Home რუბრიკები საზოგადოება საბა მეტრეველი: ქართული მეცნიერება სულს ღაფავს

საბა მეტრეველი: ქართული მეცნიერება სულს ღაფავს

1117

მაშინ, როცა სახელმწიფო პრიორიტეტად გართობასა და დროსტარებას მიიჩნევს, რა თქმა უნდა, მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვისთვის დრო, ობიექტური მიზეზების გამო, არ რჩება. ამ პოლიტიკამ კი ქართული მეცნიერება სადამდე მიიყვანა, ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი საუბრობს:
– დღეს ქართველი მეცნიერი ყველაზე დაუცველი, მიუსაფარი და ულუკმაპუროა. მას არც ჯანმრთელობის დაზღვევა, არც საარსებო მინიმუმს მიახლოებული ხელფასი და არც შრომის მოტივაცია აქვს. ქართული მეცნიერება დღეს სულს ღაფავს.
როცა მეცნიერებათა აკადემიის ყოფილ ინსტიტუტებში მეცნიერის საშუალო ხელფასი 150 ლარია, რაზე უნდა ილაპარაკოს კაცმა! იმ მათხოვრული დაფინანსებით კი, რომელსაც ჩვენთვის იმეტებს “ეროვნული ხელისუფლება”, ახალ წიგნს იყიდის მეცნიერი, საწერ საშუალებას, სამეცნიერო მივლინებით წავა სადმე თუ ადამიანის უმთავრეს მონაპოვარს – სიცოცხლის უფლებას შეინარჩუნებს?!
– რა კონკრეტული პრობლემების წინაშეა დღეს ქართული მეცნიერება?
 
– ერთი უმთავრესი პრობლემა ქართული მეცნიერების დაუფინანსებლობაა; მეორე – ინსტიტუტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. პრემიერ-მინისტრის – ნიკა გილაურის მიერ ხელმოწერილი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის დადგენილებით, მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს უერთებენ! ამ გადაწყვეტილებით მათ მხოლოდ კუთვნილი მოძრავი ქონება დაუკანონდათ – მაგიდები, კომპიუტერები და არა შენობები, როგორც თა­ვის დროზე გვითხრეს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში თურმე ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა, და ეს ნაგებობებიც საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა!
ქუჩაში გამოყრილი და სხვადასხვა ინსტანციას შეკედლებული ერთ დროს ასეთ პრესტიჟულ შენობებში განთავსებული ქართული მეცნიერება ახლა დროისა და ეპოქის მსხვერპლია!
მეცნიერის დონე მაღალი ვერ იქნება, თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე გამოსვლის ან სამეცნიერო მივლინებაში წასვლისა და მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა. ამისთვის საჭირო რაც არის, კარგად მოგეხსენებათ. არა მგონია, ქართველ მეცნიერს რომელიმე უცხოელ კოლეგაზე ნაკლები უნარი და ინტერესები ჰქონდეს!
გარდა ამისა, მეცნიერმა უნდა წეროს. სამეცნიერო პუბლიკაციების დონე და ხარისხი კი მაშინ ამაღლდება, როცა მკვლევარს საარსებო პრობლემა მოეხსნება. თანაც მონოგრაფიის გამოქვეყნება უამრავ ფინანსურ და ბიუროკრატულ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ამდენად, მეცნიერის პრობლემათა სფერო საკმაოდ მრავალმხრივია მწირი დაფინანსების მიზეზით.
მეცნიერული აზრის გაუთვალისწინებლად სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება. სრული ანაქრონიზმი იქნება იმის მტკიცება, საჭიროა თუ არა მეცნიერება ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ვისაც ეს არ ესმის, სწორედ მის ხელშია ჩვენი ბედი.
