Home რუბრიკები პოლიტიკა რაზე ფიქრობს მაისაშვილი, რამ დაღალა ნოღაიდელი და რა გზას დაადგა ბურჯანაძე

რაზე ფიქრობს მაისაშვილი, რამ დაღალა ნოღაიდელი და რა გზას დაადგა ბურჯანაძე

818

…ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა, როგორც ჩანს, მარტო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აუბნია პოლიტიკური გზაკვალი – ორთვიანი საპროტესტო ეიფორიის ქარცეცხლში მყოფ ოპოზიციის ლიდერებსაც არანაკლებ მკვეთრად ეტყობათ სისუსტე და დაბნეულობა… ამაზე საჯაროდ ცნობილი არა ერთი ფაქტი მეტყველებს, მათ შორის, თავად ლიდერთა ბოლოდროინდელი განცხადებებიც, რომელთაგან ზოგიერთი ხელისუფლების მძლავრ ანტიოპოზიციურ ბერკეტად იქცა, ზოგიც – საზოგადოების იუმორისა და დაცინვის ობიექტად… ამჯერად გთავაზობთ ოპოზიციის ლიდერთა იმ «ფრთიან» გამონათქვამებსა და ფრაზებს, რომლებმაც ორივე ფუნქცია თანაბრად და საკმაოდ «ხარისხიანადაც» შეითავსეს. უწინარესად, გავიხსენოთ გია მაისაშვილის ერთობ არაორდინარული შეფასება – «ოპოზიცია პოლიტიკურ მასტურბაციას ეწევა», რომელიც, მართალია, თავად მაისაშვილმა ხელისუფლების «ჯიბის ჟურნალისტთა» უხეირო მონაჭორად შერაცხა, მაგრამ ოპოზიციის დანარჩენ ლიდერთათვის მაინც «ყურადსაღები» კომენტარი აღმოჩნდა… დიახ, «ყურადსაღები» და, ამავე დროს, «ეფექტიანიც», ვინაიდან ზოგიერთი ლიდერი სწორედ ამ კომენტარის მოსმენის შემდეგ დაფიქრდა საერთო ოპოზიციურ სტრატეგიაზე და მივიდა «ლოგიკურ» დასკვნამდე – მასტურბაციით, მით უმეტეს, პოლიტიკურით, უმთავრესი პოლიტიკური მიზანი, რასაც «ახალი ლიდერის დაბადება» ჰქვია, ვერ მიიღწევა…

მაისაშვილის ეს «რკინისებური ლოგიკა», რომელსაც, შეიძლება ითქვას, ოპოზიციური სპექტრის სტრატეგიულ დაქუცმაცებაში ლომის წილი უდევს, კიდევ უფრო «გამყარდა» მისივე მომდევნო განცხადებებით; კერძოდ, ამ რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში მან კიდევ უფრო განავრცო პოლიტიკური მასტურბაციის თემა და ამით «ონანისტ» ოპოზიციას საკითხის სრულყოფილი ანალიზი შესთავაზა. მისი განმარტებით, პოლიტიკური მასტურბაცია – ეს არის «ერთი ადგილის უაზრო ტკეპნა», რომელიც, თურმე, ოცი წელია, გრძელდება ჩვენს ქვეყანაში (ხანგრძლივობა ნამდვილად შთამბეჭდავია)…
«მე მინდა, რომ ქართულ პოლიტიკაში შედგეს სასიყვარულო აქტი, ვინაიდან, თუ გინდა, რომ ბავშვი გაჩნდეს, პოლიტიკურ შედეგს ვგულისხმობ, ეს აუცილებელია… ბოლოს და ბოლოს, ქართველებმა ხომ უნდა ვისწავლოთ საქმის კეთება», – აცხადებს მაისაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დარწმუნებული ვარ, ეს არ არის აზრის ფორმულირების ექსპრომტად მოფიქრებული სტილი, არამედ ხანგრძლივი ფიქრისა და თავისმტვრევის შედეგია… ეტყობა, ბატონ მაისაშვილს თავისუფალი დრო ბევრი აქვს იმისთვის, რომ განმარტოვდეს და იფიქროს, იოცნებოს და საკუთარ წარმოსახვაში სიამოვნების წყაროდ აქციოს ყველაფერი, მათ შორის, პოლიტიკური პროცესებიც, რომელთა უშედეგობას მართლაც ბევრი რამ აქვს საერთო მისსავე ეროტიკულ შეხედულებებთან…

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. რაც შეეხება რეალობას, გია მაისაშვილის ამ განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა – ზოგიერთმა ლიდერმა ვერაფრით დაიჯერა, რომ მაისაშვილმა ასეთი რამ თქვა, ზოგიერთი კი გაგებით შეხვდა თანამებრძოლის პოზიციას. მაგალითად, გოგა ხაინდრავას განცხადებამ, რომელიც მან პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე გააკეთა, ლამის იდეურად გააგრძელა მაისაშვილის «მოძღვრება». კონკრეტულად, მან თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით ახალი საზოგადოება იბადება, რომელიც არასოდეს დაუშვებს უპასუხისმგებლო ქმედებებს ხელისუფლების მხრიდან…

