Home რუბრიკები სამართალი გურამ გირგვლიანი: ბრძოლა ახლა იწყება!

გურამ გირგვლიანი: ბრძოლა ახლა იწყება!

1555

2006 წლის დასაწყისში, 28 წლის სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შემზარავი ფაქტი გახმაურდა. 28 იანვარს ნაწამები სანდრო გირგვლიანის ცხედარი ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. სანდროს ოჯახის დიდი ძალისხმევით გახმაურ­და ვერსია, რომ იგი შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა 27 იანვარს “შარდენზე” მომხდარი მცირე ინციდენტის გამო მოკლეს; კერძოდ, – როცა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი – ვასილ სანოძე დაბადების დღეს აღნიშნავდა. მასთან ერთად სუფ­რასთან ისხდნენ: კუდის უფროსი დათა ახალია, შს სამინისტროს პრესცენტრის უფროსი გურამ დონაძე, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი მეგობარი თამარ მაისურაძე. სანდრო გირგვლიანმა თამარ მაისურაძეს მეგობართან, ლევან ბუხაიძესთან, ერთად მიაკითხა. იმ დღეს მაისურაძესთან პირად საუბარში, სანდროს მიერ სანოძის ერთ-ერთი თანამესუფრის უწმაწურად მოხსენიების გამო, სუფრის წევრებმა სადამსჯელო ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც, ოლეგ მელნიკოვის ხელმძღვანელობით, სანდრო და მისი მეგობარი “მერსედესის” მარკის ავტომანქანით ოქროყანაში გაიტაცა. ბუხაიძემ გაქცევა მოასწრო, სანდრო კი სხეულის მრავალჯერადი დაზიანებებით მეორე დღეს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
6 მარტს მერაბიშვილმა ამაყად განაცხადა, რომ გახსნილია სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და დაკავებულია სამინისტროს ოთხი თანამშრომელი: გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილური. 7 მარტს გურამ დონაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა, ოღონდ ამის მიზეზად ჟურნალისტებთან გართულებული ურთიერთობა დასახელდა და არა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. თანამდებობები დროებით (გამოძიების დასრულებამდე) დატოვეს დათა ახალაიამ და ვასილ სანოძემ. თუმცა მოკლე დროში ორივე მათგანი შეუდგა საკუთარი მოვალეობის შესრულებას. გურამ დონაძეს კი გადაცემა “პატრული” ჩააბარეს. მოკლედ, მერაბიშვილმა ამ ფორმალობით გირგვლიანის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვა ვერ მოახერხა. გარდაცვლილის დედა, ირინა ენუქიძე აქციებისა თუ სხვა საშუალებებით მუდმივად ახსენებდა ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ამ სასტიკ მკვლელობას და მკვლელობის დამკვეთების დასჯას ითხოვდა. სწორედ მან შეიტანა სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმ­წიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ირინა ენუქიძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ მოესწრო. თუმცა ქართულმა საზოგადოებამ ცოტა ხნის წინათ იხილა ეს გადაწყვეტილება. სახელმწიფომ გირგვლიანის საქმეზე პროცესი წააგო, ხელისუფლებას ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა და გამოძიების ხელახალი ჩატარებისკენ მიუთითა. სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მომავალ სტრატეგიაზე “საქართველო და მსოფლიოს” სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი ესაუბრა:- ბატონო გურამ, რას ელოდით და რა მიიღეთ ევროპის სასამართლოსგან?