“საქართველო და მსოფლიო” აგრძელებს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობთან საუბრების ციკლის გამოქვეყნებას, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე.
– მეუფეო, დღეს ეკუმენურმა აზროვნებამ ჩვენს რეალობაში ფართოდ მოიკიდა ფეხი და ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ სასულიერო პირებიც ხან დაფარულად, ხანაც დაუფარავად გამოხატავენ ზედმეტად ტოლერანტულ დამოკიდებულებას სხვა რელიგიების მიმართ. მახსოვს, მუსლიმანებმა მოითხოვეს თავიანთი რელიგიური დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადება. რა პოზიცია უნდა დავიკავოთ მართლმადიდებლებმა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი არ შევლახოთ, მაგრამ მუსლიმანებს და სხვა რელიგიის მიმდევრებსაც არ ვაწყენინოთ? როცა ეს საკითხი დგება, მუდმივად შეგვახსენებენ, რომ ჩვენი წმინდანი მეფე – დავით აღმაშენებელი მეჩეთშიც დადიოდა და სინაგოგაშიცო… იგი არ შეურაცხყოფდა სხვა ადამიანთა რწმენას, მაგრამ არა მართლმადიდებლობის დაკნინების ხარჯზე… ქრისტეს ეკლესია ხომ არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დავითის დროს? დღეს კი… დღეს რა ხდება?
– მუსლიმანების, ისევე, როგორც სხვა რელიგიის მიმდევართა მიმართ ჩვეულებრივი, ადამიანური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს; მათ, როგორც ღვთის ქმნილებებს ისე უნდა ვუყურებდეთ, მაგრამ ადამიანის სიყვარული სულ არ ნიშნავს იმას, რომ ეშმაკის მოძღვრება გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ. შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: უფალი ბრძანებს – შემდგომად ჩემსა მოვლენ ცრუ წინასწარმეტყველნი და მრავალს აცდუნებენო. მუჰამედი ქრისტეს შემდგომ მოსული ცრუ წინასწარმეტყველია, რომელმაც ანგარების მიზნით შეირთო მდიდარი ქვრივი ქალი ცოლად, იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს – ვინც იესო ქრისტე არ ირწმუნოს და ძე ღვთისად არ ჩათვალოს, ანტიქრისტეაო. მთელი ყურანი ხაზგასმით ამტკიცებს, რომ უფალს ძე არ ჰყოლია და არც სჭირდებოდაო. სახარების მიხედვით, მუჰამედი ანტიქრისტეა. სახარებას არ დავუჯეროთ? მის ჭეშმარიტებაში ეჭვი შევიტანოთ? გამორიცხულია!
თუკი მუსლიმანები მოითხოვენ, მათი ძირითადი რელიგიური დღესასწაული უქმე დღედ გამოცხადდეს, ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. კი, ბატონო, იყოს უქმე მათთვის და არა ჩვენთვის – მართლმადიდებელთათვის.
რაც შეეხება ეკუმენურ აზროვნებას, რომელიც ჩვენს რეალობაში ასე ძალუმად იკიდებს ფეხს, ეს ჩვენი მცირედმორწმუნეობის ბრალია; ეს არის შედეგი იმისა, რომ სიღრმისეულად ვერ სწვდებიან სახარებისეულ სწავლებას. სამწუხაროდ, დღეს ისეც ხდება, რომ ზოგიერთ სასულიერო პირთ ანგარება ამოძრავებთ, ხანაც პოლიტიკურ ზეგავლენას განიცდიან. პოლიტიკოსთა უმრავლესობა დღეს არაეკლესიურია, არა ღვთიურია და არც თუ იშვიათად სასულიერო პირები მათ საამებლად გუნდრუკს უკმევენ…
– მეუფეო, როგორ უნდა ვიცხოვროთ უბრალო ადამიანებმა, რომ ჩვენი ცხოვრება უფლისთვის სათნო იყოს, უფლის გზას არ ავცდეთ?
