიანები იძულებულნი გახდებიან, გამოსავალი ეძებონ თავისთვის და ახლობლებისთვის. ამით თავიდან იქნება აცილებული ფართოდ ორგანიზებულ საპირისპირო მოქმედებათა შესაძლებლობა. ამის მნიშვნელოვანი პირობა ადამიანთა მასებში სტიქიური უბედურებების შესახებ წარმოდგენის შენარჩუნებაა. ისინი არ უნდა ხედავდნენ ნამდვილ მტერსა და მის მოკავშირეებს, ვისთანაც საჭიროა ბრძოლა, ვინც სინამდვილეში ანადგურებს მათ. ისინი არ უნდა გამოვიდნენ ერთიანი გლობალური მტრის წინააღმდეგ, რომელიც ერთიანი ჩანაფიქრითა და გეგმით აწარმოებს მსოფლიოს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ამის ნაცვლად ყველაფერი გაკეთდება, რათა დაუნდობელ და ძმათამკვლელ ბრძოლაში ერთმანეთს შეაჯახონ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი, ხალხები, რელიგიური და სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაციები.
ამ სცენარის განმახორციელებელი ძალები ასეთ პირობებში შეინარჩუნებენ მოქმედებათა ინიციატივას, ვინაიდან წინასწარ იქნებიან მომზადებული მათ მიერვე პროვოცირებული მთავარი კატასტროფული მოვლენებისათვის. ჩანაფიქრის შესაბამისად, სწორედ ეს მისცემს მათ საშუალებას, საჭირო მომენტში მოგვევლინონ მათ მიერვე მოწყობილი ქაოსიდან ხალხთა მხსნელის როლში, თუმცა შემოთავაზებული «გადარჩენის ფასი» მეტად მაღალი იქნება.
ხალხს მოუწევს, გასწიროს საკუთარი დიდმნიშვნელოვანი ინტერესები, უფლებები და თავისუფლებანი, გადავიდეს გლობალური ძალების უსიტყვო და უპირობო მორჩილებაში. ამაზე კი თანახმა იქნება მხოლოდ ტოტალური კატასტროფის პირობებში, განადგურების საფრთხის წინაშე. პარტიები, მოძრაობანი, მრავალ შემთხვევაში კი სახელმწიფო სტრუქტურებიც წაილეკება სასოწარკვეთილი ბრბოს მიერ.
ამრიგად, საკითხი შეეხება საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის რადიკალურ ცვლილებას მთლიანად კაცობრიობის მასშტაბით, გადატრიალებას მსოფლიოს მოწყობაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – მსოფლიო რევოლუციას. ცნობილი კანონზომიერებების გათვალისწინებით, ეს მიგვიყვანს საზოგადოებაში ადამიანთა ახალ სოციალურ-ჯგუფობრივ გადანაწილებასთან, საზოგადოებრივ ძალთა პოლიტიკური სპექტრის ცვლილებასთან ახალი პირობების, ბრძოლის მიზნების შესაბამისად.
უახლოეს პერიოდში მსოფლიოს ყველა ხალხის პოლიტიკურ არენაზე ინფორმაციულად აღსაქმელ ასპექტში აშკარად გამოიკვეთება პოლიტიკურ მოღვაწეთა და მათ უკან მდგარ ძალთა ორი დამახასიათებელი კატეგორია. გამოჩნდება მკაფიო ნიშანი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება რეალურ მოწინააღმდეგეთა გარჩევა.
ერთნი, მომხდარის მეთვალყურეობის ფონზე, მთელი ძალებით შეეცდებიან დემონსტრირებას, რომ ეს ქაოსი არის სტიქიის გამოვლინება, უმართავი დამანგრეველი პროცესები. ესენი იქნებიან უდიდესი გლობალური ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც წამოიწყეს კაცობრიობის გარდაქმნა და ამისთვის მოაწყვეს ქაოსი.
იქნებიან სხვებიც, უფრო გაბედულები. იმავე პროცესების მეთვალყურეობით, ისინი შეეცდებიან ამ ქაოსის მართვადობის მტკიცებას.
