მთავარი საზოგადოება ოტია იოსელიანი: ხომ გითხარი მე შენ? არ მაგდებ არაფრად სულა? ძაღლი ვარ?

ოტია იოსელიანი: ხომ გითხარი მე შენ? არ მაგდებ არაფრად სულა? ძაღლი ვარ?

810
გააზიარეთ

პასტელის ფერების სითბო ეგებება ბატონ ოტია იოსელიანის საბრძანებელს მიახლოებულ სტუმარს. დადგები ჭიშკართან და ფაცურას ყეფა-წკმუტუნზე გამოსული თამარ გელოვანი განუმეორებელი იმერული სტუმარ-მასპინძლობის ხალასი უბრალოებით მიგიპატიჟებს:- მობრძანდით! მე ბატონ ოტიას რეფერენტი ვარ.- მე – ჩემი თავის.

ხუმრობა მიღებულია, მეც ცოტა გავშინაურდები და ბატონ ოტიას სახლის ზღურბლს ლამის ისე გადავაბიჯებ, როგორც კეისარი რუბიკონს – მოსახდენი, მოხდეს!მოხდა კი ის, რაც ინტერვიუდ ჩამოყალიბდა – დიდი მწერლის მიმართვად ერისადმი.მანამდე კი მისალმება და მოკრძალებული მოკითხვა:- ხომ კარგად ხართ, ბატონო ოტია?- კარგად ვინაა ამ ქვეყანაში?! თუ ვინმემ თქვა, კარგად ვარო, ცოტა შორს დაიკავეთ თავი, რამე არ მოგწიოთ…- დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით.- ამ ბოლო დროს ინტერვიუებს არ ვაძლევ. შენ იყავი და უარი ვერ გითხარი, თვარა…და იწყებს ემოციურ საუბარს, დამუხტულს აზრითა და გონიერებით, იფეთქებს უცებ მწერლის სათქმელი ანონიმი ადრესატისადმი, ვისი სახელი და გვარი ორივემ კარგად ვიცით და იცის ჩვენმა მკითხველმა.
აგიგდია თავი და აპარტყუნებ ყურებს
– ხომ გითხარი მე შენ? გითხარი, გითხარი, გითხარი. თუ არ მოგწონს ჩემი ნათქვამი, მაშინ შენ შენი მითხარი და გამოვძებნოთ რაღაცა საშუალო… შენ გეუბნები, შენ! არ მაგდებ არაფრად სულა? ძაღლი ვარ? ძაღლის ყეფასაც ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას. იქნება, რაცხა დავაშავე? ასე რატომ აგიგდია თავი, შვილო? ამაზე რატომ გელაპარაკები მე შენ – ჩემი სიამოვნებისთვის? ვინც უსიამოვნოს გელაპარაკება შენ, თვითონაც უსიამოვნებას გრძნობს. არ მირჩევნია შენი ქება-დიდება, კაი ხასიათი, და შენც კაი გუნებაზე და მეც კაი გუნებაზე? მაგრამ საქმეა დაქცეული და ქვეყანა არ გვაძლევს ამის უფლებას და საშუ­ალებას, ხომ? ჰოდა, შენ აგიგდია თავი და საერთოდ არ აპარტყუნებ ყურს!