Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე იობი: ეკლესიის საქმეში არასასურველი პირები ერევიან

მეუფე იობი: ეკლესიის საქმეში არასასურველი პირები ერევიან

1590

“საქართველო და მსოფლიო” აგრძელებს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობთან საუბრების ციკლის გამოქვეყნებას, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე.- მეუფე, მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. თქვენ თითქმის შვიდი წელი პატრიარქის ქორეპისკოპოსი ბრძანდებოდით, შემდეგ კი დატოვეთ ეს თანამდებობა და წახვედით. რატომ წავიდა მეუფე იობი – მართლა იმიტომ, რომ ეპარქიაში უამრავი საქმე ჰქონდა, თუ იყო რაღაც სხვა მიზეზი?

– ქორეპისკოპოსობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეპისკოპოსმა, რომელიც ამ თანამდებობაზეა დანიშნული, უშუალოდ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა იმოქმედოს. თითქმის 7 წელი ვიყავი პატრიარქის ქორეპისკოპოსი. მქონდა ჩემი მოვალეობანი განქორწინებასთან, ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით. ბევრი სულიერად შეჭირვებული ადამიანი მოდიოდა მაშინ ჩემთან. ჩემი არაკეთილმოსურნეები ხედავდნენ, რომ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ბოლომდე მორჩილი ვერ ვიქნებოდი იმ ყველაფრის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, ვხედავდი. ჩემ ირგვლივ ბევრი რამ ისეთი ხდებოდა, რაც ეკლესიისთვის, სასულიერო პირთთვის დაუშვებელი იყო. მე ქორეპისკოპოსი ვიყავი და ჩემთან ბევრი მღვდელმთავარი მოდიოდა და უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ ეკლესიის საქმეში არასასურველი პირები ერევიან. უწმინდესთან შეთანხმების შემდეგ გადავწყვიტე, რეფორმები გამეტარებინა, წესდებები შეგვედგინა თითოეული განყოფილებისთვის, ფუნქციები გადანაწილებულიყო. ეს უშუალოდ ეხებოდა პატრიარქის მდივანსაც. მავანს და მავანს და არა პატრიარქს (ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული) ეს არ ესიამოვნა… იცით, მე პირდაპირ ადამიანი ვარ, როგორც სახარებაში წერია – “ხო – ხო და არა – არა” – მესამე ჩემთვის არ არსებობს, ის ეშმაკიდან მოდის. დღეს კი რატომღაც,  სასულიერო პირთათვის დიპლომატია აუცილებელ თვისებად არის მიჩნეული. ხმამაღლა ვიტყვი, რომ დიპლომატია პოლიტიკოსების საქმეა და არა სასულიერო პირების. სასულიერო პირმა, მით უმეტეს დიდმა იერარქმა იქ, სადაც “ხოა” სათქმელი, ხო უნდა თქვას და სადაც “არა” – იქ არა. მესამე, რაღაც ბუნდოვანი “დიპლომატიური” პასუხი ჩემთვის მიუღებელია. თანდათანობით ურჩ, ჩემი ნების გამტარებელ ქორეპისკოპოსად მიმიჩნიეს და გადაწყვიტეს, რომ ზედმეტი ვიყავი. ყველა პირობა შექმნეს იმისთვის, რომ წამოვსულიყავი. მეც მივხვდი, მართალი სიტყვა იქ არავის სჭირდებოდა და წამოვედი… – დღეს, სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდნენ სოდომ-გომორული ცოდვის მატარებელნი არა მხოლოდ ერში, არამედ ეკლესიაშიც… ამ საშინელი ცოდვის გამო ხომ არ იყო, რომ გარდასულ საუკუნეში ქართულმა მართმადიდებლურმა ეკლესიამ ცოლოსანი ეპისკოპოსები დაუშვა?