მსოფლიო გეოპოლიტიკური ბრძოლის ხარისხობრივად ახალ ეტაპში შედის. საზოგადოებაში გლობალური მასშტაბი და სიტუაციის რადიკალური ცვლილებები მალე დააყენებს საკითხს განურჩევლად ყველას სიცოცხლისუნარიანობის შესახებ.
არსებობის გაგრძელებასა და განვითარებას შეძლებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტობრივად განახორციელებენ კრიზისის ინიციატორების ეგოისტური ინტერესებისა და მოქმედებების დაპირისპირების ეფექტიან სტრატეგიას. ეს შეეხება როგორც შიდასახელმწიფო, ისე საერთაშორისო გაერთიანებებს, ამიტომაც მთლიანად – შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (შთო).
რა სურთ მსოფლიო რევოლუციონერებს?
გეოპოლიტიკური ბრძოლის ახალი პოლიტიკური ეტაპი კარგადაა ცნობილი თეორიიდან. ცივი ომის დამთავრებისა და სსრ კავშირის განადგურების ეიფორიის ფონზე დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენელი ამის შესახებ საჯაროდ აცხადებდა 90-იანი წლების დასაწყისში. ეს თემა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც აიტაცეს, მაგრამ შემდეგ ამის შესახებ დადუმდნენ, ხოლო საჯარო გამოსვლებში ვრცელი ნაკადით წამოვიდა პოლიტიკური მითოლოგია. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობა, ბიზნესსა და ხელისუფლებაში წარმოდგენილი ადგილობრივი კლანები ვერ მიხვდნენ მათთვის გამზადებული ბედის შესახებ, რათა არ მიაქციონ ყურადღება მათი რბევის მომზადების აშკარა ნიშნებს, დარჩნენ ლოიალურები მსოფლიო ძალების მიმართ.
ახალი გეოპოლიტიკური ეტაპის შინაარსი მონდიალიზმის სისტემის აგებაა. არსებითად, ეს ცენტრალიზებული მართვის ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს შექმნაა. რასაკვირველია, მსოფლიო სახელმწიფო შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს მოწყობილი, ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური სისტემა, შინაგანი ავტონომიები (მათ შორის, ეთნოკულტურული, ტრადიციულად ტერიტორიული). შეიძლება არსებობდეს მრავალნაირი განაწილება უფლებებისა და მოვალეობებისა და ა.შ. მაგრამ აუცილებლად დარჩება ის, რომ კაცობრიობის მთელი რიგი ფუნდამენტური პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვს ცენტრალიზებულ რეგულირებას გლობალური მასშტაბებით. უწინარეს ყოვლისა, ეს შეეხება კაცობრიობის ზემოქმედების რეგულირებას პლანეტის ეკოლოგიაზე. ამიტომ მართვის გლობალური სისტემის ფორმირების, მაშასადამე, გლობალური ხელისუფლების თავად მოთხოვნა ზოგიერთი უფლებამოსილებით, სავსებით ობიექტურია.
ამჟამად შემოთავაზებული მონდიალიზმის სისტემის მშენებლობის დროს პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ითვალისწინებს ეროვნული სახელმწიფოებრიობის, როგორც ასეთის, სრულ განადგურებას. რასაკვირველია, ეს ვერ მოხდება ერთდროულად. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ ფუძემდებლური უკვე დაგეგმილია – შეიცვლება უფლების მთავარი სუბიექტი. ეს იქნება მსოფლიო სახელმწიფო, სხვა სახელმწიფოები კი აღარ იარსებებს.
ახალი მსოფლიო სახელმწიფო შეიძლება არსებობდეს ნებისმიერი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ ობიექტურად წარმოქმნილ კანონზომიერებებზე. იგი განსაზღვრავს თავისი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას მის მიერ მიღებულ იდეურ-რელიგიურ საფუძველზე. ადამიანის უფლებათა პირველწყარო ახალი სოციალური სისტემის ფორმირების დროს გახდება გამარჯვებულის უფლებები. სიმდიდრე, სოციალური მდგომარეობა განაწილდება ამ უფლების მიხედვით. დგება უდიდეს ისტორიულ დაპირისპირებათა დასასრული, რომელშიც მხოლოდ ერთი შედეგია ყველასათვის: «გამარჯვება ან განადგურება, ყველაფერი ან არაფერი».
