Home რუბრიკები პოლიტიკა ჰა ბურთი, ჰა მოედანი!

ჰა ბურთი, ჰა მოედანი!

910

ევროპისგან განსხვავებით, სადაც უზენაეს ღირებულებად «მართლმსაჯულება» ითვლება, აფრიკაში მთავარია დაპირისპირებულთა შერიგება და არა – დამნაშავეთა ფორმალური დასჯა. ერთი სიტყვით, შავ კონტინენტზე ჭეშმარიტებას არავინ დაეძებს, იქ მთავარია, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეარიგონ…

ამის ნათელი მაგალითია სამხრეთი აფრიკა, სადაც აპართეიდის დამხობის შემდეგ არც ერთი სასამართლო პროცესი არ გამართულა «საზიზღარი აპართეიდისტების» დასასჯელად, სამაგიეროდ, დაუღალავად მუშაობდა შერიგების კომისია არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუს მეთაურობით.
ახლა იმაზეც მოგახსენებთ, აფრიკასა და დესმონდ ტუტუზე ამხელა შესავალი რისთვის დამჭირდა.

საქმე ისაა, რომ რაც უნდა ვიძახოთ, – ნატოშიც მიგვიღებენ და ევროპის ნაწილიც ვართ უკვეო, ამერიკაც და ევროპაც ჩვენ (ანუ ქართველებს) და აფრიკელებს ერთნაირად გვიყურებენ.

მათ «მართლმსაჯულება» და ჭეშმარიტების დადგენა ჩვენთვის არ ემეტებათ და ამიტომაც ერთხელაც არ დასცდენიათ, რომ ხუთწლიანი მმართველობისას ჩადენილი დანაშაულებისათვის სააკაშვილი და მისი რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნები უნდა დაისაჯონ.

ისინი, რატომღაც, სულ დიალოგზე მიგვითითებენ, შერიგებაზე გვესაუბრებიან, აქაოდა, მიუტევეთ მიშიკოს, ცალმხრივად რაც მიქარაო, თანაც, აქტიურად ცდილობენ «შერიგების» ამ ინიციატივაში კათოლიკოს-პატრიარქის ჩათრევას.

ოპოზიცია თითქოს ეთანხმება ევროპის მიერ ქართველებისა და აფრიკელების (არ მინდა, გამოვიყენო რასისტული ტერმინი «ზანგი») ერთ ქვაბში მოხარშვას და ასევე წარამარა პატრიარქისკენ იშვერს ხელს, მისგან ელოდება… არა შერიგებას სააკაშვილთან, არამედ – «მართლმსაჯულებას».

ოპოზიციის ასეთი მიდგომა, სულ ცოტა, მკრეხელობაა…

ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანწილად სააკაშვილისავე რეჟიმის ნაშალს წარმოადგენს, ვერ ხვდება, რომ დასავლეთს არაფერი აინტერესებს, გარდა მარიონეტი და სრულიად მორჩილი ხელისუფლებისა საქართველოში.

დასავლეთს არ აინტერესებს, ვიცხოვრებთ თუ არა სამართლიან სახელმწიფოში და დასჯიან თუ არა ოდესმე მორჩილი სააკაშვილის მინისტრებს მკვლელობებისა თუ სხვა მძიმე დანაშაულებისათვის.

დასავლეთს არ აინტერესებს, შეუსრულებს თუ არა «პატარა გრეჩიხა» სააკაშვილს დანაქადნებს…

სამართლიანობა დიდად არც ოპოზიციას აინტერესებს. ღმერთმანი, ასეთი გაძეძგილი ტრიბუნები თბილისის სტადიონს რახანია, არ ახსოვს.

ეს უკვე მერამდენედ შეყარა ოპოზიციამ ქუდზე კაცი, მერამდენედ ვერ დაძრა დაწყებული საქმე, მერამდენედ დაასხა სააკაშვილის წისქვილზე წყალი და მერამდენედ დატოვა საზოგადოება პირშიჩალაგამოვლებული.

სტადიონიც შეავსეს, ქუდზე კაციც გამოიყვანეს, ბურთიც მათ ხელში იყო და მოედანიც… მერე რა?

ოპოზიციამ ვერ გაიგო თანამედროვე პოლიტიკური წესრიგის დაუწერელი და უმარტივესი კანონი – ისეთი ქვეყნების საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი, გნებავთ, პროტესტი, როგორიც საქართველოა, დასავლეთისთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს და არც ერთხელ დამოუკიდებელ საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ ხალხის ნებით არ შეცვლილა.

ანუ ჩვენ რახანია, საკუთარ თავს არ ვეკუთვნით და დასავლეთი, რომელისკენაც ასე მივისწრაფით, ისე გვიყურებს, როგორც პლანტატორი – შავკანიან მონას. ჩვენ კი გულუბრყვილო პროვინციელებივით გვჯერა დემოკრატიის, სამართლიანობისა და სხვა ბრჭყვიალა იდეების… იმდენად გვჯერა, რომ საერთო-სახალხო ფსიქოზი შეგვეყარა – ვირწმუნეთ, თითქოს, შეგვეძლო, ერთხელ მაინც ჩვენ თვითონ გადაგვეწყვიტა საკუთარი ბედი…

ეს ილუზიაა, ძალიან მავნე ილუზია… პრობლემა არ არის სააკაშვილსა და მის რეჟიმში, პრობლემა სააკაშვილის პატრონებსა და მისი რეჟიმის მფარველებშია…

პრობლემა ოპოზიციაშია, რომელიც, არსებითად, არაფრით განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმისაგან, უფრო ზუსტად კი, განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ არ სურს პასუხისმგებლობის აღება და ხან ასობით ათასი მომიტინგის, ხანაც პატრიარქის ხელით ცდილობს ნაკვერჩხლის აღებას…

ოპოზიციაზეა ნათქვამი – ექიმიც უნდა და ქალიშვილიცო…

არა, ლიდერები, ვისაც მიშას დამხობა კი სურს, მაგრამ არც ის უნდა, რომ ბურთი საზარდულში მოხვდეს, პრემიერლიგაში ვერასოდეს ითამაშებენ.

დროა, საზოგადოებამაც, გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ნებით შეცვლას ჩვენ არავინ გვკითხავს, ძალით დამხობას კი არავინ დაგვანებებს…

ასე რომ, გახსენით, ბატონებო, რუსთაველის გამზირი, მორჩით ხალხის წინ და უკან ტარებას და შეეგუეთ იმ აზრს, რომ ნებით არ განებებენ, ხოლო ძალით… ძალა მორევაზეა… მიშა მოგერიათ…

ჰოდა, ყველანი სახლებში, მორჩა მიტინგომანია, არ მოგბეზრდათ არამკითხეობა?

მეც არამკითხესავით გამომდის… ნება თქვენია. გჯერათ, რომ დასავლეთისთვის მიშას საქართველო და, დავუშვათ, ცენტრალური აფრიკის რომელიმე ნახევრადველური ქვეყანა ერთი და იგივე არ არის? გჯერათ, რომ არა ხართ ზანგები და დასავლეთი მიშას ნებაყოფლობით გაშვებას ან ძალით დამხობას დაგანებებთ?

ჰა ბურთი, ჰა მოედანი! – მაგრამ ფრთხილად იყავით, ხალხი უკვე შემოგეფანტათ, სააკაშვილიანთ ვაჟბატონს კი თქვენთვის ვანოს კომბალი ჯერ ნახევარი ძალითაც არ შემოუკრავს!

გიორგი გიგიბერია

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here