Home რუბრიკები პოლიტიკა ნესტან კირთაძე: შოუმენის მოწოდებით ადამიანთა დიდი მასის სამების საპატრიარქო ტაძრისკენ დაძვრა პროვოკაცია...

ნესტან კირთაძე: შოუმენის მოწოდებით ადამიანთა დიდი მასის სამების საპატრიარქო ტაძრისკენ დაძვრა პროვოკაცია იყო

830

საქართველოს პატრიარქისგან პოლიტიკური განცხადებების მოთხოვნა ხელისუფლებისა და ოპოზიციისგან იმდენად ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ 26 მაისს სამების საპატრიარქო ტაძარში განვითარებული მოვლენები არავის გაჰკვირვებია, თუმცა გაოგნებული მრევლი აღაშფოთა პოლიტიკოსთა გაუგონარმა თავხედობამ. ჯერ კიდევ 25 მაისს სხვადასხვა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას სხვადასხვა გეგმა ჰქონდა, თუმცა, სახალხო აღლუმამდე რამდენიმე საათით ადრე, 25 მაისის ღამეს, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერის დაჟინებული მოთხოვნის გამო თავდაპირველი გეგმები დაიბლოკა და შეიცვალა ახლით – სამების საკათედრო ტაძარში წასვლით და ილია მეორესგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მოთხოვნით, – ექსკლუზიურად იუწყება სააგენტო «პირველი». 26 მაისს, «დინამოს» სტადიონიდან არასაპარლამენტო ოპოზიციის სამების საკათედრო ტაძარში გადანაცვლებისა და პატრიარქის ქადაგების შემდეგ, რომელშიც უწმინდესმა პოლი­ტიკურ მხარეებსა და საზოგადოებას ურთიერთმოსმენის, კატეგორიულ აზროვნებაზე უარის თქმისა და ამპარტავნების დაძლევისკენ მოუწოდა, რიგი არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლისა და მისი «ტყვედ აყვანის» შესახებ ალაპარაკდნენ.
27 მაისს საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ «ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას, ხოლო მომიტინგეების მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლისღვრა. ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესიამ თავის თავზე აიღო მძიმე ტვირთი და გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც ამ რეალურ საფრთხეს ააცილებდა ჩვენს ხალხს. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. სიტუაცია კვლავ სერიოზული და ფეთქებადსაშიშია». საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის პოლიტიზების მცდელობასთან დაკავშირებით «საქართველო და მსოფლიო» ესაუბრა ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანს, პროფესორ ნესტან კირთაძეს, რომელიც უნიკალური გამოცემის – «ნათელი ქრისტესი» – ავტორია. იგი ეკლესიის ისტორიასაც კარგად იცნობს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც პირუთვნელად აფასებს.

– ქალბატონო ნესტან, ამ ბოლო დროს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც განსაკუთრებულად ცდილობენ საპატრიარქოს ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში. როგორ ფიქრობთ, რატომ?

– საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია ისტორიულად არის ერის გამაერთიანებელი. ამდენად, ვერც ერთ ეპოქაში, უმძიმესი კრიზისის დროსაც კი, ეკლესია მხარედ ვერ გამოვა. ჩვენ გვაქვს უახლესი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი, კერძოდ, 90-იან წლებში დამოუკიდებელი საქართველოს უსერიოზულესი კრიზისი, რომელიც ძმათამკვლელ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა მიამბო, როგორ მიდიოდნენ მასთან როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის წარმომადგენლები და სთხოვდნენ, მათი მხარდამჭერი პოზიცია დაეკავებინა. პატრიარქმა ამის შესახებ ბრძანა: ვის მხარეს დავმდგარიყავი, რომელი ქართველის მხარესო.

ასე რომ, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი სამოციქულო ეკლესიისგან ითხოვს მხარედ გამოსვლას, ეს არის ტრაგიკული და ისტორიული შეცდომა.

რაც შეეხება 26 მაისს დაშვებულ შეცდომას, ეს, სხვათა შორის, იმ ურთიერთობების გაგრძელებაა, რომელიც წინ უსწრებდა ამ დღეს.

