Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე იობი: წირვა-ლოცვის დროს არ მაქვს იმხელა დატვირთვა, რამდენიც კვეთებულის ლოცვების დროს

მეუფე იობი: წირვა-ლოცვის დროს არ მაქვს იმხელა დატვირთვა, რამდენიც კვეთებულის ლოცვების დროს

5479

“საქართველო და მსოფლიო” აგრძელებს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობთან საუბრების ციკლის გამოქვეყნებას, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე.
– მეუფეო, მინდა კვეთებულის ლოცვების შესახებ გკითხოთ. ალბათ, ძალიან რთულია, უამრავი ადამიანის ეშმაკს შეებრძოლო, მოკვეთო, ამდენი გვარის გახსნის ლოცვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მას შემდეგ, რაც თბილისში აღარ კითხულობთ კვეთებულის ლოცვებს, ხალხი ძალიან დამწუხრდა, რადგან თქვენს ლოცვებზე საოცრებებს ყვებოდნენ, სასოებას გრძნობდნენ, თქვენ მათთვის უდიდესი იმედი, ნუგეში იყავით… მე ჩემი თვალით ვნახე სასიკვდილოდ განწირული ერთი ბიჭი, რომელიც ლეიკემიის მწვავე ფორმით – მწვავე მონობლასტური (მიელომონოციტური) ლეიკემიით იყო დაავა­დებული. ურბნისის საკათედრო ტაძარში კვეთებულის ლოცვას ატარებდით, მოგიტანეთ ავადმყოფი ბავშვის სურათი და გთხოვეთ, დალოცეთმეთქი. ჯვარი გადასახეთ და თან თქვით – უფლის ძალით განიკურნებაო. დაახლოებით დილის თერთმეტი საათი იქნებოდა… ზუსტად ამ დროს, თბილისში, საავადმყოფოს რეამინაციულ განყოფილებაში მყოფმა ბავშვმა თვალი გაახილა და საჭმელი მოითხოვა. სისხლის ანალიზი აუღეს, პასუხმა კი მთელი მედპერსონალი გააოგნა – სისხლში ბლასტები საერთოდ აღარ იყო… ექიმები დღემდე განცვიფრებული არიან და ვერ აუხსნიათ ეს მოვლენა…
 
– წირვა-ლოცვის დროს არ მაქვს იმხელა დატვირთვა, რამდენიც კვეთებულის ლოცვების დროს. კვეთებულის ლოცვები შედგენილია წმინდა მღვდელმთავართა – ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის მიერ. მათი ლოცვის მეშვეობით იდევნებიან ეშმაკები. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკს არ აქვს თავისუფლად გადაადგილების უნარი, მას არ ძალუძს, თავისი ნებით შევიდეს ადამიანში – მისთვის უფალს ეს ძალა არ მიუნიჭებია. გახსოვთ, ალბათ, იობ მრავალვნებულის ცხოვრება, როცა უფალმა ეშმაკს ყველაფრის წართმევის ნება მისცა, მაგრამ მკაცრად უბრძანა – მის სულს არ შეეხოო, რადგან, თუ ეშმაკი ადამიანის სულს დაეპატრონა, მაშინ კაცი თავის თავს ვეღარ აკონტროლებს, იგი სულიერად მკვდარია. მართალმა იობმა ყველაფერი დაკარგა, ყველამ მიატოვა, სხეული დაუწყლულდა, მაგრამ უფლისთვის მაინც არ უღალატია – ბოლომდე მას სასოებდა.
წმინდა მამათა გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეშმაკი ადამიანში სამი კარით შედის. ესენია – ურწმუნობა, სასოწარკვეთილება და ბილწი ცხოვრება.
კვეთებულის ლოცვებში ისიც კი წერია, რომ ეშმაკი შეიძლება იყოს თვალებში, გონებაში, ყურში, “უპესა ქვეშე” კანში, ფრჩხილებში, კოჭში – ესე იგი მისთვის ზღვარი არ არსებობს, იგი ყველგან შეიძლება განთავსდეს. იგი იმდენად ძლიერია და დახვეწილად მოქმედებს, რომ მთელი ხილული სამყარო ერთ დღეში შეიძლება დაანგრიოს და მიწასთან გაასწოროს…
ერთი ბერის ცხოვრება გამახსენდა: იგი წმინდად ცხოვრობდა და დიდი მლოცველიც იყო, მდიდარი სულიერი შვილები ჰყავდა, რომელნიც სავაჭროდ დადიოდნენ შორეულ ქვეყნებში. იგი ყოველთვის ელოდებოდა, სავაჭროდ წასულნი როდის დაბრუნდებოდნენ, რომ მისთვის ფული მიეტანათ. ასე დაიჭირა ეშმაკმა ბერი ვერცხლისმოყვარეობით. შემდეგ ერთ სალოსს გამოცხადებით ეუწყა ბერის მდგომარეობა, მივიდა და ბერს უთხრა, ვერცხლისმოყვარეობით შეგიპყრო ეშმაკმაო. მართლაც, ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკი იდგა მის გვერდით.
