Home რუბრიკები პოლიტიკა 2008 წლის აგვისტოს სცენარი 1996 წლის აპრილში დაიწერა

2008 წლის აგვისტოს სცენარი 1996 წლის აპრილში დაიწერა

919

გახსოვთ, ალბათ, დავითაიას ავადმოსაგონარ კომისიის სხდომაზე, სანამ გივი თარგამაძე ბურთულიანი ავტოკალმით შეუტევდა, ეროსი კიწმარიშვილმა რომ წამოაყვედრა ხელისუფლებას – თქვენი პრეზიდენტი დიდხანს და გულმოდგინედ გეგმავდა ოსეთსა და აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებას, ამისთვის საგანგებოდ ემზადებოდა და ტრაბახობდა კიდევაც – საქართველოს დედაქალაქი სოხუმში უნდა გადავიტანოო… სოხუმის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბათუმში საქართველოს დედაქალაქი სააკაშვილმა უკვე გადაიტანა. აქციებისა და ოპოზიციისგან შეწუხებული თბილისში ერთ ღამეს აღარ ათევს, დღენიადაგ რეგიონებში დაძრწის, საღამოჟამს კი ამალითურთ და რიგი მინისტრების თანხლებით ბათუმშია ხოლმე. სადაც პრეზიდენტი და მთავრობა სხედან, ქვეყნის დედაქალაქიც იქ არის, თუმცა ამჯერად სხვა საკითხზე, კიწმარიშვილის შეცდომაზე უნდა გესაუბროთ.
ვერ ვიტყვი, მოიტყუა-მეთქი, მაგრამ როდესაც თქვა, – სააკაშვილი გულმოდგინედ და ოთხი წლის მანძილზე ამზადებდა სეპარატისტულ რეჟიმებზე სამხედრო შეტევასო, იგი შეცდა.

შესაძლოა, ყოფილმა ელჩმა არც იცოდა, რომ სცენარი, რომლითაც სამაჩაბლოში სამხედრო მოქმედებები განვითარდა, ქართველი სამხედროებისთვის ჯერ კიდევ 1996 წლის აპრილში დაიწერა.

«საქართველო და მსოფლიოს» ინფორმაციით, 1996 წლის 2 აპრილს თბილისში «ნატოს, ევროპისა და შეერთებული შტატების ექსპერტების და თანამდებობის პირების მონაწილეობით» შედგა «საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბებისადმი» მიძღვნილი კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილე უცხოელი «ექსპერტებისა და თანამდებობის პირების» მთავარი მესიჯი შემდეგი იყო:

«საქართველომ უნდა განსაზღვროს საგარეო საფრთხე და, შესაბამისად, გამოკვეთოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებები… საქართველოში უსაფრთხოების მტკიცე სისტემის შექმნას ობიექტურ მიზეზებთან ერთად მრავალი სუბიექტური ფაქტორიც უშლის ხელს; კერძოდ, მოსახლეობის დაბალი სოციალური და მოქალაქეობრივი შეგნება».

სანამ სხვა დეტალებზე გადავიდოდე, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ 1996 წლიდან განსაკუთრებით აქტიურდება «სამოქალაქო სექტორი», იქმნება «თავისუფლების ინსტიტუტი», მიზანმიმართულად ხდება «მოსახლეობის დაბალი სამოქალაქო შეგნების» «ამაღლება», მოგვიანებით საქმეში ერთვება სოროსის ფონდი, დანარჩენი ყველას გვახსოვს…

უფრო საინტერესოა, «უცხოელი ექსპერტებისა და თანამდებობის პირების» მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ჯარი და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ «არმიაში ერთდროულად იყოს, როგორც დამწყები, ისე მაღალპროფესიულ დონეზე გაწვრთნილი შენაერთები და მრავალრიცხოვანი რეზერვი, რომლის არსებობა დაკარგული ტერიტორიებისა და მეზობლებთან ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი ურთიერთობის პირობებში აუცილებელია…»

აბა, გაიხსენეთ, პირველად რით დაიწყო ქართული არმიის მიშასეული რეფორმა: საყოველთაო გაწვევის შედეგად, არმიაში მობილიზებული ჯარისკაცების პარალელურად, ერაყში ბატალიონების გაგზავნით; სხვადასხვა საწვრთნელი პროგრამების მეშვეობით «მაღალპროფესიულ დონეზე გაწვრთნილი შენაერთების» მომზადებით და, რაც მთავარია, – რეზერვით! ხომ გახსოვთ, როგორ აიძულებდა სააკაშვილი დეპუტატებსა და მინისტრებსაც კი, ევლოთ რეზერვში, როგორ იკვეხნიდა, რეზერვის წყალობით ასიათასიან არმიას გამოვიყვან საჭიროების შემთხვევაშიო. სამწუხაროდ, ისიც გვახსოვს, რომ რეზერვის (რომელზეც ათეულობით მილიონი დაიხარჯა) ეფექტურობა შარშან, აგვისტოში, ნულის ტოლი იყო.