– რომელ და ვის ურთიერთობებს გულისხმობთ?

– ზოგადად, ჩვენი მოსიყვარულე მამა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ მასთან შეხვედრის მსურველი ადამიანის მიმართ მაღალ ყურადღებას იჩენს. იგი უაღრესად ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველია. როგორც ჩანს, ჩვენმა მეგობრებმა ძალიან გაიშინაურეს პატრიარქთან სტუმრობები და მასთან ურთიერთობა. ასეთმა გაშინაურებამ შემდეგ ბევრი შეცდომა დააშვებინა ჩვენს კოლეგებს.

 – 25 მაისს, საპატრიარქოში გვიან ღამით გამართული შეხვედრის შემდეგ, «ეროვნულმა ფორუმმა» და ალასანიას გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საპატრიარქოსთვის გადაბარების პროცესებისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს. უნდა ვიგუ­ლისხმოთ, რომ ოპოზიციაში გარკვეული დაპირისპირება დაიწყო?

– 25 მაისს ვინ რა მოიწონა და დაიწუნა, ჯერ კიდევ საკამათოა. ერთია მართალი თუ მეორე, ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ეკლესიის გამოყენება და ჩათრევა სცადა როგორც ერთმა მხარემ, ასევე – ხელისუფლებამ. ასეთივე წარმატებით საქართველოს საპატრიარქოში დაბრძანდებოდა ხელისუფლების დელეგაცია სხვადასხვა შემადგენლობით. 26 მაისს ძალიან მძიმედ განვითარდა მოვლენები დღის მეორე ნახევარში. 3 ივნისს გახლდით უწმინდესთან და უნეტარესთან და პირველი ფრაზა, რაც მან მოვლენების შეფასებისას მითხრა, იყო:

ჩვენ ყველამ ერთად ჩავხედეთ უფსკრულს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩავხედეთ, მაგრამ, თუ ჭკუით არ მოვიქცევით, შეიძლება ამ უფსკრულში გადავეშვათ ყველა ერთად და ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა პოლიტიკურ პარტიებსა თუ კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ მთლიანად ქვეყანაზე.

პატრიარქი იმასაც ბრძანებდა, რომ მოსალოდნელი სისხლისღვრა, რომელიც 26 მაისს შეიძლებოდა დაწყებულიყო, გასცდებოდა თბილისს, ერთ კონკრეტულ ქუჩას და შესაძლოა, მთელი რეგიონის ძალიან მძიმე და პერმამენტულ პრობლემად გადაქცეულიყო.

ერთ-ერთი ცნობილი შოუმენის მოწოდებით ადამიანთა დიდი მასის სამების საპატრიარქო ტაძრისკენ დაძვრა პროვოკაცია იყო. მით უმეტეს, ამ ადამიანების განწყობებზე თამაში შეცდომა აღარ არის, ეს დანაშაულია. არა მარტო ტაძრის ეზო დრტვინავდა, არამედ თავად ტაძარშიც ადამიანებმა საერო მიტინგის მსგავსი ემოციები გამოამჟღავნეს.

– იქნებ რაღაცის გადაწყვეტის მოლოდინი არსებობდა და სწორედ ამან გამოიწვია ხალხის ასეთი ვნებათაღელვა…

– უკანასკნელ ხანს ძალიან ბევრი ადასტურებს, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტაძრები გაივსო მორწმუნე მრევლით და ის, რაც 26-ში საღამოს მოხდა, იმას მიუთითებდა, რომ ეს ადამიანები ან ძალიან აღგზნებულნი იყვნენ, ან მათ შორის ძალიან ცოტა იყო მრევლი, რომელმაც კარგად იცის ტაძარში მოქცევის და პატრიარქთან მიახლების წესი. მრევლი არ დაუშვებდა ტაძარში მიტინგის ჩატარებას და ტელესესიების გამართვას. ეს არის ყოვლად მიუღებელი. შესაძლოა, საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან, როცა ადამიანები ემოციურად და ფსიქოლოგიურად იყვნენ ძალიან დატვირთულები.