ამიტომ გარეგნულად არ უნდა შევაფასოთ ადამიანი – შეიძლება მართლაც სიწმინდით ცხოვრობდე, პატიოსანი იყო, მაგრამ ერთი მცირე რამით იყო დაჭერილი ეშმაკის მიერ. ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ ნაკლი, უნდა მკაცრად ვაკონტროლოთ საკუთარი თავი და გავაანალიზოთ, რით ვართ დაჭერილნი. ეშმაკს არ უნდა მივცეთ ნება, შთაგვაგონოს, რომ შენ მართალი ადამიანი ხარ, სწორად ცხოვრობო. შეიძლება კიდეც ვიპოვოთ საკუთარ თავში რაღაც ნაკლი, მაგრამ ეშმაკი კვლავ შეეცდება, დაგვარწმუნოს, რომ ეს არაფერია, ასეთი ნაკლი ხომ ყველას აქვს, არა უშავს, სიკვდილის წინ შეინანებ მოძღვრის წინაშეო. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის დიდი საცდური; სინანულსაც ნიადაგი სჭირდება, ნიადაგი იმისთვის, რომ მყარად დავდგეთ და ძლიერად ვიგრძნოთ თავი რწმენაში, სინანულში, სიყვარულში… წინააღმდეგ შემთხვევაში ეშმაკი ჩვენში ადვილად შემოაღწევს და ჩვენს სულს დაეპატრონება.
– თუკი ეშმაკი უფლის ნების გარეშე ვერ მოქმედებს, მაშ, რატომ რთავს მას ნებას უფალი, რომ ადამიანში შევიდეს?
– როცა ადამიანი ჯიუტობს და ეწინააღმდეგება უფლის კანონებს, მაშინ უფალი მასზე ხელს აიღებს – წყალობას მოაცილებს და მიუშვებს ეშმაკს, რათა ადამიანს თავისი თავი დაანახოს ისევ მის სასარგებლოდ, დაარწმუნოს, რომ არსებობს უფალი, ეშმაკიც; თავისი ძალებით შეეცადოს, რომ ისევ უფალს დაუბრუნდეს.
როცა კვეთებულის ლოცვებს ვკითხულობ, ჩემში ყველა ის ვნება და განცდა შემოდის, რაც იქ მოსულ ადამიანებშია. ეს იმდენად რთული და მძიმეა ჩემთვის, რომ ამის გადმოცემა ენას არ ძალუძს და ვერც ვერავინ გაიგებს; რა ხდება იმ წუთებში წამკითხველის გონებაში – ეს მხოლოდ უფალმა იცის. ხანდახან ეშმაკისგან ასეთი აზრი მოდის – აი, რა დიდი პიროვნება ხარ, რამდენი ადამიანი ჩამოვიდა შორი გზიდან შენს ლოცვებზე; მე კი ვპასუხობ – არა ჩემით, არამედ წმინდა ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლოცვით. შემდეგ ისევ ჩამაგონებს – ხომ ხედავ, ვიღაც განკურნე უკურნებელი სენისგან; მე კი კვლავ ასეთ პასუხს ვაგებებ – არა ჩემით, არამედ წმინდა მღვდელმთავართა შემწეობით, მათივე რწმე­ნითა და ლოცვით. ასეთი საუბარი იმართება ჩემსა და ეშმაკს შორის.
ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს, რომ ამ ლოცვას ძალა წაერთვას, ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა შემექმნას, ხიბლში ჩამაგდოს. მაგრამ კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ მას არ უნდა მოვუსმინო, არ უნდა ავყვე. ამიტომაც ვიმეორებ ასე ხშირად – არა ჩემით, არამედ წმინდა მღვდელმთავართა ლოცვა-კურთხევით. ასე ვიგერიებ მის შემოტევებს. ასე რომ არ მოვიქცე, ეშმაკების მთელი ლეგიონი შემოვა ჩემში და აქვე დამცემენ, გამანადგურებენ და თავად მე გავხდები ყველას დასაცინი, მიწასთან გასწორებული.
