Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე იობი: აფხაზები, ოსები… მე ისინი მიყვარს!

მეუფე იობი: აფხაზები, ოსები… მე ისინი მიყვარს!

1083

დღეიდან “საქართველო და მსოფლიო” იწყებს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობთან საუბრების ციკლს, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე.
მეუფე იობი (ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი) დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს მშობლიურ კუთხეში.
1988 წლის 19 იანვარს – დიაკვნად, ხოლო 28 მარტს მღვდლად ეკურთხა.
1988 წლის 22 ივნისს მღვდელმონაზონი იობი დაინიშნა მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვრად;
1989 წლის 31 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა სხალთის ახალგახსნილი მამათა მონასტრის წინამძღვრად;
1990 წელს ვარძიის მონასტრის იღუმენია და 28 აგვისტოდან აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; იმავე წელს საპატრიარქოს ახალჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ ინიშნება და მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარიცაა; ერთხანს არის ცხუმ-აფხაზე­თის ეპარქიის კამანის მონასტრის წინამძღვარიც.
1992 წლის მაისში, წმ. სინოდის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტი იობი გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად;

 
1992 წლის სექტემბერში იგი პარალელურად ინიშნება სასულიერო სემინარია-აკადემიის პრორექტორად.
1992 წლის 25 დეკემბერს, გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად.
1995 წელს, ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ, დაინიშნა ბათუმ-სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსად.
1996 წლის 21 ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის ეპისკოპოსი და, პარალელურად, პატრიარქის ქორეპისკოპოსია.
1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში,
2000 წლის დეკემბერში – მიტროპოლიტის ხარისხში.
როგორც თავად იტყვის ხოლმე, იგი დღემდე, უწინარესად, “ერთი უბრალო ბერია”. და აი, ამ უბრალო ბერმა ურბნისისა და რუისის ეპარქია პატარა იერუსალიმს დაამსგავსა. დღეს აქ 150-ზე მეტი მონასტერი და ოთხასამდე ბერ-მონაზონია.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეუფე იობი არა მარტო თავის მრევლში, არამედ მთელ მართლმადიდებელ საქართველოში განსაკუთრებული ავტორიტეტითა და ყურადღებით სარგებლობს.
ჭეშმარიტ ქრისტიანებს იგი გამორჩეულად უყვართ, ქრისტეს მტრებს კი მისი ეშინიათ.
ამიტომ არის, რომ იგი ერთდროულად ძალიან სათნოც არის და ძალიან მკაცრიც.
– არა ერთხელ მსმენია და თქვენც ბევრჯერ გითქვამთ – მძიმეა ჯვარი მღვდელმთავრისო. რას გულისხმობდით და, საერთოდ, რას ნიშნავს, იყო მღვდელმთავარი?
– უპირველეს ყოვლისა, მინდა განვმარტო, რა არის კურთხევა. ეს არის სულიწმიდის მადლის გამოთხოვა, რომელიც გარდამოდის ადამიანზე. პირველად ეს დიაკვნად კურთხევისას ხდება, შემდეგ – მღვდლად, მერე კი – მღვდელმთავრად. ეს საოცარი, არა­მიწიერი შეგრძნებაა. მახსოვს, უწმინდესმა მითხრა – კურთხევის დროს გულით შესთხოვე უფალს და უფალიც შენი თხოვნისამებრ წარმართავს შენს მღვდელმთავრულ ცხოვრებასო. როცა სვეტიცხოვლის ტაძარში ეპისკოპოსად მაკურთხებდნენ, შევთხოვე უფალს – მამსახურე შენი დიდებისთვის სახელის გარეშე-მეთქი. ყურად იღო თუ არა უფალმა ჩემი ვედრება, ეს ჩემმა შემდგომმა ცხოვრებამ ცხადყო… ცხოვრებაში მართლაც ასე ხდება…
მღვდელმთავრობა, უპირველეს ყოვლისა, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. ეს არის მწყემსი, რომელიც პირმეტყველ მაცხოვარს მწყსის და მიჰყავს უფალთან. მღვდელმთავარი თავის თავში სუ­ლიერად მოიცავს მთელ ეპარქიას; ყველა მტკივნეული ადგილი ეპარქიაში მღვდელმთავრის სულში იყრის თავს. ხანდახან, როცა წარმოვიდგენ რომელიმე, ვთქვათ, ქოზიფის მონასტერს, მთელ საძმოს, მონასტრის მდგომარეობა უფლის წყა­ლობით ჩემს ცხოვრებაში თავისით მოდის და ჩემ თვალწინ იშლება; მღვდელმთავარი შეიძლება შევადაროთ ადამიანს, რომელიც თავისი ნებით მიდის ჯვარცმაზე, უფლის წინაშე დებს აღთქმას უნაპირო სიყვარულისას, ერთგულე­ბისას, თავგანწირვისას. მისი სულიერი მდგომარეობა მხოლოდ უფალმა იცის, რადგან უბრალო ადამიანს ვერ ძალუძს, ჩასწვდეს იმ უძირო ტკივილს, სიმძიმეს, რაც მღვდელმთავარს აქვს.