- მახსენდება მართალი აბრაამი და მისი ძმისწული – ლოთი. ლოთი ქალაქ სოდომში ცხოვრობდა, სოდომ-გომორული ცოდვა იმდენად შემაშფოთებელი და ამაზრზენია, რომ ყოვლადწმინდა სამება ჩამობრძანდა სამი ანგელოზის სახით – ღაღადისი ზეცამდე ამოვიდა, ჩამოვედით, რათა ჩვენი თვალით ვიხი­ლოთ, რა ხდებაო. აბრაამს მაინც ეცოდებოდა ეს ქალაქები გასანადგურებლად; უფალს ევედრებოდა, ორმოცდაათი მართალი მაინც თუ აღმოჩნდა, არ დაწვა ეს ქალაქებიო, მაგრამ სოდომ-გომორში თავისი ცხოვრებით მართალი ათი კაციც კი არ აღმოჩნდა. (ამაში იგრძნობა ადამიანისადმი უფლის უდიდესი სიყვარული. აბრაამი ის წმინდანია, რომელსაც მისი ერთადერთი შვილი უნდა შეეწირა უფლისათვის). ამ საზარელი ცოდვის გამო უფალმა გადაწვა ეს ქალაქები და მათ ადგილას დღეს მკვდარი ზღვაა, რომლითაც უფალი კაცობრიობას შეახსენებს, თუ რა შედეგი მოსდევს ამ ცოდვას – მკვდარ ზღვაში არანაირი ცოცხალი არსება არ ცოცხლობს. ასე სასტიკად სჯის უფალი ამ ცოდვის ჩამდენს… სჯულის კანონში წერია, რომ ხეიბარი, მამათმავალი, ასევე მსახიობი და ისიც, ვისაც მსახიობი ჰყავს ცოლად, არ შეიძლება გახდეს მღვდელი. დღეს, სამწუხაროდ, აღარ ითვალისწინებენ სჯულის კანონის სწავლებას. ამიტომაც არიან ასეთი ცოდვის მატარებელი სასულიერო პირები. ეს, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ეკლესიისთვის. ყველაზე უფრო საშინელი კი ის არის, რომ მამათმავლები თითქოს გრძნობენ ერთმანეთს და ცდილობენ, ირგვლივ მხოლოდ თავისნაირი ხალხი შემოიკრიბონ…იცით, შეიძლება კაცს ბავშვობაში გამოუცდელობით რაღაც შეემთხვა, მაგრამ მას შემდეგ აღარ აგრძელებს ამ ცოდვაში ცხოვრებას, იქით გახედვაც აღარ უნდა. ასეთი ადამიანის კურთხევა რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ თუ კურთხევის შემდეგ იგივე ცოდვას დაუბრუნდება, მისი მღვდლად დატოვება ყოვლად დაუშვებელია, ეს არის ღვთის კანონის წინააღმდეგ წასვლა. ვინც ასეთ კაცს ხელს დაასხამს და აკურთხებს,  თვითონაც მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის. (ამის შესახებ მითითებულია “მცირე სჯულის კანონში”). რაც შეეხება გარდასულ საუკუნეში არსებულ ცოლოსან ეპისკოპოსებს, რადგან ეკლე­სიამ ეს დაუშვა, ესე იგი, ამის მიზეზიც არსებობდა… – იცით, მეუფეო, ხშირად მახსენდება თქვენი ნათქვამი – უშვილობას ამპარტავნება იწვევსო. დღეს ძალიან მომრავლდა უშვილო დედები, ოჯახები. ოღონდ შვილი ჰყავდეთ და ათასნაირ მეთოდს მიმართავენ. გაჩნდნენ სუროგატი დედები, ე.წ სინჯარის ბავშვები. თუმცა მედიკოსებმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყიან ამ საკითხის მიმართ ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ შვილს მონატრებულ წყვილს ძნელია, გააგებინო, რომ ეს უფლის ნების წინააღმდეგ წასვლაა. საინტერესოა ამ საკითხის თქვენეული ახსნა..