Home რუბრიკები პოლიტიკა ტეფტის კვარტეტი, ანუ ორკესტრის რეპეტიცია

ტეფტის კვარტეტი, ანუ ორკესტრის რეპეტიცია

761

9 აპრილს დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა, რომელთა მთავარი მიზანიც, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის შეცვლა უნდა ყოფილიყო, ჩაილურის წყალი დალია. ოპოზიცია, როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივ მამრავლებად დაიშალა და დღეს ყველა ლიდერი საკუთარი გეგმით აპირებს სააკაშვილის რეჟიმის «დამხობას». პოლიტიკურ კულუარებში კარგად გარკვეული არაერთი პოლიტიკოსი იმთავითვე ვარაუდობდა, რომ ამ აქციებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლებოდა და ყველაფერი მხოლოდ სააკაშვილის პოზიციების გასამყარებლად აგორდა. უფრო მეტიც, იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ ოპოზიციური სპექტრიდან ბევრი სააკაშვილის თამაშს თამაშობდა და ოპოზიციაში პატრონების, უფრო კონკრეტულად, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მითითებით აღმოჩნდნენ… შესაძლოა, რიგითი ობივატელისთვის ეს დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ვინ-ვინ და თავად პოლიტიკოსებმა შესანიშნავად იციან, ვის რა როლი ეკისრება ქართულ პოლიტიკაში და რომელი ძალა საიდან იმართება…
მრავლისმნახველ ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი «პოლიტიკოსი» გამოჩნდა. პეტერბურგელი ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის პოლიტიკური ამბიციები ქართული მედიის ტოპნიუსად იქცა. სამმა კონტროლირებადმა ქართულმა ტელეარხმა ერთდროულად მოამზადა ინტერვიუ ახლად გამომცხვარ პრეზიდენტობის კანდიდატთან. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოში იყიდოს მედია. თურმე, «ალიკ ბაზარს» საქართველოს პრეზიდენტობა სურს. ამაზეა ნათქვამი: «ვაის გავეყარე და უის შევეყარეო»…

როგორც «საქართველო და მსოფლიოს» კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, სქემა, რომელიც დღეს საქართველოში მუშაობს, სააკაშვილის გადარჩენას ემსახურება. ჩვენი ინფორმატორის მტკიცებით, პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, კვლავ გარე ძალების მიერ, კერძოდ კი, ამერიკის ადმინისტრაციიდან იმართება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე და, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ახალბედა საპრეზიდენტო კანდიდატი ალექსანდრე ებრალიძეც ამერიკიდან მართული «ოპოზიციურად» განწყობილი პოლიტიკური ფიგურები არიან. მათი ფუნქციაა: ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის… მოკლედ, მათი მთავარი ამოცანა და ვალდებულებაა, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაახანგრძლივონ.

ჩვენი ინფორმატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ალასანიას როლი ამ პოლიტიკურ პროცესში განისაზღვრა, როგორც ზომიერი ოპოზიციონერისა და მის გარშემო შემოკრებილი ზომიერი ფრთის მართვა თუ განეიტრალება სწორედ ალასანიას ეკისრება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერის ფუნქცია კი ნინო ბურჯანაძემ იტვირთა. თავის მხრივ, სწორედ ნინო «ანზოროვნამ» უნდა მართოს რადიკალური ოპოზიცია. რადიკალურ ოპოზიციაში კი დღეს, ძირითადად, სალომე ზურაბიშვილი და ეკა ბესელია მოიაზრებიან, ამიტომაც არის, რომ ბურჯანაძე განსაკუთრებულად «პარიჟანკა» ქალბატონს დაუმეგობრდა, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი ქალური ქიშპობა ყველასთვის თვალშისაცემი იყო. სწორედ ნინო ბურჯანაძეს გულისხმობდა ზურაბიშვილი, როდესაც იპოდრომზე ხელისუფლებას «ქაჯები» უწოდა, მაგრამ ამ ქალაქში, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში, ყველაფერი მოსულა…

«ანზოროვნას» გავლენის ქვეშ ზურაბიშვილის მოქცევა იმიტომაც გახდა საჭირო, რომ იგი ევროპასთან ინტეგრაციაზე უფრო იყო ორიენტირებული, ახლა კი, ბურჯანაძესთან პოლიტიკურად დამეგობრების შემდეგ, ზურაბიშვილს უნდა თუ არა, ამერიკული სცენარის პერსონაჟი ხდება.