გარდაქმნათა განსახორციელებელ პარადიგმაში დღეს არსებულ სახელმწიფოებს შეიძლება, ჰქონდეთ პრეტენზია იმაზე, რომ იყვნენ მსოფლიო სახელმწიფოს გუბერნიები დირექტიულად განსაზღვრული ადმინისტრაციული საზღვრებითა და მსოფლიოს ცენტრიდან დანიშნული ხელმძღვანელობით. თანაც, სიტუაციის განვითარების დღევანდელი სცენარი არ ითვალისწინებს მსოფლიო სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დემოკრატიული მეთოდებით. ეს არ იქნება ნებაყოფლობითი გაერთიანება იმ ქვეყნების (საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ინსცენირების გამოკლებით), რომლებიც მმართველობის ზემდგომ ორგანოებში აწარმოებენ თავიანთი სახალხოდ არჩეული წარმომადგენლების დელეგირებას.
საკითხის გადაწყვეტის ფასი და გზა
მნიშვნელოვან ობიექტურ პირობებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენს მსოფლიო ძალების მოქმედებათა სტრატეგიაზე, აღვნიშნავთ გლობალურ ეკოლოგიურ კრიზისს. იგი დაკავშირებულია სამრეწველო წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სწრაფ ზრდასთან, საყოფაცხოვრებო ენერგოშეიარაღების ზრდასა და პლანეტის მოსახლეობის ფართო ფენების პირადი მოხმარების ნომენკლატურის გაფართოებასთან. ენერგომოხმარების საერთო მოცულობა, წარმოების მოცულობა, მოხმარების მოცულობა პრაქტიკულად პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ გარემობუნების დაბინძურებასთან, პლანეტის ეკოლოგიაზე ზემოქმედებასთან. ამ ზემოქმედებამ უკვე კრიტიკულ დონეს მიაღწია, რაც განადგურებით ემუქრება პლანეტაზე კაცობრიობის ყოფის ხელსაყრელ გარემოს. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი მეცნიერული გამოკვლევა და უკანასკნელ წლებში სწრაფად მზარდი ბუნებრივი კატასტროფები.
მომავალი ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილება შეიძლება მხოლოდ წარმოების და, შესაბამისად, მოხმარების მკვეთრი შემცირებით. პრაქტიკულად შეუძლებელია, სასწრაფოდ დავამუშაოთ და ფართოდ დავნერგოთ ეკოლოგიურად სუფთა ახალი ტექნოლოგიები, რათა გლობალური მასშტაბით მრავალგზის შემცირდეს საზიანო გამონადენები წარმოების მოცულობის შენარჩუნებისა და გაზრდისათვის.
მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი არ განიხილავს წინადადებებს კაცობრიობის ახალი სახის ფორმირების შესახებ მოხმარების რაციონალური კოლექტიური ფორმების გამოყენებით. არის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ მსოფლიო სისტემის გარდაქმნასთან ერთად იქნება კატასტროფული მოვლენები მსხვერპლისა და ნგრევების უპრეცედენტო მასშტაბებით.
არსებული მსოფლიომოწყობის გადაზრდა მსოფლიო სახელმწიფოს ფორმატში განხორციელდება სახელმწიფო მართვის ძირითადი ფუნქციების გადაცემის გზით სახელმწიფოს მაღლა მდგომი სტრუქტურებისათვის. ეს თანდათან ჩამორეცხავს მსოფლიოს სახელმწიფოთა სუვერენიტეტს. ისინი მსოფლიო პროცესების თანაბარუფლებიანი მონაწილეებიდან გადაიქცევიან მსოფლიო სისტემის დამოკიდებულ, გარედან მართულ რგოლებად.
სახელმწიფოს ეკონომიკური მართვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქტიურად იწყებს გადასვლას სახელმწიფოს ზემოთ მდგომ დონეზე. უკვე გამოჩნდა საერთაშორისო ვალუტა ევრო, მიმდინარეობს განხილვა საკითხისა ჩრდილოამერიკული ვალუტის «ამეროს» შექმნის, აგრეთვე, სხვა რეგიონული ვალუტების (გლობალური ვალუტისაც კი) შექმნის შესახებ. საერთოდ კი, დოლარი, თავისი არსით, არ ყოფილა სავსებით ამერიკული ვალუტა, უფრო მეტად ტრანსკონტინენტალური იყო.