- ჩვენ სულიერად ბიბლიიდან ვსაზრდოობთ და ამ საკითხზე პასუხსაც სწორედ ბიბლია გვაძლევს. ებრაელთა ერში უშვილო ოჯახებს დასცინოდნენ, ამცირებდნენ, მათი შესაწირი არ შეიწირებოდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უშვილობის მიზეზი მშობლების ცოდვა იყო. მაგრამ შემდეგში ახალმა აღთქმამ  და ახალმა სწავლებამ დაგვანახა, რომ უშვილობა ცოდვის შედეგი კი არა, ღვთის ნება იყო ადამიანზე დაშვებული. თუ წყვილი უშვილოა ან ერთი, ან მეორე მეუღლის მიზეზით, უფლის იმედი მაინც არ უნდა დავკარგოთ. აბრაამის მეუღლე, სარა 90 წლის იყო, როცა ანგელოზი გამოეცხადა და აცნო­ბა, რომ შვილი ეყოლებოდა. სარამ გაიცინა, როგორ შეიძლება, მე შვილი მეყოლოსო. ანგელოზებმა კი მიუგეს, რომ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელ არსო. და მართლაც სარას შვილი მიეცა. ასევე ღვთისმშობლის მშობლებს – იოაკიმესა და ანას სიბერის ჟამს მიეცათ შვილი. მთავარია, უფლისადმი სასოება არ დაკარგო და სასოწარკვეთილებას არ მიეცე… ეს ამბავი რუსეთში რევოლუციამდე მოხდა. ერთ ქალს შვილი ძალიან ავად გაუხდა. იგი დედა ღვთისმშობელს ევედრებოდა, შვილი გადამირჩინეო. მას ხატთან ჩაეძინა. ძილში ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა – მე კი გადაგირჩენ შვილს, მაგრამ მის ქმედებებზე შენ აგებ პასუხსო. სახლში დაბრუნებულ ქალს საღსალამათი შვილი დახვდა. შემდეგ ეს პიროვნება რევოლუციონერი გახდა, უამრავი ხალხი დახოცა და ეკლესია-მონასტრები დაანგრია. მაშინვე გაახსენდა დედამისს ღვთისმშობლის სიტყვები. ასე რომ, უფალმა უკეთესად იცის, მოგვცეს თუ არა შვილი, ვინ იქნება იგი და მომავალში როგორ იცხოვრებს. აქედან გამომდინარე, უფალს უნდა მივენდოთ, თუ ღმერთი მოგვცემს შვილს, მადლიერებით უნდა განვიმსჭვალოთ მის მიმართ, თუ არა, სასოება მაინც არ დავკარგოთ… ჩვენს ეპარქიაში სასწაულმოქმედი სალოცავია – სარკის წმინდა გიორგი, სადაც უამრავი უშვილო წყვილი ასულა შემწეობის სათხოვნელად და მათ შვილი მისცემიათ… ასევე ჩვენს ეპარქიაში დირბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში არის უნიკალური “მიდგომილი ღვთისმშობლის” ხატი, რომელიც ბევრ მასთან სასოებით მისულ უშვილო ქალს დედობის სიხარულს ანიჭებს. რაც შეეხება ე.წ. სინჯარის ბავშვებს, სუროგატი დედების გამოყენებას – ყოვლად მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ეს პირდაპირ ღვთის წინააღმდეგ წასვლაა, უფლის ნებაში უხეში ჩარევაა… არ შეიძლება ბოროტებაზე დაფუძნებით სიკეთე მივიღოთ…- ძალიან მომრავლდნენ მარტოხელა დედები – ქალები, რომლებიც ვერ გათხოვდნენ და გადაწყვიტეს, შვილი გაეჩინათ. საზოგადოება მათ ამართლებს – აბა, რა ექნა, შვილი უნდოდაო… – ეს რა თქმა უნდა, მრუშობაა. ქალისა და მამაკაცის კურთხევის, ჯვრისწერის გარეშე გაჩენილი ბავშვი მრუშობის ნაყოფია, ცოდვის შვილია. მაგრამ სულ სხვა საკითხია, თუ ქალზე ვინმემ იძალადა და ამის შედეგად დაორსულდა. მუცელს ხომ არ მოიშლის მორწმუნე ადამიანი? თუ იგი ამ ბავშვს გააჩენს, მას ეს მრუშობად არ ჩაეთვლება განსხვავებით იმ ქალისგან, ვინც თავისი ნებით, წინასწარ შეარჩევს თავისი მომავალი შვილის მამას. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ დღეს ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი – კაცს. ქალმა ქალური თვისება დაკარგა, კაცმა კი – კაცური. ეს ჩვენი ცოდვების შედეგია. ჩვენი მოუნანიებელი ცოდვები ჩვენს სულში ილექება და გენებით თაობიდან თაობაზე გადადის. ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რომ ქალს დიდ თანამდებობაზე ემუშავა. ქალი ოჯახში უნდა იყოს და შვილებს უნდა ზრდიდეს. დედის სითბოს მოკლებული ბავშვი უხეში გამოდის, სიყვარული ნაკლები აქვს. დედა განსაზღვრავს შვილის მომავალს……მე ბავშვთა სახლში აღზრდილი უამრავი ბავშვი მინახავს – მათ თვალებში რაღაცნაირი სიცივე, სიუხეშე მაინც იგრძნობა. შეიძლება დედური სითბო მათ მიმართ სხვამ გამოხატოს, მაგრამ დედას ხომ მაინც ვერ შეუცვლის? ცხრა თვე მუცლით ატარებს ბავშვს ქალი და ბავშვი სულიერად და ფიზიკუ­რად დედის წიაღში ყალიბდება, მაგრამ ამქვეყნად უკვე მოვლენილს, უფრო მეტი სითბო და სიყვარული სჭირდება. თუ მას ეს სითბო დედამ არ მისცა, მისი სული თანდათანობით უხეშდება… – თქვენ ფიქრობთ, რომ თუ წყვილს შვილი არ მიეცა, უმჯობესია აიყვანოს, ვიდრე სინჯარის ბავშვი ჰყავდეს? ბევრი ოჯახი მინახავს, შვილი აუყვანიათ, მაგრამ შემდეგ უფალს მისთვის საკუთარიც მიუცია. მახსოვს, ერთხელ ბრძანეთ, ადრე, როცა ადამიანი სხვის ბავშვს შვილად აიყვანდა, მას სპეციალურ ლოცვებს უკითხავდნენო… – შვილად აყვანის ქრისტიანული წესი საქართველოში დღესაც არსებობს, ლოცვის დროს შვილად ასაყვანი დაჩოქილია და დედა ან მამა მას მუხლს ადებს მხარზე ნიშნად იმისა, რომ მორჩილება გასწიოს. ოფიციალური საიდუმლოება შვიდია, მაგრამ მამები ფიქრობდნენ, რომ ბერად ან მონაზვნად აღკვეცაც ერთ-ერთ საიდუმლოდ უნდა მიჩნეულიყო – ამ დროს ხომ მართლაც საოცარი რამ ხდება ადამიანში?! მე კი ნამდვილად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ საიდუმლოებათა გვერდით შვილად აყვანაც უნდა მოიაზრებოდეს. ენით აუწერელი გრძნობაა. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე – მართალია, შვილად ასაყვანი არ არის შენი სისხლი და ხორცი, მაგრამ ამ საგანგებო ლოცვების წაკითხვის დროს იმხელა მამა-შვილური ერთობა ყალიბდება… ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. თუმცა გენები მაინც თავის საქმეს აკეთებს – რაც ბიოლოგიურ მშობლებს ჰქონდათ, არც თუ იშვიათად შვილებში გამოჩნდება ხოლმე… – ძალიან ხშირად აყვანილი შვილები ტანჯვად გადაექცევათ ხოლმე ადამიანებს. იმიტომ ხომ არა, რომ ამით უფალს უნდა