Home რუბრიკები პოლიტიკა პაპუასის ბედი, ძმაო, ძნელია

პაპუასის ბედი, ძმაო, ძნელია

838

გასულმა კვირამ ნათლად აჩვენა, რომ მდგომარეობა საქართველოში ერთობ სახიფათო გახდა. შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც პროცესში ჩართულ თითქმის ყველა ჯგუფს, მიუხედავად მათი ფარდობითი ძლიერებისა, მოვლენათა განვითარებაზე განმსაზღვრელი ზემოქმედების მოხდენა შეეძლო. ცნობილ შედარებას თუ მოვიშველიებთ, ერთი ქვის დაგორებასაც კი შეუძლია ზვავის გამოწვევა. ალბათ, სწორი არ იქნება ვინმეს დადანაშაულება იმაში, რომ მას მასშტაბური სისხლისღვრისაკენ შეგნებულად მიჰყავს საქმე. მაგრამ, როდესაც თითქმის ყოველი ცალკეული ჯგუფი მოქმედებს საკუთარი სცენარით, რომელიც სხვა დანარჩენებთან მზარდ წინააღმდეგობაში მოდის, ფატალური დასასრულის საფრთხე დღენიადაგ იზრდება. სამოქალაქო ომის წინა პერიოდში ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაზე დაკვირვება ყოველთვის პასუხგაუცემელ კითხვებს ტოვებს: «რატომ?», «როგორ გახდა ეს შესაძლებელი?»
ასე ხდება ხოლმე. საღამოს ყველაფერი თითქოს კონტროლს ექვემდებარება, დილით კი მოსახლეობას ტყვიამფრქვევების კაკანი აღვიძებს. სამწუხაროდ, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მოსალოდნელი საფრთხეების განეიტრალება საკუთარი ძალებით დღეს აღარავის შეუძლია: არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, არც, ერთი შეხედვით, ყოვლისშემძლე შეერთებულ შტატებს, რომელიც გარკვეულწილად ორივეს უკან მოიაზრება. ასეთია იმ ქაოსის მთავარი თვისება, რომელიც ხელისუფლების მზარდი დეგრადაციის შედეგად წარმოიშვა.

ვინ გაურიგდება ხელისუფლებას?

თბილისის ქუჩებს ძალადობის ტალღამ გადაუარა. უკვე ათეულობით (თუ არა ასეულობით) ადამიანმა ამა თუ იმ შეტაკების შემდეგ დახმარებისთვის ექიმებს მიმართა. ეჭვგარეშეა, რომ ამის მთავარი მიზეზი ხელისუფლების მიერ ე.წ. ზონდერ-ჯგუფების გამოყენება გახდა. თუ დაღამების შემდეგ ცენტრში გავისეირნებთ, ერთგვარ პარალელურ სამყაროში მოვხვდებით, სადაც ადამიანებზე ნადირობა მიმდინარეობს. იქ ბევრ ახალგაზრდას შევხვდებით, რომელთაც კარგი განათლების და სამსახურის ნაცვლად ხელისუფლებამ კასტეტი და ხელკეტი მისცა. ასე დაბოდიალობენ, დაგეშილები და გალეშილები…

მათ უკან კი მთელი გენერაცია დგას, რომელსაც ნაციონალების ყბადაღებული ,,ხუთიანიდან» გამომდინარე პირობითად შეიძლება ,,ხუთოსნები» ვუწოდოთ. მათ შორის არიან პოლიციელები, რომლებმაც შეიძლება მენაგვის ფორმა ან სამოქალაქო სამოსი ჩაიცვან, მიეპარონ ადამიანს და თავში რკინის ჯოხი ჩაარტყან, ექიმები, რომლებიც უარს ამბობენ დახმარების გაწევაზე, თუ პაციენტი ოპოზიციის მხარდამჭერია, ექსპერტები, რომლებიც ყოველივე ამას ამართლებენ და ა.შ.

ნამდვილად, აღარასოდეს გამიჩნდება კითხვა, რომელიც ადრე არაერთგზის დამისვამს: «რა დაემართა ასეთ წესიერ, პატიოსან და ბრძენ გერმანელებს 1933-1939 წლებში?», იმიტომ რომ საკუთარი თვალით დავინახე, რა დაემართა ქართველებს (ყოველ შემთხვევაში, მათ ნაწილს) 2003-2009-ში, 70 წლის შემდეგ.

