Home რუბრიკები პოლიტიკა რას ჰყვებიან გალიდან გადმოსული დევნილები და რატომ დაკარგა ოპოზიციამ გავლენა ზუგდიდში

რას ჰყვებიან გალიდან გადმოსული დევნილები და რატომ დაკარგა ოპოზიციამ გავლენა ზუგდიდში

674

ზუგდიდისა და გალის რაიონებში (განსაკუთრებით, გალის რაიონში) არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ თუ კრიმინოგენურ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. საქართველოს საინფორმაციო საშუალებებისა და ოფოციალური სტრუქტურების გადმოცემით, გალის რაიონში გაუსაძლისი პირობებია. აფხაზები და რუსები ფეხქვეშ თელავენ ადგილობრივთა ადამიანურ უფლებებს, ახდენენ მათზე ზეწოლას და ა.შ. სულ სხვა ვითარება იკვეთება დევნილებთან უშუალო ურთიერთობისას. მათ ხომ მუდმივი კავშირი აქვთ ენგურსგაღმელ თანამემამულეებთან.
ზუგდიდში დაფუძნებულმა ერთ-ერთმა დევნილმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ისე აღწერა გალის რაიონში არსებული ამჟამინდელი ვითარება, რომ უთუოდ ღირს სერიოზულ დაფიქრებად: «რასაც ახლა გეტყვით, სრული სიმართლეა. ახლახან გალის რაიონის სოფელ თაგილონში რუსები შეხვდნენ სოფლის მცხოვრებთ. ძალიან გულთბილი შეხვედრა იყო; დაჰპირდნენ მოსახლეობას, ახალ სკოლას და საცხოვრებლებს აგიშენებთო. მოსკოვიდან ჩამოსულმა საუკეთესო სპეციალისტებმა – მასწავლებლებმა სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს ადგილობრივ პედაგოგებს, ხოლო ექიმებმა უფასო გამოკვლევები და ოპერაციები გაუკეთეს გალელებს. გალელი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილია 17 ლიმიტი მოსკოვის ლომონოსოვის და ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტებში, სადაც გალელები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და უფასოდ ისწავლიან. მოსახლეობასა და პენსიონერებს იმავე რუსებმა აღუთქვეს დასაქმება და მაღალი ხელფასებისა და პენსიების გაცემა. გლეხს მეტი რა უნდა! თუ რუსებმა ეს დაპირებები შეასრულეს, ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველა დევნილი, რომელიც ენგურს გამოღმაა, თავის კარმიდამოს დაუბრუნდება. აბა, რა უნდა ვქნათ? ჩვენ აქ არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ აღარ ვაინტერესებთ, ჩვენ მათთვის აღარ ვარსებობთ. სამწუხაროდ, აღარც ოპოზიციის იმედი გვაქვს», – განაცხადა ჩემმა რესპონდენტმა და მისი ეს მოსაზრება იქვე მყოფმა რამდენიმე დევნილმაც დაადასტურა.

რაც შეეხება აფხაზურ მოქალაქეობას და აფხაზური პასპორტის მიღებას, დევნილთა განმარტებით, არავითარი ზეწოლა ამ მხრივ გალის რაიონში არ მიმდინარეობს. აფხაზური პასპორტის აღება მხოლოდ სახელმწიფო, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის არის სავალდებულო. «მე ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ აფხაზური მოქალაქეობის მიღებასა და აფხაზური პასპორტის აღებაში. პირიქით, ასეთი ქმედებით უფრო შენარჩუნდება ქართული სული და ქართული ეთნოსი აფხაზეთში. ჩვენ ვერავითარი აფხაზური პასპორტი ქართველობას ვერ შეგვაცვლევინებს», – აღნიშნა ჩემმა რესპონდენტმა.