– ჩვენ ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. ეს ის დროა, როცა საცდური იმდენად დიდია, რომ, როგორც სახარება გვამცნობს და წმინდა მამებიც გვმოძღვრავენ, რჩეულნიც კი შეცდებიან. ასეთ რთულ ვითარებაში ძალიან ძნელია ადამიანისთვის, განსაზღვროს, სად არის ხსნა და სად – დაღუპვა. ამიტომაც დიდი ყურადღება უნდა გადავიტანოთ სულიერ მოძღვარზე. მოძღვარი მხსნელია, მაგრამ მე მოძღვარში ჭეშმარიტ მოძღვარს ვგულისხმობ, რადგან არიან ცხვრის ქურქში გახვეული მგლებიც, “სასყიდლით დადგინებულნი”, რომელნიც მხოლოდ ფულისთვის და კეთილდღეობისთვის მოვიდნენ ეკლესიაში; მაგრამ, საბედნიეროდ, არიან “მწყემსნი კეთილნი”, რომელთაც თავი თვისი დადეს ცხოვართათვის, უფალს შესწირეს სიცოცხლე. თუ ასეთ “მწყემსს კეთილს” დავემორჩილებით და მისი კურთხევით ვიცხოვრებთ, აგვცდება განსაცდელები და ჩვენი ცხოვრება სათნო იქნება ღვთისათვის.
… ჩვენს ეპარქიაში გარდაიცვალა სქიმმონაზონი სიდონია. მახსოვს, ხეობაში ვიყავი, როცა შემატყობინეს, რომ იგი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. მამებმა მითხრეს, რომ მას მე ცოცხალს ვეღარ ჩავუსწრებდი. გზაში მონასტერთან სატელეფონო კავშირი არ გამიწყვეტია; ქარელში რომ ჩამოვედი, მაცნობეს, რომ უკვე უგონოდ იყო. მაინც შევიარე მონასტერში, მინდოდა, სიკვდილის წინ კიდევ ერთხელ მენახა; რომ მივედი, მამა სტეფანეს ვაჩვენე ადგილი, თუ სად უნდა დაეკრძალათ სქიმმონაზონი სიდონია. მამაომ მკითხა – უკვე გარდაიცვალაო? ჯერ არა, მაგრამ მალე დატოვებს ამ ქვეყანას-მეთქი, ვუპასუხე. მღვდელმთავარს უფლისაგან აქვს მიცემული ხედვა, განჭვრიტოს ადამიანის მდგომარეობა. მე ვიცოდი, რომ იგი ვეღარ იცოცხლებდა… ოთახში რომ შევედი, მომაკვდავი მონაზონი სარეცელზე იწვა მშვიდი სახით. ვისაუბრეთ, ვკითხე – გაწუხებს რამე-მეთქი? აღარაფერი მაწუხებს, ძალიან კარგად ვარო. მადლობდე უფალს-მეთქი, ვუთხარი, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ უფლისო, – მიპასუხა. არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან მისი გულწრფელი სიტყვები და მადლიერების გრძნობით სავსე თვალები. იმხელა სიყვარულით მადლობდა უფალს! “გმადლობ, უფალო, ყველაფრისთვისო,” – ბოლო წუთამდე იმეორებდა… რომ წავედი, ნახევარ საათში გარდაიცვალა… გავიდა ამ ქვეყნიდან უფლისადმი უზომო მადლიერების გრძნობით… ასე გვაჩვენებს უფალი, რომ მოკვდავნი ვართ, გველოდება საიქიო ცხოვრება. ნურავინ იტყვის, დავბერდები და მერე გარდავიცვლებიო. ჩვენ არ ვიცით, ვინ როდის გავალთ ამ ქვეყნიდან და აქედან გამომდინარე, ყოველ წუთს მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მუდამ უნდა ვიმეორებდეთ იოანე ოქროპირის სიტყვებს: ,,გმადლობ, უფალო, ყველაფრისთვის!”