- ჭეშმარიტების დადგენას. დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ პროცესს მოვიგებდით და, მგონი, ყველამ დაინახა, მთელმა საქართველომ გაიგო, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე. ხელისუფლებამ კვლავ სცადა ხალხის მოტყუება, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა ბურჯალიანმა, მაგრამ არ გამოუვიდათ. ხალხი მიხვდა სიმართლეს, დაინახა, რა მოხდა სინამდვილეში და ამით ძალიან კმაყოფილი ვართ.- საზოგადოებისთვის თქვენი ოჯახის აქტიურობის შედეგად მანამდეც ცნობილი იყო, რა მოხდა რეალურად. რას ცვლიდა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება? ეს, ალბათ, ხელისუფლებასთან ბრძოლაში გამარჯვება უფრო იყო, ვიდრე საზოგადოებისთვის რამის დამტკიცება…- მართალი ხართ. პირველ რიგში, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა იყო და სარჩელიც ასე შევიტანეთ ევროპის სასამართლოში: ენუქიძე-გირგვლიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ძალიან არ მოსწონდა ჩვენს ხელისუფლებას. დიახ, ჩვენ ხელისუფ­ლებას მოვუგეთ ეს პროცესი და ამავე დროს რეალობა დავანახეთ საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომელიც დღესაც უჭერს მხარს ამ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს. ჩვენ, ჩემი ოჯახი (ოჯახს პირობითად ვგულისხმობ) და საზოგადოება ვართ გამარჯვებული!- ცოტა ხნის წინათ ჩვენთან საუბარში განაცხადეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ სტრასბურგს და  პირადი კონტაქტებით ცდილობდნენ საქმეების მოგვარებას. იქონია თუ არა გავლენა მათმა მოქმედებებმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე? სამოტივაციო ნაწილში მართლაც მწვავედ არის ასახული ყველაფერი, მაგრამ გადაწყვეტილებაზე რას იტყვით?- მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ისინი ცდილობდნენ და იბრძოდნენ იმისთვის, რომ განაჩენი რაც შეიძლება მსუბუქი  ყოფილიყო. გახსოვთ, როგორ გამოვიდა ბურჯალიანი და განაცხადა, სახელმწიფოს ბრალეულობა არაფერ შუაშია და ჩვენ დიდი სიამოვნებით გადავიხდით 50 000 ევროს დაზარალებულის სასარგებლოდო. შეიძლება ადამიანი იმდენად გახარებული იყოს იმით, რომ სახელმწიფო არ დაადანაშაულა სტრასბურგის სასამართლომ, რომ დიდი სიამოვნებით გადაუხადოს დაზარალებულ ოჯახს თანხა? მაშინ გამოდის, რომ ის იმაში იხდის ფულს, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო არ დაადანაშაულა. გადაწყვეტილების  მეორე და ოცდამეთორმეტე მუხლებში ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი და პირდაპირი ბრალდებაა როგორც სახელმწიფოს, ისე გარკვეული სტრუქტურების წინააღმდეგ. საუბარია სასამართლოზე, პროკურატურაზე, შს სამინისტროსა და პირადად პრეზიდენტზე. აქედან გამომდინარე, მგონი, დასკვნა გასაგებია. თუ ასეთი მადლობელი ხარ და ისე გიხარია ეს ამბავი, რომ სიამოვნებით გადაიხდი 50 000-ს, რაში იხდი ამ თანხას, თუ სახელმწიფო დამნაშავე არ არის?- ანუ ბურჯალიანი მანიპულირებდა იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო არ არის დადანაშაულებული. თქვენ ფიქრობთ, რომ ევროპის სასამართლომ განაჩენში სწორად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია?- სწორად ჩამოაყალიბა იმდენად, რამდენადაც ეს ამბავი მოხდა არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ანუ იმ მაღალჩინოსნებმა  ეს ჩაიდინეს ვითომ პირადი შეურაცხყოფის გამო და არა სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გატარებული ღონისძიებების დროს. აქედან გამომდინარე ეს მოხდა არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. სტრასბურგის სასამართლო  სახელმწიფოს  გამოძიების თავიდან ჩატარებას არასდროს ავალდებულებს. სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ მიუთითებს იმ დარღვევებზე, რომლებიც ჩაიდინეს მაღალჩინოსნებმა, პირადად პრეზიდენტმა. აქედან გამომდინარე, თუ შენ დემოკრატიული ქვეყანა ხარ, თვითონვე უნდა დაიწყო ეს გამოძიება, მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ არ წავლენ და თავისიანებს არ ჩააგდებენ ციხეში, იმ ტოტს არ მოჭრიან, რომელზეც სხედან. რა თქმა უნდა, ყველანაირად დადანაშაულებული არიან, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, წაიკითხოს ეს გადაწყვეტილება და დარწმუნდება. უკვე ენა ჩაუვარდა ხელისუფლებასაც. ეს იმას ჰგავდა, ჰააგის პროცესი  მოვიგეთო, რომ თქვეს, მაგრამ ერთ დღეში ყველა გაჩუმდა, როდესაც  ხალხმა სიმართლე გაიგო. იგივე ვარიანტია, ომი რომ ვითომ მოვიგეთ 2008 წელს და ა.შ. – ბატონო გურამ, ევროპის სასამართლოში საქმის მოგება თქვენი მთავარი მიზანი იყო, ამით ამოიწურა თქვენი გეგმები?- არა, პირიქით, პროცესი გაგრძელდება და ამას სასამართლოც უთითებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამას სჭირდება გაგრძელება და გაგრძელდება კიდეც, საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. როგორც მაშინ დარწმუნებით გითხარით, რომ საქმეს მოვიგებდით, ასევე ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. ამ ხელისუფლების პირობებში შეიძლება ცოტა გაჭირდეს, რადგან ესენი ყველაფერს გააკეთებენ ჩვენს საწინააღმდეგოდ, მაგრამ სტრასბურგს აქვს გარკვეული მექანიზმები, რითაც აიძულებენ ხელისუფლებას, დაიწყონ გამოძიება. ამასთან, ეჭვი არ მეპარება ქართული საზოგადოების თანადგომაში. – არსებობს ინფორმაცია, რომ სასამართლოზე გაკეთდა მწვავე შეფასებები: მსგავსი აბსურდი არ უნახავს ევროპის სასამართლოს და ა.შ.- სასამართლომ მოისმინა მხოლოდ ადვოკატების გამოსვლები და შეფასებები, სახელმწიფოს მხარეს კი იცავდა ბურჯალიანი, ის ამართლებდა, რა თქმა უნდა, თავის ხელისუფლებას და ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ოთხეულის დასაჭერად და საკადრისადაც დასაჯა, რაც იქვე ჩანდა, რომ  ტყუილი იყო. ჩვენი მხარის ადვოკატმა – დავით ჯანდიერმა თავის გამოსვლაში ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბა, ამის შეჯერების შედეგად დადგა სწორედ მკაცრი და სწორი განაჩენი. სასამართლოს  საქმის გამოძიების თავიდან დაწყების მხოლოდ მითითება შეუძლია, ხოლო სტრასბურგის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ავალებს სახელმწიფოს, დაიწყოს ხელახალი გამოძიება და უშუალოდ აკონტროლებს კიდეც ამ საქმეს. კომიტეტში შედიან 47 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ საქმის მიმდინარეობას. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ სამი თვის შემდეგ, რადგან ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ ან ჩვენ შევიტანოთ საჩივარი, ან სახელმწიფომ.- აპირებთ საჩივრის შეტანას?- ამაზე ვიფიქრებთ, ადვოკატებთან ერთად ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა ვუთხრა როგორც ჩემს ადვოკატებს, ასევე თქვენ, ჟურნალისტებს, ყველას, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამ საქმეში და გვერდით ედგა ირინა ენუქიძის ოჯახს. სისულელეა ამის თქმა, როგორ უნდა იზეიმოს ადამიანმა, როდესაც ამხელა ტრაგედია მოხდა, მაგრამ ამ გამარჯვებით გული მაინც მოვიფხანეთ და დავანახეთ ყველას ამ ხელისუფლების უსუსურობა.
სოფო გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here