როგორც ჩანს, ხაინდრავა მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს მაისაშვილის პოზიციას. აღიარებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ მასტურბაციას ეწევა, მაგრამ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ «მასტურბაციით ბავშვის გაჩენა» შეუძლებელია…

აი, ფაქტიც – ოპოზიციურ სპექტრში ერთსულოვნების დეფიციტია, თანაც, ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიც ბატონი მაისაშვილის მიერ ფრიად საინტერესოდ წამოჭრილი თემატიკაა…

ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილი არ ზის – «ნაცმოელები» თავიანთ «ქურაში» ერთობ ოსტატურად აცხობენ და საზოგადოებაში ნაირნაირ სახუმარო ჭორს ყრიან. მაგალითად, ამასწინათ ითქვა: მაისაშვილმა პოლიტიკური მასტურბაციის თემა იმიტომ წამოწია, რომ ხელისგულები ცოტა ხნით მაინც დაასვენოსო (მოგეხსენებათ, პატივცემულ გიორგის ლაპარაკის დროს ხელების ქნევა სჩვევია)…

არ ვიცი, «ნაცმოელებმა» რა ლოგიკით ჩათვალეს, რომ აქციებმა ყველაზე მეტად მაისაშვილი დაღალა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ უკანასკნელს დაღლილობისა არაფერი ეტყობა, პირიქით, კაცი «მასტურბაციის» წინააღმდეგია და «სასიყვარულო აქტის» ინიციატივით გამოდის, რომელიც გაცილებით უფრო დიდ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ზემოაღნიშნული «ვირტუალური ქმედება»…

ამდენად, ხელისუფლების «კომპრომატები» მაისაშვილის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა, თუმცა მაისაშვილი ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა – ამ რამდენიმე დღის წინათ სააკაშვილმა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა თავისი ყოფილი თანამებრძოლი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, უცნაურად გააქტიურდა. დიახ, სწორედ უცნაურად, იმიტომ, რომ ნოღაიდელის მხრიდან, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაღლილობის სიმბოლოდ იქცა, ნამდვილად არავინ ელოდა ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებებს…

არადა, თურმე, «დაღლილ ვირსაც» შესძლებია წიხლების ქნევა, მიუხედავად იმისა, დაღლილია თუ არა… უფრო მეტიც – «იმ შემოსავალს, რომელიც ბიზნესიდან მივიღე, ხელისუფლებიდან სააკაშვილის ჩამოშორებას მოვახმარო», – დაიმუქრა ნოღაიდელმა; სააკაშვილმა კი ამის პასუხად საზოგადოებას «აღიარებითი ჩვენება» მისცა და განაცხადა: «ერთი ჩემი მეგობარი გადავაყენე მინისტრობიდან, რადგან ხელზე რაღაც მიეკრო და გული გახეთქვაზე მქონდაო»… «მიკვრაში» ის, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან ფულის «მოტეხვას» გულისხმობდა, «მომტეხში» კი, თავისთავად, – ნოღაიდელს… სხვათა შორის, ამ განცხადებით სააკაშვილმა ფარდა ახადა უამრავ «საიდუმლოს», მათ შორის, იმასაც, თუ რამ დაღალა ნოღაიდელი და რატომ შეარქვეს მას მეტსახელად «დაღლილი ვირი»…

რაც შეეხება ქართული პოლიტიკის «პრიმადონად» წოდებულ ნინო ბურჯანაძეს, მისი პოზიცია რომ უკიდურესად რადიკალურია, ყველას კარგად მოგვეხსენება და რაც უნდა კრიტიკული განცხადებები აკეთოს, საზოგადოების გაკვირვებას არ იწვევს; პირიქით, პროტესტანტთა დიდმა ნაწილმა (ყოველ შემთხვევაში, იმან მაინც, ვინც ბურჯანაძის გამოსვლას ტაშით ეგებება) უკვე თითქმის დაივიწყა მისი ავადსახსენებელი წარსული, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა «ნაცმოძრაობის» სამსახურში პირნათელი მოღვაწეობა…

ისე, საერთოდ, «უცნაური» რამაა ეს პოლიტიკა, ხან პოზიციაში «გადაგაგდებს», ხანაც – «ოპოზიციაში», მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა გზა მაინც ხელისუფლებისკენ მიდის… ამ გზაზე შეიძლება ისეთი ადამიანებიც დაგემგზავრონ, როგორიც ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე ან, გნებავთ, მიხეილ სააკაშვილია, თუმცა მთავარი, ანუ გზაგასაყარი, ზოგს ხელისუფლებაში გადაისვრის, ზოგს – ოპოზიციაში, ზოგსაც – მეორედ მოსვლის იმედით თავზარდამცემ პოლიტიკურ მოუსავლეთში…

დააკვირდით ფოტოს, განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარის სახის გამომეტყველებას, ნეტარებას, რასაც მას პრეზიდენტის გვერდით დგომა ანიჭებს (ეს ფოტო, როგორც, ალბათ, უკვე მიხვდით, ქალბატონი ნინოს გაოპოზიციონერებამდეა გადაღებული), მერე კი ახლებურად შეაფასეთ, მოისმინეთ მისი ბოლო განცხადებები და უსათუოდ დარწმუნდებით, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელ გზას ადგას დღეს ქალბატონი ბურჯანაძე…

 

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here