ადამიანები, ხანდახან, გარეგნულად საზღვრავენ – მღვდელმთავარი მდიდრულად შემოსილია, კარგ პირობებში ცხოვრობს, მდიდრული მანქანით დადისო. მაგრამ მისი შინაგანი ბრძოლა, სულიერი მდგომარეობა, ტკივილი თუ სიხარული მხოლოდ უფალმა უწყის. ქრისტიანული მცნებების წმინდად შესრულება, უპირველესად, თვით მღვდელმთავარს ეკისრება უფლის წინაშე. მღვდელმთავარი პირადი მაგალითით უნდა ქადაგებდეს ქრისტიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მრევლს მი­სი არც პატივისცემა ექნება და არც სიყვარული და არანაირი სულიერი შედეგი იქნება ეპარქიაში. მღვდელმთავრობა ტანჯვაც არის და უდიდესი სიხარულიც, უნაპირო ტკივილიც და ხანდახან ცრემლიც. გტკივა შენი სამწყსოს, შენი ქვეყნის სულიერი და მატერიალური მდგომარეობა, გახარებს წარმატებები. ყველანაირი დადებითი და უარყოფითი ჩემში – მღვდელმთავარში ფოკუსირდება, მე კი ჩემი ძალისხმევით, ჩემს სულში, ცნობიერებაში უნდა გადავხარშო, გარდავქმნა და სულიერ ჭრილში განვიხილო ყველაფერი. თუ ხელს არ ჩაიქნევ და სასოებით შეხედავ მომავალს, ყველა უარყოფითი დადებითად გარდაიქმნება. ყოველ ეპარქიას, მღვდელმთავრის ლოცვით დიდი შეწევნა და მფარველობა გაქვს ღვთისგან. ამას თითოეული მორწმუნე გრძნობს.
– მახსოვს, ერთხელ მითხარით, ამაოდ არ მრქმევია იობიო. ალბათ, თქვენს ცხოვრებას გულისხმობდით. სულიერ საფეხურზე მსვლელობისას, სულიერი ტკივილის, განსაცდელის დროს მღვდელმთავარი განსაკუთრებით სასოებს თავის მფარველ წმინდანს. რამდენად მართებულად დაგერქვათ იობი და რას უნდა გრძნობდეს მღვდელმთავარი, რომელსაც იობ მრავალვნებულის სახელი ჰქვია, წმინდანისა, რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო ძველ აღთქმაში, რომელმაც ეშმაკს სძლია?
– იცით, ამქვეყნად არაფერი ხდება შემთხვევით და მითუმეტეს – ბერისთვის სახელის დარქმევა. არ მახსენდება, საქართველოს ისტორიაში რომელიმე სასულიერო პირს იობი რქმეოდეს. საქართველოს ისტორიაში ერთადერთი კათოლიკოსი იყო იობი, რო­მელიც IV-V საუკუნეებში მოღვაწეობდა. მის მერე აღარავის რქმევია. ჩვენს ეპარქიაში ერთ ბერს ეწოდა იობი (იღუმენი იობი გეგეშიძე).