გაგვაგებინოს – მე შვილი არ მოგეცი, შენ კი თავი განსაცდელში შენივე ნებით ჩაიგდეო? – ასეც არის, თქვენც აღნიშნეთ, რომ არის უშვილო ოჯახები, რომელთაც ბავშვი აიყვანეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი უფალმა მათ საკუთარიც მისცა. იცით, ასე რატომ მოხდა? იმიტომ, რომ ადამიანები, რომელთაც ამპარტავნების გამო შვილი არ ეძლეოდათ, დამდაბლდნენ – სხვისი შვილის მიმართ გამოხატეს სითბო და სიყვარული. უფალმა კი არ დააყოვნა და ამ თავმდაბლობისთვის მათზე წყალობა მოიღო – საკუთარი შვილი მისცა.- ქართველისთვის ქალწულობის ინსტიტუტი ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დღეს კი ქალწულობა წარსულის დრომოჭმულ გადმონაშთად ითვლება. ერთხელ ბრძანეთ, არაქალწულთა შეუღლება მომავალ თაობაზე დიდ გავლენას ახდენსო. ხანდახან მათი შვილები საერთოდ არ გვანან მშობლებსო. საინტერესოა, ქალწულობის რელიგიური ასპექტები არა მხოლოდ მორალური კუთხით, არამედ მომავალი თანაცხოვრების ჭრილშიც. – ქალწულების პირველი დიდი მაგალითი მოგვცა იოანე ნათლისმცემელმა, რომელიც სუფთად აღიზარდა უდაბნოში; ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ, რომელმაც შობა უფალი ჩვენი – იესო ქრისტე და ქალწულადვე დარჩა. ქალწულება – ეს არის პირველქმნილი ადამიანის მადლი, რომელიც განასხვავებს ქალწულს არაქალწულისგან. ყველა მოწამეს, რომელიც ქალწულად აღესრულა, მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებით მოიხსენიებს  – ქალწულმოწამეო. მოციქულთაგან იოანე ღვთისმეტყველი იყო ქალწული და მამები ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო განსაკუთრებით შეიყვარა იგი უფალმა – მკერდს მიყრდნობილი ჰყავდა. იოანე ღვთისმეტყველი თავის თავს სახელით კი არ იხსენიებს, არამედ – “მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს”. ამაში უდიდესი აზრია ჩადებული. გავიხსენებ ქალწულმოწამე პელაგიას, რომელმაც ქალწულების შენარჩუნებისთვის თავი კლდიდან გადაიგდო. გახსოვთ, ალბათ, ეს ეპიზოდი ფილმიდან “ბაში-აჩუკი”, რომელშიც ყიზილბაშის ხელში ჩავარდნილი ქალი მტარვალს ეუბნება – ისეთი ბალახი ვიცი, დავიდებ და, დანაც რომ დამისვა, არ მოვკვდებიო. იგი მზად არის, მტარვალის ხელით მოკვდეს, ვიდრე მას დანებდეს. ეს ამბავი ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებიდან არის მოტანილი და მასში უდიდესი ღვთიური საიდუმლოებაა ჩადებული. და თუკი დღეს ჭეშმარიტად – სულით და ხორცით ქალწულია ვინმე – ქალი თუ მამაკაცი, შეიძ­ლება ითქვას, იგი ცოცხალი წმინდანია, რომელსაც პატივი უნდა მივაგოთ და გავუფრთხილდეთ (რა თქმა უნდა, ეკლესიურ ადამიანს ვგულისხმობ). ჭეშმარიტი ქალწულება სხეულისა და სულის სიწმინდეს ერთნაირად გულისხმობს. ქალწულს ისეთი დაცვა აქვს უფლისგან, რომ იგი ყველასგან განსხვავდება; როგორც მანათობელი ვარსკვლავი, ისე გამოირჩევა ადამიანებში… თუ შეუღლებისას მამაკაციც და