Home რუბრიკები პოლიტიკა ყველა სოკრატეს – თავისი ქსანტიპა!

ყველა სოკრატეს – თავისი ქსანტიპა!

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე, ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია მტკიცე და შეუვალი პიროვნებაა. ის შემტევი ხასიათის ადამიანია. არ უყვარს უკანდახევა და გარშემომყოფთა მოსაზრებებს ნაკლებად უწევს ანგარიშს. გამორჩეული გარეგნული ხიბლის და მიმზიდველობის წყალობით მუდამ ყურადღების ცენტრში იმყოფება და ღიზიანდება, როდესაც მის იგნორირებას ახდენენ. თვლის, რომ მეუღლის მსგავსად ქვეყნის წინაშე მასაც დიდი დამსახურება მიუძღვის და შინაგან უკმაყოფილებას განიცდის, რადგან მიაჩნია, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ არ არის დაფასებული.

ამიტომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან სრულიად კანონზომიერად ჩათვალა, რომ ზვიადის საქმის ერთადერთი გამგრძელებელი მხოლოდ თვითონაა. იგი სათავეში ჩაუდგა ყველა იმ ორგანიზაციას, რომელთაც ადრე ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა. ყოფილი უზენაესი საბჭოს ერთგულ წევრებზე დაყრდნობით მან დღემდე შეინარჩუნა ლიდერის მდგომარეობა. ქ-ნი მანანა არჩვაძე-გამსახურდია უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არის დანიშნული და შესაბამის აქტებსაც გამოსცემს.
 

 თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პერიოდში, ბევრს ახსოვს უზენაეს საბჭოში ხშირად სტუმრად მყოფი პრეზიდენტის მეუღლე. ის არც თუ იშვიათად გამხდარა სკანდალების მიზეზი. საზოგადოებაში განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია დამოუკიდებლობის აქტზე მისმა ხელმოწერამ. ქალბატონ მანანას დღემდე არსად აღუნიშნავს, რომ თავისი ამ უაპელაციო ნაბიჯით დიდ უხერხულობაში ჩააგდო ზვიად გამსახურდია და მთელი იმდროინდელი ხელისუფლება.

 დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს აგრეთვე მისი აკვიატებული დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას პირველი ცოლისგან შეძენილი ვაჟიშვილის – კ.ზ. გამსახურდიას პიროვნებისადმი. იგი არ ერიდება ამ დამოკიდებულების საჯარო აფიშირებას და ხშირად გაზეთების მეშვეობით თავს ესხმის მას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ქალბატონის ეგოისტურ მიდრეკილებებს. წლების განმავლობაში მ. არჩვაძე-გამსახურდია ასეთივე ანტაგონისტურად იყო განწყობილი ზვიად გამსახურდიას აწ გარდაცვლილი უახლოესი ნათესავის – თათია ხაინდრავას მიმართაც. ის არც ამ შემთხვევაში ერიდებოდა თავისი გრძნობების საჯარო გამომზეურებას. პრესაში გამოქვეყნებულია თათია ხაინდრავას სიკვდილისწინა ინტერვიუ, სადაც იგი უმძიმეს მორალურ შეფასებას აძლევს მ. არჩვაძის პიროვნებას და მის საქმიანობას.

 საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული თვალსაზრისი, რომ მანანა არჩვაძეს გადაჭარბებული ზეგავლენა ჰქონდა ზვიად გამსახურდიაზე, რამაც უარყოფითი როლი შეასრულა ამ პიროვნების ბედისწერაზე. საერთოდ, ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში ქართულ რეალობაში აშკარად შეიმჩნევა პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარი მატრიარქატიზაცია. ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, ეკა ბესელია და სხვა ქალბატონები უკვე მოგვევლინენ პოლიტიკურ დაჯგუფებათა ლიდერებად და წინამძღოლებად. ისინი უფრო წამყვან როლებზეც აცხადებენ პრეტენზიას, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათ ამის არც ინტელექტუალური და არც სულიერ-ფსიქოლოგიური რესურსი გააჩნიათ.

 ნიშანდობლივია, რომ თვით ზვიად გამსახურდია ერთგან ირონიულად შენიშნავდა, ყოველ გამორჩეულ ადამიანს ბუნება თავის ქსანტიპას უგზავნისო. მოგეხსენებათ, ქსანტიპა – სოკრატეს ცოლი, სიანჩხლითა და კაპასობით იყო განთქმული. იგი მუდამ ცდილობდა, გაბატონებული მდგომარეობა მოეპოვებინა თავის მეუღლეზე, რის გამოც სოკრატესთან არაერთხელ ჰქონია უთანხმოება. ქსანტიპას სახელი ისტორიაში დარჩა როგორც ჯიუტი და ძალაუფლების მოყვარული ქალისა.

ისიც უნდა ითქვას, რომ თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა ყურადღება მიაქცია ქართულ სამეფო ოჯახებში ფეხმოკიდებულ ერთ სამწუხარო ტენდენციას. ძლიერი მეფეები ბრძანებებს ყოველთვის თავიანთი სახელით იძლეოდნენ (მაგ. «ჩუენ, მეფემან გიორგი»…), ხოლო სამეფო ხელისუფლების შესუსტების პერიოდში მეფის გვერდით დედოფალიც მოიხსენიებოდა ხოლმე (მაგ: «ჩუენ, მეფემან ირაკლი, დედოფალმან დარეჯანმან» და ა.შ.). ამით დიდი მეცნიერი აშკარად მიგვანიშნებდა ხელისუფლების განხორციელების პროცესში მეუღლის ან, თუნდაც, ოჯახის რომელიმე წევრის თანამონაწილეობის დამანგრეველ მნიშვნელობაზე.

 

ლაშა გიორგიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here