ბერად 1988 წლის 3 იანვარს სამთავროს ფერიცვალების ტაძარში აღვიკვეცე 28 წლისა. საოცარი ისაა, რომ ჩემი ბერად აღკვეცის წინა დღეს მეუფე ზოსიმემ მიამბო: ზეციდან ხმა მომესმა, რომ შენთვის იობი უნდა მეწოდებინა. ძალიან დავმწუხრდი, რად­გან მართალი იობის ცხოვრება და განსაცდელი ვიცოდი და ამ ტკივილისთვის ვერ გაგიმეტე. წავედი და პატრიარქს ვკითხე, მან კი თანხმობა მომცა, იობი უწოდეო. შენ მაინც წადი და თავად ჰკითხე უწმინდესსო. მართლაც, მივედი უწმინდესთან და ვკითხე.  მან მეც დამიდასტურა, რომ იობის სახელით უნდა აღვკვეცილიყავი.
იცით, მაშინ ბოლომდე ვერ გავიაზრე ეს სახელი, რადგან ჩემთვის მთავარი აღკვეცა იყო. ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა ეს ნანატრი დღე, როცა ბერად აღმკვეცავდნენ. ახლა კი უკვე სიღრმისეულად ვხვდები, რომ ნამდვილად ღვთით დამერქვა იობი. მართლაც, ძალიან დიდი მოთმინება მჭირდება ყოველდღიურად და დღეში რამდენიმეჯერ და ყოველთვის უფლის სიტყვებს ვიხსენებ – მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო. ჩემი წმინდანი ძალიან ახლობელია ჩემთვის. როცა იობ მრავალვნებულის ცხოვრებას ვკითხულობ, უნებურად გადავდივარ იმ პერიოდში, თვალხილულად ვუყურებ მის ცხოვრებას და იმდენად ახლობელი ხდება იგი ჩემთვის, რომ მეც მასავით განვიცდი მის ტკივილს, სატანჯ­ველს. ყოველი განსაცდელის ჟამს მახსენდება იობი მრავალვნებულის ცხოვრება და ეს მაძლევს ნუგეშს, ძალას იმისას, რომ ჩემი მღვდელმთავრული ცხოვრება იობისეულ მოთმინებაზე დავაფუძნო, მასავით მივენდო და ვსასოებდე უფალს.
– გაოგნებული ვარ თქვენი მოთმინებით. ერთმა ბერმა თქვენზე მითხრა, მეუფე სიყვარულის უდიდესი, უნაპირო ოკეანეა, მაგრამ მტერსაც კი არ ვუსურვებ განრისხებული მეუფე იობის ხილვასო. განრისხებული მეც მინახიხართ, როცა ჩვენს სამშობლოში ის ხდება, რაც ერისთვის დამღუპველია. რამ შეიძლება განგარისხოთ?
– მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვიცი განრისხება, მაშინ, როცა კაცი იმ ზღვარს გადადის, რასაც ქრისტიანობა ჰქვია. საშინლად მიმძიმს ღალატის გადატანა. ღალატში ვგულისხმობ ბერული ცხოვრებისთვის ზურგის შექცევას, სარწმუნოების, ქრის­ტეს, სამშობლოს, მეგობრის ღალატს. ღალატი პირდაპირ ეშმაკის მსახურებაა. როცა ვმრისხანებ, ყველას ვუხსნი, რომ ეს მრისხანება მათკენ კი არა, იმ ეშმაკის წინააღმდეგ არის მიმართული, ვინც ისინი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა და ახლაც მათ გვერ­დით დგას და ცოდვილ აზრებს ჩააგონებს, რომ ისევ დასცეს და ცოდვაში ჩააგდოს. ადამიანი მიყვარს და ეს უფალმა იცის.