. დიახ, ყველაფრისთვის მადლობა უნდა შევწიროთ უფალს – გვიჭირს თუ გვილხინს, განსაცდელი გვაქვს თუ ბედნიერება. ჩვენს ხვედრს უნდა შევურიგდეთ, ის განსაცდელები, რაც ღვთით დაიშვა ჩვენზე, ჩვენი სულისთვის საჭიროა. ჩვენი საზიდი ჯვარია, ჩვენი ტვირთია, რაც მოთმინებით უნდა ვზიდოთ. თუ მოთმინებას დაინახავს უფალი, რომ მას არ ვყვედრით და არ ვწუწუნებთ, მაშინ იგი ჩვენს გულს ჩასწვდება და მოწყალედ მოგვხედავს ჩვენც და ჩვენს ოჯახსაც; იმ პრობლემებსაც მოგვიხსნის, რაზეც დამწუხრებულნი ვართ და მისი წყალობით ჩვენი ცხოვრება ღვთით წარიმართება, ხოლო თუ ეს ასე არ იქნება, თანდათანობით დავშორდებით უფალს და დამძიმდება ჩვენი ცხოვრება, უფალმა უკეთესად უწყის, რა არის ჩვენი სულისთვის სათნო. ჩვენ იმ ურჩ ბავშვებს ვგავართ, რომელთაც ყველაფერი უნდათ, მაგრამ მშობელმა ხომ უკეთ უწყის, რა არის მისი შვილისთვის საჭირო? ასევე იცის უფალმა, რა გვჭირდება ჩვენ ყოველწუთიერად. არ გეგონოთ, რომ უფალმა მიგატოვათ, იგი ყოველთვის ჩვენ გვერდითაა, ჩვენი მოთმინების ატანა უხარია, ჩვენი ლოცვა, მარხვა… ჩვენი მოწყალების გაცემა უხარია… რაც უფრო მეტს დავითმენთ, მით მეტი წყალობა გვექნება უფლისაგან, მით უფრო სათნო იქნება ჩვენი ცხოვრება ღვთისთვის.
– მეუფე, თქვენ ხშირად ბრძანებთ, რომ დღეს სათანადოდ არ ვლოცულობთ, ან ვამოკლებთ ლოცვას, ლოცვა კი უდიდესი მადლია. გულმხურვალე ლოცვით უამრავი სასწაული აღესრულება. მე მუხილეთის მონასტერში – ძამის ხეობაში, ვნახე დანგრეული ტაძრის შუაგულში ამოსული უზარმაზარი ხე, რომლის გამოც ტაძრის აღდგენა შეუძლებელი იყო, მისი ფესვიანად ამოგლეჯა კი – წარმოუდგენელი… თუმცა თქვენი ლოცვა-კურთხევით ხე “თავისით” ისე წამოიქცა, რომ ერთი აგურიც კი არ დაუზიანებია. სასწაულებრივად, თითქოს ვიღაცამ ამოგლიჯა და ჩახსნილ სარკმელს დაუმიზნა…
– მე არანაირი სასწაული მომიხდენია, უბრალოდ, მამებს ვაჩვენე, მოჭრის შემდეგ როგორ უნდა წაქცეულიყო ხე – ზუსტად ჩახსნილი სარკმლისკენ. ერთი სანტიმეტრი ან მარჯვნივ, ან მარცხნივ რომ გადასულიყო, ტაძარს დაანგრევდა. ჩვენ ტაძრის გაწმენდა გვინდოდა (ტაძარში კამარა ჩამონგრეული იყო), რადგან გულით გვსურდა, რომ ღვთისმშობლის შობის სახელობის ეს ტაძარი აღდგენილიყო, ვერანაირად მოახერხეს მამებმა ამ ხის წამოქცევა. მონასტრის საძმოს ტიპიკონი დავუწესე – ყოველ დღე ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვა აღევლინათ. ერთ დღესაც, როცა ლოცვას კითხულობდნენ, ხმაური შემოესმათ, რომ მივიდნენ ნახეს, რომ ის ხე ზუსტად ისე წაქცეულიყო, როგორც ითქვა – ჩახსნილ სარკმელში გაჭედილიყო. ერთი ქვაც კი არ იყო დაზიანებული. უფალმა შეისმინა ჩვენი სურვილი, რომ ტაძრის აღდგენა, მონასტრის აშენება გვინდოდა… ამ სასწაულით უფალმა ნიშანი მოგვცა, რომ ჩვენი სურვილი მისთვის სათნო იყო…
– ერთხელ თქვენმა დამ, დედა შუშანიკმა მითხრა, მეუფე ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ბერია და, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მას ყოველთვის წარმოვიდგენ რომელიმე მყუდრო მონასტერში მლოცველს თავის პატარა ბერულ კელიაშიო… ბევრი ბერისთვის დამისვამს ეს კითხვა და თქვენც მინდა გკითხოთ – რა არის ბერობა მეუფე იობისთვის?
