Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი სესიაშვილი: აფეთქებებში სააკაშვილის ხელისუფლების კვალს უფრო ვხედავ

ირაკლი სესიაშვილი: აფეთქებებში სააკაშვილის ხელისუფლების კვალს უფრო ვხედავ

687

აგვისტოს ომისა და, მით უფრო, 9 აპრილის საპროტესტო აქციების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ მორიგ სამხედრო აგრესიაზე. მათი სატელევიზიო გამოსვლები, ძირითადად, იმის მტკიცებას ეძღვნება, რომ კრემლის მთავარ სტრატეგიულ ამოცანას ამ ეტაპზე საქართველოს სრული ოკუპაცია წარმოადგენს. ხელისუფლების ესოდენ მძაფრი რიტორიკა, რომელიც შიდამოხმარების არეალს ვერ სცდება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს – ბუნებრივია, რომ ხალხი ეჭვის თვალით უყურებს სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ნებისმიერ განცხადებას, რომელიც, დიდი ხანია, დემაგოგიის სინონიმად იქცა… მეორე მხრივ, საზოგადოებას კარგად ახსოვს 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ განვითარებული პროცესები, დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს შორის და პიკი, რომელიც აგვისტოს ომის სახით მივიღეთ. ისიც ყველას კარგად ახსოვს, როგორ გვაფრთხილებდნენ მაშინ ხელისუფლების მესვეურები: რუსის ჯარი რომ კარს მოგვადგება, არეულობა და თავპირისმტვრევა მერე ნახეთო…
მაშინ «ნაცების» წინასწარმეტყველება (შემთხვევით თუ სასწაულებრივად) გამართლდა, რაც დღევანდელ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, ერთგვარ სიმყარეს ჰმატებს ხელისუფლების განცხადებებს; თუმცა ოპოზიციის ლიდერებისა და საერთაშორისო სამხედრო ექსპერტთა ერთსულოვანი შეფასებები, რომლებიც რუსეთისგან საქართველოზე მორიგი თავდასხმის საფრთხეს მინიმალური ალბათობით განიხილავს, წყალწყალას და უსაფუძვლოს ხდის ხელისუფლების პროპაგანდისტულ რიტორიკას. გთავაზობთ ინტერვიუს სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილთან, რომელიც ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი აგრესიის შესახებ სააკაშვილის, თარგამაძისა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ განცხადებებს მიმდინარე პროცესებში მათი გაურკვევლობითა და არაადეკვატურობით ხსნის. – ბატონო ირაკლი, რას იტყვით იმ აფეთქებებზე, რომლებიც კონფლიქტის ზონებთან ახლოს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ხდება?.. მხედველობაში ზუგდიდში მომხდარი რკინიგზის აფეთქება მაქვს. – მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო რუსების ან აფხაზების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ვინაიდან არც ერთს და არც მეორეს ამ ეტაპზე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მსგავსი ტერაქტების მოწყობა ხელს არ აძლევს. ტერორისტული აქტების უმთავრესი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, ამიტომ აფეთქებები დღისით ხდება ხოლმე, ხალხმა რომ დაინახოს და მასზე გარკვეული ვიზუალური ეფექტი რომ მოახდინოს. ეს აფეთქება კი, რომელიც, ვიმეორებ, არანაირ საფუძველს არ გვაძლევს, რუსებს ან აფხაზებს მივაწეროთ, აშკარად არ იყო მოსახლეობის დასატერორებლად გამიზნული და, შესაბამისად, შეუძლებელია, რუსეთის მხრიდან მას რამე პოლიტიკური დატვირთვა ჰქონოდა… ამ აფეთქებებში სააკაშვილის ხელისუფლების კვალს უფრო ვხედავ, ყოველ შემთხვევაში, ხელწერა ნამდვილად ამათია… გავიხსენოთ განმუხურის ინციდენტი, არჩევნების დღეს ავტობუსის აფეთქება სოფელ ხურჩაში და შევადაროთ ამ ინციდენტს – მსგავსებას ძალიან ბევრს ვიპოვით; თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წინა დღეებში, ვიდრე