დღეს ხომ მტრებად წარმოგვიდგნენ აფხაზები, ოსები, რუსები. მე ისინი მიყვარს, რადგან მათში ღვთის ქმნილებებს ვხედავ. ეს ხალხი დღეს დაბნეულები, ეშმაკისგან შეცდენილები არიან. ამ ერთა შორის დაპირისპირე­ბის პროცესში მონაწილეობენ ეშმაკსდამონებული ადამიანები ხელისუფლების სახით. და, საერთოდ, ამ ქვეყანას ორი ძალა მართავს – ძალა ღვთისა და ძალა ეშმაკისა; მესამე ძალა, უბრალოდ არ არსებობს. ამ ორ ძალას შორის არის გადანა­წილებული მთელი კაცობრიობა. არიან ღვთისანი – ძალიან მცირენი და არიან ეშმაკისანი, რომლებიც ეშმაკის მორჩილებაში იმყოფებიან. ჩვენ თანამედროვე ენაზე მათ ხან პოლიტიკოსებს ვუწოდებთ და ხან სხვა სახელებს. აქ უნდა გამოვრიცხოთ ხელი­სუფლებაში მყოფთა პიროვნული, ადამიანური ბუნება, რადგან ყველა უკეთურებასა და საშინელებას მათ ის ძალა ჩააგონებს, რომელსაც კაცობრიობის განადგურება უნდა – ეს ძალა კი ეშმაკია. ამიტომ, როცა ბაგაფშის განცხადებას მოვისმენთ –  ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ საქართველოსთან ურთიერთობასო, ან კოკოითის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, არ უნდა ავყვეთ  და მდგომარეობა კიდევ უფრო არ უნდა გავამწვავოთ. გვახსოვდეს, რომ ადამიანს ცვალებადი ბუნება აქვს და, თუ დღეს ეშმაკს დამორჩილდა და გაღიზიანებულად მოიქცა, ხვალ შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს – გონება გაუნათდეს და სხვანაირად დაინახოს ესა თუ ის მოვლენა, ისე, როგორც ღვთისთვის, ჩვენთვის სათნოა.
შევარდნაძის მმართველობის პერიოდი იყო. მახსოვს, ერთხელ სიონში ღვთისმშობლის ხატის წინ ვიდექი და ხმა ჩამესმა – რატომ სასოებ მთავრობას? ეგენი ხომ პაიკები არიან, არაფერს წარმოადგენენ, დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან, ამიტომ გულ­თან ახლოს ნუ მიგაქვს მათი საქციელიო. იმ დღის შემდეგ ჩემს სულში იმხელა სიმშვიდემ დაისადგურა, რომ ენით ვერ აგიწერთ… ჩემი ეპარქიის ერთ-ერთ ტრაფარეტზე ჩემი უსაყვარლესი სიტყვები დავაწერე: “უფალი მეფობს!” ეს იცით, რას ნიშნავს? იმას, რომ უფალი მეფობს და არა – შევარდნაძე, სააკაშვილი თუ სხვა ხელისუფალი. უფალი მეფობს და ის წარმართავს ყველაფერს, იგია შემოქმედი, ჩვენ კი ჯიუტ ბავშვებს ვემსგავსებით, რომელნიც არ ვენდობით უფალს და უფლისადმი არ გვაქვს თვალები აპყრობილი; მისკენ არ გვაქვს მიმართული მთელი სასოება და სიყვარული.
– მეუფე, თქვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რა პოზიცია უნდა დავიკავოთ მაშინ, როცა ვერ ჩავდივართ და ვერ ვლოცულობთ იკორთაში, ბედიაში, ილორში? როცა ხედავ, როგორ ითელება შენი წინაპრის ნალოლიავები მიწა-წყალი, როცა შენი სულისა და ხორცის ნაწილს გაგლეჯენ, ერთ ლოყაში გირტყამენ, მეორეს მიუშვერ და იმაშიც გითავაზებენ? როდემდე უნდა “გვილაწუნონ” და როდემდე უნდა “მივუშვიროთ მეორე ლოყა?” გუშინ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავკარგეთ, დღეს სომხები ჯავახეთს გვედავებიან, ჩვენს ეკლესია-მონასტრებზე იძახიან, სომხურიაო; რუსთაველი სომეხი იყო, ბაგრატიონებიც სომხური წარმოშობისანი იყვნენო. როდემდე უნდა ვითმინოთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერზე საპარტიარქომ, წმინ­და სინოდმა უფრო ხმამაღლა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია? მე, როგორც რიგით ქართველს, მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდი დღეს პასიურია.
– ჩვენს ცნობიერებაში პოლიტიკა ძალიან ღრმად შემოიჭრა; ჩვენ პოლიტიკურად ვაზროვნებთ. ყველაფერი ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ძველია და სათავეს ჯერ კიდევ ადამ და ევასგან იღებს. თუ ბიბლიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველა წინასწარმეტყველი გულმტკივნეული მამა იყო თავისი ერისა. თავისი სამშობლოს ბედით გულდამძიმებულნი უფალს შესჩიოდნენ – როდემდე უფალოო. უფალი კი პასუხობდა – ხეები რომ გადაიჭრება და იმ გადანაჭერზე ახალი ყლორტი ამოიყრის, ხსნაც მაშინ მოვაო. ეს ახალი ყლორტი კი ახალი თაობაა. მოსემ გამოიყვანა ებრაელი ერი ეგვიპტიდან და 40 წელი ატარა უდაბნოში. განა 40 წელი იყო საჭირო უდაბნოს გასავლელად? მაგრამ მოსემ იმიტომ აურია მათ გზები, რომ ახალი თაობა, ახალი ცნობიე­რებით შემოსულიყო აღთქმულ მიწაზე.
“ქართლის ცხოვრებაში” წერია, რომ უფალმა არაბები, მონღოლები თუ თურქ-სელჩუკები ჩვენ წინააღმდეგ “წკეპლად” გამოიყენა, რათა ჩვენი ცოდვებისთვის დავესაჯეთო. დღეს საქართველო ასეთ მდგომარეობაში ცოდვების გამოა, მაგრამ ამას დანახვა სჭირდება. მე ხმამაღლა ვიტყვი, რომ უფალმა აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა აბორტის ცოდვების გამო! დიახ, აბორტის!  აბორტი უდიდესი ცოდვაა. ეს არის ყველაზე უფრო საზარელი ცოდვა, რაც კი შეიძლება ქალ­მა ჩაიდინოს – დედა საკუთარი ნებით კლავს შვილს. ამ გაჭირვების, სიდუხჭირის პირობებში, როგორ ვარჩინოთ მრავალი შვილიო, ამბობენ. თუ უფალმა შვილი მოგცა, თავის ქმნილებას არ მიატოვებს! აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგ­ვით უფალმა გვაუწყა – რად გინდათ ეს ტერიტორიები, თუ თქვენს შვილებს თქვენივე ხელით ხოცავთო. თუ ქართველი აღარ იქნება, რად გინდათ ცარიელი მიწა? ჩვენ რომ ეს საზარელი ცოდვა მოვიშოროთ, უფალი აფხაზეთსაც დაგვიბრუნებს და სამაჩაბლოსაც. ალბათ, აღარც ჯავახეთის – ამ საოცარი მიწის ღირსი ვართ, რადგან სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ და შედეგმაც არ დააყოვნა – უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო, ხომ გაგიგიათ?
…ჩვენი წინაპარი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქართველი დედები მამების თანხმობით საკუთარ შვილებს დახოცავდნენ. ალბათ, ნახეთ ის გადაცემა, მოსაკლავად განწირული ნაყოფი როგორ იცავს თავს დედის მუცელში, როგორ იბრძვის სიცოცხლისათ­ვის? ვერ წარმომიდგენია, ამ გადაცემის შემდეგ ან ქალი როგორ უნდა წავიდეს აბორტის გასაკეთებლად, ან ექიმმა როგორ უნდა აიღოს ბავშვის მოსაკლავად იარაღი ხელში! კიდევ რამდენი ცოდვა მოვამრავლეთ?! კომუნისტების ხელით რამდენი ეკლესია-მონასტერი დაინგრა!