– ბერობა ძალიან ბევრისმომცველი ცნებაა ჩემთვის. ბერს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჰქონდეს სიყვარულის უდიდესი ნიჭი, ერთგულების, თავგანწირვის უნარი. უკან არასოდეს უნდა დაიხიოს. მღვდელმთავრობა უბრალო ჭეშმარიტ ბერობაზეა დაფუძნებული; თუ ჭეშმარიტი, სიღრმისეული ბერული სული არ გაქვს, მღვდელმთავრულ ღვაწლს ვერ გასწევ. ჭეშმარიტი ბერობაა ის კლდე, რომელსაც “ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან”. ბერობა ჩემთვის ანგელოზებრივი ცხოვრებაა ამ ქვეყანაზე, მარადიული სვლაა უფლისაკენ. ვინც უფლის მადლსა და სითბოს შეიგრძნობს, ის სარწმუნოებისთვის, ქრისტესთვის ყველაფერზე – თვით სიკვდილზეც წამსვლელია. ბერობა ჩემთვის ის უდიდესი ბედნიერებაა, ის სანუკვარი ტვირთია, რომელიც მიწიერი საზომებით არ განისაზღვრება. ჩემს დას სწორად უთქვამს – ჩემი მოწოდებაა, განვმარტოვდე ყველაზე უფრო მყუდრო მონასტრის ყველაზე უბრალო კელიაში და უფალს, როგორც ჩვეულებრივი ბერი, ისე ვესაუბრებოდე. მე ერთი უბრალო ბერი ვარ, უფალს მინდობილი… ჩემი ბედნიერება უბრალო ბერობაშია…
– მეუფე იობის ყველაზე დიდი ნატვრა რა არის? ყველაზე მეტად რას უსურვებთ საკუთარ თავს?
– საკუთარ თავს პირველ ყოვლისა, ვუსურვებდი ჩემი სულისთვის ყველაზე აუცილებელს – ჭეშმარიტ თავმდაბლობას და მორჩილებას.
– მეუფეო, არის ამქვეყნად რამე, რაც გაოცებთ?
– ამქვეყნად აღარაფერი მაოცებს, ცოდვაც კი. გამაოცებს ჭეშმარიტად თავმდაბალი, მორჩილი, ღვთისმოშიში ადამიანი. თუ ოდესმე ასეთ ადამიანს შევხვდი, ეს ჩემთვის ნამდვილად დიდი აღმოჩენა იქნება, გამიკვირდება.
– მახსოვს, არჩევნების დროს მრევლს მიმართეთ, მოსულიყვნენ და გამოეხატათ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია, ოღონდ მარკირების გარეშე. რატომ? მარკირებაში ისეთი რამ დაინახეთ, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის მიუღებელი იყო? ნუთუ ეს ეშმაკის დამღაა?
– მე ზუსტად ვიცი, რომ ნივთიერება, რომლითაც ადამიანთა მარკირება ხდება, გაურკვეველი შემადგენლობისაა. მისთვის სასურველი ინფორმაცია მტერს ჩვენში სითხის სახითაც შეუძლია შემოიტანოს. ჩვენი კანი ხომ იწოვს ამ სითხეს? მე დაბეჯითებით არ ვამბობ, რომ ეს ეშმაკის დამღაა, თუმცა ეს უდავო წინაპირობაა, რომ ერთ დღეს მარჯვენა ხელზე, რომლითაც პირჯვარს ვიწერთ, ეშმაკის დამღით დატვიფრაც დაგვიპირონ. ამიტომ დღეს, როცა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოშო ბრძოლაა გაჩაღებული, ფრთხილად უნდა ვიყოთ და მსგავსი მარკირებისაგან თავი შორს დავიჭიროთ.
– ნუთუ ბოლო ჟამი ახლოვდება? ნუთუ “მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა?”