- ბატონო ოტია, საეჭვოა ადრესატმა თქვენი შეგონება შეისმინოს…- …ეროვნული გამოთაყვანება, კაი ხანია, გვჭირს უკვე. და, საერთოდ, ყველაზე დამღუპველი, რაც ამ ერს ჭირს, არის ის, რაც ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც არაფერი ესწავლებოდა, “ბედნიერ ერში” ჩამოგვიყალიბა. ყოველ კედელზე უნდა გავუკრათ ჩვენ ხალხს ეს ლექსი.მე პასუხი მაქვს ამის თაობაზე ბატონ ილიასთვის ლექსად დაწერილი – შენი  “ბედნიერი ერი” მართლა ბედნიერი იყო, უნდა ნახო, ახლა რა დღეშია. თქვენ – აკაკიმ, ვაჟამ, ილიამ მთაწმინდიდან გადმოხედვა რომ შეძლოთ, თავს თვითონ მოიკლავდით უმტროდ, უბერბიჭაშვილოდ, ისეთ დღეში ვართ.ეს არის მათრახით სამართავი ერი, რავარც მიუშვებ, ცუდი გზით წავა.- ახლა მათრახსაც რომ ურტყამენ და ხელკეტებსაც?- გამოსათაყვანებლად ურტყამენ… რომ დაარტყა, მაინც ვერ გაიგებს… მე არ ვუშვებ სახლში… რა ქვიან? პოლიტიკოსებს. რაღაცნაირად შემოიპარებიან ხანდახან (შემდეგ გაირკვევა, რომ ირაკლი ალასანიაზე ლაპარაკობს). შენ, მე ვუთხარი, რა არჩევნებზე ლაპარაკობ? როგორ შეიძლება კაცმა არჩევანი გააკეთოს, თუ არ იცის, რას აკეთებს?! მე რომ ავირჩევ ამ კაცს, ჩემთვის დასაბუთებული მაქვს, ვიცი, ეგ კაცი რისი გამკეთებელია და ეგ კაცი უნდა ავირჩიო. ვერავინ გადამათქმევინებს. როგორ შეიძლება ძალა დაატანო – შენ ამას მიეცი ხმა, ამას და ამასო. შემოვა გამოთაყვანებული ვიღაცა:- დია, სად ჩავაგდო ე ქაღალდი?- მოდი აქანე, – აქ.მან მისი ხელით კი ჩააგდო, მაგრამ რატომ ჩააგდო, არ იცის. არც დაინტერესებულა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მიჩვეულია, – უნდა ჩააგდოს რაცხა საცხა.აგერაა, ჩემო ბატონო, ჩემი სოფელი გვიშტიბი. იმის მიღმა სოფელია გუბისწყალი. შევარდნაძის ბოლო არჩევნები რომ იყო, ჩავედი: მეთქი, კიდევ მივიდა ვინმე? გავიხედე, თითო-ოროლა დაღოღიალობს. 20 პროცენტი თუ მივიდოდა არჩევნებზე. 85 პროცენტი გაგზავნეს აქედან შევარდნაძის სასარგებლოდ (!). მე ვუთხარი, ამდენი მთლად არ მოსულა. ვინც მოვიდა, ყველამ მაგას ჩოუგდო, კი, მარა, ვინც არ მივიდა-მეთქი?! კაცო, იქიდან დარეკესო… არჩევნებზე არ შეიძლება ლაპარაკი ამ ქვეყანაში, სადაც ხალხი არ აზ-როვნებს.ტელევიზიამ მოსპო ყველაფერი, თუ რამე აზროვნების ნატამალი ჩარჩენილი იყო ჩვენში. მოათავა. რამდენიმე გაზეთია, რომ იბრძვის, საწყალი…
 
“ვეფხისტყაოსანი” დაიწერა ამ ენაზე. შენ არ გეყო?!