და რისთვის გვჭირდებოდა ეს ყველაფერი?! – იმისათვის, რომ, როგორც ამერიკელმა ექსპერტებმა და თანამდებობის პირებმა ჯერ კიდევ 1996 წლის აპრილში მიგვითითეს, «მეზობლებთან ბოლომდე ვერ გარკვეული» ურთიერთობები «გაგვერკვია»… ცხადია, რომ მეზობლებში აზერბაიჯანი და თურქეთი არ იგულისხმებოდა და ეს დირექტივა ერთმნიშვნელოვნად რუსეთს ეხებოდა.

აი, კიდევ ერთი საინტერესო დირექტივა 1996 წლის აპრილის კონფერენციიდან:

«ტერიტორიების დაკარგვისა და წაგებული ომების (იგულისხმება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს 90-იანი წლების მოვლენები. – რედ.) შემდეგ მოხდა გაუცხოება დამარცხებულ არმიასა და მოსახლეობას შორის… ამას თუ დავუმატებთ, რომ ჯარისკაცები ცუდ პირობებში იმყოფებიან, ცხადი გახდება, თუ რატომ არ არის არმიაში სამსახური პოპულარული… არმიას სჭირდება გმირთა ხატები, ოღონდ ისინი ეთნიკურად მხოლოდ ქართველები არ უნდა იყვნენ, – განაცხადა საქართველოში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ბატონმა ლოურენს კერიმ. მხოლოდ პატრიოტიზმით ხალხს ჯარში ვერ მიიზიდავ, მით უმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი არაქართველები არიან».

სააკაშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ეს დირექტივაც ზუსტად შეასრულა. მან ქვეყნის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე არმიას მოახმარა, გადაიღეს ათეულობით კლიპი, დახარჯეს მილიონობით დოლარი, შექმნეს არაერთი (მათ შორის, ხაზგასმით, არაქართველი) პიარ-სახე იმისათვის, რომ არმიაში სამსახური პოპულარული გაეხადათ არამარტო პატრიოტიზმის, არამედ კომფორტული ყაზარმებისა და მაღალი საკონტრაქტო ანაზღაურების ხარჯზე.

იმისათვის, რომ მოესპო გაუცხოება «დამარცხებულ არმიასა და მოსახლეობას» შორის, სააკაშვილი წარამარა აწყობდა «ხანმოკლე წარმატებულ» ოპერაციებს ხან სამაჩაბლოს, ხან განმუხურის, ხანაც კოდორის მიმართულებით…

საუბარი გამიგრძელდა, მთავარი კი ახლა უნდა გითხრათ, უფრო ზუსტად, წარმოგიდგინოთ ციტატა ამერიკელი ექსპერტის, პროფესორ ჩარლზ ფერბენქსის განცხადებიდან, რომელიც მან 1996 წლის კონფერენციაზე გააკეთა!

«საქართველო აფხაზეთს ომის გარეშე ვერ დაიბრუნებს. მართალია, ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება როგორც რუსეთისა და თურქეთის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ ამის ნეიტრალიზება შესაძლებელია, თუ პარალელურად აქტიურ საგარეო პოლიტიკასა და მოლაპარაკებას აწარმოებთ… სწორი პოლიტიკური კურსის გატარების შემთხვევაში, დასავლეთის რეაქცია შეიძლება, მხოლოდ ცალკეული განცხადებებით ამოიწუროს».

შეგახსენებთ, ეს სცენარი-დირექტივა, რომ ტერიტორიებს უომრად ვერ დაიბრუნებთ, რომ ომი რუსეთს გააღიზიანებს, მაგრამ თუკი «მოგველაპარაკებით» და სწორ, ანუ საჩვენო პოლიტიკურ კურსს გაატარებთ, შეიჭრებით სოხუმში, ჩვენ ერთ-ორ ნეიტრალურ განცხადებასღა გავაკეთებთ და საქმე ამით დასრულდებაო, ჯერ კიდევ 1996 წელს მოგვიმზადეს «ამერიკელმა პარტნიორებმა»…

ასეც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ჩვენ ეს დირექტივა ზუსტად შევასრულეთ, მაგრამ რაღაცამ არ იმუშავა. სანამ გავაანალიზებდეთ, კერძოდ, რამ არ იმუშავა, გავაკეთოთ 1996 წლის აპრილის კონფერენციის რეზუმირება:

1996 წელს ამერიკელებმა გვითხრეს – განსაზღვრეთ და ჩამოყალიბდით, რომ თქვენი საგარეო საფრთხე არის რუსეთი, რომ ჯარში ახალწვეულებთან ერთად უნდა გყავდეთ პროფესიონალები, კარგად გაწვრთნილი «კონტრაქტნიკები», უნდა გყავდეთ ძლიერი მრავალრიცხოვანი რეზერვი, რომ ჯარისკაცები ჯარში მაღალი ანაზღაურებით და კარგი პროპაგანდით შევიტყუოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ ომის გარეშე, ეს გააღიზიანებს რუსეთს, მაგრამ თუკი სწორ, ანუ აშშ სატელიტი სახელმწიფოს პოლიტიკას ხეირიანად გავატარებთ, სოხუმსა და ცხინვალში ქვა ქვაზეც რომ არ დატოვოთ, მათი შემოერთების შემდეგ დასავლეთის ნეგატიური რეაქცია «მხოლოდ ცალკეული განცხადებებით ამოიწურება».