სტრატეგიული რესურსების მონოპოლიური მართვა აუცილებლად შობს მთელი საწარმოო სფეროს ცენტრალიზებულ მართვას.
ასევე ხელიდან გეცლება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები უშიშროების სფეროში, ომისა და მშვიდობის საკითხები. სამხედრო კონფლიქტები ახლა პრაქტიკულად ომის გამოცხადების გარეშე წარმოებს. კონფლიქტები ვითარდება და მიმდინარეობს რომელიღაც საერთაშორისო ძალებით საერთაშორისო მანდატებზე მითითებით, ხშირად იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც ფორმალურად არ მონაწილეობენ კონფლიქტებში. დარღვეულია ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპი – სახელმწიფოთა განსაკუთრებული უფლება, ჰყავდეთ შეიარაღებული ძალები და იმოქმედონ სამხედრო ძალით, რომლის საფუძველზეც ისტორიულად არის აგებული საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ომისა და მშვიდობის საკითხებში. ახლა კონფლიქტში სულ უფრო მეტად მონაწილეობენ დიდი არასახელმწიფო შეიარაღებული ფორმირებები.
თავად ამ ფაქტს ომისა და მშვიდობის საკითხები სახელმწიფოთაშორისი სფეროდან გადაჰყავს შინაგან მოვლენათა სფეროში ერთიან საერთო-მსოფლიო სისტემაში. ამასთან, სუვერენულ სახელმწიფოთა დომინირებული როლი მკვეთრად ეცემა. შემდეგი ეტაპი გახდება მსოფლიო სამხედრო-პოლიტიკური ძალების ღია შექმნა ყველა ქვეყანაში სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების თანდათანობითი დაქვეითებით.
პრიორიტეტები საკითხის გადაჭრის მეთოდებში
ქაოსის ფორმირებას, საზოგადოების მართვის სხვადასხვა ფუნქციის დარღვევას უსათუოდ მივყავართ სხვადასხვა მასშტაბის სოციალურ-პოლიტიკური ამოცანების გადაჭრის ძალოვანი მეთოდების მკვეთრ გაძლიერებასთან – ადგილობრივიდან გლობალურამდე. ბრძოლაში მონაწილე მხარეები იძულებული იქნებიან, ეს გამოიყენონ. მსოფლიოს მაღალი ურთიერთდამოკიდებულების პირობებში ადგილობრივი ბრძოლა პრაქტიკულად არ შეიძლება მოხდეს იზოლირებულად იმ საგარეო მოკავშირეების მხარდაჭერის მოზიდვის გარეშე, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისო ძალების ამ ბრძოლის შედეგებით. შესაბამისად, ამ ბრძოლაზე აისახება უფრო მაღალი მიზნების მიღწევის ინტერესები. საბოლოო ჯამში, ბრძოლის ნებისმიერი ეპიზოდი დაემორჩილება მსოფლიო პროცესების საერთო მოძრაობას. ამ თვალსაზრისით გლობალური ბრძოლა იქნება ერთიანი, მთელი მისი ნაირფეროვნებით. არავის შეეძლება «გადაიტანოს მძიმე პერიოდი წყნარ ადგილზე». ამიტომ ბრძოლას ექნება არა მხოლოდ გლობალური მიზნები, არამედ განაწილდება გლობალურად, პლანეტის ყველა ნაწილში.
გლობალური ძალოვანი ბრძოლის ხასიათი შეიძენს ახალ, ადრე მისთვის უჩვეულო, ანდა ნაკლებად გამოვლინებულ ხასიათს. ასეთი ისტორიული პირობები ადრე არ არსებობდა. მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრძოლის დამდგარი გეოპოლიტიკური ეტაპის არსს, არის სახელმწიფოთა სუვერენიტეტის თანდათანობითი ნგრევა.