– იქ რომ დაჯექი, შე ცეცხლმოკიდებულო, კაი, ჭკუა რომ არ გეკითხებოდა, იმიტომ დაჯექი, თორემ არ დაჯდებოდი, მაგრამ რას აკეთებ, რად გინდა, რას მოათრევ, რა უბედურება შემოყარე ესენი?- ინგლისურის მასწავლებლებზე ლაპარაკობთ?- კი. ან რა ქართულით ლაპარაკობ?! ანბანი არ უნდა იცოდე ქართული?! “ვეფხისტყაოსანი” დაიწერა ამ ენაზე. შენ არ გეყო?!ესაა უბედურება…- ჩვენს დღევანდელობაზე საუბრისას თქვენ, ბატონო ოტია, ერთხელ ახსენეთ დავით კლდიაშვილი და მისი მოთხრობა “ბაკულას ღორები”. “ბაკულას ღორების საოხრებელი” გახდა ჩვენი ქვეყანა?- ვახსენე, რატომ, იცი? დავით კლდიაშვილი დიდი მწერალი იყო და შესანიშნავად დაგვიხატა ხალხის გამოთაყვანების მაგალითი, როცა ადამიანი ჩინოვნიკობას აფეტიშებს. “ბაკულას ღორებში” შაშა – ალექსანდრე შარაქაძე არის იმპერიის სამსახურში მყოფი ჩინოვნიკი. გალაქტიონი ამ შაშას ევედრება, ჩამობრძანდი, ერთი კაცი უნდა შემიშინო, რომლის ღორებმა ბოსტანი ამომიგდესო. და გაოცებულ ჩინოვნიკს აუხსნის – თქვენს სეკრეტართან ერთად მობრძანდით, დაგინახონ ჩემსას და მეტი არაფერია საჭირო. “- შეშინდება მერე ამით ის შენი მეზობელი?- კი შეშინდება!.. რას ბრძანებთ – თქვენ დაგინახავსთ და სული კოჭებში არ ჩოუვა?!”აი, როგორაა გამოთაყვანებული ერი.ხომ იყო მაშინ თავად-აზნაურთა სამხედრო რაცხა სასწავლებელი, არავინ გვერეკებოდა იქ, ჩვენ თვითონ მივძვრებოდით და ვხვდებოდით იმპერიის მსახურები. ეს ცუდ საქმედ კი არ ითვლებოდა! ეგ ჩინოვნი­კიაო, გაჩხრიალებული აქვს ჩინ-მენდლებიო. ამას ვერ ვაცნობიერებდით.- ვერ ვაცნობიერებდით თუ შეგნებულად ვიქცეოდით, კარიერისთვის, ასე ვთქვათ?- აგერაა, ხელმისაწვდომია მაგის მაგალითი. ოთარ იოსელიანი რომ არის, ჩვენებური, დიდი კინორეჟისორი, გვიშტიბელია, ჩვენი განაყოფია. მაგისი ბაბუა,  დიდი ჩინოვნიკი – კონსტანტინ ვარშავსკი! მუზეუმშიც კია მაგის სურათი. ვარშავსკი რატომ იყო? ვარშავა ჰქონდა აღებული…
 
გამოჩნდებიან, როგორც ხსნა, რუსეთში ნასწავლი ახალგაზრდები
– ამ დროს საქართველოში ბრუნდებიან პეტერბურგში ნასწავლი თერგდალეულები. სასწაული, ღვთისგან მოვლენილი: ილია, აკაკი, ვაჟა, ნიკო ნიკოლაძე, კიდევ ვისაც გინდა, დაადე ხელი.- სერგი მესხი.- სერგი მესხი – რამხელა რედაქტორი და რამხელა მოაზროვნე. აქოურია, სოფელ რიონიდან. მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა: საქართველოს ვერ დავხერხავ და ვერც დავანაწევრებ!ამ დროს იქუხეს ამგენმა!გრიგოლ ორბელიანი, ამხელა პოეტი, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ, როგორც პოეტს, იცოდნენ მისი ფასი, მთავარმართებელია არა მარტო საქართველოსი, მთელ ამიერკავკასიას განაგებს, მეფის ნაცვალია, მეფეა მის ტერიტორიაზე.