მთავარი პოლიტიკა გია მეფარიშვილი: მკრეხელობად მიმაჩნია ნატოზე საუბარიც კი, სანამ ტერიტორიების პრობლემა არ მოგვარდება

გია მეფარიშვილი: მკრეხელობად მიმაჩნია ნატოზე საუბარიც კი, სანამ ტერიტორიების პრობლემა არ მოგვარდება

404
გააზიარეთ

მშვიდ და გაწონასწორებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს და კანონმდებელს გია მეფარიშვილს დღევანდელობის უმწვავეს პრობლემებზე საუბრის დროსაც არ უღალატია თავისი ხასიათის ამ თვისებისთვის, თუმცა დაძაბულობა მთელ ინტერვიუს გასდევდა და ეს ბუნებრივიცაა, – იგი ისევე განიცდის ამ ქვეყნის ტკივილს, როგორც ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც უცხო არ არის «სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი…» – ბატონო გია, როგორ შეაფასებთ იმ პროცესებს, რაც დღეს საქართველოში ხდება? – დღეს საქართველოში უმძიმესი სახელმწიფოებრივი კრიზისია. აბსოლუტურად ყველა სფეროში – შიდაპოლიტიკური თუ საგარეოპოლიტიკური და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პროცესები, ასევე სოციალური სფერო მთლიანად ამ კრიზისმა მოიცვა. პრაქტიკულად პარალიზებულია სახელმწიფო აპარატი: არ ფუნქციონირებს პარლამენტი, დაკეტილია სახელმწიფო კანცელარია, პრეზიდენტის რეზიდენცია. მოშლილია მთელი სახელმწიფო სტრუქტურა.

  – სამართლებრივ პრობლემებს თუ ქმნის ის ფაქტი, რომ პარლამენტი და მთავრობა თავიანთ შენობებში ვერ ახორციელებენ უფლებამოსილებებს? – კონსტიტუციის მიხედვით გაწერილია პარლამენტის მუშაობის წესი. პოლიტიკური პროცესები იმას მიგვანიშნებს, რომ სამართლებრივად ბევრი ჩიხური სიტუაცია შეიქმნება. ყოველ შემთხვევაში, კომიტეტების სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვა მაფიქრებინებს, რომ სამართლებრივადაც სრული დომხალია. – ფაქტობრივად, უკვე ორი თვეა, პარლამენტის სხდომა არ გამართულა… – პარლამენტის მუშაობის ამ წესით შეწყვეტა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ასე რომ, აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არსებობს. ვიმეორებ, ურთულესი მდგომარეობაა. ამიტომ, აქედან გამოსვლის გზებზე ყველამ უნდა ვიფიქროთ. – თქვენ რა გამოსავალს ხედავთ? – ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, ეს პროცესი დაარეგულიროს. 26 მაისმა დაადასტურა, რომ ხალხის რისხვა მალე პიკს მიაღწევს. ახლა ერთი შეცდომა, ერთი გაურკვეველი ნაბიჯი და შესაძლოა, ყველაფერი კატასტროფულად დამთავრდეს. – ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის. როგორ ფიქრობთ, ამ მხრივაც ყველა რესურსი ამოწურულია? – დიალოგის რეჟიმით ამ სიტუაციის გამოსწორება წარმოუდგენელია. ახლა უკვე საუბარია არა დიალოგზე, არამედ მოლაპარაკებებზე. საქართველოს საპატრიარქოს სპეციალურ განცხადებაში სწორედ ეს საკითხია აქცენტირებული. საპატრიარქო საკმაოდ კარგად გრძნობს ქვეყნის მაჯისცემას, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს სიტყვა შემთხვევით არ ჩაიწერა ამ განცხადებაში. მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, მაგრამ რამდენად ნაყოფიერი იქნება, ეს უკვე მეორე საკითხია. – ზოგიერთი ექსპერტი ამ კრიზისიდან გამოსავალს საკონსტიტუციო ცვლილებებში ხედავს; კერძოდ, საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო მმართველობით შეცვლაში. თქვენი აზრით, ეს თუ იქნება ხელისუფლებისთვის ის გზა, რომლითაც ამ კრიტიკული სიტუაციიდან თავს დაიხსნის? – შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია და ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ ეს ხალხს უკვე აღარ აკმაყოფილებს. დასმულია კონკრეტული მოთხოვნა – პრეზიდენტის გადადგომა და ყველა კონცენტრირებულია ამ მოთხოვნის გარშემო. – მაგრამ სააკაშვილი ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. შეიძლება, რომ იგი გარემოცვის მძევალი იყოს? – რა თქმა უნდა, იგი ანგარიშს უწევს იმ ძალას, რომელსაც ეყრდნობა. დარწმუნებული ვარ, იზიარებს და ითვალისწინებს თავისი პოლიტიკური კომპანიონების, თანამებრძოლების აზრს, მაგრამ პრეზიდენტი დამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებებს. – ამ დროს, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები არ არიან ოპოზიციის ლიდერები. თავისი დაპირებების ტყვეობაში ხომ არ აღმოჩნდა ოპოზიცია? – ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ოპოზიცია საკმაოდ ჭრელია თავისი შემადგენლობით. მათი ძირითადი გამაერთიანებელი მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ფიგურაა. მაგრამ აქ მთავარი არის არსებული ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები. მხედველობაში მაქვს პირველი და უმთავრესი – აგვისტოს ომი, რამაც გამანადგურებელი შედეგები მოუტანა საქართველოს. – აგვისტოს ომი, მე მგონი, ყველაზე ბოლო იყო… – მაგრამ ყველაზე მძიმე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რომ არა ევროპის და მსოფლიო ქვეყნების ძალისხმევა, ეს, ალბათ, სრული კატასტროფით დამთავრდებოდა. ისედაც კატასტროფით დამთავრდა, რადგან იურიდიულად საქართველოს ტერიტორიაზე სამი სახელმწიფო დაფიქსირდა. მერე რა, რომ ისინი არ აღიარეს, მთავარი ის არის, რომ მათი დამოუკიდებლობა ცნო ორმა სახელმწიფომ და ეს პროცესი, ჩემი პროგნოზით, სამწუხაროდ, გაგრძელდება. – სხვათა შორის, ლაპარაკია იმაზეც, რომ შარშან, 12 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას, რომლის საიდუმლო დანართიც სწორედ ამ რეგიონების დამოუკიდებლობას ითვალისწინებდა… – რაც არ მინახავს და არ წამიკითხავს, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, აგვისტოს ომი იყო სამარცხვინოდ წაგებული ომი, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო. ამ ომმა, ის პროცესები, რომელზეც საქართველოს თითოეული მოქალაქე ოცნებობს, 15-20 წლით უკან გადასწია. ამასთან, რაც მთავარია, უკვე ეჭვქვეშ დგება ამ პროცესების შემობრუნების პერსპექტივაც კი. თქვენ იცით პან გი მუნის მოხსენების შესახებ. ის, რაც გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების პროექტში ჩაიწერა, შემთხვევითობა არ არის. ამ დროს ჩვენი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ იგი რუსეთის ზეწოლის ქვეშაა, რასაც უმწვავესი პასუხი მოჰყვა. ეს არ არის არც დიპლომატია და არც სახელმწიფო მართვის ხელოვნება. – ბატონო გია, იქნებ ეს ყველაფერი პიარია და ამ ყალბი წინააღმდეგობებით, პირიქით, ქვეყნის დესუვერენიზაციას უწყობენ ხელს? – რეალურად შევხედოთ პროცესებს. რომელი ხელისუფლება გაბედავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას? – ვერც ერთი! ვერც დღევანდელი ხელისუფლება გაბედავს, ყოველ შემთხვევაში, ამის საჯაროდ აღიარებას, მაგრამ არსებობს გარკვეული ფაქტორები, როგორც საშინაო, ასევე საგარეო. როგორც ვხედავთ, პროცესები საქართველოსთვის ძალიან არასახარბიელოდ ვითარდება და ამის დამაგვირგვინებელი იყო ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცნობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ და შემდეგ უკვე მათთან სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობების ხელშეკრულებების გაფორმება. ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ვეუბნებოდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს ასე მოხდებოდა. «რია-ნოვოსტის» ოფისში გამართულ კონფერენციას გაგახსენებთ, სადაც ეს საკითხი დაისვა. მაშინ სახელისუფლებო ძალების ახალგაზრდა წარმომადგენლებმა სასაცილოდ აიგდეს ეს საკითხი და განაცხადეს, რომ ამას ვერავინ გაბედავს, ჩვენ დასავლეთი გვიჭერს მხარს და საქართველო კვლავაც შეტევით პოლიტიკას გააგრძელებს კონფლიქტების მოგვარების საქმეშიო. შედეგად კი რა მივიღეთ: თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებზე დღეს ჩადგა რუსეთის სასაზღვრო ჯარები და თანაც საკმაოდ გრძელვადიანი ხელშეკრულებით. ამ ტერიტორიებზე იხსნება რუსეთის ბაზები და დაიწყო საკმაოდ ინტენსიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება, ამ მხარეების ეკონომიკური აღორძინება და ა.შ. ასე რომ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გაცილებით მძიმეა, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. – სხვათა შორის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთ ხელისშემშლელ გარემოებად სხვა საკითხებთან ერთად ტერიტორიული კონფლიქტების მოუგვაროებლობაც სახელდებოდა. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია და, თუკი სხვა შიდა საკითხებს მოვაგვარებთ, ნატოს კარიც გაიღება… – მე არ მინდა ასე ვიფიქრო და თეორიულადაც კი დავუშვა მოვლენათა ასეთი განვითარება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღეს უპირველესი საზრუნავია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ეროვნების მიუხედავად. ამიტომ მკრეხელობად მიმაჩნია ნატოზე საუბარიც კი, სანამ ტერიტორიების პრობლემა არ მოგვარდება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს რუსეთთან საერთო ენის გამონახვა. ეს ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ერთია სურვილი და სულ სხვაა შესაძლებლობა. დღეს რუსეთის ხელისუფლებამ უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ ამ ხალხთან არ დაჯდება და არ ილაპარაკებს. დავფიქრდეთ ამაზე. ეს ორჯერ ითქვა პრეზიდენტის დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე, სახელმწიფო სათათბიროს დონეზე. ასე რომ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ რუსეთის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვის ალბათობა პრაქტიკულად ნულოვანია. – ბატონო გია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე ნაკლებად ლაპარაკობენ. ეს კი, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები. თუ, ფიქრობთ, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება? – ჩემი აზრით, ეს ერთი პრობლემაა. პროცესები, როგორც უკვე აღვნიშნე, გაყინულია. იმედი მინდა დავიტოვო, რომ მოვა ახალი თაობა, რომელიც უფრო მიზანმიმართულად იფიქრებს ამ პრობლემის მოგვარებაზე. ამ ხელისუფლებას ამის შესაძებლობა არც აქვს და არც ექნება. – სამაგიეროდ, ამ ხელისუფლებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს პოსტები. როგორ ფიქრობთ, ადმინისტრაციული რესურსი რამდენად უერთგულებს ხელისუფლების პირველ პირებს? – ადმინისტრაციული რესურსი ძალიან დიდი ძალაა. მათ ზურგს უკან მათი ოჯახების წევრები – ათასობით ადამიანია; აქვთ როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა ინტერესებიც. ზუსტად პროგნოზირება ჯერჯერობით მიჭირს, მაგრამ ერთის თქმა დანამდვილებით შემიძლია – პროცესები უფრო გაღრმავდება. ამ დროს როგორ მოიქცევიან ხელისუფლების წარმომადგენლები, შესწირავენ თუ არა საქართველოს მომავალს თავიანთ სკამებს, ვერ გეტყვით. მათი კეთილგონიერების დიდი იმედი არ მაქვს. ფაქტია, რომ მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოსავალი არ არის. – ბატონო გია, 1990-იან წლებში თქვენ იყავით საკონსტიტუციო კომისიის წევრი, შემდგომ კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. თუ აპირებთ თანამშრომლობას ახლად შექმნილ საკონსტიტუციო კომისიასთან და რა წინადადებები გაქვთ? – როდესაც კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, უპირველესად გასათვალისწინებელია ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი. ეს არის პოლიტიკური კონსენსუსი თავად სახელმწიფოს შიგნით. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს კონსენსუსი პოლიტიკურ ჯგუფებს, საერთოდ, სახელმწიფოს და საზოგადოებას შორის. თუ საუბარია კონსტიტუციის პროექტზე, შეიძლება გარკვეულმა ჯგუფებმა იმუშაონ, მაგრამ საკონსტიტუციო პროცესი უფრო ვრცელი და ფართო მოვლენაა, ამიტომ, ჩემი აზრით, საკონსტიტუციო კომისიის შექმნა მხოლოდ პოლიტიკური პიარია და, შესაბამისად, ვერ ვხედავ ვერავითარ პერსპექტივას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლოს ახალი კონსტიტუციის მიღება. არ დაგავიწყდეთ, რომ 1995 წლის კონსტიტუციაში დროებით დაკარგული ტერიტორიების საკითხი ღიად იყო დატოვებული. დღეს ამ საკითხზე ვინმე ფიქრობს? ისევ ღიად დავტოვოთ? მაშინ, რა შეიცვლება? – ალბათ, ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთდება მმართველობის მოდელის შეცვლაზე ან პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე… – მთავარია, რომ დღეს ეს პროცესი გააზრებული არ არის. დიდ პატივს ვცემ საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან, მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკოსები. დარწმუნებული ვარ, დოკუმენტს შექმნიან, მაგრამ შემდეგ რა მოხდება? არის კონსენსუსი საზოგადოებაში? – ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ხალხისთვის და ოპოზიციისთვის გადმოგდებული სატყუარაა? – რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა პოლიტიკური მეთოდი, რომ ვითარება არ გამწვავებულიყო და ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობა მიეღო. არ მოხდა ასე და არც მოხდებოდა. – თქვენ გჯერათ, რომ ეს ოპოზიცია რადიკალურია? – როდესაც ოპოზიცია აყენებს კონკრეტულ მოხოვნებს, თავისი ხასიათით ეს რადიკალურია. ისინი რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ამაზე მეტი რადიკალიზმი რა შეიძლება იყოს… – ოპოზიციის პროტესტს პრეზიდენტი სააკაშვილი სკამებისთვის ბრძოლას უწოდებს… – მე ასე არ ვიტყოდი. აქ იმდენი ადამიანია გამოსული, რომ ყველა პარლამენტში ვერ მოხვდება. ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანა იმ დიდმა პროტესტმა, რომელიც ამ ხელისუფლების მოქმედებამ გამოიწვია. ეს უნდა ვაღიაროთ. ეს იყო შეცდომები ეკონომიკაში, საგარეო პოლიტიკაში, აგვისტოს ომი, რომელიც დამოკლეს მახვილივით დაეკიდა ამ ხელისუფლების თავზე. საპროტესტო მუხტი გაზარდა საკუთრების უფლების ხელყოფამ და უსასტიკესმა მიდგომებმა სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გატარებისას – ყველანი ციხეში და ნულოვანი ტოლერანტობა. ამის დეკლარირება ძალიან მაღალ დონეზე ხდებოდა. თქვენ იცით, რომ დღეს საქართველოში 26 ათასზე მეტი პატიმარია? იცით, რომ პირველ ადგილზე ვართ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობით? საქართველოს მოსახლეობის ყოველი 2000 კაციდან ერთმა თავის სახელმწიფოს უჩივლა, ანუ აქ ვერ იპოვა სამართალი. ახლა ლაპარაკობენ, რომ პროტესტს გამოხატავენ განაწყენებული მებაჟეები და პოლიციელები, რომლებიც სამსახურებიდან გაათავისუფლეს და ქუჩაში იმიტომ გამოვიდნენ. 26 მაისს რაც ხალხი ვნახე, ამდენი მებაჟე და პოლიციელი საქართველოს არ ჰყავდა. ხალხი ითხოვს ელემენტარულს – სამართლიანობას, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ეს იყო საკუთარი ღირსების დაცვისთვის გამოსული ხალხი და საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური პასუხი არ ჰქონდა. ძალიან დიდია პროტესტის მუხტი, რომელიც მე ძალიან მაშინებს როგორც მოქალაქეს და როგორც სპეციალისტს, რომელმაც ეს საკითხები სიღრმისეულად იცის. ეს ისეთი მოვლენაა, რომელიც აკუმულირდება ძალიან ფრთხილად, დინჯად, ერთი შეხედვით ძალიან მშვიდად, მაგრამ როგორც კი ნაპერწკალი