მთავარი პოლიტიკა თემურ ჩალაბაშვილი: ინდაურით რომ მოისყიდი, ის კაცი ინტელიგენტი არაა!

თემურ ჩალაბაშვილი: ინდაურით რომ მოისყიდი, ის კაცი ინტელიგენტი არაა!

703
გააზიარეთ

ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, იმაზე, ე.წ. დომინოს პრინციპით ჩვენამდეც მოაღწევს თუ არა ტუნისსა და ეგვიპტეში განვითარებული მოვლენები და მიაჩნია თუ არა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვინმე საიმედოდ ოპოზიციურ სპექტრში, “საქართველო და მსოფლიოს” პოეტი თემურ ჩალაბაშვილი ესაუბრა.- ბატონო თემურ, შესაძლებელია თუ არა ჩვენშიც მოხდეს სოციალური ამბოხება?- ჩვენი ქვეყანა ამ ქვეყნებისგან იმით განსხვავდება, რომ ბევრად პატარაა. მეორე, და რაც ყველაზე მთავარია, ყველამ დაინახა, არ გამოვდექით პროტესტის ქვეყნად. ვერ შევძელით ეს. იქამდე მიიყვანა ჩვენმა მთავრობამ ხალხი, რომ ვინც უნდა ხმას იღებდეს, ვეღარ იღებს. ვერც ოპოზიციამ ივარგა. იკვეხნიან, ამდენ კაცს გამოვიყვანთ, ამ თვეში ასე იქნება, ისე იქნებაო, მაგრამ რეალური შედეგი არ ჩანს. აღარ დაგვადგა საშველი.
– ხშირად საყვედურობენ ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას პასიურობის გამო. საზოგადოების პასიურობა ნაწილობრივ იმითაც ხომ არ არის განპირობებული, რომ ხალხი არ ენდობა ოპოზიციას?- ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ისეთი გვყავს, როგორი ერიც ვართ. რა ხალხიც ვართ, ისეთი პრეზიდენტიც გვყავს. ოპოზიციას ასე ხელაღებით არ ვამტყუნებ, მაგრამ რამდენიმეჯერ გვქონდა საშუალება, რომ რაიმე შედეგისთვის მიგვეღწია, მაგრამ მერე ყველა ოპოზიციონერს ერთად მოუნდა პრეზიდენტობა. ერთი ადამიანის ამორჩევა არ ვიცით. გასაგებია, რომ ადამიანები ერთობლივად ქმნიან სიკეთეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ერთი ლიდერი, ყველას ლიდერობა არ გამოვა. შეიძლება შეიქმნას საკოორდინაციო საბჭოებიც. ამას წინათ ვესწრებოდი “სახალხო კრების” შეხვედრას, რომელსაც ნონა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს. არც იქაა სიმყარე. როცა ადამიანებს ადრე არ სჯეროდათ ბურჯანაძის, ვერც ახლა დაუჯერებენ. ერთხელ თუ ადამიანმა სახელი გაიტეხა… ხომ იცით? ასეა პოლიტიკაშიც. რომელ ადამიანს მოუბრუნდება ენა ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ. ნონა ნამდვილად უნდა იყოს ლიდერი. თავისი მხრებით ზიდავს საქართველოს სიყვარულს და, როცა ადამიანს ასეთი ცხოვრებით უცხოვრია, მას დაეჯერება. მაგრამ რას იზამს მარტო ნონა! იქ (შეყრილი არ მინდა ვაკადრო მათ) გაერთია­ნებული მსახიობები, კერძოდ, ესაძე გადასარევია თავის შემოქმედებაში, მაგრამ მისი ასეთი გამოსვლები და არტისტიზმი სასაცილოდ ჩანს. ამის დრო არ გვაქვს, არც – იმის საშუალება, რომ ხმალი ავიღოთ და არც იმის, რომ მაღალფარდოვნად ლექსები ვიკითხოთ ტრიბუნებიდან, დავუჩოქოთ მაყურებელს და მსმენელს ველაპარაკოთ ასე. ეს არის ზედმეტი ფანატიზმი. დიდი ხელოვანია ის თავის საქმეში, მაგრამ ვერავითარ ამინდს ვერ შექმნის “სახალხო კრებაში”. ჭკვიანი ხალხიც ბრძანდება იქ, ელიზბარ ჯაველიძე, გია ბურჯანაძე, ჩემი მეგობრები. მე მათ სიკვდილშიც გავყვები, ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს ისინი, მაგრამ აქ კიდევ სხვა რამეა საჭირო. ჩემი