ბევრი ქვეყნის სათავეში იქნებიან მსოფლიო ძალების მიერ მოვლენილი პიროვნებები ან მბრძანებლური დაჯგუფებები. ამჟამად ეს მოვლენა აზვავდა. სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირებანი წარსულს ჩაბარდება სახელმწიფოთა სუვერენიტეტთან ერთად. დაიწყება ტრანსკონტინენტურ ძალთა შეჯახებანი, რომლებშიც სახელმწიფოები ითამაშებენ მათი ჩანაფიქრის შემსრულებელთა ხელქვეითების როლს. ეს განუხრელად იქნება დაკავშირებული მათში შინაგან ბრძოლასთან, ვინაიდან სახელმწიფო ინტერესების დარღვევა გამოიწვევს ამისაგან განაწამები სოციალური ჯგუფების პროტესტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, «ბრძოლის ფრონტის ხაზი» გაყოფს ადამიანებს არა იმდენად სახელმწიფოთა მიკუთვნების მიხედვით, არამედ ახლად ჩამოყალიბებულ მსოფლიო სახელმწიფო სტრუქტურაში სოციალურ-ჯგუფობრივი ინტერესების მიხედვით. ძალოვან ბრძოლაში ასეთი დაყოფა ადრე დამახასიათებელი იყო მხოლოდ შიდასახელმწიფო დაპირისპირებაში, სამოქალაქო ომში. ახლა ეს გახდება ნიშანი, რომელიც განსაზღვრავს გლობალური ბრძოლის სურათის სიახლეს. ამასთან დაკავშირებით გვთავაზობენ, ასეთ დაპირისპირებას მსოფლიო სამოქალაქო ომი ვუწოდოთ. ეს მსოფლიო რევოლუციის ბუნებრივი ატრიბუტია. ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია. ინიციატორებად აქ გამოდიან იგივე ძალები, რომლებმაც ვერ შეძლეს მისი განხორციელება 90 წლის წინათ. ახლა მათ გაითვალისწინეს შეცდომები და უკეთ მოემზადნენ…
ბრძოლის ხასიათის ცვლილებათა გამოვლინება
გლობალური ბრძოლის ხასიათის ცვლილების შესახებ წარმოდგენილ მოსაზრებებს ჯერ ვერ ვუწოდებთ საზოგადოდ მიღებულს. ამიტომ ისინი უნდა დადასტურდეს ცხოვრების მაგალითებით.
სამოქალაქო ომის მნიშვნელოვანი ნიშანია ძალოვან სტრუქტურათა მოქმედებების ხელახალი ორიენტირება ფართომასშტაბიანი პოლიციური ღონისძიებების შესრულებაზე. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ნიშანი კი დაპირისპირებულ ძალთა დაყოფის პრინციპია. ისინი ნაწილდება არა სახელმწიფო მიკუთვნების, არამედ სოციალურ-ჯგუფობრივი ინტერესების მიხედვით.
წარმოქმნილი ლოკალური კონფლიქტები სავსებით გამოკვეთილად იძენს გლობალური ძალების სამხედრო-პოლიციური ოპერაციების ხასიათს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შეიარაღებული ძალები თანდათანობით გარდაიქმნება ამ ფუნქციების შემსრულებლად.
დასავლეთის წამყვანი თეორეტიკოსები თავიანთ გამოკვლევებში გვერდს ვერ უვლიან ობიექტურ პროცესებს, რომლებიც მსოფლიო სამოქალაქო ომების წარმოების პარადიგმას ქმნის, თუმცა მათ სულაც არ სურთ, საგნებს უწოდონ თავიანთი სახელები, ამიტომ ამ თემას გვაწვდიან ერთობ ბუნდოვნად, შეფარულად. აშშ სახმელეთო ჯარების სამხედრო კოლეჯის წამყვანი სამხედრო ანალიტიკოსი ანტულიო ჯ. ეჩევარია II 2008 წლის ივნისში გამოვიდა დიდი ანალიტიკური მოხსენებით: «იდეური ომი და იდეათა ომი». არსებითად, ავტორი აღიარებს, რომ
თანამედროვე სამხედრო მოწინააღმდეგეთა დაპირისპირება გადადის იდეურ საფუძველზე, მცირდება სახელმწიფოთაშორისი აზრთა სხვადასხვაობის ფაქტორი. ეს სამოქალაქო დაპირისპირების მნიშვნელოვანი ნიშანია, რის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობდით, და არა მხოლოდ ნიშანი, არამედ – განმსაზღვრელი ხასიათი. იდეურ სამოქალაქო ომში ძალთა სიძლიერის კრიტერიუმები მკვეთრად იცვლება.