– მოციქულები ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ამბობენ: “მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაო”. პავლე მოციქული ცოლიან მამაკაცებს მოუწოდებდა, ისე ეცხოვრათ, როგორც უქორწინებელთ; თვითონ უცოლო იყო და მე მომბაძეთო, ამბობდა. სახარება გვამცნობს, ბოლო ჟამს ისე განქარდება სიყვარული, დარჩება კიდევ ვინმე, სიყვარული რომ შერჩესო? ეზდრა წინასწარმეტყველი მესამე წიგნში უფალს ეუბნება, მაჩვენე როგორი იქნება ადამიანი მეორედ მოსვლის წინა პერიოდშიო. უფალი კი პასუხობს – მეორედ მოსვლის წინ ადამიანებს გონება წაერთმევათ, აზროვნების უნარი დაეკარგებათ; დაიბადებიან 3-4-5 თვის ბავშვები, მაგრამ მაინც გადარჩებიანო. მართლაც ასე არ ხდება დღეს? სინჯარაში “გამოჰყავთ” ბავშვები, სპეციალურ ინკუბატორებში ზრდიან. უფალი ბრძანებს – თუ ჩემს წინააღმდეგ წამოვა კაცობრიობა, მათ დასასჯელად ბევრი საშუალება მაქვს: მიწისძვრა, ქარიშხალი, ხანძარიო. დღეს ტელევიზიით ამ საშინელებათა გარდა ისმის კიდევ რამე?ეს სასჯელია უფლისა; უფლისაგან ისჯებიან ქვეყნები, სადაც უღმერთობაა, სადაც უფალს არ განადიდებენ… ანტონი დიდის ხილვა მახსენდება: მთელი ქვეყანა ეშმაკის მახეებით სავსე რომ იყო. ნეტა ვინ განერიდება ამ მახეებსო, იკითხა წმინდა მამამ. – მორჩილნი და თავმდაბალნიო, – იყო უფლისგან პასუხი. მხოლოდ მორჩილება, თავმდაბლობა გადაგვარჩენს. დღეს ადამიანები ეტიკეტების მიხედვით ცხოვრობენ და წინასწარ გეგმავენ, როდის გაიცინონ და როდის იტირონ, როდის რა თქვან – ეს უბრალოების დაკარგვაა, მოჩვენებითობაა. უფალს უბრალო, ერთგული ადამიანები უყვარს. მოციქულები უბრალო, უსწავლელი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მთელი ქვეყანა მოაქციეს, შეიქმნენ ადამიანთა გულთამპყრობელნი…
აქვე მინდა სწორად განვსაზღვრო სიტყვა – განათლება. დღეს განათლებულად იმ ადამიანს მიიჩნევენ, ვისაც ბევრი უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული და ბევრი წიგნი აქვს წაკითხული. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ასეთი ადამიანები მწიგნობრები არიან და არა განათლებული. სახარებაში უფალი მწიგნობრებს მიმართავს: “ჰეი, თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო! არც თქვენ შედიხართ სასუფეველში და არც სხვას უშვებთო!”, “შვილნო იქედნეთანო” – გველის შვილები უწოდა მათ. ნათელი არა უმაღლესი სასწავლებლიდან და წიგნებიდან, არამედ უფლისაგან მოდის – “ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა!”. სწავლა სულიერებით აღმშენებელია და სრულმყოფელი, სწავლა უღმერთოდ – დამანგრეველი!
– მეუფეო, ივერია გაბრწყინდება?