დღეს ბევრს საუბრობენ სასკოლო რეფორმაზე. როგორ წარმოგიდგენიათ, შესაბამისი მეცნიერული კვლევებისა და მიდგომების  გარეშე ეს პრობლემა გადაიჭრება?! რამდენიც უნდა ვიფიქროთ, რომ განათლებული თაობა გვჭირდება, ეს არ განხორციელდება, თუ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერება არ ჩამოვუყალიბეთ ახალგაზრდობას. ამ იდეოლოგიის გარეშე საგანმანათლებლო რეფორმა წარმატებული ვერასდროს იქნება.
დავუშვათ, ვიღაცას ამ ქვეყნისთვის ზედმეტად მიაჩნია სამეცნიერო მათემატიკური სკოლა იმ უაზრო მოტივით, რომ სხვაგანაც მშვენივრად იკვლევენ მეცნიერების ამ დარგსო. ასეთი მიდგომა ხომ, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა! ქართველი ერის ისტორიასა და ლიტერატურას რომელ სახელმწიფოში შეისწავლიან? დასავლეთიდან ველოდოთ ქართული მეცნიერული აზრის ამობრწყინებას თუ ჩრდილოეთიდან?!  ქართველის გარდა, ვინ უნდა იკვლიოს ჩვენი ლიტერატურა, ენა, ისტორია და კულტურა?! გავა დრო და მერე ვინ ამოავსებს ამ ვაკუუმს?!
– ხელისუფლების აზრით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის მეცნიერება ფუფუნებაა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ამ ტექსტს თავისი ქვეტექსტიც აქვს. გააჩნია, როგორ მიიღებ ამას: ირონიულად თუ სიამაყით! რა თქმა უნდა, ფუფუნებაა საერ­თაშორისოდ აღიარებული, შეფასებული და დაფასებული ქართული ფსიქოლოგიური სკოლა და დიმიტრი უზნაძე, მათემატიკაში – ნიკო მუსხელიშვილი, ფიზიოლოგიაში – ივანე ბერიტაშვილი, აღმოსავლეთმცოდნეობაში – გიორგი წერეთელი, გეო­ლოგიაში – ალექსანდრე ჯანელიძე, ენათმეცნიერებაში – არნოლდ ჩიქობავა, ფილოლოგიაში – კორნელი კეკელიძე, ისტორიოგრაფიაში – ივანე ჯავახიშვილი… თუ ეს ზედმეტია ქვეყნისთვის, მაშინ უმჯობესია, გვითხრან! ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ წარსულზე. დღეს ამ კორიფეთა მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები ემსახურებიან საუნივერსიტეტო სასწავლო და სამეცნიერო საქმეს.
თანამედროვე მსოფლიოში ბევრს საუბრობენ ცოდნის ეკონომიკის შესახებ და განვითარებულ ქვეყნებში კარგად იციან ნამდვილი მეცნიერების ფასიც. რადგან ჩვენს ხელისუფლებას ორიენტაცია დასავლური ღირებულებებისკენ აქვს, ადრე თუ გვიან მას მაინც მოუწევს, ანგარიში გაუწიოს სამეცნიერო ძალას, უფრო მეტიც, მისი მითითებებით იხელმძღვანელოს.
– როგორ ფიქრობთ, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას შეგნებულად უშლიან ხელს საქართველოში?
– არა მგონია, მთლად ასე იყოს საქმე! ჯერ ერთი, რაც უნდა შეავიწროვო და სული ამოხადო მეცნიერებას, ის მაინც მოძებნის თავის თავში თვითგადარჩენის ძალას. უბრალოდ, ასეთი პოლიტიკით მისი განვითარება შეფერხდება, თუმცა მეცნიერული აზრი არ მოკვდება და ის ამ ზეწოლას გაუძლებს! XX საუკუნის 90-იანი წლებიდან საკმაოდ ჩამოვრჩით საერთაშორისო სტანდარტებს. მოტივაცია აღარაა და გონებრივი შესაძლებლობებიც, შესაბამისად, მოდუნდა. არ იზრდება თაობა. ხელისშემშლელი ფაქტორი მრავლადაა.
არ მინდა, დავიჯერო, რომ ვინმე მიზანმიმართულად ანგრევს მეცნიერებას, განათლებასა და კულტურას. პრობლემა ისაა, რომ არა­კომპეტენტური და საქმეში ჩაუხედავი ადამიანები შეესივნენ და ძირი გამოუთხარეს ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს! როცა სკოლაში რეფორმის სახელით გაუგებარი და სასწავლო პოლიტიკის დამანგრეველი პროცესები დაიწყო, მაშინ ეს გამარჯვებად მიიჩნიეს და თურმე მერე მიხვდნენ, რომ ინტეგრირებული სწავლება არაეფექტური ყოფილა!
ჩვენც ველოდებით, როდის გაუბრწყინდება გონება ყოვლისშემძლე ხელისუფალს და როდის მიხვდება, რომ, მაგალითად, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მეტყველების კათედრის გაუქმება დანაშაულია; რომ უნივერსიტეტებში სამეცნიერო ნაწილისა და კაბინეტების  გაუქმება მიუტევებელია; რომ სამსახურში მისული მეცნიერი ქუჩაში გადმოყრილ ავეჯსა და საკანცელარიო ნივთებს არ უნდა დასდევდეს; რომ კადრების ოპტიმიზაციის სახელით სამსახურიდან არ უნდა ერეკებოდეს ხალხს; რომ არ უნდა აფიქრებინოს ადამიანებს: “რა საჭიროა ჰუმანიტარული თუ ტექნიკური მეცნიერების კვლევა და განვითარება, მასში უზარმაზარი თანხების ჩადება, როცა დიდ-ბატონი ახტალაში აშენებს სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სანატორიუმს, ხოლო ფარცხანაყანევში – ევროპაში ყველაზე დიდ კაზინოს!..”
რაც შეეხება ეჭვს იმის შესახებ, რომ ვიღაცას სურვილი აქვს, საქართველო მოსამსახურე ქვეყნად გადაიქცეს, უნდა გაგიცრუოთ იმედები და გითხრათ, რომ ეს არ მოხდება! ამაზე დიდი გასაჭირი ჰქონია ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას, მაგრამ მაინც დამდგარა ფეხზე. ხომ გაგიგონიათ, “წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”! მეტი მოთმინება და დროა საჭირო, ალბათ, რომ ამ სასჯელს გავუძლოთ!
ყველა ერი იმ ხელისუფლების ღირსია, რომელიც ჰყავს. მოვა დრო, თვალები აგვეხილება, ყურებიდან ბამბას გამოვიღებთ, რეალურად შევაფასებთ და ავწონ-დავწონით არსებულს. მაშინ უკვე მორალური უფლება გვექნება, უკეთესი მოვითხოვოთ. ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, რომ ჩვენს ეპოქაში, როცა საყოველთაო კულტურული დეკადანსია და როცა ყველაზე მწვავედ დგას პიროვნების კრიზისის პრობლემა, ინდივიდუალიზმის დიდი დეფიციტი იგრძნობა ირგვლივ. ასეთ ფონზე კი ბევრი რამ მეცნიერულ ძალაზეა დამოკიდებული, იმ ბირთვზე, რომელიც არ დაემონება, არ დაუჩოქებს არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთი ხელისუფალის ნავში არ ჩაჯდება, პირადი კეთილდღეობისთვის ლიქვნასა და პირფერობას არ იკად­რებს, არ გაუტყდება გასაჭირს, სიმართლისა და პატიოსნების, მამულიშვილობისა და ქვეყნის მსახურების პიროვნულ მაგალითად იქცევა.
მაინც გვეშველება, რადგან ისტორიული განვითარების კანონზომიერებაა ასეთი – თავად არსებულში აუცილებლად დაიბადება წინა­აღმდეგობა და ხელოვნურად დამუხრუჭებული მთელი ძალით ამოქმედდება.
– როგორ ფიქრობთ, ასეთ პირობებში მომავალ თაობას გაუჩნდება სურვილი, მეცნიერულ მუშაობაში ჩაებას?
– ახლა პრაგმატული თაობა მოდის და ძალიან ცოტას აქვს რთულ სამეცნიერო მუშაობაში ჩაბმის მიზანი, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს. ასეთი დაფინანსების პირობებში მუშაობის სურვილი ნორმალურ ადამიანს რატომ უნდა გაუჩნდეს, თანაც თანამედროვე ყოფაში, ახალი გამოწვევების ფონზე?!
ფუფუნებაში მეცნიერს არც ერთი რეჟიმის დროს არ უცხოვრია, რადგან მეცნიერული შრომა იმთავითვე გამორიცხავს შვებასა და განცხრომას – ეს ერთგვარი მსხვერპლშეწირვა, რაღაც სასიამოვნო უღელში თავის გაყოფა, ახალი აზრის ძიება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაა. მეცნიერული შრომა მოითხოვს სიზუსტეს. რთულია, ვინმეს დააძალო ასეთი ცხოვრება, თანაც მაშინ, როცა იცი, რომ განწირული ხარ შიმშილისთვის, როცა არავის სჭირდები, როცა ზედმეტი ხარ საზოგადოებისთვის…
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურები ქართულ ლიტერატურას, მე ამაში ვხედავ ჩემს ბედნიერებას და ამ ფორმით გამოვხატავ უძლეველ სიყვარულს იმ ერთი რამის მიმართ, დაფარვა რომ სჭირდება (ალბათ, მიმიხვდით გ. დოჩანაშვილის პერიფრაზს, სამშობ­ლოს სიყვარულს ვგულისხმობ)!
– რა უნდა გაკეთდეს იმისთვის,  ქართული მეცნიერება გადარჩენისა და განვითარების გზას ისევ რომ დაადგეს?
– პირველ რიგში, სახელმწიფო მიდგომა და პოლიტიკა უნდა შეიცვალოს მეცნიერების მიმართ, სამეცნიერო დარგების განვითარება უნდა მოხერხდეს, მეცნიერის შრომა და ღირსება სათანადოდ უნდა დაფასდეს და შეფასდეს. გარდა ამისა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ მეცნიერება იყოს ქვეყნის პრესტიჟი და ეკონომიკური მოგების წყარო. ოღონდ ეს მომავალზე გათვლით, რადგანაც წმინდა ეკონომიკური და ბიზნესთვალსაზრისით ყველა ქვეყანაში მეცნიერება წამგებიანია.
კარგი მეცნიერი კარგ უნივერსიტეტს ნიშნავს, იქ მიღებული ცოდნა კი მომავლის ბაზისია და ასე შემდეგ. ეს ერთი მთლიანობაა. ასე რომ, სწორად გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკა აუცილებლობის გათვალისწინებით გულისხმობს განვითარებულ მეცნიერებას, ამის გარეშე ქვეყნის სერიოზულ წინსვლაზე საუბარი ილუზიაა.
მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენ შეგნებული გვქონდეს მისია და აუცილებლობა მეცნიერებისა, სწორად გვესმოდეს მისი როლი და ადგილი საზოგადოების, სახელმწიფოებრივი განვითარების, ეროვნულ-ნაციონალური ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში.
ესაუბრა თეო ტაბატაძე
საბა-ფირუზ მეტრეველი – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი-აგიოლოგი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე.
1994 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლო­გიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1997 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია “მხატვრული სიტყვის ფუნქციისათვის ადრეულ ქართულ აგიოგრაფიაში”;
2004 წელს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის წოდება.
1998 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინ­სტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 2009 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ლექტორ-მასწავლებელია; 2011 წლიდან აგრარული უნივერსიტეტის პროფესო­რია.
არის ხუთი წიგნისა და 40-მდე სამეცნიერო გამოკვლევის, 60-ზე მეტი ჟურნალისტური პუბლიკაციის ავტორი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here