ქალიც ქალწულია, მათ ღვთაებრივი, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი შვილები ეძლევათ. მინდა, გითხრათ, რომ ბავშვის აღზრდა მისი გაჩენიდან კი არა, ჩასახვიდან იწყება. მდედრმა ცხოველმაც კი იცის, რომ აივსება მამრს აღარ მიიკარებს; ქალი და კაცი კი ხანდახან დაორსულების შემდეგაც არ წყვეტს ცოლ-ქმრულ კავშირს – ბუნებრივად თუ არაბუნებრივად. და რა გამოდის? რომ მამაკაცი არა მხოლოდ ცოლთან, არამედ მუცლად მყოფ შვილთანაც ამყარებს სქესობრივ კავშირს! ჩასახული ბავშვი ხომ დედის სისხლით იკვებება, რომ გაიზრდება უკვე გარყვნილებისკენ არის მიდრეკილი ან გაუკუღმართებულად, ან არაბუნებრივად იქცევა, ისევე, როგორც მისი მშობლები იქცეოდნენ. ესეც არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ამდენი გაუკუღმართებული ორიენტაციის მამაკაცი და ქალი არსებობს დღეს! მერე მშობლები იტყვიან – რატომ ჩაიდინა ჩემმა შვილმა უმსგავსი საქციელიო. იმიტომ, რომ თავი ვერ შეიკავა ფეხმძიმობის დროს და გარყვნილებას მიეცა. ამ საკითხს სამეფო სახლებში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ბავშვის ჩასახვიდან მშობლებს შორის ურთიერთობა უნდა შეწყდეს, რადგან ბავშვი ყველაფერს გრძნობს; მშობელი ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს, რომ სულიერი საზრდო, უფლის მადლი ბავშვზეც გადავიდეს. ბავშვი მუცლად ყოფნის დროს გრძნობს აგრესიას, მშობლებს შორის უთანხმოებას, მისი ფსიქიკა უკვე მახინჯდება და ამიტომაც არის, რომ ასე მომრავლდა ნევროზული ბავშვები.თუ არც ქალი იყო ქალწული და არც მამაკაცი, ოჯახები ხშირად ინგრევა… საჭიროა უფრო მეტი პროპაგანდა, რომ დაიცვან ქალწულება და ქალწულებით მოხდეს ადამიანთა შეუღლება… თუმცა დღეს ისეთი ცხოვრებაა, ადამიანის აზროვნება ისე გადაგვარდა, რომ გარყვნილება აღარაფრად მიაჩნიათ. ადამიანი თვით ყველაზე საზარელ ცოდვასაც ისე გეტყვის აღსარებაში, რომ არც კი შეიცხადებს – თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამ ყველაფრის შემდეგ განა გასაკვირია, რომ ქალწულება დრომოჭმულ, სასაცილო მოვლენად მიაჩნიათ?- მაგრამ ისეც ხომ ხდება, რომ ქალი ქალწულობას თავისი ნებით აქ კარგავს და ძალადობის მსხვერპლი ხდება? თავს ხომ ვერ მოიკლავს, ვერც ქარაფიდან გადახტება? მან ამ საშინელი ტკივილით უნდა იცხოვროს მთელი ცხოვრება. იმის გამო, რომ ვიღაც გარეწარმა გააუპატიურა, მთელი სიცოცხლე უბედურებისთვის ხომ არ უნდა იყოს განწირული?- ეს უკვე სხვა შემთხვევაა. თუკი ამის შემდეგ იგი სულიერად წმინდად, ქალწულებით იცხოვრებს, მაშინ დარღვევა აღარ არის. არსებობს ხორციელი და არსებობს სულიერი ქალწულება. ძალადობით გაუპატიურებულ ადამიანს კი სულიერი ქალწულება არ დაუკარგავს, სული ხომ ხორცზე აღმატებულია? მთავარია, სინანულით იცხოვროს… – ალბათ, იმის ახსნაც არსებობს, თუ რატომ დაიშვა მის თავზე ამხელა განსაცდელი… – წმინდანთა ცხოვრებიდან ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთი ამპარტავანი ადამიანი იყო, რომელსაც არანაირი ფიზიკური ცოდვა არ ჰქონდა. ეშმაკი ხომ მრავალნაირი არსებობს – სიძვის, ამპარტავნების, ლოთობის, ნარკომანიის… ყველა იმის მიხედვით შედის ადამიანში, თუ რა სისუსტეც აქვს და ცოდვაში აგდებს. ამპარტავნების ეშმაკთან ერთად, მას სიძვის ეშმაკიც შეუჩნდა და მრუშობით დაეცა. ამის შემდეგ სიძვისა და ამპარტავნების ეშმაკს შორის კამათი გაიმართა – შენ მე მისი თავი წამართვი, ის კი უკვე ჩემი იყო. ახლა კი რა გამოვიდა? იგი ამპარტავნებასაც მოინანიებს, მრუშობასაც და აღარც ჩემი იქნება და აღარც შენიო… ამიტომ თუ უფალი იმას დაუშვებს, რომ ადამიანი ქალწულებას ძალადობით დაკარგავს, ეს იმიტომ, რომ ხშირად თავისი ქალწულებით გაამაყებული ადამიანი, რომელიც მუდმივად ამპარტავნობს, რომ იგი ქალწულია და სხვაზე აღმატებული და წმინდად ცხოვრობს, არ უქურდია, არ უმრუშია, დაამდაბლოს და ამის შემდეგ მაინც დაიწყოს სინანულზე, თავმდაბლობაზე დაფუძნებული ცხოვრება. ამ ამპარტავან ქალწულებს შეიძლება “სულელი ქალწულები” ვუწოდოთ. ასე რომ, ყველანაირი ტკივილის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება შეიძლება. – მეუფე, თქვენ ბრძანეთ, რომ ადრე ჯვრისწერაც და ნათლობაც სხვანაირად ხდებოდა. ჯვრისწერის შემდგომ მეუღლეთა თანაცხოვრების განსხვავებული წესი არსებობდა. – ეს წესი დღესაც არსებობს, უბრალოდ, მათ დღეს აღარ ვასრულებთ. ძველად ჯვრისწერა სამი ნაწილისგან შედგებოდა: ჯერ იყო წინდობა, შემდეგ – ჯვრისწერა და ბოლოს – გვირგვინის ახსნა. ჯვრისწერის შემდეგ მეუღლეებს შორის შვიდი დღის განმავლობაში ცოლქმრული კავშირი არ მყარდებოდა. ეს დრო საჭირო იყო იმისთვის, რომ ჯვარდაწერილთ ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ, ერთმანეთს შეგუებოდნენ – მათ ერთმანეთის მიმართ იმხელა კრძალვა, მორიდება ჰქონდათ; მერვე დღეს კი გვირგვინს ახსნიდნენ და ცოლ-ქმრული ურთიერთობაც იწყებოდა. ეს ადრე იყო, თორემ დღეს, როცა დარღვეულია ქალწულება ქალშიც და მამაკაცშიც, ცოლქმრულ ურთიერთობას ჯვრიწერის მეორე დღესვე იწყებენ. რაც შეეხება ნათლობას, ადამიანი ჯერ კათაკმეველი იყო, შემდეგ მონათლავდნენ და მონათლულს (ბავშვზეა ლაპარაკი, რადგან ზრდასრულ ადამიანებს, ბუნებრივია, ამას ვერ გაუკეთებენ) გაახვევდნენ სახვევში, რომელსაც “კუნკულს” ეძახდნენ და შვიდი დღის განმავლობაში ბავშვი მირონში იყო, მერვე დღეს კი მას განბანდნენ. დღეს კი ნათლობის მთელი პროცესი ერთ დღეში სრულდება. დიდსქემოსანი ბერი შვიდი დღე იყო კუნკულში და ტაძარში ლოცულობდა. შვიდი დღის განმავლობაში მისთვის ცა გახსნილია, მისი ლოცვა პირდაპირ მიდის უფალთან. მერვე დღეს კი იკითხება კუნკულის ახსნის ლოცვა (რვა სიმბოლური რიცხვია და, წმინდა მამების განმარტებით, მეორედ მოსვლას ნიშნავს).
არჩილ შუშანაშვილის ფოტო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here