ცოდვაა ისიც, რომ ვუღალატეთ სარწმუნოებას და ათასნაირი სექტა გაჩნდა; ცოდვაა ისიც, რომ მთელი ყურადღება მიწიერ საზრუნავზეა გადატანილი და სულიერი აღარაფერი გვახსოვს; ცოდვაა ისიც, რომ სიყვარული დავკარგეთ; ცოდვაა ისიც, რომ აღარ ვლოცულობთ; არა და, ლოცვით დამყარდება მშვიდობა, გადარჩება და გაბრწყინდება საქართველო, რადგან ღმერთის ხელშია ყველაფერი. მთელი სასოება მიმართულია ამერიკაზე, ნაცვლად იმისა, რომ უფალს მივენდოთ და მისი იმედი გვქონდეს… ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა – რატომ? იმიტომ, რომ ცოდვა მოგვიმრავლდა და სინანული მოგვაკლდა. ეს ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამერიკისადმი, ევროკავშირისადმი ნდობა, ერთგულება გამოხატა, რეალური დახმარება მაინც არ გვაქვს. ჩვენ ხომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. ხუთი მილიონიც არ ვართ, ევროპაში, ამერიკაში ამხელა და ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ქალაქები აქვთ. გაუჭირდათ პატარა საქართველოს შენახვა, დახმარება? მაგრამ ამას უფალი არ დაუშვებს, რადგან ქართველ ერს სულ სხვა მისია აკისრია კაცობრიობის წინაშე.
დიდი მამები წინასწარმეტყველებდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს, როცა მართმადიდებლობა ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში ჩაქრება, საქართველო გაბრწყინდებაო. მე ნამყოფი ვარ საბერძნეთის ეკლესიებში – იქ მართლმადიდებლობას ფორმალური სახე აქვს მიღებული. ჩვენ მართლმადიდებლობით ვცხოვრობთ, ცოცხლად ვგრძნობთ ღმერთს, ანგელოზებს. საქართველოში უდიდესი რწმენა აქვს უბრალო ადამიანსაც კი. როცა დიდხანს ვლოცულობდი, დედა მეტყოდა ხოლმე – ნუ ლოცულობ ამდენს, ღმერთი ზედმეტად  არ შეაწუხო, თავი არ შეაწყინო, ცოტა ხანს ესაუბრე, არ დაღალო უფალიო. დედაჩემის ეს სიტყვები ძალიან ხშირად მახსენდება; რამხელა სიყვარული, კრძალვა, მორიდება აქვს უფლისა! ეს არის უდიდესი რწმენა. ერთხელ, ჩემს ბავშვობაში, დედამ გერგეტის სამებიდან სახლში ღვთისმშობლის ხატი მოაბრძანა, ჩარჩო თავისი ხელით გაუკეთა, განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა და ბავშვები გაგვაფრთხილა – ეს ღმერთის დედაა, მას ხმაური და ბილწსიტყვაობა არ უყვარს და ოთახში წყნარად იყავითო. იმხელა მოკრძალება ჩაგვინერგა ღვთისმშობლის მიმართ, რომ ხატისკენ გახედვაც კი გვერიდებოდა, ოთახში ფეხაკრეფით დავდიოდით. ასეთი რწმენით გაგვზარდა დედამ – ამ უბრალო გლეხის ქალმა.
– ასეთი დედის მონატრებას როგორ უძლებს მეუფე იობი?
