Home რუბრიკები პოლიტიკა Welcome to Hell ანუ იომებენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ლიბიაში?

Welcome to Hell ანუ იომებენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ლიბიაში?

723

გააგზავნიან თუ არა ახლო მომავალში ჩვენს ჯარისკაცებს ლიბიაში? არცთუ დიდი ხნის წინათ ეს კითხვა მხოლოდ ღიმილს თუ გამოიწვევდა და გამორიცხული არაა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ის დღესაც არააქტუალურად ჩათვალოს. არადა, სულ მალე, იმ შემთხვევაში, თუ ნატო ლიბიაში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, ჩვენი კონტინგენტის გაგზავნა იმ ღვთისაგან მივიწყებულ უდაბნოში შეიძლება რეალობად იქცეს.

მოსაწვევი ლიბიურ ჯოჯოხეთში
ამ საკითხთან დაკავშირებით ათვლის წერტილად, ალბათ, აშშ-ის ელჩის – ჯონ ბასის 24 მარტის განცხადება უნდა ჩავთვალოთ. “როგორ გახდება საქართველო ნატოს წევრი? ჩვენ დავარწმუნებთ ალიანსს, რომ მისი წმინდა შენატანი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში დიდია და ის შეუერთდება მას, – განაცხადა ბასმა, – წმინდა შენატანი ორი კუთხით უნდა შეფასდეს: ერთია საქართველოს წვლილი ნატოს ოპერაციებში, მაგალითად, ავღანეთში, და მეორე – საქართველოს წვლილი ნატოს საზღვრებში, რაშიც, ძირითადად, შიდა რეფორმები იგულისხმება”. ერთი შეხედვით, ამ ფრაზაში უცნაური არაფერია, მაგრამ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ელჩმა, უპირველესად, ახსენა “საქართველოს წვილილი ნატოს ოპერაციებში” და ამით ხაზი ამ ფაქტორის პრიორიტეტულობას გაუსვა. ვინ იცის, იქნებ, ამ სიტყვების მიღმა ძალიან მარტივი ქვეტექსტი იყოს: “Welcome to Afghanistan (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავღანეთში), მეტიც, “Welcome to Lybia”, საბოლოო ჯამში, კი “Welcome to Hell” (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში). 27 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი თანახმაა, ლიბიაში სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღოს, 31 მარტს კი ნატო ოპერაციას სათავეში ჩაუდგა. საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში სააკაშვილის ხელისუფლებამ გააძლიერა ნატოში გაწევრიანებაზე ორიენტირებული რიტორიკა, რომელიც ბოლო დროს დიდად აქტუალური ნამდვილად არ იყო. 28 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა: “როცა საქართველო მზად იქნება ალიანსის წევრობისთვის, ამის შემდგომ კონსენსუსის გზით ნატო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი. ნატოს ჰქონდა პრეცედენტები, რომ წევრად მიეღო ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამის ნათელი მაგალითია გერმანია, რომლის ტერიტორიების 40%-ზე მეტი საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული”. თავი დავანებოთ იმას, რომ ბარამიძე ძალიან უცნაურ ინტერპრეტაციას აძლევს გერმანიის ისტორიას II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, თითქოსდა არაფერი იცის გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკების ჩამოყალიბების, შემდგომი თანა­არსებობისა და მოკავშირეთა ოკუპაციის ზონების შესახებ. მთავარი, ალბათ, ისაა, რომ ამ პასაჟის უკან, სავარაუდოდ, ძალზე საშიში ლოზუნგი იმალება: “ნატოში – ტერიტორიების გარეშე!”