დღეს ვამთავრებთ პოლკოვნიკ ალექსანდრე ტოლსტოისთან ინტერვიუების პუბლიკაციას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ინტერვიუს ამ და წინა ნაწილებში გამოთქმული მოსაზრებები სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკმა წერილობით გაუზიარა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია. თუ რა პრობლემებს უქმნის სამხედრო კანონმდებლობაში დაშვებული ლაფსუსები სამხედრო დაზვერვის ეფექტიან მუშაობას, დღევანდელი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ალექსანდრე, როგორც ვიცით, თქვენ 1962-1988 წლებში მსახურობდით სამხედრო დაზვერვის სისტემაში. იქნებ, ამ მხრივაც შეაფასოთ ჩვენი სამხედროების მომზადების დონე.
– მეგონა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ შეფასდებოდა დაზვერვის მოქმედება და გაკეთდებოდა შესაბამისი დასკვნები მდგომარეობის გამოსასწორებლად. დაზვერვისადმი წაყენებული მოთხოვნებიდან ერთ-ერთი არის ფარულობის პრინციპი. მოწინააღმდეგემ არ უნდა იცოდეს, რომ ის აღმოჩენილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილსამყოფელს შეიცვლის. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა დაზვერვის საქმეში ჩახედული ნებისმიერი პროფესიონალისთვის.
2009 წლის 3 თებერვალს ტელეარხმა «საქართველომ» აჩვენა ფილმი «მზირი ქვედანაყოფის მოქმედება მოწინააღმდეგის ზურგში». ნანახმა ძალიან გამაკვირვა. იმის მაგივრად, რომ მზირს ჰყოლოდა მოწინააღმდეგე თვალთვალის ქვეშ, თვითონ იყო «მოწინააღმდეგის» მიერ კონტროლირებადი. მათი მოქმედება «ომობანას» თამაშს უფრო წააგავდა, ვიდრე დაზვერვას: გამუდმებით დარბოდნენ, ყვიროდნენ და ისროდნენ. ეტყობოდათ, რომ მათთვის არავის უსწავლებია გადაადგილების, ადგილმდებარეობის შესწავლისა და დაზვერვის ხერხები. «გაანადგურეს მოწინააღმდეგის ორკაციანი ჯგუფი» და არავის გახსენებია მათთვის მამტკიცებელი ნიშნების ართმევა, მოქმედების კვალის დაფარვა.
ბოლოს, ბიჭები გადაიღალნენ გამუდმებული სირბილით, «ბათქაბუთქით» და მეთაურს მოახსენეს, რომ «მოწინააღმდეგე ერთი ასეულის შემადგენლობით ღამით გადაადგილდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ» და ამით დაამთავრეს ეს «საჩვენებელი მეცადინეობა».
შემმოწმებელმა მზირის მოქმედება შეაფასა, როგორც 100 პროცენტით შესრულებული და გადაიყვანა რეზერვში.
– მერედა, ეს არის დაზვერვა და მიზანჩვენება?
– ზუსტად ასეთივე «საჩვენებელი დაზვერვის გაკვეთილები» ტელევიზიამ აჩვენა 2006 წლის 28 დეკემბერს და 2007 წლის 15 იანვარს.
გამოდის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში საჯარისო დაზვერვას ახალი არაფერი «შეუძენია».
ალბათ გახსოვთ 1997 წლის აგვისტო, მადრიდის სამიტი, რომელსაც ესწრებოდა და სიტყვით გამოსვლასაც აპირებდა ჩვენი ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
მას საქართველოდან შეატყობინეს, რომ აფხაზურმა მხარემ წამოიწყო ფართომასშტაბიანი შემოტევა სოფელ ლათას მიმართულებით. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, შეშფოთდა, გამოსვლაზე უარი განაცხადა და დაგეგმილ დროზე 5 საათით ადრე გამოემგზავრა სამშობლოში.
აქ კი მას სულ სხვა ამბავი დახვდა: ჩვენს მეომრებს (7-8-კაციანი ჯგუფი) უკან დაბრუნებისას მოწინააღმდეგე მხარემ გაუხსნა ცეცხლი. ატყდა ორმხრივი სროლა. ეს იყო და ეს. ჩვენი მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა.
რას იფიქრებდნენ ჩვენზე მადრიდში შეკრებილი ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები? ალბათ, დასვამდნენ კითხვას: სად იყო დაზვერვა?
ცნობილია, რომ, პრაქტიკულად, თითქმის ყველა ქვეყანაში, საელჩოებისა თუ წარმომადგენლობების ჭერქვეშ მუშაობენ მზვერავები. მათი მუშაობის მეთოდები არც თუ ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. მათ ამოცანაში შედის არა მარტო ცნობების მოპოვება და ფაქტების შეგროვება, ასევე მათი მეცნიერული ანალიზი.