– ივერია აუცილებლად გაბრწყინდება, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენი ხელისუფლება ხშირად წარმოთქვამს – საქართველო გაბრწყინდებაო; მე არ ვიცი, რას გულისხმობენ ისინი, სიმართლე კი ერთია – საქართველოს გაბრწყინება არის ქართველი ერის სულიერი და არა მიწიერი მხარე. იმ სულიერი შესაძლებლობებით, რომლებიც დღეს გაგვაჩნია, საქართველოს ვერ გავაბრწყინებთ. ჩვენს სამშობლოზე, დედა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, ისევ თვითონ იზრუნებს დედა ღვთისა. მეორედ მოსვლამდე საქართველო სულიერად გაბრწყინდება! მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, დიდი სულიერი შრომა სჭირდება. დღეს საქართველოს ყველა მხრიდან უტევენ – რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, დასავლეთიდან. ეს ეშმაკის ხრიკებია, რადგან არ აწყობს ეშმაკს საქართველოს სულიერი გაძლიერება. საქართველო ისე აღდგება, როგორც ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღდგა! დღეს საქართველო აღდგომის პროცესშია და ამ პროცესში ბევრი გამოაშკარავდება, ბევრი წარმოჩინდება – “ბნელსა შინა მსხდომნი” გარეთ გამოვლენ. სანამ იესო ქრისტე ძე ღვთისა და ძე კაცისა მოვიდოდა, ადამიანები თავიანთ ცოდვებს ვერ ხედავდენ, მისი მოსვლის შემდეგ გაცხადდა მათი ცოდვები, ამიტომაც გაღიზიანდნენ ცოდვილნი და ჯვარს აცვეს მაცხოვარი. ასევე მოხდება საქართველოს გაბრწყინებისას – ჩვენი ქვეყნის ყველა მტერი წარმოჩინდება თავისი ბნელი საქმეებით; ისინი ქვეშეცნეულად გრძნობენ, რომ საქართველო სულიერად ძლიერდება და მოსვენება დაკარგეს…
გავიხსენოთ საქართველოს ისტორია – ერთმორწმუნე ბიზანტიის იმპერია ვითომ დახმარებას გვპირდებოდა, თუმცა ბერძნები გრძნობდნენ, რომ ის, რაც თვითონ შრომითა და ღვაწლით უნდა მოეპოვებინათ, უმთავრესი და უპირველესი ადამიანებისთვის, სიყვარული – ეს ქართველებს ბუნებრივად გვქონდა, ღვთისგან ბოძებული. გაიხსენეთ, როგორ ცდილობენ იერუსალიმში – წმინდა მიწაზე ქართული კვალის წაშლას; ისე გადაშალეს, გაავერანეს შოთა რუსთაველის ფრესკა, რომ ხელი არ აუკანკალდათ; რუსეთი? გვეგონა ერთმორწმუნე ქვეყანასთან გავერთიანდით, მაგრამ შურს და სიძულვილს მაინც ვერ მალავდნენ – თეთრად ღებავდნენ ჩვენს უნიკალურ ფრესკებს, ჩვენს სიწმინდეებს იტაცებდნენ და გაჰქონდათ საქართველოდან. ესეც ნიშანი იმისა, რომ რუსებიც გრძნობდნენ ღვთის ჯილდოს – სიყვარულს ქართველ ერზე. მაგრამ ვინც არ უნდა ეცადოს, ქართველის სულში სიყვარულს ხომ ვერ წაშლის! ღვთის რჩეული ერი ვართ ქართველები და ღვთივკურთხეულია ქართული მიწა. უფალს ვევედრები, მთელი საქართველო, ყველა ქართველი “ერთ სულ და ერთ ხორც” გაერთიანდეს მართლმადიდებლური დროშის ქვეშ უფლის სადიდებლად.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკიო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობლის იმედი მაქვს. მისი მეოხებით, მისი შეწევნითა და უფლის კურთხევით საქართველო გადარჩება და გაბრწყინდება – ერთი პირითა და ერთი გულით განადიდებს ყოვლადწმინდა სამებას.
– ახლა რომ გითხრან, რამდენიმე წინადადებით მიმართეთ ერსო, რას ეტყოდით?
– ჩვენი კათალიკოს-პატრიარქის სიტყვებით: “ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!” ამ მიმართვას იმდენჯერ გავიმეორებდი, რამდენის თქმის უფლებაც მექნებოდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქართველში მხოლოდ ქართველს არ ვგულისხმობ, ჩვენს წინაპრებს მართლმადიდებლობა ქართველობასთან ჰქონდათ გაიგივებული. იოანე საბანისძე აბო თფილელზე წერს – “ისმაიტელყოფილი და აწ ქართველიო”. ტომით ისმაიტელი იყო, მაგრამ, რადგან მართლმადიდებლად მოინათლა, უკვე ქართველად იწოდა.