ჩვენი პასუხი ამ დირექტივაზე ნათელი და მკაფიო იყო, რამდენიმე წელიწადი რუსეთისგან წარმატებით ვქმნიდით მტრის ხატს, რომელიც თურმე დღე და ღამე ჩვენთვის დამუქრებაზე ფიქრობდა, ნატოში გაწევრიანება ანუ «სწორი საგარეო პოლიტიკის გატარება» უმთავრეს მიზნად დავისახეთ, პარალელურად გავწვრთენით ჯარისკაცები, შევქმენით რეზერვი, ანუ საუკეთესოდ და მორჩილად გავატარეთ სატელიტი ქვეყნის პოლიტიკა…

შარშანდელი აგვისტოს ავანტიურა კი მაინც წავაგეთ!

რატომ მოხდა ასე?! რატომ გახდა საჭირო, რომ დასავლეთი იძულებული იყო «ცალკეული განცხადებებით» ამოეწურა არა საქართველოს მიერ ტერიტორიების ძალით დაბრუნებაზე რეაქცია, არამედ სააკაშვილის მიერ ცხინვალზე საარტილერიო იერიშის მიტანისა თუ მუცელზე ხოხვის ან სულაც ჰალსტუხის ღეჭვის შედეგები?!

მთავარი მიზეზი (ეს ჩემი სუბიექტური აზრია) ის გახლავთ, რომ ეს დირექტივა, ანუ 8 აგვისტოს მოვლენების ლამის დეტალურად გაწერილი გეგმა, ამერიკელებმა ჩვენთვის 1996 წელს, ანუ ელცინის რუსეთის პირობებში, მაშინდელი რეალობის გათვალისწინებით შეიმუშავეს… მას შემდეგ რუსეთი შეიცვალა და იმან, რაც იმუშავებდა ელცინის პირობებში, არ იმუშავა მედვედევის რუსეთთან…

ანუ რუსეთი აღარ დაელოდა, როდის ავიღებდით ცხინვალსა და სოხუმს და როდის «ამოიწურებოდა ცალკეული განცხადებებით» დასავლეთის რეაქცია საქართველოს მიერ ძალის გამოყენებაზე.

რუსეთმა მოქმედება გადაწყვიტა… შედეგი ყველამ ვიცით…

დაბოლოს:

კონსპიროლოგიის მოყვარულთათვის განვმარტავ – 1996 წლის კონფერენცია, რომელზეც გესაუბრეთ, ფართოდ გაშუქდა მაშინდელ პრესაში. ერთ-ერთი პუბლიკაცია ამ თემაზე ამჟამინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ავტორობით გაზეთმა «კავკასიონმა» 1996 წლის 6 აპრილს გამოაქვეყნა სათაურით «ქართული არმიის მომავალი ნატოს ექსპერტის თვალით».

რაც შეეხება ამერიკას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ «მთლიანად და ჩუმად შეაჩერა სამხედრო ექსპორტი საქართველოში».

ანუ გასაგებად რომ ვთქვათ, ვაშინგტონმა სამხედრო დახმარება შეგვიზღუდა, სავარაუდოდ, რუსეთის გულის მოსაგებად ან იმიტომ, რომ იმპულსურ სააკაშვილს ბოლომდე აღარ ენდობა.

ამაზეა ნათქვამი, – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.

თქვე მამაცხონებულებო, თუ 8 აგვისტოს სცენარი 12 წლის წინათ მოგვიმზადეთ, თავიდანვე გეზრუნათ შესაძლო გართულებებზე, თუ არადა, ახლა «პირქვედამხობილი» რომ ვყავართ რუსეთს იმისთვის, რომ თავის დროზე თქვენს დაკრულზე ვიცეკვეთ, სამხედრო ექსპორტის შეწყვეტა უშველის საქმეს?!

თუმცა თქვენ რას გერჩით. პატრონის დაკრულზე ბუქნაობა ხასიათში გადაგვივიდა, თუ ვინმეს სატელიტი ან მარიონეტი არ ვიქენით, ისე არსებობა შეუძლებელი გვგონია… მეტის ღირსი ვართ, მოვიმკით, მალე მოვიმკით «ყურმოჭრილობის» შედეგს. ეს მალე მაშინვე დადგება, როგორც კი ერთ მართულ ბელადს, ანუ სააკაშვილს, მეორე, არანაკლებ მართული ბელადით ჩავანაცვლებთ; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ახალი «დემოკრატიის შუქურა» გვარად ალასანია იქნება, ბურჯანაძე თუ გამყრელიძე… მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ამ ახალ ბელადსაც ისევე დაუწერენ სცენარებს, დირექტივებსა და სამოქმედო გეგმებს…

 

გიორგი გიგიბერია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here