. ცხადია, საქართველოს სხვადასხვა ნაწილების შესვლა უსაფრთხოების სხვადასხვა (ნატოსა და რუსეთის) “ქოლგის” ქვეშ, მისი დანაწევრების დაფიქსირებას და ერთგვარ “ჩაბეტონებას” ნიშნავს. ამავე დღეებში სახელმწიფო პროპაგანდამ ეთერში გაუშვა რამდენიმე სიუჟეტი, სადაც ნატოში გაწევრიანების თემა ძველი ოპტიმიზმით განიხილებოდა. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ხელისუფალთა წარმოსახვაში ნატოსთან დაკავშირებული ახალი ქიმერა დაიბადა. რა კავშირში შეიძლება იყოს ეს ლიბიის მოვლენებთან? იქ ხომ ჯერჯერობით საჰაერო-საზღვაო ოპერაცია მიმდინარეობს, ჩვენ კი ამ ოპერაციის ადეკვატური ავიაცია და საზღვაო ძალები არ გვყავს, თუმცა ვერავინ გამორიცხავს ხვალ ლიბიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას.28 მარტს ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ თქვა, რომ “ლიბიაში ნატოს ოპერაციის ჩარჩოებში სახ­მელეთო ოპერაცია არ შედის”, თუმცა ჯერჯერობით კადაფის დამარცხება საჰაერო და სარაკეტო იერიშებით ვერ ხერხდება; ის არ ნებდება, მეტიც, მეამბოხეებს პერმანენტულად უტევს. “ჯერჯერობით სიტუაცია ჩიხურია, მაგრამ, ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში რეჟიმი გაიმარჯვებს”, – აცხადებს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლაპერი. თუ მეამბოხეების მდგომარეობა კრიტიკული გახდება, ნატოს მოუწევს ან სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, ან აღიაროს, რომ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, დამარცხდა. ლუნგესკუს განცხადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი გეგმები არ მუშავდება და სამზადისი არ მიმდინარეობს. ერთი შეხედვით, დღევანდელი ოპერაციაც სწრაფი იმპროვიზაციაა, თუმცა ჯერ კიდევ გასული წლის 2 ნოემბერს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ერთობლივი სწავლების “სამხრეთის მისტრალის” (Southern Mistral) ჩატარებას ითვალისწინებდა. სწავლების ლეგენდის თანახმად, საფრანგეთ-ბრიტანეთის საჰაერო ძალებს უნდა განეხორციელებინა საჰაერო რეიდები ავტორიტარული “სამხრეთლანდიის” (Southland) წინააღმდეგ; სწავლება 2011 წლის 21-25 მარტს უნდა ჩატარებულიყო, ანუ სწორედ მაშინ, როდესაც საფრანგეთი და ბრიტანეთი მუამარ კადაფის წინააღმდეგ რეალურ ომში ჩაება. გასული წლის 2 ნოემბერს ლიბიაში სიმშვიდე იყო, ისევე, როგორც – ტუნისში, სადაც “დიდმა არაბულმა ამბოხებამ” პირველად იფეთქა. “იყო თუ არა ეს კადაფის ლიბიის წინააღმდეგ ომის წინასწარი დაგეგმვა?” – კითხულობს აშშ-ის კონგრესმენი დენის კუჩინიჩი “Guardian”-ის ფურცლებზე. რა თქმა უნდა, შეიძლება დამთხვევაც იყოს, მაგრამ… სახმელეთო ოპერაციისთვის ნატოს ქვეითები დასჭირდება. მას შემდეგ, რაც 31 მარტს შტატებმა მკვეთრად შეზღუდა საკუთარი მონაწილეობა ლიბიის ოპერაციაში, მათ “ოქროს ფასი” დაედო. ამ სიტუაციაში ნატოსთვის ღირებული გახდება ნებისმიერი კონტინგენტი, მათ შორის – ქართული, რომელიც “ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით” გაბრუებულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ შეიძლება ლიბიაში გააგზავნოს. ხვალ საქართველოში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოდის. გამორიცხული არაა, რომ მოლაპარაკებებზე სწორედ ეს საკითხი განიხილონ. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, თუ მალე შეიტყობს, რომ ქართველ ჯარისკაცებს ლიბიაში გადასროლას უპირებენ, ისევე, როგორც ცოტა ხნის წინათ ავღანური ომის ჯოჯოხეთში გააგზავნეს?
როდემდე მოითმენს ბარაკ ობამა?