– მახსოვს ერთხელ მითხარით – ეშმაკი საკუთარი თვალით მყავს ნანახიო. როდის მოხდა ეს?
– მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი, ჯარიდან ახალდაბრუნებული, ორთაჭალაში წმიდა ნიკოლოზის ტაძარში ვცხოვრობდი და, უწმინდესის კურთხევით, ბიბლიოთეკას ვიცავდი, დარაჯადაც ვმუშაობდი და არქივიც მებარა. ჩემი კანონი მქონდა და ბევრს, ძალიან ბევრს ვლოცულობდი მთელი ღამეების განმავლობაში, მთლიანად სულიერებაში ვიყავი გადართული. ერთხელაც ძილში ვიგრძენი, რომ რაღაც ძალამ კისერზე ხელები შემომაჭდო და მახრჩობდა, ავიღე ფარანი და მთელი ტაძარი შემოვიარე –არავინ იყო. ისევ დავწექი – კვლავ იგივე განმეორდა; ვიცოდი, ჯვარი უნდა გადამესახა, მაგრამ ხელში ძალა არ მქონდა. მესამედაც რომ დამესხა თავს, უფლის წყალობით ძალა მოვიკრიბე და ჯვარი გადავსახე; თვალი რომ გავახილე, დავინახე ეშმაკი კვამლის სახით (კვეთებულის ლოცვებშიც წერია: “ცეცხლის სახით, კვამლის სახით გამოჩინებული”), თვალები, როგორც ფოსფორი, ისე უელავდა. ჯვრის გადასახვის შემდეგ კი დაიკლაკნა და ფანჯრიდან გავიდა.
მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვრად ყოფნისას შუაღამიანზე რომ მივდიოდი, ბევრჯერ დაქაჩა ჩემი მანტია და კინაღამ წამაქცია. იყო შემთხვევები, კარებს მინგ­რევდა, სახურავში ხმაურობდა, მოკლედ, მოსვენებას არ მაძლევდა. ეშმაკმა წინასწარ იცოდა, რომ ღვთის მსახური უნდა გავმხდარიყავი. ბავშვობაშიც ბევრჯერ შემებრძოლა – ადამიანებს ამხედრებდა ჩემ წინააღმდეგ; ჯარში ყოფნის დროს აზოვის ზღვაში მახრჩობდა და წმიდა ნიკოლოზმა გადამარჩინა… ეშმაკის შემოტევებს თავიდანვე მიჩვეული ვიყავი. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ადამიანი კიდევ ერთხელ რწმუნდები, თუ რამხელა ბრძოლა მიმდინარეობს თითოეული ადამიანის სულისთვის კეთილ ანგელოზსა და ეშმაკს შორის.
– ვიცი, რომ ჯარში მომხდარმა ერთმა შემთხვევამ, უფრო სწორად, კი ღვთის ნებამ, განაპირობა თქვენი მომავალი. როგორ მოხდა, რომ თითქმის უკვე დამხრჩვალი ნაპირზე უვნებლად აღმოჩნდით და გადარჩით?
– ჯარში უკრაინაში, ბოგოდუხოვში, ვიყავი. ადგილი, სადაც ჩვენი ნაწილი იდგა, საოცარ სიმშვიდეს მგვრიდა, მადლს ვგრძნობდი. ერთხელ მეთაურს ვკითხე, აქ ადრე რა იყო-მეთქი, მან კი მიპასუხა – დედათა მონასტერი იყო და მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრაო. მახსოვს, სულში რამხელა სითბო მეღვრებოდა, როცა დანგრეულ კედლებთან განვმარტოვდებოდი. იქ დიდი განსაცდელების გადალახვა მომიხდა, რადგან იცოდნენ, რომ ეკლესიიდან ვიყავი. მახსოვს, ერთხელ სამასი კაცის წინაშე გამომიყვანეს და მკითხეს – ინსტიტუტში მეცნიერულ კომუნიზმში რა ნიშანი გყავდაო, მე კი ამაყად ვუპასუხე – სამიანი-მეთქი. ღმერთი თუ გწამსო, რა თქმა უნდა, მწამს-მეთქი. როგორ შეიძლება XX საუკუნეში კაცს ღმერთი სწამდესო.