თვითონ დიდი მოაზროვნეა: “რა ენა წახდეს, ერი დაეცეს”… ამის შედეგიც აღარა შეგვრჩა ხელში…ამ დროს გამოჩნდებიან, როგორც ხსნა, რუსეთში ნასწავლი ახალგაზრდები.- იქნებ, უფრო დაწვრილებით თქვათ ამის შესახებ?- ეს თავისთავადი იყო, რადგან ჩვენ მიბმული ვიყავით რუსეთზე. იქ სწავლობდნენ ყველანი. შემდეგ ჩვენ აქ გავხსენით სასწავლებლები, იგივე რუსეთის მხარდაჭერით, სხვათა შორის. ამის უარყოფა როგორ შეიძლება?! გვინდოდა თუ არ გვინდოდა, მაშინ ეს იყო ერთი ქვეყანა. როგორ შეიძლება შენ რუსულ ლიტერატურაზე უარი თქვა, როცა კაცობრიობა თაყვანს სცემს?! აგერია გზა და კვალი და სულ გამოთაყ­ვანდი? ხელოვნება საკაცობრიო განძია და ბედნიერება. დამოუკიდებლობა ერთია, მაგრამ რა, დამოუკიდებლად ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ დავამთავრეთ ყველაფერი?! მეცხრამეტე საუკუნე – პუშკინის, ტოლსტოის, დოსტოევსკის და სხვა კორიფეების საუკუნეა, ამის უარყოფა შეიძლება?! როგორ გეკადრება, როგორ გეკადრება! მწერლების და საერთოდ, შემოქმედი ადამიანების ურთიერთობა მჭიდრო იყო ყოველთვის – ჩვენც ჩავდიოდით, ისინიც ჩამოდიოდნენ. ვთარგმნიდით, გვთარგმნიდნენ. კულტურათა ურთიერთგამდიდრება მიმდინარეობდა.- ახლა მთელ მსოფლიოს ვართ მოდებული ლუკმაპურის საშოვნელად – გავაფართოეთ ჩვენი განსახლების არეალი.- ოცი ათასი ქართველი მარტო ბარსელონაში ცხოვრობს. მიმიწვიეს ამასწინათ ემიგრანტ ქართველებთან შესახვედრად. ხატი წავასვენეთ აქედან. უქირავებიათ რაღაც საერო დარბაზი, დაუსვენებიათ ხატები, ეკლესია არისო. ეს რა ეკლესია არის-მეთქი?!ბარსელონაში ვაშენებთო ეკლესიას ახალს. ერთი ძველი, კათოლიკური ეკლესია აქვთ და ისიც უნდა ვთხოვოთ, ვაკურთხოთ, რადგან ბევრნი ვართ და არ გვეყოფაო.გამახარეს ვითომ, და სინამდვილეში რას ნიშნავს ეს, იცი? ეკლესიას იშენებენ, სალოცავს, მაშასადამე, იქ აპირებენ დაფუძნებას, აღარ დაბრუნდებიან საქართველოში. აღარ დარჩა ხალხი სოფლებში. ესპანეთიდან რომ დავბრუნდი, ჩემი თვალით უნდა ვნახო-მეთქი და ავედი – ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი ავიარე. სოფელი არისცანა (ცანისწყალია, ცხენისწყალი კი არა, ჩვენ რომ ვეძახით. სათავე იქა აქვს). ძალიან კარგი სოფელი იყო. კაცისშვილი აღარ არის. მთელი სოფელი მთლიანად იყო ცარიელი. ხიდიც გოუკეთებიათ, ჰესიც გოუშენებიათ, ეკლესიაც – ახალი, მოუთავებიათ ეს ყვე­ლაფერი. ერთი კაცი იყო – მინდია ჩარკვიანი, ფუტკარი ყავდა რამდენიმე სკა, ვასწავლიდი რაღაცას ფუტკარზე, იგიც წასულა ძმასთან თბილისში და გაგუდულა გაზით… უშგულში არიან დარჩენილი კიდევ ვიღაცები, მაგრამ კალა ცარიელია, იფარი ცარიელია.ამას ვერ ხედავენ ზევით?მთავრობიანად გამოქვაბულში შესული სააკაშვილი- ჩხუტელია სოფელი აგერ, ლეჩხუმში, კარგი სოფელი იყო. 500 მოსწავლე ყავდათ, ახლა თხუთმეტია. მოწაფეები მოჰყავთ ჩემთან და მე ვღებულობ ყველას, იქნება ბავშვი რაცხაფერად დავარწმუნო – წიგნში ჩაიხედე, შვილო, რაც კაცობრიობას უაზროვნია, სულ მოქცეულია წიგნში. თუ არ წაიკითხავ, დაბრუნდები გამოქვაბულში!