შესაძლოა, იმის განცდამ, რომ მალე ის “ისევ გახდება საჭირო”, იმდენად იმოქმედა მიხეილ სააკაშვილზე, რომ მან “Foreign Policy”-ს საკმაოდ უცნაური ინტერვიუ მისცა. პუბლიკაციის პირველსავე ფრაზაში ეს გამოცემა  საყოველთაოდ ცნობილი ფაქტის კონსტატაციას ახდენს: “საქართველოს შეუძლია, დღეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანება დაბლოკოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაწევრიანება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა”, შემდეგ კი ასპარეზი მიხეილ სააკაშვილს დაუთმოს.  “მესმოდა, როგორ აცხადებდა ზოგიერთი რუსი, რომ საკმარისი იყო ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ერთი სატელეფონო ზარი სააკაშვილთან მის დასარწმუნებლად და გასაჩუმებლად, – განაცხადა სააკაშვილმა, – მაგრამ ეს ასე არ არის და ამერიკელებმა იციან, რომ ეს ასე არ არის”, “ზოგიერთი რუსი აცხადებს: ჩვენ დაგრთავთ ჩვენთვის ღვინის მიწოდების ნებას, თქვენ კი პოზიციას შეიცვლით. მაგრამ ჩვენ აღარ გვაქვს რუსებისთვის მისაყიდი ღვინო. ეს არ არის მოლაპარაკებებში კოზირი. ჩვენ გვჭირდება გამჭირვალობა სასაზღვრო შეთანხმებებსა და საბაჟო საკითხებში და ამაში უნდა ვეძებოთ რუსებთან ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება”, “ახლა რუსებმა უნდა გვიჩვენონ, რომ ისინი მზად არიან მოქნილი და კომპრომისული გადაწყვეტილებისთვის”.ცხადია, რუსეთი დათმობაზე “სასაზღვრო და საბაჟო საკითხებში”, ანუ მის საზღვარზე გარე კონტროლის დაწესებაზე (ქართველი მებაჟეები იქნებიან თუ ევროკავშირის ინსპექტორები) არ წავა. შესაბამისად, ის ან მსო-ში გაწევრიანების სხვა სტრატეგიას აირჩევს (წევრი სახელმწიფოების ხმათა უმრავლესობა კონსენსუსის ნაცვლად) ან ვაშინგტონის მიერ სააკაშვილის მოთვინიერებას დაელოდება. სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ ამ გზით კრემლისგან ვერაფერს მიიღებს. თუმცა იმავე ინტერვიუში ის მინიშნებას აკეთებს, თუ რისი მიღება სურს ვაშინგტონისგან. “მსუბუქი შეიარაღება ჩვენ არ გვჭირდება, ისედაც ბევრი გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ასეთი შეიარაღების უამრავი ალტერნატიული მომწოდებელი, – თქვა სააკაშვილმა, – საქართველოს სინამდვილეში ისეთი იარაღი სჭირდება, რომელსაც ის სხვაგან ვერსად შეიძენს. ასეთია საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები”. ამ განცხადების კომენტირებისას “EurasiaNet”-მა სავსებით სამართლიანად აღნიშნა, რომ “ვიკიპედიაშიც” კი მოყვანილია 19 ქვეყნის სია, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებებს აწარმოებს, “ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკისა და თურქეთის ჩათვლით, სადაც ეს შეიარაღება ამერიკულ ეკვივალენტზე უფრო იაფია და რომლებსაც აშკარა გეოპოლიტიკური პრობლემები არ შეექმნება”. “ამერიკული მძიმე შეიარაღება ძვირია, საქართველო კი – ღარიბი”, – დასძენს “EurasiaNet”-ი.მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა სჭირდება სააკაშვილს სინამდვილეში – შეიარაღება თუ ის პრობლემები, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის წარმოიქნება იმ შემთხვევაში, თუ თბილისი ამ იარაღს მიიღებს? ასეთი მიდგომა, საბოლოო ჯამში, ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ტორპედირებაა; შესაძლოა, სააკაშვილი თვლის, რომ ძია სემს წვერში სწვდა. არადა, გასულ კვირას მოხდა ის, რამაც, წესით, უნდა დააფიქროს სააკაშვილი, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ის ნულია.1 აპრილს გაეროს ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას არ დაიწყებს. ის, რომ ამ დავაში  სააკაშვილის ხელისუფლების მიერ არჩეულ სტრატეგიას ამ შედეგამდე მივყავდით, იმათავითვე ცხადი იყო. “რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის თანახმად, მანამ, სანამ სასამართლომდე მიხვალ, კონვენციით დათვალისწინებული სამართლებრივი დავის ყველა საშუალება უნდა ამოწურო, რაც საერთაშორისო სამართალის წესია… მე თავიდანვე გამიკვირდა, რომ საქართველომ პირდაპირ სასამართლოს გზა აირჩია. ეს ჩემთვის მუხლის რეფლექსის მსგავს რეაქციას ჰგავდა”, – განუცხადა “რადიო თავისუფლებას” ლონდონის უნივერსიტეტის ბირბეკის კოლეჯის ადამიანის უფლებების საეთაშორისო სამართლის პროფესორმა ბილ ბორინგმა. ის, რომ დილეტანტები სააკაშვილის ხელისუფლებიდან ბანალურ საპროცედურო “ნაღმზე” აფეთქდნენ, გასაკვირი თავისთავად არ არის, საინტერესო მხოლოდ ისაა, შეეძლო თუ არა ვაშინგტონს ამ სიტუაციაში თავისი პარტნიორი “გადაერჩინა”? თუ დავუკვირდებით, რომელი ქვეყნის წარმომადგენელმა მოსამართლემ მისცა ხმა საქმის განხილვაზე უარის თქმას (ხმები 10:6-ზე გაიყო), ვნახავთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელი ამ გადაწყვეტილებას კი შეეწინააღმდეგა, მაგრამ ბრიტანელი მოსამართლე რუსეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიემხრო. ასე მოიქცნენ აშშ-ის მეზობელი მექსიკისა და მისი ახლო მოკავშირე მაროკოს წარმომადგენლებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ მათი ქვეყნების მთავრობების პოზიცია გაეროს მოსამართლეებისთვის დოგმაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი საქმეში აქტიურად ჩაერეოდა, ალბათ, განსხვავებულ შედეგს მივიღებდით. როგორც მინიმუმი, ბრიტანეთის ხელისუფლება (და მოსამართლე) სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის პოზიციას, სავარაუდოდ, გაითვალისწინებდა. თუმცა, როგორც ჩანს, თეთრ სახლში არავის გასჩენია სურვილი, სააკაშვილის მარცხისთვის ხელი შეეშალა. ეს გარკვეული რაკურსით შეიძლება განვიხილოთ, როგორც საკმაოდ სერიოზული სიგნალი.
მოლდოვა ერთიანდება, საქართველო კი იშლება
ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობს, ნატოს დაუახლოვდეს და ორი ზესახელმწიფოს წინააღმდეგობებზე ითამაშოს, საქართველო დანაწევრებულ მდგომარეობაში რჩება. მოლდოვა კი, რომელსაც მსგავსი პოლიტიკა არ გაუტარებია, პირიქით, – ერთიანდება. 29 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრის დროს შემდეგი რამ თქვა: “წინ სამშვიდობო ოპერაციის გადაფორმატება გვაქვს”, “ჩვენ დაახლოებით ერთნაირ საბოლოო მიზანს ვხედავთ – ეს დნესტრისპირეთის განსაკუთრებული სტატუსია ერთიანი სახელმწიფოს, მოლდოვას რესპუბილიკის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში”. მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის იური ლანკეს განცხადებით, “სამშვიდობოებმა საქმე გააკეთეს და მშვიდობა დაამყარეს, მაგრამ დრო გადის და ახალ მიდგომებს მოითხოვს. დღეს სამხედრო სამშვიდობო ოპერაცია სამოქალაქო სამშვიდობო ოპერაციამ უნდა ჩაანაცვლოს”.მიუხედავად იმისა, რომ პროცესს წინ ბევრი პრობლემა შეექმნება, ჩვენ ვხედავთ, რომ ყინული დაიძრა. ეს, ფაქტობრივად, იმ პრინციპების რეალიზებას წარმოადგენს, რომლებიც დიმიტრი მედვედევსა და ანგელა მერკელის მიერ 2010 წლის 5 ივნისს  ხელმოწერილ მემორანდუმშია დაფიქსირებული. მაშინ, როდესაც “ევროკავშირის ლოკომოტივი” გერმანია და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ მათი საერთო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო, კონფლიქტებისგან თავისუფალი სივრცე უნდა შეიქნას. მოლდოვას შემთხვევაში ეს შემდეგი პოსტულატის ხორცშესხმას ნიშნავს: “დნესტრისპირეთის განსაკუთრებული სტატუსი – მოლდოვის სახელმწიფოს ერთიანი, ნეიტრალური სტატუსის ჩარჩოებში”, რაც 1992 წელს რუსეთისა და მოლდოვის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში და მის თანმდევ დოკუმენტებში ჩაიწერა.აი, ეს არის რეალობა: მოლდოვა ერთიანდება, საქართველო კი დანაწევრებულ მდგომარეობაში რჩება. ეს არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის მთავარი შედეგი. არსებობდა ყველა წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში ზუსტად იგივე პროცესი დაწყებულიყო, რაც ახლა მოლდოვაში მიმდინარეობს, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამის შესაძლებლობა მოსპო.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here