Home რუბრიკები პოლიტიკა ლეღვის ფოთოლცვენა

ლეღვის ფოთოლცვენა

ცოტა ხნის წინათ “ქართული პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა ოპოზიციურ “რვიანს” მოუწოდა, თავი გაანებოს “გაშიშვლებული რეჟიმის ლეღვის ფოთლის ფუნქციაში გადასვლას” და ცვლილებების რეალურად განხორ­ციელებისთვის დადგნენ იქ, სადაც ქართველი ხალხია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური “რვიანი” 2010 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მასში გაერთიანდნენ: “ახალი მემარჯვენეები”, “ეროვნული ფორუმი”, “თავისუფალი დემოკრატები”, კონსერვა­ტიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, “საქართველოს გზა”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და “ხალხის პარტია”. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, “საქართველო და მსოფლიომ” გადაწყვიტა, გამოკითხვა ჩაეტარებინა და რეს­პონდენტებს ასეთი კითხვა დაუსვა: შეგიძლიათ თუ არა მინიმუმ სამი ადამიანის დასახელება “რვიანიდან”, ვინც, თქვენი აზრით, ხელისუფლებისთვის ლეღვის ფოთლის ფუნქციას ასრულებს?
როლანდ ჯალაღანია, გაზეთ “ილორის” მთავარი რედაქტორი: – იმ ადამიანების სამეული თუ უნდა დავასახელო, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, ჩემი აზრით, უპირველესად ესენი არიან ირაკლი ალასანია, კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური. გიორგი ლაღიძე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი: – ოპოზიციურ “რვიანს” ხელისუფლებასთან მჭიდრო და თბილი ურთიერთობა რომ აქვს, ეს, ალბათ, ახალი ამბავი არაა. არც ის გამიკვირდება, ზოგიერთ წარმომადგენელს უფრო სხვა ფუნქციაც რომ ეკისრა, როგორიცაა ამ რეჟიმის ლეღვის ფოთლის მდგომარეობაში ყოფნა. ასეთებად შემიძლია დავასახელო დავით გამყრელიძე და ირაკლი ალასანია. ვიქტორ ცაავა, პოლიტოლოგი: – ჩემი აზრით, ამ ხელისუფლებისთვის ლეღვის ფოთლის ფუნქციას, პირველ რიგში, “რესპუბლიკელების” ლიდერი დავით უსუფაშვი­ლი და “დემოკრატების” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ასრულებენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლება არაფერს დათმობს, მაგრამ პოლიტიკური პროცესების გასაჭიანურებლად დიალოგს მართავენ.დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის წევრი: – პერსონალიებზე ნამდვილად არ მინდა ყურადღების შეჩერება, არაკორექტულად მიმაჩნია. ოპოზიციურ “რვიანზე” კი შემიძლია გითხრათ, რომ ის საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში იმყოფება. მათი დამოკიდებულება სახელისუფლო პოზიციასთან დაკავშირებით შედეგზე ნამდვილად არაა ორიენტირებული. “რვიანმა” უნდა იფიქროს იმ აქციებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც გამოიყვანს მათ ამ რთული მდგომარეობიდან. ასე რომ, “რვიანს” ერთ სუბიექტად განვიხილავ. სანამ ისინი ერთიან პოზიციას წარმოადგენენ, მათგან რომელიმეს გამოყოფა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ადა მარშანია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი: – ლეღვის ფოთლის ფუნქციას ყველა ასრულებს. მთელი ეს ოპოზიციური “რვიანი” ამითაა დაკავებული. მათგან სამის გამოყოფა ნამდვილად მიჭირს. ჩემთვის ყველა ერთნაირია. პოლიტიკური სპექტრი საქართველოში, დიდი ხანია, მკვდარია და მათი სახელების გახ­სენებაც არ მინდა. ნანა დევდარიანი, ჟურნალისტი, ყოფილი ომბუდსმენი: – იმისათვის, რომ მე ოპოზიციური “რვიანიდან” რომელიმე პერსონაზე დამაჯერებლად ვისაუბრო, ამის დამადასტრებელი ფაქტებიც უნდა გამაჩნდეს. ამ პოლიტიკოსებიდან არც ერთი არ უარყოფს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. მოლაპარაკებაც თანამშრომ­ლობის ერთ-ერთი ფორმაა. ამის იქით თუ ვინმე გარიგებაში შევა, ეს არ დაიმალება და აუცილებლად გამოაშკარავდება. გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი: – ოპოზიციური “რვიანს” მე ონანისტებს ვეძახი. ისინი ხელისუფლების სასარგებლო მოთამაშეები არიან. ეს ყველამ იცის. რაც შეეხება იმას, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს მივიჩნევ მათგან ხელისუფლების რეჟიმისთვის ლეღვის ფოთლის ფუნქციის შემსრულებლად, დასახელებისგან თავს შევიკავებ. არ მინდა მათგან რომელიმეს გამოყოფა, რადგან ყველა თანაბარ დამნაშავედ მიმაჩნია საზოგადოების გაბიაბურებაში. დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: – ზოგადად, ეს ოპოზიციური “რვიანი” რისთვის შეიქმნა, არ მესმის. რა აზრი აქვს მის არსებობას, ვინმემ იცის? პირველ რიგში, ამ ფუნქციის ერთ-ერთ შესანიშნავ შემსრულებლად დავასახელებ “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერ გიორგი თარგამაძეს. სხვების გამოყოფა მიჭირს.
მოამზადა ლილი მიროტაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here