ეს კარგა ხანია, შეინიშნებოდა, სამხედრო პოლიტიკური მოტივებით სამხედრო დამსჯელი აქციების დაწყებიდანვე. აი, რა თქვა ამერიკელმა პოლკოვნიკმა ჯონ პოლ ვანმა ვიეტნამის ომთან დაკავშირებით: «ეს პოლიტიკური ომია და იგი მოითხოვს უმაღლეს არჩევითობას მოწინააღმდეგის დამარცხების დროს… დასამარცხებლად საუკეთესო იარაღია დანა, მაგრამ მეშინია, ჩვენ ასე ომი არ შეგვიძლია. შემდეგი დონე – ეს შაშხანაა. ყველაზე ცუდი იარაღია ბომბდამშენი, შემდეგ – არტილერია. დარწმუნებული უნდა იყო, რომ კლავ სწორედ მოწინააღმდეგეს». რასაკვირველია, ეჩევარიას სულაც არ მოსწონს აშშ შეიარაღებული ძალების ახალი კრიტერიუმების მიხედვით ასეთი გადასინჯვა, თუმცა პრაქტიკა გვაიძულებს, ვიფიქროთ ამაზე.
ეჩევარიას ესმის აშშ შეიარაღებული ძალების დროის მოთხოვნებისადმი სერიოზული შეუსაბამობა. ამიტომ გვთვაზობს, გადავსინჯოთ კონცეპტუალური დოკუმენტები. მაგალითად, ის სარეკომენდაციო ნაწილში წერს: «საინფორმაციო ოპერაციები დამხმარეა სამხედრო ოპერაციებისათვის. ეს სამართლიანია კონფლიქტების ბევრი ტიპისათვის. მაგრამ სხვა შემთხვევებში, კერძოდ, იდეათა მიმდინარე ომში, შეფარდება პირიქითაა: სამხედრო ოპერაციებმა ხელი უნდა შეუწყოს საინფორმაციოს». უკეთესად ვერ იტყვი. წარსულში ასე იყო. მიმდინარე ომში კი სხვანაირადაა. ეს უკვე იდეების ომია. მთავარია იდეური გამარჯვება. გასაგებია, რამდენად არ ეთანხმება ეს სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის კლასიკას. სამაგიეროდ, მსოფლიო სამოქალაქო ომის პარადიგმაში ეწერება აბსოლუტურად ზუსტად.
ეჩევარია იძლევა რეკომენდაციებს იდეების ომის უზრუნველყოფის შესახებ ზევიდან, დაწყებული უმაღლესი სახელმწიფო და სამხედრო ხელმძღვანელობიდან – ძირამდე.
დიდ ბრიტანეთში სამხედრო თეორეტიკოსების მოსაზრებები სავსებით ჰარმონიულია ამერიკულთან. აქ აღსანიშნავია სამეფო კოლეჯის (ლონდონი) სამხედრო კვლევის კათედრის მასწავლებლის დევიდ ჯ. ბეტცის სტატია, რომელიც გამოქვეყნდა 2005 წლის მაისში: «რევოლუცია სამხედრო საქმეში და «არმიის ოპერაციები ომის პირობების შემდეგ»: ორლესული იარაღი». იგი ჯერ მსჯელობს კლაუზევიცის მიერ მოცემული ომის კლასიკური ოპერაციის განსაზღვრაზე. ირკვევა, რომ დღევანდელი ომებისათვის იგი მთლად შესაბამისი არაა. მისი თქმით, სამხედრო ოპერაციებს ომის პირობების გარეშე – იგივე შეზღუდულ ომებს, პრაქტიკულად, არასოდეს აქვს ზუსტი ამოცანები. შემდეგ აღნიშნავს: «მაქს ბუტი ამტკიცებს, რომ ასეთი კონფლიქტები ამოიწურება შემდეგი სახეობებით: ომები, რომლებიც წარმოებს ომის გამოუცხადებლად; ომები, რომლებსაც არ გააჩნიათ შეიარაღებული კონფლიქტიდან გამოსვლის სტრატეგია; ომები, რომლებიც მიმდინარეობს ნახევარი ძალით; ომები, რომლებშიც სამხედროები სოციალური მუშაკების ერთგვარ როლს ასრულებენ; ომები, რომლებიც დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოთა ჩარევასთან საშინაო საქმეებში; ომები, რომლებზეც არ არის დამოკიდებული «სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესები»; ომები, რომლებიც წარმოებს მრავალეროვანი ძალების ფარგლებში შერეული სარდლობით».