იმისთვის, რომ მიმდინარე მოვლენებში გარე ძალების, უფრო ზუსტად, რუსეთის და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობა ასევე მართული და კონტროლირებადი იყოს, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ შექმნა ალექსანდრე ებრალიძის ფიგურა. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის კარზე მისი როლი ძალზე მნიშვნელოვანიაო…

ერთი მხრივ, ებრალიძემ უნდა ჩაძიროს ყველა ის პოლიტიკური ძალა, ვინც შესაძლოა, რუსეთმა გაააქტიუროს და, მეორე მხრივ, შეძლებისდაგვარად გაამყაროს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.

ინფორმატორმა ისიც გვამცნო, რომ ვიდრე ებრალიძე რამდენიმე დღის წინათ ქართველ ჟურნალისტებს მიიწვევდა და პრეზიდენტობაზე პრეტენზიას საჯაროდ განაცხადებდა, იგი რამდენჯერმე ყოფილა ბათუმში და ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვედრია… წყარო იმასაც გვიამბობს, რომ ებრალიძის გავლენის ქვეშ მოექცევა კონსტანტინე გამსახურდიას და ზურაბ ნოღაიდელის მომავალი ალიანსი… ძნელი სათქმელია, რამდენად შეესაბამება რეალობას ჩვენი წყაროს ინფორმაცია, მაგრამ ეჭვს ბადებს, თუნდაც, ის გარემოება, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, რომელიც ღიად საუბრობს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა შეცვალოს, ქართულმა ტელევიზიებმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. დავით კიკალიშვილმა ებრალიძის ინტერვიუ ისე შესთავაზა მაყურებელს, რომ ერთი კრიტიკული შეკითხვის დასმის სურვილიც კი არ გასჩენია (?). ეს მაშინ, როდესაც საქართველოში ყველა ღიად საუბრობს იმაზე, რომ ყველა ქართული ტელევიის საინფორმაციო ბადე ხელისუფლების მიერ იგეგმება…

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ გასული წლის აგვისტოს ავანტიურა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და ამ პროცესს ამერიკა მართავდა. ეს კულუარული ინფორმაცია ჯერ კიდევ 2007 წელს გაახმიანა რუსულმა პრესამ, თუმცა, როგორც ვნახეთ, ამან შედეგი ვერ გამოიღო და ამერიკაში დაგეგმილი სცენარის განხორციელებას ხელი ვერავინ შეუშალა.

ჩვენი ინფორმატორის მტკიცებით, სწორედ აგვისტოს მოვლენებამდე უნდა დაეტოვებინა ნინო ბურჯანაძეს თანამდებობა, რადგან უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის შემცვლელად ამერიკას სანდო კადრი ჰყოლოდა რეზერვში.

ამავე სცენარში ჩაიწერა ირაკლი ალასანიას როლი როგორც «მშვიდობისმყოფელისა». მას აფხაზებთან და ოსებთან მომრიგებელ-მომლაპარაკებლის როლი უნდა ეთამაშა. მიშას გადარჩენის ეს ამერიკული გეგმა ჩავარდა და ამიტომაც ამოქმედდა მეორე სცენარი ქუჩის აქციებისა. მართალია, აგვისტოს ომის მთავარი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის გადარჩენას არ ისახავდა მიზნად, ამით მსოფლიოს აგრესორი რუსეთის სახეც უნდა დაენახა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჩვენთვის შედეგი სავალალო აღმოჩნდა…

ჩვენი ინფორმატორი ერთ საინტერესო ინფორმაციასაც გვაწვდის. მისი მტკიცებით, ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და, სავარაუდოდ, ეს ნოემბერში მოხდება. მართალია, დღეს ოპოზიცია აცხადებს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გარდა მათთვის ნებისმიერი არჩევნები მიუღებელია, მაგრამ, როგორც წყარო გვარწმუნებს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პირველი ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ალასანია «გაიქცევიან».