- აკი შევიდა თავის მთავრობიანად სააკაშვილი გამოქვაბულში.- მაგი შევიდა… მოვიდა ერთხელ ჩემთან. მე წინასწარ თუ არ ვიცი, ვერ შემოვუშვებ ვერავის სახლში. თავისი ბიოდენები შემოაქვს აქანე. რომ შემოიყვან იმ გათახსირებულს, შენ კი არ იცი, რა დაგემართა, მაგრამ შენ აღარა ხარ შენ. ამიტომ წინასწარ უნდა ვიცოდე, ვინ მოდის, ვინ არის, ვინაა ჩემი ქვეყნის ერთგული…ეგი შაშიაშვილს მოჰყვა.- თემურს?- დიახ. არ იყო ჯერ პრეზიდენტი, შეწკიპული იყო საპრეზიდენტოდ. ხოდა, ეიტუზა აქანა კარებში. მაშინაც ქე ვიცინოდით – ხტუნაობდა რაცხას.მოდი აქ შენ-მეთქი, ვუთხარი (ჟესტით გვიჩვენებს, როგორ მოიხმო და ეშმაკური კომენტარი დაურთო თავის ამ ჟესტს: – თქვენ ჯვარი გწერიათ!). დაჯექი აქ-თქო! დაჯდა: სად მიგყავთ ჩვენი ქვეყანა? ჯერ კიდევ მაშინ კარგად ჩანდა ყველაფერი. კაცო, რას სჩადიხართ? არ გინდათ ხელოვნება, არ გინდათ კულტურა, არ გინდათ ცოდნა, არ გინდათ განათლება, არ გინდათ აზროვნება, არ გინდათ საქმე. აბა, ენას რად ატლიკინებთ? თქვენ უკან აბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, უკან მიგყავთ გამოქვაბულში. არა, ბატონო ოტიაო, ჩვენ უკანა არა, წინა გამოქვაბულში მივდივართო.- გეშაირებოდათ?- მისი სიტყვებია, არაფერს ვუმატებ! უკანაში ეგენი არიან… ადამიანი ხელოვნების გარეშე არ არსებობს, პირველყოფილი ადამიანი გამოქვაბულის კედლებზე ხატავდა! ეს ცარიელში მიდის.- სამაგიეროდ შუა ზამთარში მესტიაში უკრაინელ გოგოებს ამღერებენ და აცეკვებენ.- არ იფიქროთ, ამას რაიმე ეშველოს, სანამ ქვეყანას არ ეყოლება ქართველი კაცი. ეს ქართველი კაცი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. იმიტომ, რომ, სადაც წავიდა, ხომ ხედავ, იქ ეკლესიას იშენებს. ესე იგი, სამარადჟამოდ დაეღუპა ქვეყანას. მილიონი კაცი ხომ არის გაქცეული? თუ ცოტა არის, თუ მეტი არის…
 
ხომ მოვიდა აგერ გაზაფხული?
– მოვიდა.- თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, ხომ თქვა ქართველმა კაცმა. ახლა უკვე შუა მარტია:მარტმა თქვა,თოვლ-ჭყაპს ვაპირებ,ღმერთო, მიმართე ხელიო!ცხვარი და ძროხაგავწყვიტო,არ ვუშვა ჭაკი ცხენიო!აპრილმა შემოუთვალა, მარტი ხარ ჭკუათხელიო…სახნის-საკვეთიდავპიროთ,ხვნა-თესვას მივყოთხელიო.ესაა შენი მოვალეობა, კაცო, გაზაფხულია!ავტოქარხანა გვქონდა აქ ერთი, გერმანიიდან ჩამოტანილი თუ რაღაცა. არც ქარხანა ვარგოდა, არც მანქანა. მაგრამ გააუმჯობესე, როგორც ახლა ამბობენ – მოდერნიზაცია მოახდინე, სტამბოლში ნუ ჩეიტან – ნაწილ-ნაწილ, ჯართად. ეს კეთდებოდა, სხვათა შორის, ჩემი კარგი მეგობრის – ედუარდ შევარდნაძის დროსაც.