ცოტაოდენი კონკრეტიკა: დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზოგმა ქართველმა პოლიტიკოსმა (ორივე ბანაკიდან) ,,დასავლელი მეგობრების» მოწადინებით მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, ახლა კი საუბარი იმაზეა, რომ პროცესები, შეძლებისდაგვარად, უმტკივნეულოდ ამ კალაპოტში მოაქციონ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ სცენარს მოწინააღმდეგეები როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაშიც ჰყავს. ამგვარად, იგი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ერთადერთი შესაძლებელი, იმ «ზვავსაშიშროების» გათვალისწინებით, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. განსაკუთრებით სათუოა, ხელისუფლების მიერ იმ თამაშის წესების დაცვა, რომელიც ამ კონსენსუსის შედეგად შეიძლება შემუშავდეს, რადგან, სავარაუდოდ, სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევს, რის სურვილიც ნამდვილად არ აქვს.

საკმაოდ მომგებიანი მომენტია ასეთი სცენარის შემოსაგდებად, რადგან დღევანდელ ვითარებაში ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, რის შედეგად «ზომიერებს» (რესპუბლიკელები, ალასანიას გუნდი) პარლამენტში ფართო წარმომადგელობისკენ გზა გაეხსნებათ. რის შემდეგაც ამერიკელი დიპლომატები, ბოლოს და ბოლოს, მშვიდად დაიძინებენ.

შედგება თუ არა ეს «დიდი გარიგება» და ვინ შეუერთდება მას, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი ჩვენ არშემდგარ სახელმწიფოს კვლავ არშემდგარი ხელისუფლება ჰყავს.

გადმოცემით, ტერმინი «არშემდგარი სახელმწიფო» «Failed State») საქართველოსთან მიმართებაში პირველმა დევიდ როკფელერმა გამოიყენა ერთ-ერთ ვიწრო წრეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სულ ორი ქართველი ესწრებოდა. სიტუაციის პიკანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ იმ მომენტისთვის საბჭოთა კავშირი ფორმალურად დაშლილიც არ იყო და დამოუკიდებელი საქართველო არ არსებობდა; უბრალოდ, ამ ჭარმაგმა მოხუცმა (Эт¬от мощный старик, гигант мысли…) მისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობით უახლოესი მომავალი ზუსტად განჭვრიტა.

პაპუასის ბედი, ძმაო, ძნელია

1 ივნისს პრემიერ-მინისტრმა გილაურმა განაცხადა, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკას ბევრი პრობლემა შეუქმნა და ყურადღება საინვესტიციო სფეროს დანაკარგებზე გაამახვილა. საერთოდ, თემა «ოპოზიცია ინვესტორებს აფრთხობს» ბოლო დროს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებში ერთ-ერთი წამყვანი გახდა, თუმცა მთავარი «საფრთხობელის» წოდებას ხელისუფლებას ვერავინ ჩამოართმევს, რადგან მისი წარმომადგენლები დღეგამოშვებით აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთთან ომშია ჩაბმული, აქედან კი გამომდინარეობს, რომ (ინვესტორების გადასახედიდან) ნებისმიერ ოფისში შეიძლება შევარდეს ტანკზე ამხედრებული თეთრი დათვი ბირთვული ბომბით კბილებში. რაში სჭირდებათ ინვესტორებს საკუთარ თავზე ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება, გაუგებარია.

საერთოდ, «ინვესტირების» და «დახმარების» კულტი საქართველოში, რომელიც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უკიდურესობამდე მიიყვანა, რაღაცით წააგავს ე.წ. «კარგო-კულტებს» (ინგ. ცარგო- ტვირთი), რომელიც პაპუასებში იყო გავრცელებული. მეორე მსოფლიო ომის დროს ღვთისაგან მივიწყებულ წყნარი ოკეანის კუნძულებზე ამერიკული ნაწილების გადმოსხმა დაიწყო, შენდებოდა აეროდრომები, ბაზები, შემოდიოდა უამრავი სასარგებლო ნივთი, რომელთა უმრავლესობა პაპუასებს ადრე თვალითაც არ უნახავთ (მაგ., კონსერვები, კარვები, ასანთი). ამერიკელები ტვირთის ნაწილს აბორიგენებს გადასცემდნენ, რომლებიც მათთვის სასარგებლო სამუშაოებს ასრულებდნენ. პაპუასებმა ჩათვალეს, რომ ამ საჩუქრებს ღმერთები უგზავნიან, ხოლო თეთრი ადამიანები მათი წარმომადგენლები არიან.