აზრით, ისევ ჩვენ ვართ საჭირო – ხალხი, ვინც გამოვალთ და ჩვენს სიტყვას ვიტყვით. ხალხმა უნდა აიღოს ინიციატივა და არა ოპოზიციურმა პარტიებმა. ისინიც ხალხი არიან, მაგრამ თვითონ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე და ხელისუფლებას ჩავუდგეთ სათავეში. შეიძლება ვინმე ოპოზიციონერმა მითხრას, თქვენ რას აკეთებთო? ვაკეთებ. ჩემი საქმე სიტყვაა და ვიბეჭდები, ვწერ, ვდგავარ არა მხოლოდ ტრიბუნაზე, ჩემს არსებობას პრესაშიც ვადასტურებ და, თუ საჭირო გახდა, ჩასატანებლები გავხდეთ კედელში საქართველოსთვის, ნუ ჩამითვლის ამას ვინმე ურაპატრიოტიზმად, მაგრამ ამასაც შევძლებ. მე არ მოვდივარ გუშინდღიდან. არც ერთი თანამდებობიდან არ გად­მოვმხტარვარ, არავის გამოვუშვივარ და მერე არ დამიწყია ოპოზიციონერობა. ეროვნულ მოძრაობას ჯერ კიდევ ბავშვი ვუერთდებოდი, ჩემს მეგობრებთან ერთად, როცა ამ მოძრაობას სული ედგმებოდა. – ხელისუფლების შესაცვლელად რა უნდა მოხდეს და რამდენად არის დღეს ჩვენი საზოგადოება მზად გადამწყვეტი ბრძოლისთვის?- სანამ პავლე მოვიდა, პეტრეს ტყავი გააძვრესო, ისე მოგვდის. მზად რომ ვიქნებით, უფრო დაჩაჩანაკებული და გაუბედურებული ერი ვიქნებით. მე რომ მკითხოთ, ეს ყოველდღიურობის საგნად უნდა იქცეს. ჩვენ რომ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ, საკუთარ თავს კარგად უნდა ჩავუღრმავდეთ, ამას გადადება-გადმოდება აღარ უნდა. ეს ამ გაზაფხულშივე უნდა დაიწყოს. სისხლის დაღვრის მომხრე არ ვარ, მაგრამ იმასაც გულახდილად ვიტყვი, რომ ასე, თავისი ნებით, არც ერთი თანამდებობის პირი თანამდებობას არ დატოვებს, მითუმეტეს – ჩვენი პრეზიდენტი. – ხშირად ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას საყვედურობენ. თქვენი თაობა განსხვავებული იყო? –  ჩემი თაობიდანაც შეიძლება გულგრილი იყოს ვინმე და ახალგაზრდებიდანაც. არ მიყვარს ცალმხრივი შეფასებები, რომ იტყვიან ხოლმე, ძალიან ცუდი თაობა მოვიდაო. ძალიან ცუდი თაობაც დავხვდით შეიძლება და იმიტომ. “სახალხო კრებაშიც” გამოჩნდა ახალგაზრდათა ჯგუფი, მაგრამ რატომღაც ლენინურ-სტალინური დროშების ფრიალს მაგონებს ეს ყველაფერი. ვაუჩერებს რომ გვირიგებენ და გვაჩეჩებენ ხელში, უფრო გვაგიჟებენ ამით. ზოგი იმასაც იძახის, როგორ ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება ჩვენზეო. გზები გაკეთდა თურმე… შვილიშვილების გადასახდელია ეს ყველაფერი. თუკი 500 მანეთს წამართმევ და ხუთს მომიბრუნებ უკან, ეს სიკეთეა? თურმე ამისთვის მადლობელიც უნდა ვიყოთ. ახალგაზრდობას ნუ გავამტყუნებთ – რა მაგალითსაც ვუჩვენებთ, იმას გააკეთებს. სულიერად შემძრა ამას წინათ ნანახმა სიუჟეტმა. ახალგაზრდობა სრულიად უწიგნურია. ზოგიერთმა, შოთა რუსთაველი რომ მეფე არ იყო, ისიც არ იცის. სამაგიეროდ იციან სა­ეჭვო ორიენტაციის ადამიანები – ჩვენი მომღერლები, მობღავილე ხალხი.- ცნობილი ფაქტია, რომ ხელისუფლებას ყველა სფეროში ჰყავს ფავორიტები. თუ “ხელმწიფის ნავში” არ ზიხარ, ისე ამ ქვეყანაში ვერაფერს მიაღწევ. საკუთარ თავზე თუ გამოსცადეთ ეს ყოველივე?