კარგა ხანია, დაზვერვა გახდა არა მოყვარულთა ხვედრი, არამედ მაღალი კლასის პროფესიონალების საქმე. თანამედროვე მზვერავმა შეცვალა ნიჭიერი მოყვარულები, თითქმის ყველა ქვეყანაში ამ დარგს ხელმძღვანელობენ ინტელექტუალური სპეციალისტები.
– ამ «თითქმის ყველა ქვეყანაში» საქართველოც შედის?
– თავად განსაჯეთ, წაიკითხეთ საჯარო დოკუმენტი სახმელეთო ჯარების ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ და ვერსად ნახავთ ოპერატიული გაერთიანების სადაზვერვო კომპლექტს: სახმელეთო, საჰაერო, ელექტრონულ და სპეციალურ დაზვერვებს.
ამდენად, საინტერესოა, ვინ ამარაგებდა სახმელეთო ჯარების შტაბს სადაზვერვო მონაცემებით 2008 წლის აგვისტოში?
ქართულ ჯარში სამხედრო დაზვერვაზე ჯერ წარმოდგენაც არ აქვთ. ეს ჩემი ვარაუდი არ გეგონოთ. ამას ადასტურებს საქართველოს სამხედრო საკანონმდებლო აქტებიც.
მინდა, შეგახსენოთ დოკუმენტების ის მუხლები და პუნქტები, სადაც დაზვერვაზეა საუბარი:
კანონი «საქართველოს თავდაცვის შესახებ»
მ.9 «3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია:
ო) სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სამოქალაქო კონტროლის განხორციელება»;
«7. გაერთიანებული შტაბი:
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას»;
«საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება»
მ.2 «2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ჟ) სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა»;
მ.5 «1. სამინისტროს ქვედანაყოფებია:
თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი»;
მ.5 «3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვს შემდეგი ძირითადი ამოცანები:
თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრის პროცესში»;
«საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულება»
მ.2 «გაერთიანებული შტაბის ამოცანებია:
ნ) სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
მ.5 «2. გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
გ) ჟ-2 – დაზვერვის დეპარტამენტი ადგენს დაზვერვის გეგმებს, უზრუნველყოფს მოპოვებული ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდებას»;
აქვე უნდა განვმარტო, რომ სამხედრო დაზვერვის ამოცანაა, მოიპოვოს, შეაგროვოს, შეისწავლოს და გააანალიზოს მონაცემები სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ მოქმედ ან სავარაუდო მოწინააღმდეგეზე, მის შეიარაღებულ ძალებზე და სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალზე, შემადგენლობაზე, მდგომარეობაზე, მოქმედების ხასიათზე, განზრახვაზე და, აგრეთვე, სამხედრო მოქმედებების თეატრზე.
სამხედრო დაზვერვას, როგორც შეიარაღებული ძალების შემადგენელ ნაწილს ამოცანა დაუსახა საქართველოს კონსტიტუციამ:
«ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად… საქართველოს ჰყავს სამხედრო ძალები» (მ.98, პ.2).
ეს არის დაზვერვის საქმიანობაც და კომპეტენციის ფარგლებიც. ამას სამოქალაქო კონტროლი არ სჭირდება.
მგონი, გასაგებია, რომ ამ დეტალს ერთადერთი მიზეზით ვუსვამ ხაზს – სამხედრო დაზვერვას ქვეყნის შიგნით, გარდა მოსახლეობისთვის სტიქიური უბედურებების დროს დახმარების აღმოჩენისა, საქმე არ აქვს და ამიტომ ვთვლი, რომ შეცდომაში შეიყვანეს პარლამენტი, როდესაც მან 2003 წელს დაზვერვის სამმართველოს მიანიჭა ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციების ჩატარების უფლება, რომელშიც იგულისხმებოდა სატელეფონო საუბრების მოსმენა, ვიდეო და აუდიოჩანაწერების გაკეთება და ა.შ., რითაც დაარღვია ძირითადი კანონი და მისცა დაზვერვის სამმართველოს თავის მართლების საშუალება ძირითადი ამოცანის შეუსრულებლობის შემთხვევაში. ეს კანონი საერთოდ მიუღებელია სამხედროებისთვის, რადგან ეს «ფუნქცია» ლახავს მეომრისა და ოფიცრის მუნდირის ღირსებას.
– ბატონო ალექსანდრე, იქნებ დიდი საჭიროება ვერ დაინახა ჩვენმა ხელისუფლებამ და ამიტომაც არ უყურებს სერიოზულად ამ ინსტიტუტს?
– თუ კარგად შევისწავლით თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურას და გავაანალიზებთ მის ამოცანებს, ვნახავთ, რომ მას დაზვერვა საერთოდ არ სჭირდება, რადგან მის სამოქალაქო ოფისში დაზვერვის მონაცემების მომხმარებელი არავინ არის.