– ეს ემოციური მუხტი ტაძარში ხელისუფლების მაღალჩინოსნების გამოჩენამ ხომ არ გაზარდა?

– ორივე მხარემ – ხელისუფლებას, შოუმენებსა და მათ გარემოცვას ვგულისხმობ – პროვოკაცია მოაწყო. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ემოცია, რომელიც ხალხში იყო, დაიღვარა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში, თორემ ეს ემოცია რამდენიმე საათში შესაძლოა, რომელიმე სახელისუფლებო დაწესებულების შენობის შიგნით აღმოჩენილიყო, ანუ შევარდნები გარდაუვალი იყო, რაც, პრაქტიკულად, სისხლისღვრის დაწყებას გამოიწვევდა, რომლის მასშტაბებსაც ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს. სხვათა შორის, ეს იყო ყალბი მოლოდინი და ამ ემოციურად დამუხტული ადამიანების ნებით თუ უნებლიეთ მოტყუება.

– ყალბ მოლოდინში რას გულისხმობთ?

– ვგულისხმობ იმას, რა ფრაზებიც ისმოდა: «პატრიარქმა მიგვატოვა», «რატომ მოგვატყუეთ», «ჩვენ თქვენგან ამას არ ველოდით» და ა.შ. რაც გაგრძელდა უკვე პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე, როდესაც ხალხი რუსთაველის პროსპექტისკენ დაძრეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, გია გაჩეჩილაძის ფრაზები, რომ «პატრიარქი «პლენში» ჰყავთ» და ა.შ. ეს ხომ პირდაპირ იქით იყო მიმართული, რომ…

– რომ გაეთავისუფლებინათ პატრიარქი ამ ტყვეობიდან…

– არა, ეს იყო მიმართული იქით, რომ მათ იმიჯს არაფერი მოსცხებოდა, გადაერჩინათ თავიანთი «იმიჯი» და ამისთვის ყველაფრის კადრება შეიძლებოდა პატრიარქის მისამართით. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. პატრიარქს ვარდის თაიგულითაც კი არ უნდა შეეხოს ვინმე და თითოეული ჩვენგანის აზრიც კი არ უნდა გამრუდდეს, არათუ ის, რაც მოხდა საკუთრივ საპატრიარქო ტაძარში და შემდგომაც. პირდაპირ გეუბნებით, – ეს იყო ორივე მხარის პროვოკაცია.

– ქალბატონო ნესტან, თქვენი აზრით, ოპოზიციამ პატრიარქს შანტაჟი მოუწყო, რათა მას ხალხისთვის ის ეთქვა, რაც ეგზალტირებულ მასას დაამშვიდებდა?

– მათი მიზანი სრულიად სხვა იყო. როდესაც ადამიანები მიდიან იმ რისკზე, რომ ახალი მესიანისტური მოლოდინები შექმნან და რომელიმე მათგანი ხელში აყვანილი ატაროს ქართველმა ხალხმა, უკვე თითქოს იწყებენ ადამიანების აზროვნებისა და ემოციების გაკონტროლებას. პირდაპირ გეუბნებით, – ეს არის შოუმენი გია გაჩეჩილაძე, რომელსაც, ჩანს, როგორც არტისტს, ძალიან მოსწონს მქუხარე ტაში და ოვაციები. მაგრამ არავის აქვს უფლება, მით უმეტეს, არტისტს, შოუმენს, მართოს ეს გულწრფელი ემოციები, რომელიც მიმართულია მხო­ლოდ რეალური პერსპექტივის გაჩენისკენ და არა იმისთვის, რომ ახალი კერპები გამოჭედონ, ჩამოქნან, ხელში აყვანილი ატარონ და კერპთაყვანისმცემლობის ახალ ეპოქას დაუბრუნონ საქართველო.