შემდეგ ომი დასრულდა. ამერიკელები წავიდნენ. ჯადოსნური ნივთების ულევი ნაკადი შეწყდა. პაპუასები კი საგონებელში ჩავარდნენ. მათ ჩათვალეს, რომ ღმერთები განარისხეს. საგანგებო რიტუალების ჩატარება დაიწყეს, მიტოვებულ აეროდრომებზე კოცონებს ანთებდნენ, ხისგან ამზადებდნენ სატრანსპორტო თვითმფრინავების მაკეტებს (სხვათა შორის, ნატურალურ ზომაში), საგანგებოდ შერჩეულ ყმაწვილებს კი მკერდზე საღებავით აწერდნენ USA. ისინი ყურებსა და პირზე მიდებული ნიჟარებით ამერიკელ რადისტებს განასახიერებდნენ. ათწლეულები დაჭირდა იმის გააზრებას, რომ თეთრი ადამიანი მოვა მაშინ, როდესაც ეს აწყობს მას და არა – სხვას. საქართველოს მთავრობა ინვესტორების და კრედიტორების გაღმერთებით და მუდმივი (უკვე აუტანელი) წუხილით მათ «განრისხებაზე» «კარგო-კულტის» მიმდევარ პაპუასებს დაემსგავსა (როგორ ფიქრობთ, შამანის როლს ნიკა გილაური მოუხდება ცხვირში რგოლით?), რომელთაც არ უნდოდათ ძალიან მარტივი რამის გააზრება: ,,ხელი გაანძრიე და გეშველებაო».

კეისარს კეისრისა

იმ მოვლენების გარშემო, რომელიც 26 მაისს სამების ტაძარში განვითარდა, ბევრი ითქვა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული ფაქტები ხელთ არ გვაქვს; მხოლოდ ვერსიები, ვარაუდები და ნაწყვეტი პატრიარქის 27 მაისის განცხადებიდან: ,,ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას, ხოლო მომიტინგეების მკვეთრი მოქმედებების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლისღვრა». როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები სამების ტაძარში პატრიარქისთვის სწორედ ამ პოზიციის გასაცნობად მივიდნენ.

წამით დავფიქრდეთ იმის არსზე, რაც (ძალიან დიდი ალბათობით) სამების ტაძარში მოხდა: ადამიანები მივიდნენ ტაძარში, უფლის სახლში, შევიდნენ საკურთხეველში, წმიდათაწმიდაში, და იქ განაცხადეს, რომ სისხლს დაღვრიან (!). ასეთ სცენებს ამ ბედკრულ პლანეტაზე ადგილი, ალბათ, რომის ღვთისმებრძოლი იმპერატორების შემდეგ არ ჰქონია. რა სულიერ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, ასე რომ მოიქცეს?

კეისარს კეისრისა, თუმცა ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. საკუთარი აზრის პატრიარქამდე მიტანა სხვა ფორმითაც შეეძლოთ. მათ კი გადალახეს უხილავი ზღვარი, რომლის გადალახვას კარგი არავისთვის არასდროს მოუტანია. ეტყობა, ხელისუფლება, რომელიც ხელიდან გეცლება, განსაკუთრებული ტიპის სულიერ აშლილობას წარმოშობს. საილუსტრაციოდ, ზემოთ ნახსენები იმპერატორებისგან ერთ-ერთის იულიანე განდგომილის ისტორიაც გამოდგება.

პირდაპირ პარალელებს, რა თქმა უნდა, ვერ გავავლებთ, თუნდაც იმიტომ, რომ იულიანე ფრიად განათლებული და ზრდილობიანი პიროვნება გახლდათ, თუმცა, რეალობასთან აცდენის თვალსაზრისით, ისიც ერთ-ერთი გამორჩეული მმართველი იყო. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან დაიწყო მოქმედება ქრისტიანების წინააღმდეგ, რათა იმპერიის მოსახლეობა წარმართობისკენ გადახრილიყო. იგი იყო ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე, რადგან წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც სისხლიან რეპრესიებს ახორციელებდნენ, ბრძოლის ირიბ მეთოდებს მიმართა. რაღა თქმა უნდა, ყველაფერი სასკოლო რეფორმით დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა ქრისტიანების განდევნას სასწავლო დაწესებულებებიდან და მათ გადაქცევას წარმართი ახალგაზრდების ერთგვარ სამჭედლოდ. მათ, ვინც უარს იტყოდა ქრისტეს მოძღვრებაზე, კარიერული წინსვლისათვის ფართო გზა ეხსნებოდათ. კეისარი აწყობდა გრანდიოზულ წარმოდგენებს ამა თუ იმ ღვთაების პატივსაცემად, წარმართების სოციალური დახმარების (ქველმოქმედება, სპეციალური საავადმყოფოები) მთელი სისტემა შექმნა. ეკლესიასთან მიმართებაში მისი პოლიტიკა ეფუძნებოდა პრინციპს ,,დაყავი და იბატონე»: იგი მხარს უჭერდა ცალკეული იერარქების ამბიციებს, აპირისპირებდა მათ ერთმანეთს, ხელს უწყობდა სხვადასხვა სექტის აღმოცენებას, მოკლედ, იმ მეთოდებს მიმართავდა, რომლებმაც ასწლეულების შემდეგ საკუთარი ეფექტურობა (ფარდობითი) დაამტკიცა.