რაც შეეხება უწყებრივ უშიშროებას, ამას სხვა უწყება უფრო კარგად უზრუნველყოფს.
და კიდევ, დაზვერვისთვის აუცილებელია და საინტერესო არა მხოლოდ ოპერატიულად მოპოვებული ინფორმაცია, არამედ ყველა შემოსული ცნობა, მათ შორის, მრავალჯერ გამეორებული, დაძველებული და «ჩამოფასებულიც» სათვალავშია მისაღები. ისინი საჭიროა არა მარტო შედარებისთვის, არამედ წყაროს საიმედოობის შეფასებისთვისაც.
ზემოთ ნახსენებ დოკუმენტებში ჩამოთვლილი ფუნქციებიდან არც ერთი არ არის დაზვერვისთვის შესაბამისი. გაუგებარია,
ა) რომელი დაზვერვის დეპარტამენტია ზემდგომი: თავდაცვის სამინისტროს თუ გაერთიანებული შტაბის?
ბ) ვის ემორჩილებიან დაზვერვის ქვედანაყოფები და ვინ უსახავს მათ ამოცანას?
გ) რატომ აწვდის გაერთიანებული შტაბის დაზვერვის დეპარტამენტი სადაზვერვო ცნობებს «შესაბამის სამსახურებს» და არა უშუალო და პირდაპირ უფროსებს?
ჩვენი სამხედრო საკანონმდებლო აქტები, ხელმძღვანელი პირების ინტერვიუები სამხედრო თემებზე, სწავლებები, თანამდებობებზე დანიშვნები უცხო ქვეყნების დაზვერვებისთვის ძალიან ხშირად წარმოადგენს ღია, უტყუარ და უფასო საინფორმაციო წყაროებს ჩვენი ჯარის მდგომარეობისა და შესაძლებლობების შეფასებისთვის.
– ბატონო ალექსანდრე, თქვენ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს თუ ყურადღებით გაეცნობიან, ალბათ, გაითვალისწინებენ კანონმდებლები. საუბრის დაწყებამდე ფიცის შესახებ აღნიშნეთ. აქაც პრობლემები გვაქვს?
– ცნობილია, რომ ფიცის შინაარსი და მისი მიღების რიტუალები უნდა გამოხატავდეს ხალხისა და ჯარის ისტორიულ და ნაციონალურ ტრადიციებს.
ქართველი ხალხის მეხსიერებაში ფიცის დადების აუცილებელ პირობას წარმოადგენს წარმოთქმული სიტყვა «ვფიცავ». კონსტიტუციის 71-ე მუხლის პირველ პუნქტში ეს სიტყვა ნახსენები არ არის. მის მაგივრად გამოყენებულია სიტყვა «ვაცხადებ».
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლად არჩეული პრეზიდენტი ფიცის დადებისას წარმოთქვამს სიტყვას «ვფიცავ».
საქართველოს სამხედრო ფიცის (ავტორია გენერალ-მაიორი დულა აბაშიძე) მიღების წესი განსაზღვრულია შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდებით. მისი ტექსტი დამტკიცებულია პარლამენტის მიერ და წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტს. ფიცი წმინდაა და მიიღება მხოლოდ ერთხელ.
სამხედრო ფიცის მიღება პატრიოტული აქტია, საზეიმო დაპირებაა სამშობლოსადმი ერთგულებისა ყოველი მოქალაქის მიერ სამხედრო სამსახურში გამწესებისას. ფიცის მიღება დასტურდება პირადი ხელის მოწერით და იქცევა დაურღვეველ კანონად სამხედრო მოსამსახურის ცხოვრებაში.
საუკუნის დასაწყისიდან სამხედრო ფიცის მიღებამ მლიქვნელური ხასიათი შეიძინა. წინა პრეზიდენტის დროს «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამით მომზადებულ სამხედროებს ფიცს ადებინებდნენ არა საქართველოს წინაშე, არამედ უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე, ხოლო 2008 წლის 8 აპრილს ოფიცერთა კურსების კურსდამთავრებულებმა (ქ. საჩხერე) ფიცი დადეს ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე. ფიცის მიმღებთა შორის იყვნენ მაიორები, კაპიტნები, უფროსი ლეიტენანტები, რომლებსაც ადრე აუცილებლად ექნებოდათ ფიცი მიღებული, რადგან შინაგანი სამსახურის წესდების შესაბამისად, ფიცი მიიღება თვენახევრის განმავლობაში სამხედრო სამსახურში გაწვევის დღიდან. სამოქალაქო პირები მხოლოდ სამხედრო ფიცის მიღების შემდეგ ხდებიან სამხედრო მოსამსახურეები.
ფიცის მიღების ასეთმა წესმა დაარღვია კანონი და, რაც მთავარია, გააუფასურა ის.
ესაუბრა ბონდო მძინარაშვილი