რამდენიმე წლის წინათ, იმ საშინელ დღეებში, როცა რუსეთში ქართველებს ქართველობისთვის სასტიკად უსწორდებოდნენ და სასიკვდილოდაც კი იმეტებდნენ. არასოდეს დამავიწყდება რუსი მართლმადიდებლების საქართველოს სიყვარულით ანთებული გამოსვლები გულზე გაკრული წარწერებით – “მე ქართველი ვარ!”, “მე მიყვარს საქართველო!”. ამით ისინი საქართველოს – დედა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის მართლმადიდებლობის, ქრისტეს სიყვარულს გამოხატავდნენ. ჩვენთვის ისინიც ქართველები, ჩვენი სხეულის ნაწილები არიან. ქართველობას საზღვარი არ აქვს! მართლმადიდებელი ყველა ქართველია, რუსი იქნება, ოსი, აფხაზი თუ სომეხი, ეს ქართველი ერის სულიერი მისიაა და ამას ქვეშეცნეულად ყველა მართლმადიდებელი გრძნობს. ასეთი მიდგომით გაერთიანდება და გაბრწყინდება საქართველო. ჩვენი ერი ამ სარწმუნოებით თავის მისიას შეასრულებს კაცობრიობის წინაშე და ღვთივკურთხეული საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება აღმოსავლეთის დიადი სულიერი იმპერია!
– ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, დარწმუნებული ვარ, ისევ იმავე გზას აირჩევდით, მაგრამ, თუ იყო ისეთი რამ თქვენს განვლილ გზაზე, რასაც შეცვლიდით, სხვაგვარად მოიქცეოდით?
– ჩემს განვლილ ცხოვრებაში უდავოდ იყო ისეთი რამ, რასაც შევცვლიდი, სხვაგვარად გავივლიდი. პირველ რიგში, სხვანაირად წავრმართავდი ჩემს ურთიერთობებს ზოგიერთ ცნობილ და მდიდარ არაეკლესიურ პიროვნებასთან… როცა საშუალება არ გაქვს და დაბლდები გაჭირვების გამო, ესე იგი ანგარებით – ეს ჩემთვის მიუღებელია! მაგრამ ხანდახან იძულებული ვიყავი, ასე მოვქცეულიყავი, ოღონდ ეკლესია-მონასტრისთვის რაღაც გამეკეთებინა, შემემატებინა… იმავე გზის თავიდან გავლის საშუალება რომ მქონოდა, ბოლომდე უფალს მივენდობოდი და, რასაც უფალი მომცემდა, როგორც ჩემი სულიერი ხედვა მიკარნახებდა, ისე წარვმართავდი ჩემს მღვდელმთავრულ ცხოვრებას. რაც ოდესმე მქონია და რაც ახლა მაქვს, ყველაფერი ეკლესია-მონასტრებისთვის მინდა და კიდევ იმ უამრავი გაჭირვებული ადამიანისთვის, რომლებიც ასე ხშირად მოდიან ტაძრის კართან, რომ “პური არსობისა” მიიღონ… იმ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მინდა, რომელნიც სიდუხჭირეს არ შეუშინდნენ და ბევრი შვილი გაუზარდეს სამშობლოს, დედა ეკლესიას და ხშირად მოდიან ჩემთან დახმარებისთვის… იმ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის მინდა, რომელთა თვალებშიც განუზომელ სევდას ვკითხულობ… უპატრონო ბავშვები ხომ ჩვენი ცხოვრების განსაცდელია?!
… “უღრან ტყეში” უფლის შეწევნით გავიკვალე გზა და შემოჭრილ ნათელ სხივს მივყვებოდი… თუმცა იყო ტკივილი, ცრემლიც კი… დაცემა და წამოდგომა – ყველაფერი, რაც ადამიანში ხდება, მაგრამ ჩემი ბედნიერება ის არის, რომ ორიენტირი უფალთან მიმართებაში არ დამიკარგავს მას შემდეგ, რაც მომეცა მადლი უფლის შეგრძნებისა… მთელი სულით, გულით, მთელი არსებით გავეხვიე უფლის მადლში, თუმცა დაცემისას არ მომცილებია მადლი და დღემდე ასე ვარ – უფალს მინდობილი და ღვთის წყალობის მსასოებელი…
– ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ხანდახან ბავშვობიდან მოგვყვება რაღაც სხივი, რომელიც ნათელ ზოლად გაჰყვება მთელ ჩვენს ცხოვრებას, სხვათაგან განგვასხვავებს, სულში ღრმად რჩება… მეუფე იობი აქამდე უბრალოდ ვერ მოვიდოდა, ამას ბავშვობაში აქვს, ალბათ, გადგმული ღრმად ფესვები. რა გამოგყვათ ყველაზე მეტად თქვენი ბავშვობიდან?