ერთხელ უწმინდესის გამოგზავნილი ჯვარი დამეკარგა, ერთი ამბავი ავტეხე, მთელი ნაწილი ფეხზე დადგა და ჩემს ჯვარს ეძებდა. გაუბახტში ჩაგსვამო, დამემუქრნენ; არსადაც არ ჩავჯდები, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ჩემს ჯვარს არ იპოვით-მეთქი; დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯვარი განზრახ დამიმალეს. საბედნიეროდ, იქვე დავარდნილიყო და მალევე ვიპოვე და ნაწილმაც შვებით ამოისუნთქა… ამის შემდეგ აღარავინ შემხებია, უფალი ყველგან მიცავდა…
ლოცვა მინდოდა, მაგრამ ერთადერთი ოთახი, სადაც სიმშვიდე იყო და უცხო თვალი ხშირად არ ხვდებოდა, ე.წ ლენინის ოთახი იყო. ოთახის კედლები სავსე იყო ამ ანტიქრისტეს სურათებით – ბავშვობიდან მის სიკვდილამდე. ჩუმად შევიდოდი იმ ოთახში, ჩამოვუვლიდი სურათებს, “ფუი ეშმაკს”-მეთქი, მივაძახებდი და ლოცვას ვიწყებდი. ვინ წარმოიდგენდა, რომ ლენინის ოთახში ვინმე სალოცავად შევიდოდა?! მეც ამით ვსარგებლობდი…
იქიდან გადამიყვანეს ქ. ბელაია ცერკოვში (“თეთრი ეკლესია”), საოცარი ადგილი იყო, ეკლესიაში ხშირად დავდიოდი და ვლოცულობდი. საპატრიარქოში წერილებს რომ ვაგზავნიდი, გაოცებულები მპასუხობდნენ – შენ ჯარში წახვედი თუ მონასტერშიო; ჯერ ბოგოდუხოვო, მერე ბელაია ცერკოვი…
ცურვა არ ვიცოდი და ისე კარგად ვისწავლე, გავთამამდი და აზოვის ზღვაში ძალიან შორს გავცურე. რომ მოვიხედე, ხალხი ნაპირზე წერტილებად მოჩანდა. უცებ, ფეხები შემეკრა, გონებას ნელ-ნელა ვკარგავდი. ერთად ერთი, რასაც იმ წუთებში ვგრძნობდი, ეს იყო სიბრალული ჩემი მშობლების მიმართ – ჩემს გვამსაც რომ ვერ დაიტი­რებდნენ… წმიდა ნიკოლოზმა გადამარჩინა… გონზე რომ მოვედი, უკვე ნაპირზე ვიყავი… მაშინ შევფიცე უფალს – შენ მე სიცოცხლე მაჩუქე და ჩემს შენგან ნაწყალობევ სიცოცხლეს შენ მოგიძღვნი-მეთქი…
უწმინდესი მეუბნებოდა – ცოლი შეირთე, მღვდლად გაკურთხებ და ყაზბეგში იმსახურეო, მაგრამ ჩემს სულს ბერობა უნდოდა. ეს მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი აღთქმისაებრ ჩემისა.
– წელს, 10 ნოემბერს, 15 წელი გახდება, რაც ურბნისისა და რუისის ეპარქიას ჩაუდექით სათავეში. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა 15 წლის გადასახედიდან თვალს გადა­ავლებთ თქვენს ეპარქიას? როცა მკვდრეთით აღდგენილ ამდენ ეკლესია-მონასტერს ხედავთ, როცა ძამას ხეობას გაჰყურებთ, როცა ყოველდღე ახალი სასულიერო პირი, ახალი ტაძარი იკურთხება… როცა მრევლს – დიდსა თუ პატარას, ამხელა სიყვარულით უყვარხართ, თავისად მიაჩნიხართ… და საერთოდ, რა შეგრძნებაა ადამიანისთვის, იყო ურბნისისა და რუისის ეპარქიის მღვდელმთავარი, წირვას აღავლენდე ურბნისის საკათედრო ტაძარში, სადაც წმინდა მოწამე, მღვდელმთავარი – ნეოფიტე ურბნელი მოღვაწეობდა, სადაც წმიდა დავით აღმაშენებელმა ჩაატარა რუისურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც ქართველებს ცხოვრების წესი დაგვიდგინა: “არ გეცრუებით შენ, ჩვენი სიწმინდით მშობელო წმინდაო კათოლიკე ეკლესიაო! არც გაგცემთ შენ, ჩვენო სიამაყევ – მართმადიდებლობავ!”