ჩვენი ინფორმატორი არჩევნების შედეგების პროგნოზირებასაც ცდილობს და ამბობს: – «მართალია, «ნაციონალური მოძრაობა» პარლამენტში უმცირესობით შევა, მაგრამ მისი სატელიტი პარტიები და პოლიტიკური ფიგურები – ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ალასანია – მიიღებენ მანდატების უმრავლესობას და შედეგად მივიღებთ პარლამენტს, რომელსაც ისევ მიხეილ სააკაშვილი გააკონტროლებს». უფრო მეტიც, ჩვენი წყაროს მტკიცებით, ნინო ბურჯანაძე კვლავ პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინება, ხოლო ირაკლი ალასანია, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. შედეგიც მიღწეული იქნება, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესს სრულად გააკონტროლებს და მსოფლიო მას კიდევ ერთხელ უწოდებს «დემოკრატიის შუქურას». თანაც, ამერიკას ექნება იმის გარანტია, რომ სააკაშვილს კვლავ მათთვის სასურველი ლიდერით შეცვლიან.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ მართლა შეთანხმებულად მოქმედებენ სააკაშვილი და ბურჯანაძე, მაშინ მისი ოჯახის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას რით ახსნიდა, ინფორმატორმა გვიპასუხა, რომ ბურჯანაძეს სააკაშვილის გარემოცვა ებრძვის და არა პირადად სააკაშვილი. ლოგიკას მოკლებული არც ეს ვერსიაა, რადგან სააკაშვილის გარემოცვას ნამდვილად არ უნდა აწყობდეს ბურჯანაძის გაძლიერება და შემდეგ სააკაშვილის ჩანაცვლება ან «ანზოროვნას», ან ალასანიას მიერ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გარანტიებს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი მიიღებს და არა – მთელი მისი გარემოცვა.

ჩვენი ინფორმატორი იმაზეც საუბრობს, რომ ირაკლი ალასანია და მიხეილ სააკაშვილი ნათესავები არიან და ორივე დიდი მიხეილის ბიძის – თემურ ალასანიას გაზრდილია. ასევე, ნათესავები არიან ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე და მიხეილ სააკაშვილი. მართალია, დღეს ამას ყველა უარყოფს, მაგრამ… ამიტომაც ჩვენი ინფორმატორი არსებულ ვითარებას ერთ ოჯახში ძალაუფლების გადანაწილებას უწოდებს…

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი წყარო, ასევე, ამერიკისა და სააკაშვილის ხელისუფლების პროექტს უწოდებს ალექსანდრე ებრალიძეს. ცნობისთვის, როგორც შევიტყვეთ (ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია), ებრალიძე ლევან ბერძენიშვილის კლასელი და ბავშვობის მეგობარი ყოფილა, აქედან გამომდინარე, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება «რესპუბლიკელების» და ებრალიძის გზები გადაიკვეთოს. მითუმეტეს, თუ «რესპუბლიკელების» მატერიალურ ინტერესებს გავითვალისწინებთ. საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს, რომ თავის დროზე, გრანტის მიღების მიზნით, ამ ადამიანებმა ლამის აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, რუსეთში როგორც ნინო ბურჯანაძეს, ასევე, ალექსანდრე ებრალიძეს მირონოვი ლობირებს… ებრალიძის ქართულ პოლიტიკურ სცენაზე «ამობრწყინება» იმითაც არის ნაკარნახევი, რომ საქართველოში ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ არსებული ნეგატიური განწყობა გაანეიტრალოს. ობივატელისთვის ნინო ბურჯანაძე ებრალიძის ფონზე ანგელოზად უნდა წარმოჩნდეს. ერთი საინტერესო დეტალიც ებრალიძის ცხოვრებიდან: მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ამერიკაში ცხოვრობს. იგი დაქორწინებულია საზღვაო ქვეითების დაზვერვის ოფიცერზე. შესაძლოა, ესეც ამყარებს ვერსიას იმის შესახებ, რომ ებრალიძე ქართულ პოლიტიკაში ამერიკული პროექტია. დღეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ამ საკითხებზე საუბარი. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას…

მანანა ჩხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here