- გეთანხმებით, და ჩემ თავზეც გამოვცადე. ეს გმირობა არაა, მაგრამ არც ერთი მთავრობის ნავში იმიტომ არ ვმჯდარვარ, რომ, ჯერ ერთი, არც ჩამისვამდნენ, – არც ჩავუჯდებოდი. არც ის ფიგურა ვიყავი, ნავში ჩასაჯდომად ვინმეს მივეწვიე. მაგრამ ზოგჯერ ტაძრის მშენებლობისთვის კენჭი უფრო დიდ როლს ასრულებს, ვიდრე ლოდი. მგონია, რომ ვიყავი სამშობლოს ის ერთი კენჭი, არც ერთ არასასურველ კედელში რომ არ ჩავეტანებოდი და არც ჩავეტანები, სანამ ცოცხალი ვარ.- ხელისუფლება ამ ბოლო დროს საკუთარი ინტელიგენციის შექმნას ცდილობს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?- ინტელიგენცია თუ ინტელიგენციაა, მასთან მაინც არ დადგება. ხშირად მითქვამს, რომ ინდაურების ჩამორიგებით და საახალწლო ნობათებით ინტელიგენტს რომ მოისყიდი, ის ინტელიგენტი კი არა, კუჭის მონა კაცია. არ ვლაპარაკობ იმ უბედურ ხალხზე, ორ კაპიკ პენსიას რომ იღებს. დანარჩენი, ვინც ამათი ნასუფრალით იკვებება, ყველა მათხოვარი ინტელიგენტია. მიშას სიტყვები “ჩარეცხილები” სწორედ მათზეა ზედგამოჭრილი. გვყავს ისეთი მწერლები, რეჟისორები, რომლებსაც  ისე არ უჭირთ, რომ ამათკენ ხელი ჰქონდეთ გაწვდილი. ღმერთი, რჯული, დაგვრჩა თავმოყვარე ხალხი. არა ვართ მთლად წამხდრები ჯერჯერობით. – ხშირად მსჯელობენ იმაზე, რომელ ქვეყანასთან უნდა ვიყოთ უფრო დაახლოებული, რომელზე ვიყოთ ორიენტირებული – ამერიკაზე თუ რუსეთზე? ზოგს არც ერთი უნდა, ზოგს ორივე ერთად ურჩევნია. ზოგს მიაჩნია, რომ – ან ერთი, ან მეორე…- თვითონ ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობაა გასარკვევი. არავის ეგონოს, რომ ორი დიდი ვეშაპი როცა იბრძვის, იქ  ვირთხის ადგილი იყოს. ამჟამად საქართველო ვირთხაა. ამჟამად ამერიკის ხასიათს ვემორჩილებით, მაგრამ, ვიცით ჩვენ, რა შეთანხმება აქვს ამერიკას რუსეთთან? განა ასე, ხელაღებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ამხელა სახელმწიფოები ჩვენი გულისთვის. ეს ხომ მსოფლიო ომი იქნება. ამდენი კატასტროფები, წყალდიდობები ჩვენი ცოდვების ნიადაგზე ხდება, მსოფლიო ცოდვების. მესმის, რომ ვერ გაექცევი გლობალიზაციის პროცესს, მაგრამ ეს ჩვენთვის, პატარა ერისთვის, დამღუპველი იქნე­ბა.- როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლების შეცვლის პროცესი? თქვენი აზრით, ხელისუფლება რომც შეიცვალოს, ხედავთ ოპოზიციურ სპექტრში ვინმე საიმედოს?-  ჩემი მოკლე ჭკუით (ქიზიყში იციან ასე და მეც ქიზიყელი კაცი ვარ) ხელისუფლების შეცვლა-შემოცვლა ბევრის არაფრის მომტანია. ეგებ ის შეცდომები, რომლებიც ამ ხელისუფლებამ დაუშვა, აღარ განმეორდეს. მეშინია, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებში პატარა “მიშა-პრეზიდენტები” სხედან. საკმარისია, ვინმემ სკამი მოირგოს, მყისვე მბრძანებელი ხდება. ესაა ქართული წესი. არ ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების წასვლისთანავე რადიკალური ცვლილებები მოხდება და მაშინვე ავყვავდებით. მაგრამ წინა კაცის დასჯით, ხომ შეიძლება, უკანა კაცი გაფრთხილდეს?! შესაცვლელი რომაა ეს ხელისუფლება, გარდაუვალია, მაგრამ ვისით და როგორ, ეს ჩემი საქმე არაა. მე, ერთი რიგითი ქართველი, იქ ვიდგები, სადაც სიმართლეს დავინახავ და საითაც სასიკეთოდ მოტრიალდება ჩემი ქვეყნის ბედი. მე პოეტი ვარ. პოეტი როცა უძღოდა ერს, ტყვიასაც ახლიდნენ, მაგრამ ისინი სხვა წონის ადამიანები იყვნენ – ილია, აკაკი. 
ესაუბრალილი მიროტაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here