ჩამოთვლილი კატეგორიები არაა დამოუკიდებელი «კონფლიქტის ტიპები», ვინაიდან ცხოვრებაში შეიძლება იყოს მოყვანილი ნიშნების ნებისმიერი კომბინაცია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველაზე არსებითი აქ არის «სამხედრო-პოლიტიკური ოპერაციები გლობალური ცენტრისათვის დაუმორჩილებელ ხალხთა მოსათვინიერებლად».
მაგრამ პოლიციური ოპერაციები შინაგან საქმეთა ორგანოების ფუნქციაა. თუ შემოთავაზებულ სახელწოდებას ვაღიარებთ, ეს ნიშნავს, რომ ვაღიაროთ მსოფლიო სახელმწიფოს არსებობა (რომელიც მხოლოდ შენდება, მხოლოდ აცხადებს თავისი უფლებების შესახებ), რომლისთვისაც ყველა ეს ომი «საშინაო საქმეა». მიუხედავად ამისა, სამხედრო თეორეტიკოსების რეკომენდაციები სავსებით ლოგიკურად შეესაბამება პენტაგონის გარდაქმნას «გლობალურ შინაგან საქმეთა სამინისტროდ». დევიდ ჯ. ბეტცის აზრით, რა უნდა აკეთონ შეიარაღებულმა ძალებმა? ამონარიდი იმავე ნაშრომიდან: «ტერორთან ბრძოლა და შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სხვა სტრატეგიული გეგმები სულ უფრო ხშირად მოითხოვს სამომავლოდ შეიარაღებული ძალებისაგან გაკოტრებული და გაკოტრებასთან ახლო მყოფი სახელმწიფოების საქმეში ჩარევას, ეს კი ნიშნავს, რომ სამხედროებს, ნებით თუ უნებლიეთ, მოუწევთ დაეუფლონ წესრიგში მოყვანის, სამხედრო-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის, მშვიდობის შენარჩუნებისა და ა.შ. ჩვევებს, აგრეთვე, შეიძინონ შესაბამისი ტექნიკა და მოწყობილობა. მიუხედავად ამისა, სანამ არ გაჩენილა უფრო მოხერხებული საზოგადოდ მიღებული სახელწოდება, უნდა ვიკმაროთ ტერმინი «საარმიო ოპერაციები ომის პირობების გარეშე» («სოოპგ»). მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ტერმინი ცბიერია, გვინდა ეს ჩვენ თუ არა, საბრძოლო დავალებები, რომლებსაც ამჟამად «ოპერაციებს ომის გარეშე» უწოდებენ, თანდათანობით აღარ მოგვეჩვენება თავისი «ჭეშმარიტი» დანიშნულებისაგან – მოემზადოს მეორე მსოფლიო ომის ტიპის «კლასიკური» ომისათვის – რაღაც განყენებულად… ვინაიდან ასეთი ომი ხდება სულ უფრო სავარაუდო. პირიქით, «სოოპგ» მომავალში განიხილება როგორც საბრძოლო მოქმედებათა ძირითადი სახეობა».
საკომენტარო აქ აღარაფერია. ძირითადია პოლიციური ფუნქციები. შეიძლებოდა სხვა მაგალითების მოყვანაც, მაგრამ ზემოჩამოთვლილი ამერიკელი და ინგლისელი ავტორიტეტული თეორეტიკოსების პოზიციები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რაზეა ორიენტირებული წამყვანი გლობალური ძალები. მათ ესმით დამდგარი ბრძოლის ხასიათი. ასეთს რუსეთზე ვერ იტყვი, თუმცა დასავლეთში გვიწევს აზროვნების ინერციის დაძლევა.