ზუგდიდში მყოფი დევნილები თავიანთ აღშფოთებასა და გულისწყრომას ვერ მალავენ დევნილების დაყოფის გამო. ძველ – «შევარდნაძისდროინდელ და ახალ – სააკაშვილისდროინდელ» დევნილებად. დევნილებმა კარგად იციან, რომ პოლიტიკური საკითხის მოგვარება შეუძლებელია, ამიტომაც აქცენტი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტაზე გადააქვთ. «16 წელია, ვერ თუ არ ხერხდება და საშველი აღარ დაადგა აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას. ამჟამად კი, როგორც იტყვიან, დაკონსერვებულია, ანუ დღევანდელი მდგომარეობით აფხაზეთი ანექსირებული და დაკარგულია. სანამ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი სარგებლობს «ვეტოს» უფლებით, საქართველოს გამთლიანებას ბედი არ უწერია, ამიტომაც ვითხოვთ დევნილები მხოლოდ საარსებო მინიმუმს. გვეყო, ბოლოს და ბოლოს, ამ 16 წლის განმავლობაში არაადამიანური ცხოვრება. თუ ვართ საქართველოს შვილები, მაშინ ხელისუფლებამ გვაცხოვროს მინიმალურ დონეზე მაინც», – განაცხადა ძირძველმა გალელმა იური კაკავამ.

დევნილებს, ასევე, კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მათი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში წონადი სიტყვა ეკუთვნის სამეგრელოს, ზუგდიდს, რომელიც ამჟამად «ოლიმპიური სიმშვიდით» შეჰყურებს თბილისში მიმდინარე პროცესებს.

ფრონტისპირა და ე.წ. საზღვრისპირა ზუგდიდს ბევრი ტერორისტული აქტი და აფეთქება ახსოვს. ამ დღეებში ისევ გაისმა აფეთქებების ხმა, თუმცა პანიკა და შიში არ გამოუწვევია მოსახლეობაში. არც მისი შემკვეთის თუ შემსრულებლის ვინაობის გარკვევით არიან დაინტერესებულნი. ასე რომ, ცხოვრება ჩვეული რიტმით მიმდინარეობს როგორც ზუგდიდში, ისე მის მეზობელ გალის რაიონში.

ზუგდიდში სახელისუფლებო სტრუქტურები გაცილებით ძლიერნი არიან ოპოზიციასთან შედარებით. შიში, საინფორმაციო ვაკუუმი, სამართალდამცავი სტრუქტურების აქტიურობა განაპირობებს ზუგდიდში ოპოზიციის პასიურობას, თუმცა მოსახლეობის პასიურობის მიზეზი მხოლოდ შიში არ არის. საქმე ისაა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ადგილობრივ მოსახლეობაში მაინცდამაინც დიდი გავლენა არ აქვთ. ეს გამოჩნდა კიდეც ოპოზიციის იმ მიტინგზე, რომელსაც 1000 კაციც არ ესწრებოდა. წარუმატებელი მიტინგით განაწყენებულმა ლევან გაჩეჩილაძემ ხალხის სიმცირე იმით გაამართლა, რომ მეგრელებს «ვაჟკაცობა დაუწუნა».

ოპოზიციის ლიდერების დაბალი გავლენის მიუხედავად, ზუგდიდში ელოდებიან «ეროვნული ფორუმის» გამოჩენას. «ეროვნულ ფორუმს» ადგილზე საკუთარი ორგანიზაციები არ აქვს, თუმცა მოსახლეობაში გარკვეული სიმპათიები მოიპოვა. მათ გამოჩენას მიესალმებიან ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. «მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და მივესალმები მათ გამოჩენას, ყოველმხრივ ამოვუდგები გვერდით», – განაცხადა ზუგდიდის ცენტრში დადგმულ «საკანში» მყოფმა კახა მიქაიამ. ამჟამად ზუგდიდში სამი საკანია. კახა მიქაია არ გამორიცხავს საკნების რაოდენობის გაზრდასაც.

 

ლადო ქირია, ზუგდიდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here