სააკაშვილი შაშიაშვილთან ერთად რომ მოვიდა, რითი ახსნა, იცი? შენო ბიოგაზი გაქვსო. ეს იყო ფუნაგაზი. ფუნა უნდა ათქვიფო შარდში. იგი გამოჰყოფს გაზს. საცდელი იყო. დამიდგეს: შენ რომ იტყვი, დაიჯერებსო ხალხი, რომ ვარგა.იმის ნახვას ვერავის დოუშლი, იქ იმიტომ დგას, რომ ნახოს კაცმა.- როგორიაო? – მკითხა.- კარგია-მეთქი.- რომ ვაწარმოოთო?- არა-მეთქი.- თუ კაიაო?- მაგას მუშაობა უნდა. ვინაა ახლა ჩვენთან ისეთი, რომ ძროხას სდიოს კუდში და ნაკელი აგროვოს? ჩვენ გვინდა ისეთი გაზი, რომელსაც ჩართავ, როგორც დენს და გამოიყენებ-მეთქი. არ მიდის. არადა, სახლში არ შემეიშობა. მაგრამ ვაჟამ იყვირა – “დღეს სტუმარია ეგ შენი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა”. წოუკითხე ეს კიბესთან. შემოვიყვანე, მაგრამ ვაჟა შემოყვა… ორი საათი ქე მყავდა სააკაშვილი კედელთან მიყენებული. მართალი ხარ, მართალი ხარ, მართალი ხარო. სიტყვას არ შეგიბრუნებდა.მართალი რომ ვარ, შენ საქმე მოაყოლე. ძნელია, რა თქმა უნდა: დავით აღმაშენებელიც ვერ უშველის, ისეა გაოხრებული ქვეყანა. მარა დავით აღმაშენებელი ერთს რომ იტყოდა, ქუდზე კაციო, იხურავდა კაცი ქუდს და სალაშქროდ მიდიოდა. არ შეიძლება, არ წასულიყავი: თუ ქუდი გეხურა, კაცი იყავი და უნდა გებრძოლა შენი ქვეყნისთვის.ახლა რო დეიჭირო, ვერსად ვერ წეიყვან.- მაშინ დავით აღმაშენებელი მოუწოდებდა.- ქუდზე კაციო, ე.ი. გეძახის სამშობლო, ქვეყანა. თუ ეს იცი, მით უმეტეს, თუ არ გივარგა სარდალი, უფრო მეტი ბრძოლა გმართებს. არაფრის გამცნობიერებელი კაცი არ არის. აი, მოვიდა ახლა გაზაფხული. რას ვაკეთებთ? არაფრის მაქნისი ჩვენ არ ვართ საერთოდ. აგრარული, ჩამორჩენილი და ჩაოხრებული ქვეყანა ვართ ისედაც…პავლე ინგოროყვა ბრძანებს, რომ ექვსი მილიონი ვიყავით, როცა ქვეყანა გვერქვა, ქართველები. დანარჩენი სახანოები იყო. ძლიერი სახელმწიფო გვქონდა. ძლიერი სახელმწიფო მშიერი ვერ იქნებოდა. რეგუ­ლარული ჯარი ჩამოყავს იმ კაცს. ყველა სარჩენია, სათოხნად არ ჩამოსულან, საომრად იყვნენ ჩამოსულები. მათი ოჯახებიც შესანახია. მდიდარი ქვეყანა ხარ. მდიდარი მშიერი ვერ იქნები. ამ დროს ფრანგი იყო ორი მილიონი. ახლა ფრანგი 58 მილიონია, ჩვენ, რაც ვიყავით, იმის ნახევარიც არა ვართ. ფრანგებიდან ვყიდულობთ ახლა პურს. ამის გულიზა ჩავედი საფრანგეთში. მინდა გავიგო, რას აკეთებს ეს ფრანგი. სოფლის მეურნეობაზეა ლაპარაკი. თავი დავანებოთ მრეწველობას.ჩავფრინდით. არ ჩავდივარ თვითმფრინავიდან. ჩამოეთრიეო, ეტყოდნენ სხვას, მე ვერ მაკადრეს. ქე ვდგავარ ამ ტრაპთან…
* * *
რა მოხდა შემდეგ? რაზე ილაპარაკებს ბატონი ოტია – რა მიმართულებით განავრცობს მსჯელობას, როგორ განსჯის და გაანალიზებს პრობლემებს, “საქართველო და მსოფლიოს” მომდევნო ნომერში წაიკითხავთ.
არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here