გაჩნდება, აუცილებლად იფეთქებს. დააკვირდით, როგორი ბარიერი იქმნება საზოგადოებასა და პოლიციას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. – სხვათა შორის, ხალხსა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც… – ასევე, მათ შორისაც, რადგან ხალხის მოთხოვნაა უკვე რადიკალური და არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების. ხალხმა მიიყვანა იქ პოლიტიკური ოპოზიცია და არა – პირიქით. ხალხი უუფლებო მდგომარეობაშია. ღირსების შელახვასთან ერთად, კატასტროფულმა ეკონომიკურმა ვითარებამ, სამუშაო ადგილების გაუქმებამ გამოიყვანა იგი ქუჩაში. ლაპარაკიც აღარ არის ინვესტიციებზე. გვიახლოვდება ეკონომიკური კოლაფსი. ორ-სამ თვეში უმძიმეს შედეგებს მივიღებთ. საქართველო პრაქტიკულად არაფერს აწარმოებს და მთლიანად შემოტანილ პროდუქციაზეა დამოკიდებული. ექსპორტსა და იმპორტს შორის უზარმაზარი სხვაობაა.  – ჩვენ ეკონომიკისა და წარმოების ასაღორძინებლად არ გვეცალა, ბატონო გია, რევოლუციის ექსპორტით ვიყავით დაკავებული… – ამას მოჰყვა ის პროცესები, რამაც ძალიან გამაღიზიანებლად იმოქმედა ჩვენს მეზობლებზე. მხედველობაში მაქვს რევოლუციის ექსპორტის მცდელობები შუა აზიის ზოგიერთ რესპუბლიკაში, ბელორუსიაში და სხვა ქვეყნებში. ჩვენს საქმეს და ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ. ნაკლებად ვიფიქროთ იმ პროცესებზე, რომელიც უშუალოდ არ გვეხება. ნუ ჩავერევით სხვის საქმეში. შედეგად რა მივიღეთ? – სრული კატასტროფა.   ესაუბრა ბონდო მძინარაშვილი   P.S. ინტერვიუ ამ პესიმისტურ ნოტაზე დავამთავრეთ. ვიცოდი, რომ სამართლის აღიარებულ სპეციალისტს, პროფესორ გია მეფარიშვილს ორიოდ დღეში 50 წელი შეუსრულდება. წინასწარ მივულოცე და ვკითხე, – თქვენი ვაჟი, ნიკა, რომელიც ახლა მხოლოდ 13 წლისაა, ათ წელიწადში დიდი ცხოვრების გზას დაადგება და უამრავი მოუგვარებელი პრობლემის დანახვისას, როცა გკითხავთ, რა გააკეთა თქვენმა თაობამ ამ ქვეყნისთვისო, რას უპასუხებთ-მეთქი. ამასთან, ვთხოვე, ახლა, ამ 50 წლის გადასახედიდან შეეფასებინა განვლილი წლები. პროფესორი ჩაფიქრდა, ყოველთვის თავშეკავებულს სახე დაუსევდიანდა და მიპასუხა: – მძიმე კითხვაა… ბოლო ოცი წელია, სულ ომი და არეულობაა. ამ შეკითხვას ნიკასგან ველოდები. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ბევრით ვერაფერს დავიკვეხნი. ჩემმა თაობამ – 80-90-იანელებმა ჩვენს სამშობლოში ვერ შექმნეს ის პირობები, რომლითაც ვიამაყებდით და რასაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადავცემდით. ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჩემს თაობას ბევრი არაფერი აქვს საამაყო. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია ნიკას ვუთხრა, რომ მამამისს თავისი ქვეყნის, თავისი სამშობლოს საზიანოდ არაფერი გაუკეთებია და ისე არ უცხოვრია, რომ მას შერცხვეს. უფრო ბედნიერები ვიქნებოდით მეც და ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლებიც, რომ მეტი გაგვეკეთებინა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ათი წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ რაღაცის გაკეთება მოვახერხოთ, რომელიც ამ მძიმე კითხვას შეამსუბუქებს. მართალია, დღევანდელ ინტერვიუში ცოტა პესიმისტური პროგნოზების გაკეთება მომიწია, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ, იმედით ვცხოვრობ და მჯერა, საქართველოს მომავალი ბედნიერი იქნება. ასე უნდა ვიცხოვროთ და ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები. საქართველო მარადიულია, დარწმუნებული ვარ, კვლავაც გაძლიერდება, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი შრომა და სამშობლოს უფრო დიდი და ფანატიკური სიყვარული.   ბ. მ.

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here