რკინიგზას ააფეთქებდნენ, ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთასა და ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა მოხდა, სავსებით შესაძლებელია, აფეთქება ზუგდიდში ხელისუფლების მოწყობილი პროვოკაცია ყოფილიყო. მათ, ალბათ, ჩათვალეს, რომ მსგავსი პროვოკაციებით ოპოზიციურ აქტივობას, გარკვეულწილად, ხელს შეუშლიდნენ, თუმცა საზოგადოებისთვის (ყოველ შემთხვევაში, იმ ნაწილისთვის, ვინც ამ ხელისუფლებას ბრმად არ ენდობა), ბუნებრივია, არანაირი დამაჯერებლობა ამ ინციდენტს არ ჰქონია. დღეს ყველამ იცის, რომ ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას სააკაშვილის გეგმების ერთპიროვნული შემსრულებლები მართავენ, რომელთაც პირდაპირ აქვთ დავალებული, ყველა ფორმითა და მეთოდით ხელი შეუშალონ ნებისმიერ ოპოზიციურ გამოსვლას. ამდენად, მსგავსი ხრიკებით, იქნება ეს აფეთქება თუ რაიმე სხვა სახის შემზარავი პროვოკაცია, ხელისუფლება ქულებს კი არ იწერს, პირიქით – კიდევ უფრო კარგავს საზოგადოების ნდობას და მოსახლეობაში საპროტესტო განწყობას ათმაგად ამწვავებს… – სააკაშვილი ხშირად აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი სტრატეგიული ამოცანა საქართველოს სრული ოკუპაციაა. რამდენად რეალურია ეს მოსაზრება და, საერთოდ, რამდენად დიდია რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის საფრ­თხე? – ამასწინათ გიგა ბოკერიამ პირდაპირ თქვა, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის საფრთხე მინიმალურია. იმავეს აცხადებს ვანო მერაბიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობა, პრეზიდენტი კი სრულიად საპირისპიროს ამბობს… როგორც ჩანს, სააკაშვილს უკვე ფსიქიკაში აქვს გამჯდარი რუსეთის მიმართ შიში და, ალბათ, ამიტომაც ხედავს ყველაფერში, მათ შორის, ოპოზიციურ სპექტრშიც, რუსული ჩექმის ნაკვალევს… რუსეთის მხრიდან მორიგი თავდასხმის საფრთხე დღევანდელ ვითარებაში ძალიან მცირეა და ის პროცესები, რაც ბოლო დროს ვითარდება, არანაირ საფუძველს არ გვაძლევს, რომ ომის ალბათობა რეალურად განვიხილოთ… – მაშ, რას ნიშნავს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რასაც რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში აპირებს? – საქართველოს სრულ ოკუპაციას, სულ ცოტა, ასოციათასიანი არმია მაინც სჭირდება. კავკასიის წვრთნები კი, როგორც ვიცი, ამხელა კონტინგენტს არ შეიცავს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ესეც მოწმობს, რომ რუსეთი საქართველოს სრულ ოკუპაციას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ აპირებს და ზოგიერთს სულ ტყუილად ჰგონია, რომ მალე კრემლის აგრესია სავარძელს გამოაცლის. – რაც შეეხება ივლისში დაგეგმილ ობამა-მედვედევის შეხვედრას, როგორ ფიქრობთ, საქართველოს საკითხი იქნება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა? – ჩემი აზრით, ობამას მთავარი მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა იქნება, ამიტომ არ მგონია, ერთი შეხვედრით რამე გადაწყდეს. რუსეთი ასე იოლად სერიოზულ დათმობებზე არ წავა, მაგრამ, თუ ამერიკის მხრიდან დიპლომატიური ზემოქმედება გაგრძელდება და «თეთრი სახლი» მოსკოვს საქართველოს სანაცვლოდ რამეს შესთავაზებს, ის, რა თქმა უნდა, წავა დათმობებზე, თუმცა ამ ეტაპზე ვაშინგტონი, როგორც ჩანს, არ არის მზად ასეთი ნაბიჯისთვის.                                                                                                                                                                                       ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here