– დედა ხორციელად, რა თქმა უნდა, მენატრება, მაგრამ სულიერად ძალიან ახლოს არის ჩემთან. მუდმივად ვგრძნობ მის დედურ სითბოს, მის ტკივილსა თუ სიხარულს… ვგრძნობ მის გულის ვარამს – დედამ მშობა და, ბუნებრივია, ჩემგან შვილიშვი­ლებს ელოდა. ვგრძნობ მის თვალებში ჩაბუდებულ სითბონარევ ტკივილს, როცა სხვის ბავშვებს ეფერება, მაგრამ დედაჩემის დიდი სარწმუნოება და სიყვარული სწორედ იმაშია, რომ ერთხელ არ დაუწუწუნია და არ უთქვამს, რატომ მოხდა ასეო. მე ბერი ვარ, ჩემი და მონაზონია, ჩემს ძმას ცოლი არ მოჰყავს. მამა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ჩვენს გამრავლებას ვერ მოესწრო, მაგრამ ის მაინც ახარებდა, რომ მე მღვდელმთავარი ვიყავი, ჩემი და კი – მონაზონი… თუმცა დედას გულის სიღრმეში, ალ­ბათ, ტკივილი მაინც აქვს, ჩემს შვილს რომ ვერ ეღირსა, მაგრამ მისი ღირსება სწორედ ის არის, რომ მე ამას არასოდეს მაგრძნობინებს. მე დედ-მამას დავუჩოქე, მათ დამლოცეს, მათი კურთხევით დავიწყე სულიერი ცხოვრება…
კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ: როცა იობი დამერქვა, ჩემი ბავშვობა გამახსენდა, რადგან ბავშვობიდან უზომოდ მომთმენი ვიყავი. ხშირად ჩემი ახლობლები გაოცებული იყვნენ ჩემი მოთმინებით. ძალიან მშვიდად ვიტანდი ყველაფერს. ეს ჩემი ძალისხ­მევით კი არა, ღვთის წყალობით ხდებოდა… მივხვდი, რომ სწორედ მე უნდა ვყოფილიყავი ამ სახელის მატარებელი.
– მეუფე, ყველაზე მეტად რა გახარებთ ამქვეყნად და ყველაზე მეტად რა გწყინთ, რა გტკივათ?
– ყველაზე მეტად მახარებს მრევლის სულიერი ცხოვრება, ერის სულიერი, მატერიალური წინსვლა, მაგრამ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მთელი ერი მართლმადიდებელი რომ ყოფილიყო, ხელისუფლება კი – უფრო ეკლესიური. მე, რა თქმა უნდა, არ მო­ვითხოვ რომ საქართველო თეოკრატიული ქვეყანა გახდეს. ადამიანის თავისუფალი ნებაა, თუ რომელ სარწმუნოებას აირჩევს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ქართველი მართლმადიდებელი უნდა იყოს. ქართველი სხვა ფენომენია; ქართველს ღმერ­თმა უდიდესი ჯილდო, ტალანტი მისცა – ეს სიყვარულია; იყო ქართველი და არ გიყვარდეს – ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ ქართველს სიყვარული არ აქვს, ესე იგი მასში სხვა გენია შესული, სხვა ფესვებიდან მო­დის. ქართველ ფენომენს ამოხსნა, შესწავლა სჭირდება. ბავშვობიდან ვკითხულობ საქართველოს ისტორიას, ვეტრფი თამარის, დავითის ეპოქას. მინდა, მთელი ერი საქართველოს სიყვარულში, მართლმადიდებლობის მადლით გაერთიანდეს. ამისთვის ვლო­ცულობ. ეს გამახარებდა ყველაზე მეტად.
მტკივა ის, როცა ადამიანი ეშმაკს შეგნებულად ემსახურება – ნარკომანობით, ლოთობით, სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელით. როცა სასულიერო პირი ისევ ერული თვისებებით ცხოვრობს და მასში ძვე­ლი კაცი ჯერ არ მომკვდარა; ის საღვთო მადლი, რომელიც მასზე მღვდლად კურთხევის დროს გადმოვიდა, გასვარა ერული ცხოვრებით – მრუშობით, ლოთობით, ნარკოტიკებით, სოდომ-გომორული ცოდვით. უცოდველი ადა­მიანი არ არსებობს, მაგრამ მან ყოველი ცოდვა უნდა გაიაზროს და სინანულს მიეცეს, ღმერთმა სინანული იმიტომ დაგვიწესა, რომ გამოვსწორდეთ. მაგრამ, როცა კაცი არ ნანობს და თავისი ცოდვის გასამართლებლად საბუთებს ეძებს, ეს უკვე ეშმაკთან თანამშრომლობას ნიშნავს. იგი უკვე აღარ არის ღვთის მსახური, რადგან ცრუობს, მოჩვენებითად ცხოვრობს. ჩვენი ძალა უბრალოებასა და თავმდაბლობაშია. ეს, უპირველესად, უნდა ჰქონდეს სასულიერო პირს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here