– «უცნობი» გია გაჩეჩილაძე პოლიტიკოსი არ არის, თუმცა სტადიონზე მასთან ერთად იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებსაც შეეძლოთ პროცესები ემართათ…

– როდესაც 30 პარტია შეიკრიბება და 30-ვე ცალ-ცალკე საკუთარ რეიტინგზე და თავისი ლიდერობის წარმოსაჩენად მუშაობს, რასაკვირველია, იქ ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ამ პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ «უცნობის» გადაწყვეტილება განხორციელდა და ახლა ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც ელემენტარულად პროვოკაცია იყო და რომელიც შეიძლებოდა სისხლიან პროვოკაციაში გადაზრდილიყო.

– ამიტომაც გადაწყვიტეთ ლეიბორისტებმა, სტადიონიდან სამების ტაძრისკენ დაძრულ ხალხს აღარ გაჰყოლოდით?

– ჩვენ, ღვთის წყალობით, დიდი ხნის მრევლი ვართ. მე, პირადად, პატრიარქის სულიერი შვილი ვარ წლების მანძილზე და ვერავის მოწოდებაზე ტაძარში ვერ წავალ, მით უმეტეს, ასეთ პროვოკაციაზე. ჩემი მამისა და ჩემი ურთიერთობა არის ჩემი პირადი სულიერი ურთიერთობა. ჩვენ გადაწყვეტილებებს ისე ვიღებთ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პარტიას შეშვენის და არა როგორც ხელში ატაცებულ მოყვარულ არტისტებს.

– იქ, სადაც, როგორც თქვენ ბრძანეთ, «მოყვარული არტისტი» ხელში აიყვანეს, სიტყვა არ მისცეს თქვენი პარტიის ლიდერებს… ამას რით ახსნით?

– მით უარესი მათთვის. ეს არის შური, უპასუხისმგებლო მოქმედება, როდესაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ხალხისგან განსხვავებით, იმაზე კი არ აგებენ თავიანთ სამომავლო სტრატეგიას, რომ მთავარი და მნიშვნელოვანი ხელისუფლების შეცვლაა, არამედ პირდაპირი კონკურენციის რეჟიმში არიან ტრიბუნაზეც, პოლიტიკურ საქმიანობაშიც და ასე მოხდა სტადიონზეც.

– ქალბატონო ნესტან, ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ ეკლესიის პოლიტიზების მცდელობაზე საუბრით დავიწყეთ და გვერდს ვერ ავუვლით პრეზიდენტის პოლიტიკურ ქადაგებებს საპატრიარქო ტაძრის ამბიონიდან. პირველად საქართველოში პატრიარქთან ერთად ამბიონიდან მრევლს და, შესაბამისად, ტელეეთერის მეშვეობით ერს მიმართავს მიხეილ სააკაშვილი. რა შეგრძნება გეუფლებათ, როდესაც ამას უყურებთ?

– უდიდესი პროტესტის. ეს არ გაუბედავთ მირონცხებულ მეფეებს. ეკლესიის კანონების მიხედვით, პირველ ხელისუფალს, ანუ მირონცხებულ მეფეს თავისი ადგილი აქვს განსაზღვრული. ახლა კი

მიხეილ სააკაშვილი ტაძრებში მიტინგებს მართავს, მისი მეუღლე კაპელაში მღერის, სიდედრ-სიმამრი გვერდით უდგას და რა განცდა დაეუფლება ადამიანს? ეს არის ტიპური თავხედობა.

P.S. პროფესორ ნესტან კირთაძესთან ჩვენი ქვეყნისთვის ტკივილიან ბევრ საკითხზე ვისაუბრე. მისი მოსაზრებები დიდად არ განსხვავდება სამშობლოზე შეყვარებული მისი თანამოაზრეებისა თუ მეგობრების, ცნობილი თუ უცნობი ადამიანების თვალსაზრისისგან. იგი განსაკუთრებული გულისტკივილით ლაპარაკობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უფრო სწორად, ჩვენი სამშობლოს დაშლა-დაქუცმაცების შეუქცევად პროცესზე, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და გარდაუვალი კატასტროფა მთლიანად წალეკავს ჯერ ისევ მყიფე სახელმწიფოებრიობას.

 

ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here