– ურბნისისა და რუისის ეპარქიაში გადმოსვლის დღიდან შევუდექი ეპარქიის შემოვლას და, როცა ამდენი მიტოვებული, გავერანებული, მიწასთან გასწორებული ეკლესია-მონასტერი ვიხილე, დიდი ძალა მომეცა. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მღვდელმთავარი ლეონტი მროველი, “ქართლის ცხოვრების” ავტორი; ასევე ანტონი მროველი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ ჩატარდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც დასაბამი მისცა საქართველოს გამთლიანებასა და  სულიერ გაძლიერებას; ამ ყველაფერმა მაიძულა, რომ მეც წინაპართა მსგავსად  მეცხოვრა. ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო ისიც, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტში ვნახეთ ეპარქიაში მოღვაწე მღვდელმთავრების ანდერძი – ყველიერის შაბათს ადგილობრივ მღვდელმთავარს უნდა მოეხსენიებინა აქ მოღვაწე მღვდელმთავრები; ვინც არ მოიხსენიოს, შეჩვენებული იყოსო, წყევლა იყო ასეთი. ამან წინაპრებისადმი კიდევ უფრო დიდი სიყვარული და შემართება მომცა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გარდაცვლილთა მოხსენებას.
ვერ აგიწერთ, რამხელა სიხარული იყო ჩემთვის ქოზიფის აღმოჩენა! აბუხალოს გამოქვაბულები, წრომის, სამწევრისის, ორთუბნის, რუისის, ყინწვისის ტაძრები! ურბნისის ტაძარი, სადაც რუის-ურბნისის კრება ჩატარდა, სადაც ნეოფიტე ურბნელი მოღვაწეობდა, ერთ-ერთმა ასურელმა მამამ თადეოზ (თათე) სტეფანწმინდელმა ჩაუყარა საფუძველი… უფალი გულთამხილავია და, როცა ადამიანს გულით უნდა, რომ კეთილი, საღვთო საქმე გაკეთდეს, უფალი მას უსრულებს ამ სურვილს. ჩემს ეპარქიას რომ გადავხედავ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ უფალი მეფობს ამ ქვეყანაზე და იქ, სადაც სიყვარული, ერთგულება და თავდადებაა, უფალი ბევრ საოცრებას მოახდენს…
კარგად შევისწავლეთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილება და პრაქტიკაში განვახორციელეთ რამდენიმე მუხლი – ბერად აღკვეცის წესი. რუის-ურბნისის კრების გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოში არ არსებობდა დიდი და მცირე სქემა. რუსული ეკლესიის გავლენით არასწორად ხდებოდა ბერად აღკვეცა; შევისწავლეთ ბერძნულ ეკლესიაში მცირე და დიდ სქემაში აღკვეცის წესი და ძალიან გვახარებს, რომ აღდგა უძველესი წესი.
…ძალიან სწრაფად გავიდა ეს დრო და შეიძლება ითქვას, რომ ეს წლები ღვთის დიდი სასწაულია – ბევრი სასულიერო პირი შეემატა საქართველოს, უამრავი მონასტერი აღდგა. ყველა ეს საქმე მე, რა თქმა უნდა, ჩემად არ მიმაჩნია, მე მხოლოდ უბრალო ჭურჭელი ვარ უფლის ხელში, მე ვარ იარაღი, რომლითაც უფალი მოქმედებს. სასულიერო პირი მიღწეულით არასოდეს უნდა კმაყოფილდებოდეს; თავის დამსახურებად არ უნდა მიიჩნევდეს გაკეთებულ საქმეს. მე ვმადლობ დიდ მღვდელმთავარს – ნეოფიტე ურბნელს; მივიჩნევ, რომ იგი სულიერად დღესაც განაგებს ეპარქიას. სწორედ ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღეს, 10 ნოემბერს, გამორჩეულად აღვნიშნავთ ეპარქიის დღესასწაულს.
– ამბობენ, ურბნისისა და რუისის ეპარქია უნდა გაიყოსო. მართალია?
– ვფიქრობ, რომ არა, რადგან ეპარქია მაშინ იყოფა, როცა მღვდელმთავარი ვეღარ უძღვება მას. ისტორიულად იყო პერიოდები, როცა რუისის ეპარქია ცალკე იყო და მისი მმართველი მროველად იწოდებოდა; ცალკე იყო ურბნისის ეპარქია – ურბნელი ეპისკოპოსის სამწყსო. მაგრამ დღეს ეს ეპარქია სულიერად ერთ ორგანიზმად ისე ჩამოყალიბდა, რომ მისი გაყოფა, ვფიქრობ, არამართებული იქნება. მიმაჩნია, რომ ეპარქიის მმართველი უნდა იწოდებოდეს მროველ-ურბნელ ეპისკოპოსად, ისევე, როგორც ისტორიულად ეწოდებოდა გაერთიანებული ეპარქიის მმართველს.
– მეუფე, მაინტერესებს, სხეულის უხრწნელობა ნიშნავს თუ არა, რომ წმინდანთან გვაქვს საქმე და საერთოდ, რა ნიშნით ხდება ადამიანის წმინდანად შერაცხვა (სხვათა შორის, ამბობენ, იაკობ გოგებაშვილის მთაწმინდაზე გადასვენების დროს, ნახეს, რომ მისი სხეული უხრწნელი იყო)?
– მხოლოდ უხრწნელობით ვერ იტყვი, რომ ადამიანი წმინდანია, მან უნდა მოახდინოს სასწაულები, განკურნოს ადამიანები. ხშირად ასეც ხდება, რომ ადამიანის გარდაცვალებამდე აღებული სისხლი მისი გარდაცვალების შემდეგ არ დედდება და ხშირად მიიჩნევენ, რომ ეს უდავოდ ამ ადამიანის წმინდანობის დამადასტურებელია. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. რადგან ხშირად მომაკვდავ ადამიანს აზიარებენ, ზიარებას კი უდიდესი ძალა აქვს – უფლის სისხლი და ხორცი ხომ ადამიანის მთელ სხეულში შედის, მთელ მის ხორციელ და სულიერ არსებას მოიცავს?! ამიტომაც არის, რომ ხანდახან გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ან წინა დღეს ნაზიარები სისხლი არ დედდება. ჩემს მრევლშიც იყო ასეთი შემთხვევა – ოპერაციის წინა დღეს კაცი ეზიარა, მეორე დღეს კი, როცა სისხლი ანალიზისთვის აუღეს, არ შედედდა, გამოკვლევის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სისხლი სრულიად სუფთა იყო…
ამიტომ, როცა მსგავს შემთხვევას გავიგებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უფლის მადლი სასწაულია ადამიანზე დაშვებული და არა ამ ადამიანის წმინდანობის დამადასტურებელი. ამან არ უნდა გაგვაოცოს და შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს… რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილს, “დედენა” ჩემთვის ბავშვობიდან წმინდა წიგნი იყო და მის ავტორს ისე ვეთაყვანებოდი, რო­გორც წმინდანს. იაკობ გოგებაშვილი ყველა ქართველის სულის ტკბილი ნაწილია; მისი “ბუნების კარი” ან “საგანძური”, ვფიქრობ, ყველა ქართველი ბავშვისთვის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს. “აი ია”-ს შემქმნელი ჩემთვის წმინდანია, მისი სხეული უხრწნელიც რომ არ იყოს.

8 COMMENTS

  1. მაინტერესებს კვლავ ტარდება თუ არა მეუფე იობის მიერ კვეთებულის ლოცვები და თუ კი როდის…

  2. სწორედ მეუფე იობის და მისნაირი სპეტაკი ადამიანების ლოცვით ცოცხლობს ამდენ ხანს ჩვენი უწმინდესი, და მაგდენს რომ საუბრობ ,,codva” ერთ წირვას თუ მაინც ხარ დასწრებული თავიდან ბოლომდე შენი სიციცხლის მანძილზე. კვეთებულის ლოცვებს ურბნისის საკათედრო ტძარში კითხულობს მეუფე იობი შობის მარხვისა და დიდი მარხვის დასაწყისში ორი კვირის განმავლობაში

  3. იქნებ საპატრიარქოს წაუკითხოს რომ გონს მოეგონ და განეშოტონ ეფეტიკოსებს

  4. მრავალჟამიერ თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,ღმერთმა მოგმადლოთ დიდხანს სიცოცხლე,ჯანმრთელობა საძმო–სამწყსოსთან ერთად

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here