ჩვენ ვაჩვენეთ ახალი სამხედრო-ძალოვანი ბრძოლის პირობებისათვის მზადების პრობლემის ის ასპექტები, რომლებიც მოითხოვს მთლიანად შეიარაღებული ძალების, მისი პირადი შემადგენლობის შესაბამის სტრუქტურიზაციასა და აღჭურვილობას. ეს შეეხება იმ ტერიტორიების სამხედრო-პოლიციური (ოკუპაციური) კონტროლის უზრუნველყოფის საკითხებს, რომლებიც მოითხოვს სამხედრო მოსამსახურეების მასობრივ მონაწილეობას. მაგრამ პლანეტის მოსახლეობის შემცირებაზე დღევანდელი ორიენტაციის გათვალისწინებით მოსახლეობის წინააღმდეგ ომში არის მეორე მხარეც – მისი მასობრივი განადგურების უზრუნველყოფა.
ბირთვული იარაღის გამოყენებით ტრადიციული დაშინება ამჟამად საგრძნობლად შენელდა. უწინარეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია გარემოს ხანგრძლივ დაბინძურებასთან, აგრეთვე პერსონიზებული პოლიტიკური პასუხისმგებლობით მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის წინაშე მისი გამოყენების შემთხვევისათვის. მეტად სავარაუდოა, მის გამოყენებას ადგილი ჰქონდეს როგორც აქტს კაცობრიობის დაშინებისათვის, გაცილებით მეტი დაშინების დადასტურების აქტს. ეს შესაძლებელია შედარებით მცირე მუხტით ხალხის ცხოვრებისათვის (კლიმატური და ეკოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით) ნაკლებად ხელსაყრელ ან ნაკლებად პერსპექტიულ ტერიტორიებზე.
მაგრამ არსებობს და მუდმივადაც ამუშავებენ მასობრივი ზიანისმიმყენებელი ზემოქმედების სხვა საშუალებებს. მათ შორის ბევრია ისეთი, რომლის ავტორობაც შეიძლება შენიღბო პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. იგულისხმება არა მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობა, არამედ პოლიტიკური ძალების, სახელმწიფოების პასუხისმგებლობაც. აქ ყველაზე მეტად ცნობილია ბაქტერიოლოგიური იარაღი. რეგულარულად ჩნდება ცნობები კლიმატური, მეტეოროლოგიური, გეოფიზიკური იარაღის, მასობრივი ფსიქოტროპული და ფსიქოტრონული ზემოქმედების სხვა იარაღის განუწყვეტლად დამუშავების შესახებ ფიზიკის ახალ პრინციპებზე. რასაკვირველია, ამ საშუალებათა რეალურად ხელმისაწვდომი ეფექტიანობა სამხედრო საიდუმლოების საგანია. მოსახლეობის მჭიდროდ დასახლებულ მნიშვნელოვან სივრცეებში მათ გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს კატასტროფული შედეგები. ეს იარაღი ანადგურებს, უწინარეს ყოვლისა, მოსახლეობას და არა მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო პოზიციებზე. გეოპოლიტიკური ბრძოლის ახალი ეტაპის სტრატეგიული მიზნები, მათდამი დიდი ინტერესი, რასაც ადასტურებს საბრძოლო გამოკვლევებისა და დამუშავებათა გაქანება, სულ უფრო მეტად სავარაუდოს ხდის მათ გამოყენებას.
შეიძლება მყარად დავაფიქსიროთ მთავარი. გაბატონებული მსოფლიო ძალები, მსოფლიოს მონოპოლარული მდგომარეობიდან მონდიალიზმში გადაყვანის სცენარის გათვალისწინებით, უკვე აქტიურად ემზადებიან ადრინდელისაგან განსხვავებული სრულიად სხვა სახის ბრძოლისთვის. საქმისადმი მათი მიდგომა თავსდება უკვე ამოქმედებული მსოფლიო სამოქალაქო ომის პარადიგმაში.
კონსტანტინე სოკოლოვი
გეოპოლიტიკურ პრობლემათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი