Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ოდიშარია: ქართველებსა და აფხაზებს შორის დანაღმული ველია და ისეთი ადამიანები უნდა...

გურამ ოდიშარია: ქართველებსა და აფხაზებს შორის დანაღმული ველია და ისეთი ადამიანები უნდა შევარჩიოთ, ვინც იცის ამ ველზე სიარული

3714

“როდესაც ძალზე მომენატრები, ფიქრებში გესაუბრები ხოლმე. და განა გაიგებს ვინმე ამქვეყნად, თუ ვინ ხარ შენ ჩემთვის? ამის ახსნა ხომ სიტყვებით შეუძლებელია! არაფერი მაქვს დასამალავი, არც მოსარიდებელი, დე, ვიყო სენტიმენტალურიც – მე შენ მიყვარხარ! ვხედავდი, როგორ გამსხვრევდა ომი, როგორ ნაწილ-ნაწილ გაკვდინებდა, გძარცვავდა, გწვავდა, გაწამებდა, მაგრამ ვერაფერი მოვიმოქმედე მის შესაჩერებლად. ვეღარ გიშველე, სოხუმო! მაპატიე უსუსურობა! შემინდე!  განა ოდესმე წარმოვიდგენდი ომს შენს დიად დღესასწაულში? სისხლს შენს ქუჩებში? ცხედრებს შენს ზღვაში? გადაბუგულ შენობებს, გადამწვარ ხეებს, ყვავილებს? ცეცხლწაკიდებლ ცას? “…  ეს არის ნაწყვეტი გურამ ოდიშარიას ნაწარმოებიდან, ერთი შეხედვით ოპტიმისტური, მაგრამ ამავე დროს მტკივნეული სახელწოდებით  “სოხუმში დაბრუნება”. რთულია, ემოციების გარეშე წაიკითხო აფხაზეთიდან დევნილი მწერლის ნაწარმოებები, თითოეული სტრიქონი აღსარებას გავს საკუთარი თავის, ხალხისა თუ სამშობლოს წინაშე. მოთხრობების წერა ომის შემდეგ დაიწყო. წერს და პარალელურად სახალხო დიპლომატიის ეგიდით აფხაზებთან დიალოგსაც არ ერიდება, ვინაიდან, მიაჩნია, რომ, პირველ რიგში, ადამიანები უნდა დავიბრუნოთ. ახლახან აფხაზ მწერალთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა. შეხვედრის მიზანსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე გურამ ოდიშარია გვესაუბრება. – ჩემი ნოველები პირველად აფხაზებმა თარგმნეს და თავისუფალ აფხაზურ პრესაში (“ეხო აფხაზიი”) დაბეჭდეს. ამის შემდეგ მეც ვთარგმნე და დავბეჭდე აფხაზი მწერლების ნოველები, რის შემდეგაც შევხვდი მათ და გადავწყვიტეთ, ერთად გამოგვეცა წიგნი, სადაც დაიბეჭდებოდა ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებები.
2003 წელს გამოვეცით კიდეც  სახელწოდებით “Время жить”, სადაც, ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებების გარდა, ოსი, აზერბაიჯანელი და სომეხი მწერლების თხზულებებიც დაიბეჭდა. აზერბაიჯანშიც ჩვენი მორიგი შეხვედრა შედგა. უახლოეს მომავალში ვაპირებთ ამ მწერლების ნაწარმოებების  ალმანახის გამოცემას. დღეს ძალიან ცოტა რამ გვაკავშირებს და სწორედ კულტურასა და ხელოვნებაშია ის რეზერვი, რაც ჩვენს გაერთიანებას შეძლებს. მამაჩემი პოლკოვნიკი კაცი იყო და კარგად მახსოვს, როდესაც გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლები მიმდინარეობდა, ახალ ამბებს ბახის, ბეთჰოვენისა და ვაგნერის  მუსიკის თანხლებით გადმოსცემდნენ, ანუ იმდროინდელი ხელისუფლება ამით გერმანელებს ეუბნებო­და, რომ თქვენ კი არა, ფაშიზმს ვებრძვითო. არსებობს რაღაც, რაც პოლიტიკაზე მაღლა დგას. 2002 წელს, მე და აფხაზმა მწერალმა, იქაური პარლამენტის წევრმა, ბათალ კობახიამ თბილისი, სოხუმი და ცხინვალი ერთად მოვი­არეთ. ამას წინათ ერევანში ვიყავით და, როდესაც ქართველ და აფხაზ მწერლებს ერთად გვხედავდნენ, უკვირდათ: თქვენ ხომ მტრები ხართ და ერთად რა გინდათო. – თქვენს ნაწარმოებებს თარგმნიან და კითხულობენ აფხაზეთში, როგორია აფხაზების დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი და რა დაამსხვრევს დღეს “მტრის ხატს”, რომელიც ორივე მხრიდან შეიქმნა? – როდესაც თემურ ჩხეიძემ დადგა სპექტაკლი “ზღვა, რომელიც შორია”, სადაც  ორი მეგობარი – აფხაზი და ქართველი კამათობს. და ის არ გავს არც ერთი პოლიტიკოსის კამათს, ვინაიდან ეს არის ორი მეგობრის კამათი. ეს ყველაფერი რეალობიდან ავიღე, რადგან, როდესაც სოხუმზე ვწერ, მე ყველაფერს სითბოთი ვიხენებ, მე ვერ გავიხსნებ სოხუმს მოჭრილი თავებით და ვერ გავიხსენებ, როგორ ვხოცავდით ერთმანეთს. ჩემს ნაწარმოებში, “სოხუმში დაბრუნება” ერთი ეპიზოდი აღვწერე, რომელიც  ერთმა ხანშიშესულმა სოხუმელმა მიამბო. სოხუმის დატოვების შემდეგ არ მეძინა, მთელი ღამეები ვეწამებოდი, ბოლოს ასეთ რამეს მივაკვლიე, სოხუმში დავიწყე დაბრუნება, ძილის წინ სულ სოხუმში დავხეტიალობ და მერე ტკბილად მეძინება. წარმოვიდგენ სასტუმრო “აფხაზეთის” წინ ვარ, ყავახანაში ვხვდები მეგობრებს, მათთან ერთად შამპანურს ვსვამო. ამ კაცმა ასე შეძლო სოხუმში დაბრუნება… სოხუმში, ერთი ჩემი ნაცნობი ქართველი, გვარად ჯიშკარიანი და მისი თანატოლი აფხაზი ახალგაზრდა ერთად იზრდებოდნენ. როდესაც ომი დაიწყო, აფხაზმა ქართველს უთხრა, მე ჩემს ხალხთან უნდა დავდგე, მაგრამ ერთი ჯავშანჟილეტი მაქვს და შენ გაძლევ, ჩაიცვი, რომ ჩემმა ნასროლმა ტყვიამ არ მოგკლასო. ის ახალგაზრდა აფხაზი ომში დაიღუპა… სხვა ხალხებისთვის გაუგებარია და ხშირად უკითხავთ, თუ ომია, ქართველს რატომ აძლევს ჯავშანჟილეტსო. ასეთი თავისებურებები ახასიათებდა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობებს. ბევრი საერთო გვქონდა და  ტრაგედიაც სწორედ ის იყო, რომ ჩვენ ვხოცავდით ერთმანეთს. თავად ბათალ კობახიაც დაინტერესებულია, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი დაიწყოს. საბოლოოდ ეს რა შედეგს გამოიღებს, ამის პროგნოზირება რთულია. მაგრამ, ჩემი აზრით, დიალოგი აუცილებელია, როცა ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგი გაწყდა, ომიც მაშინ დაიწყო. როდესაც მე მათთან მოსალაპარაკებლად მივდივარ, არასდროს არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას ან ორგანიზაციას. – თქვენ გქონდათ შემოთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი რატომ არ გაქვთ? – როგორც მწერალმა, პოლიტიკოსებთან ურთიერთობისას ბევრი ისეთი რამ დავინახე, რაც კულისებს მიღმაა. დავინახე, თუ როგორ ამზადებენ “კერძს”. და ბევრ შემთხვევაში ძალიან წიწაკიანი და “უგემური” აღმოჩნდა და არ მომეწონა. ხშირად ეს იყო შემთხვევით შექმნილი ერთიანობა პარტიის შიგნით. თუნდაც ავიღოთ ხელისუფლებაში ოდესღაც მყოფი ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან. საქართველოში ჯერ არ ვართ მზად იმ უნივერსალური შედეგიანი გაერთიანებისთვის, სადაც ერთმანეთის პატივისცემისა და აზრების გათვალისწინებით რეალურ შედეგს მივაღწევთ. – რა უშლის ხელს საქართველოში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას? – მიზეზი ბევრია. მაგალითისთვის ბალტიისპირეთი ავიღოთ, მათ აქვთ თავისი პოლიტიკური კულტურა, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. როდესაც ჩვენ 20 წლის წინათ ვკეტავდით რკინიგზას, ვაწყობდით ფაბრიკა-ქარხნების, სკოლების გაფიცვებს, იქ მიტინგებს მხოლოდ შაბათ-კვირას ატარებდნენ, რადგან, უპირველესად, სახელმწიფო პოლიტიკაზე ფიქრობდნენ და არა – პარტიების პოლიტიკაზე. კიევში მწერალ ივან დრაჩს პრეზიდენტობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. პრეზიდენტობა არ იყო მისი საქმე და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აიღო. ჩვენთან ყველას ლიდერობა უნდა. ჰოლანდიაში მინისტრები და დეპუტატები ველოსიპედებით დადიან, ჩვენთან რა მანქანებით დაგრიალებენ?! არ ვიცით კრიტიკა, მხოლოდ ლანძღვა-გინება გვესმის ტელეეკრანიდან თუ გაზეთების ფურცლებიდან და, რაც ყველაზე ცუდია, ვერც ჩვენს შეცდომებსა და დანაშაულობებზე ვერ ვსწავლობთ. მე ყოველთვის ომის წინააღმდეგი და დიალოგის მომხრე ვიყავი. არსებობს ომი, რომელსაც საკუთარ თავთან აგებ; ასეთი იყო სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი. ეს ყველაფერი გადაჭარბებულმა ეგოცენტრულმა სურვილებმა გამოიწვია. ქართველებსა და აფხაზებს შორის დანაღმული ველია და ისეთი ადამიანები უნდა შევარჩიოთ, ვინც იცის ამ ველზე სიარული. დიდი სიფრთხილეა საჭირო. ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. აქამდე არსად მითქვამს და პირველად თქვენთან მოვყვები. მე ვიყავი ჟურნალ “რიწის” რედაქ­ტორი. როდესაც დაძაბულობა იწყებოდა, მოვიდნენ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა და ცნობილი მწერლები: ბაგრატ შინკუბა, ალექსი გოგუა, ალექსი ჯონუა, ჯუმა ახუბა, ნიკოლოზ კვიწინია და სხვები და  დაისვა საკითხი, რაღაც საშინელება ახლოვდება და, იქნებ, არ გავწყვიტოთ დიალოგიო. არ დამავიწყდება ბაგრატ შინკუბა, რომელმაც მაშინ განაცხადა, აფხაზებმა რუსებს წერილი მისწერეს, რომელსაც ხელი არ მოვაწერე, რადგან რაღაც ცუდისკენ მიდის ყველაფერიო. ვრცელი წერილი იყო, მაგრამ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ვინაიდან  სოფლებისთვის სახელების გადარქმევა მიმდინარეობს, ამ ადგილებს ძველი აფხაზური სახელები დავუბრუნოთო. შევქმნათ საერთო აფხაზ-ქართველ მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან ამ პროცესსო. დაისვა მეორე საკითხიც, მაშინ იყო რამდენიმე ფონდი, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებს ასახლებდნენ აფხაზეთში. ჩვენ ვიყავით 250 ათასი, აფხაზები 90 ათასამდე. მან თქვა, მართალია, დემოგრაფიულად ქართველებს ვერასდროს დაგეწევით, მაგრამ, იქნებ, შევქმნათ ერთობლივი ჯგუფი, არ გვინდა ხალხის გაღიზიანება და სხვა ტერიტორიაზე ჩავასახლოთ ეს ხალხი, რადგან ამ ფაქტს ვიღაცები ცუდად გამოიყენებენო. საქართველოსგან გამოყოფაზე აშკარად არ საუბრობდნენ, მაგრამ ეწერა, თუ ასე გაგრძელდა, გამოვეყოფითო. ეს ხდებოდა 1989-90 წლებში.უკვე დაძაბულობა იყო ქვეყანაში. გამიხარდა, რადგან ყოველთვის დიალოგის მომხრე ვიყავი, მაგრამ გარეთ დამხვდა რამდენიმე კაცი, ე.წ. ქართველი რადიკალები. მკითხეს, რაზე ისაუბრეთო. მაშინ მოღალატედ გამომაცხადეს, როგორ თუ აფხაზებს ელაპარაკებიო. ჩვენ ვართ პოლიტიკური ლიდერები და ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, შენ ვინ ხარ და რას წარმოადგენო. ერთმა ლიდერმა, რომელიც დღეს ცოცხალიც აღარაა, ასე მითხრა, არ გნახო აფხაზებთან შესული და დალაპარაკებულიო. მეორე დღეს ქართველების მიტინგი იყო, მართალია, ჩემი გვარი არ უთქვამთ, მაგრამ გამოაცხადეს, მწერალთა კავშირში ერთი ქართველი კაცია, რომელიც მოღალატეობრივ პოლიტიკას აწარმოებსო. მაშინდელი ნათქვამი ფრაზები ახლაც მახსოვს: მამულიშვილნო, ნახეთ რა ხდება, ცოტა გონს მოეგონ ეს ვაჟბატონები, ბევრს ნუ ლაპარაკობენო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და იგივე ხალხი მეუბნება, შენ აფხაზეთში ბევრი მეგობარი გყავს, დაელაპარაკე აფხაზებს და ჩვენც ჩაგვრთეო. არადა, ამ სიგიჟეების წყალობით, აფხაზებთან ურთიერთობის ბოლო ძაფი გაწყვიტეს. ვიღაცებს შექმნილი ჰქონდათ ცრუ ილუზიები. დღეს ეს ადამიანები ისევ პოლიტიკაში არიან, არ მინდა მათი დასახელება, რადგან ვებრძვი ბოროტებას და არა ბოროტს, დანაშაულს და არა დამნაშავეს, პერსონალურმა მტრობამ და სიძულვილმა კინაღამ ქვეყანა შეიწირა. – თქვენ სახალხო დიპლომატიის კუთხით აქტიურად მუშაობთ, გყავთ აფხაზი მეგობრები, რატომ არ იყენებს ხელისუფლება თქვენი სახით ამ ბერკეტებს? – ილუზია სახალხო დიპლომატიისადმი არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ ის ყველაფერს მოაგვარებს, მაგრამ ის აკეთებს იმას, რაც ოფიციალურ უწყებებს არ შეძლია. თავის დროზე უნდა მოგვარებულიყო ყველაფერი, დღეს უკვე პლანეტარული გახდა ეს კონფლიქი. ჩვენი ერის ენერგია უფრო მეტად დაქსასულობისკენაა მიმართულია, როგორც ეს  იყო 20 წლის წინათ, ვიდრე ერთიანობისკენ. – რუსეთს რა როლი აკისრია ამ კონფლიქტის მოგვარებაში, საზოგადოების ნაწილის აზრით, მის გარეშე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია, ზოგი კი პირიქით ფიქრობს. თქვენ გაქვთ მათთან ურთიერთობა, რას ფიქრობს აფხაზი საზოგადოება? – ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა – გადამწყვეტი. უმთავრესია, ქართულ-აფხაზური დიალოგი. ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია. რუსეთი უაზრაზარი სახელმწიფოა და მასთან ურთიერთობისას ყველაფერი ცივი გონებით უნდა განვსაჯოთ. რუსებმა რომ მოგვცენ ჩაურევლობის პირობა, დაველაპარაკებით ერთმანეთს? პირველ რიგში, სიძულვილი უნდა გალღვეს. – მზად არიან აფხაზები ჩვენთან სასაუბროდ? – და ჩვენ, ქართველები, მზად ვართ? თუ მთელი ისტორიის განმავლობაში ქართველები და აფხაზები ერთად ვაგებდით ეკლესია-მონასტრებს, ვაშენებდით სახელმწიფოს, არც გვაქვს უფლება, დღეს საერთო ენა არ გამოვნახოთ, პირველ რიგში, ადამიანები უნდა დავაბრუნოთ და მერე – ტერიტორია. არ არის ჩამოყალიბებული ქართული პოლიტიკა. აფხაზეთის ომის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ომის ანალიზი ვერ დავინახე. საჭიროა სამხედრო ანალიზიც. როგორც ვიცი, აფხაზეთის ომის 15-16 მარტის ბრძოლები ისწავლება რუსეთში, როდესაც ქართველებმა წარმატებას მიაღწიეს სოხუმის დაცვისას და ისინი აანალიზებენ და სწავლობენ, რა შეცდომები დაუშვეს ამ ბრძოლებისას. ჩვენთან ეს არ ხდება. – რამდენიმე ხნის წინათ ხელისუფლებამ აფხაზი ბავშვები ჩამოიყვანა, თუ მოახდენს ამგვარი აქციები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე გავლენას? – გააჩნია, როგორ გააკეთებ ამას, ბავშვებით სპეკულირება არ შეიძლება. ისე არ უნდა მოიქცე, რომ მერე ეს ვიღაცამ გამოიყენოს. არ მიყვარს სიტყვა პიარი, ვცეთ პატივი ამ ბავშვებს, ჩამოვიყვანოთ, მაგრამ პოლიტიკური პიარის მსხვეპრლად არ უნდა ვაქციოთ.         
ესაუბრაშორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here