და ყოველივე ეს ამაოდ; ქრისტიანების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ეკლესიის ერთგული რჩებოდა. კეისარი გრძნობდა, რომ მისი ძალაუფლება ამ ადამიანებზე ძალზე პირობითია და ეს აზრი ნელნელა აგიჟებდა. ჯერ რეპრესიების ტალღის აგორება სცადა (განსაკუთრებით, აღმოსავლეთ პროვინციებში), თუმცა მიხვდა, რომ ამით ვერაფერს მიაღწევდა. გამოსავლის ძიებაში იულიანე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მას ომი სჭირდებოდა, რომლიდანაც იგი გამარჯვებული დაბრუნდებოდა. ისეთი ომი, რომელიც მას გმირად, ღმერთების რჩეულად აქცევდა. 363 წლის გაზაფხულზე 83 ათასმა რომაელმა სპარსეთის საზღვარი გადალახა.

ისინი აზიის შუაგულისკენ მიიწევდნენ; კეისრის სულიერი აშლილობა სულ უფრო ეტყობოდა ომის მიმდინარეობას და ლეგიონებს ყორანივით დასტრიალებდა. მდინარე ტიგროსის გადალახვის შემდეგ მან ბრძანა, გემები დაეწვათ, შემდეგ დაწვა სურსათის ნაწილიც, რათა ჯარისთვის უკან დასახევი გზა მოეჭრა, ამასთან, დაუფიქრებლად მიენდო მტრის მიერ მოგზავნილ ჯაშუშებს, რომლებმაც ჯარი უდაბნოში შეიყვანეს. როდესაც ჰორიზონტზე სპარსების უზარმაზარი ლაშქარი გამოჩნდა, იულიანე საბოლოოდ მიხვდა, რომ მისი ღმერთთან და ადამიანებთან დაპირისპირებით სავსე მმართველობამ სრული კრახი განიცადა და მის დასრულებამდე სულ რამდენიმე საათი რჩებოდა.

მას შეეძლო (წყაროს თანახმად), თავად გაქცეულიყო და რომში დაბრუნებისას ჯარისკაცები მოღალატეებად და დეზერტირებად გამოეცხადებინა ან კიდევ, ქვიშაზე ხოხვა დაეწყო და ანტიკური სამოსის რომელიმე ელემენტი დაეღეჭა. მაგრამ მან სხვა არჩევანი გააკეთა. მართალია, კატასტროფა განიცადა, გზა, რომელიც ქვეყანას შესთავაზა, არასწორი აღმოჩნდა, მაგრამ იყო ერთი რამ, რაზეც ეს შემცდარი, ნახევრადშეშლილი ადამიანიც კი უარს ვერ იტყოდა, ეს იყო რომის დიდება, მისი ღირსება, ისტორია და მომავალი, რომელშიც (ეს ესმოდა) მას ადგილი არ ექნებოდა. «Decet Imperatorem Stantem mori» (იმპერატორი ფეხზე მდგომი კვდება); იულიანემ ჯავშანი კარავში დატოვა, რადგან თავისთვის ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. რომაელები უდიდესი გაჭირვებით იგერიებდნენ მტრის იერიშებს. ერთგან, სპარსებმა მწყობრის გარღვევა მოახერხეს. კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა. კეისარმა მცირე რაზმთან ერთად მტერს გზა გადაუღობა და ისეთი გააფთრებით შეუტია, რომ მისი უკუქცევა მოახერხა. რაღაც მომენტში ყველაფერი აირია, ხოლო მტრის მოგერიების შემდეგ იულიანე სასიკვდილოდ დაჭრილი იპოვეს. გადმოცემით, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: «შენ გაიმარჯვე, გალილეელო!»

ამ ბრძოლის შემდეგ სპარსებმა ჩათვალეს, რომ ალყაშემორტყმული რომაელების განადგურება ძალიან ძვირი დაუჯდებოდათ, ზავის დადება ამჯობინეს. ათიათასობით ლეგიონერი შინ დაბრუნდა.

იულიანე განდგომილმა ეკლესიას უამრავი ბოროტება მოუტანა. ამპარტავნებამ იგი სიგიჟემდე, ხოლო იმპერია სამხედრო-პოლიტიკურ კატასტროფამდე მიიყვანა. მაგრამ მანაც კი, მმართველობის დასრულებამდე ორიოდე საათით ადრე, საკუთარი თავი ქვეყნის ინტერესებს დაუქვემდებარა. მანაც კი…

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here