– მე უბრალო მორწმუნე ოჯახში გავიზარდე, დედამ მასწავლა პატიოსნება, სიმართლე, მაგრამ ეს თვისებები ადამიანში მხოლოდ სწავლებით არ მოდის. ღვთით უნდა იყო ასეთი; ბავშვობიდან ძალიან მოწესრიგებული ვიყავი, სიმყუდროვე მიყვარდა; ყურადღების ცენტრში ყოფნა მტანჯავდა, სცენაზე გაყვანა ჩემთვის სასჯელი იყო. ვცდილობდი, ყოველთვის ჩემს სიმაღლეზე ვყოფილიყავი. იცით, რა მოხდა? ჩემი თანატოლები მოკრძალებით მეპყრობოდნენ, ალბათ, ქვეცნობიერად გრძნობდნენ, რომ მომავალი მღვდელმთავარი ვიყავი. მასწავლებლებსაც რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემ მიმართ – რაც უნდა დამეშავებინა, მაინც არ დამსჯიდნენ. ყოფილა შემთხვევა, გაკვეთილი მეც არ მცოდნია და არც სხვას, მაგრამ ის სხვა დაუსჯიათ, მე კი – არა. ჯარში განსაკუთრებული მოკრძალებით მეპყრობოდნენ ჯარისკაცებიც და ოფიცრებიც, მიუხედავად იმისა, რომ რიგითი ჯარისკაცი ვიყავი, ჩემი თანდასწრებით არავინ იგინებოდა…
არც ცელქი ვიყავი, მიდრეკილება არც სასმელისკენ მქონია და არც სიგარეტისკენ; შეყვარებული მყავდა სკოლაში, მაგრამ ბებიამ მითხრა, ნათესავად გვერგება და არ შეიძლება მისი სიყვარულიო. ასე დამთავრდა ჩემი პირველი სიყვარული. შემდეგ ახალგაზრდობაში, სანამ ჯარში წავიდოდი, გოგონა შემიყვარდა, ჩვენ ერთი მოძღვარი გვყავდა… ჯარში წასულს კი, გიამბეთ, რაც შემემთხვა, და უფალს შევფიცე, რომ ჩემს სიცოცხლეს ღმერთს შევწირავდი… ჯარიდან რომ დავბრუნდი, მას შევხვდი და ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ – ბერად უნდა აღვიკვეცო-მეთქი; ჩაფიქრდა და იცით, რა მიპასუხა? მაშინ მე მონაზვნად წავალო… გამიხარდა, ასე რომ მოიქცა და დღეს, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც თუ მოვხვდი იმ დედათა მონასტერში, სადაც ის არის, არ გამოდის, არ მენახება… ჩვენ არ ვხვდებით ერთმანეთს… აღარასოდეს…
– დაგვლოცე მეუფეო.
– ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! დღეს მართალი სიტყვის თქმას დიდი ვაჟკაცობა, გამბედაობა სჭირდება და ჰაერივით აუცილებელია ჩვენი ხალხისთვის ამ განსაცდელებით, ეშმაკის მახეებით დაქსაქსულ ქვეყანაზე. ყველა მორწმუნეს, ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანს “კიდობნის ხალხს” ვუწოდებ და მინდა, ამ ღვთის კიდობანში მთელი ერი მოექცეს, გადარჩეს დედა ღვთისმშობლის ლოცვითა და მადლით გაბრწყინებული საქართველოს შესაგებებლად. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ლოცვა “სურნელოვან საკმევლად აღიწიოს ღვთის ტახტის წინაშე”. ურბნისისა და რუისის ეპარქიის ყველა მონასტერში აღვლენილი ლოცვა მადლად მოგეფინოთ თქვენ, ამ გაზეთის მკითხველს, სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს! ამინ!
ბევრის მომცემია თქვენი ნაამბობი.მადლობა უფალს რომ თქვენისთანა მეუფე გვყავს.მეც მიყვარდა ერთი… დღეს იგი მეუფეა მოსკოვში…და მე მაინც ვერ ვივიწყებ…