Home რუბრიკები საზოგადოება 11 ოქტომბერს პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული აღინიშნება

11 ოქტომბერს პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული აღინიშნება

171

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი არის ქართული ხატი, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით. ხატი ფერწერისაა და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალითა და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე.

აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი მას XVI საუკუნით ათარიღებს. ხატის ქვედა არშიაზე მედალიონებს შორის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება: “. შენ ღრუბელსა მსგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მაერთესა, ტომებითლსა ადამისა დედასა ღმრთისასა, ძუელ ოდესმე მოსესგან მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონისსა სოფლისა განმანათლებელო შენ ცათა მობძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღმრთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე, მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობლისა, პირველ მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო, მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისა, ამინ, შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქრონიკონ”. პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

როგორც გადმოცემით არის ცნობილი, წინათ პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი გურიაში იმყოფებოდა და ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იყო დაბრძანებული. იმ საყდრის მთავარუხუცესმა სილიბისტრომ იმ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილა.

სილიბისტრო თვით გაბრიელ ხუცესმონაზონის შორეული წინაპარი და ნათესავი იყო. სიზმარში მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, რომ სილიბისტრო, მთავარი ხუცესი, საკრებულო ტაძარში შესულიყო, მისი ყოვლადწმიდა ხატი აეღო და იმ ციხექალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხექალაქს წყალში ჩაძირვა მოელოდა. მთავარხუცესმა სიზმარს არ დაუჯერა. ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარხუცესს ორჯერ გამოეცხადა და იგივე აუწყა, რომ ციხე-ქალაქი ჩაიძირება და ხატი გამოიტანეო.

მთავარხუცესმა არც ახლა დაიჯერა და არც სხვას გააგებინა ამის შესახებ რამე. თვით მთავარხუცესი ციხე-ქალაქის გარეთ ცხოვრობდა, სხვა საყდრის მახლობლად.

მალე ღვთის ნება აღსრულდა ამ ციხექალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა იგი, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ის ხატი ღვთის ბრძანებით იმ წარღვნისგან დაცულ იქნა _ თავისუფლად, უხილავად, ღვთის განგებით ციხექალაქიდან ჰაერზე მოდიოდა. და როცა მთავარხუცესმა ასეთი საოცარი და ენით გამოუთქმელი სასწაული იხილა, დაეცა სასწაულმოქმედი ხატის წინაშე, ცრემლებით იწყო ვედრება მოწყალების მისაღებად და ცოდვების მისატევებლად. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ჰაერიდან დაიძრა და მის ხელებში მიესვენა.

კიდევ გამოეცხადა სიზმარში მთავარხუცესს ღვთისმშობელი და ამ უწმინდესი ხატის ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანა. მთავარხუცესმა ღვთისმშობელის ხატი ქუთაისში მოასვენა და საკრებულო ტაძარში მოათავსა. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე იმ ყოვლადწმიდა ხატის მახლობლად მათი მოდგმა ცხოვრობს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პალიასტომის ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილი, დავით მეფის შვილიშვილის დროს.

ღირსი ხარიტონ აღმსარებელი

11 ოქტომბერი, ასევე, ღირსი ხარიტონ აღმსარებლის ხსენების დღეა. იგი იკონიაში ეწამა 270-324 წლებს შორის. უღმრთოებმა იგი შეიპყრეს და ცრუღვთაებებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც ჯალათებმა ხარიტონს სამოსელი შემოაძარცვეს და ძროხის ძარღვებით სცემეს, შემდეგ კი მთავრის ბრძანებით საპყრობილეში ჩააგდეს.

მტარვალი ჯერ ლიქნით, შემდეგ პატივის აღთქმით ცდილობდა მის გადაბირებას, ბოლოს კი ახალი სატანჯველები დაატეხა თავს: შეწუა ცეცხლითა მკერდი მისი, ვითარცა შესაჭმელი ხორცი”, ბორკილები აასხა და კვლავ დილეგში ჩააბრუნა. ამასობაში ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა. პყრობილი მართლმორწმუნეები გაათავისუფლეს. თავისუფლება ჰპოვა წმიდა ხარიტონმაც, რომელიც “ვითარცა აწ მკუდარ ქმნილი საწუთოით და ქრისტესსა ცხორებად მნებებელი” წმიდა ქალაქ იერუსალიმისკენ გაეშურა. გზაში იგი ავაზაკებმა შეიპყრეს, გამოქვაბულში გამოამწყვდიეს, თვითონ კი “მიმოდარბიოდეს ალაგთა გზათასა” და სხვა მგზავრებს უსაფრდებოდნენ.

მარტო დარჩენილი წმიდანი მადლობას სწირავდა უფალს და მორჩილებით ელოდა მისი ნების გაცხადებას. ამასობაში მღვიმეში იქედნე შემოძვრა, ღვინით სავსე ჭურში ჩასრიალდა, შიგ შხამი ჩათხია და წავიდა. როცა ავაზაკები დაბრუნდნენ, წყურვილით გათანგულები, დაეწაფნენ მოწამლულ სასმელს და უკლებლივ ყველანი გაწყდნენ.

ხარიტონმა იმ მღვიმეში დაიწყო მოღვაწეობა, რომელშიც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი გადარჩენა მიემადლა. ყაჩაღების მიერ ნაგროვები ქონების ნაწილი მან გლახაკებსა და მეუდაბნოე მამებს განუყო, ნაწილით კი ააგო ტაძარი, რომლის ირგვლივაც თანდათან წარმოიქმნა პალესტინაში ცნობილი ფარანის ლავრა. სავანისთვის წმიდანმა თავადვე შეადგინა წეს-განგება. ლავრას ახალი წინამძღვარი დაუდგინა, თვითონ კი უდაბნოს სიღრმეში შევიდა. ნეტარი მამა განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ მონაზვნური ცხოვრების მსურველებმა აქაც მიაკვლიეს მას. ასე დაარსდა ახალი, იერიქონის სავანე, რომელსაც მოჰყვა კიდევ ერთი, სუკიის ეგრეთ წოდებული ძველი ლავრა.

დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის უფალმა თავის რჩეულს სულიერ და ხორციელ სნეულებათა სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანს წინასწარ განეცხადა თავისი მიცვალების დღეც. მან ისურვა, რომ აღსასრულს ფარანის ლავრაში შეხვედროდა. მოუხმო ყველა მოწაფეს და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი.

ღირსი ხარიტონი დაახლოებით 350 წელს გავიდა ამსოფლიდან, ღრმა მოხუცი. წმინდანის პატიოსანი ცხედარი ავაზაკთა მღვიმის ადგილას მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი

წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი იერემია წინასწარმეტყველის  განუყრელი თანამგზავრი, მოწაფე, მეგობარი და მწერალი იყო. მან თავისი მოძღვრის წინასწარმეტყველებების მთელი გრაგნილი ჩაწერა და იერუსალიმის ტაძარში შეკრებილ ხალხს წაუკითხა.

წმიდა ბარუქი იერემიასთან ერთად მწარედ გოდებდა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევის გამო, მოძღვრავდა და ამხელდა იუდეველებს და მოთმინებით იტანდა მათ სიძულვილსა და დევნას. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა იერემიას ჩაქოლვა და მისი წმიდა ცხედარი მიწას მიაბარა.

წინასწარმეტყველ იერემიას მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა ბარუქს დიდხანს არ უცხოვრია. იგი ეგვიპტეში გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში. წმიდა ბარუქმა იწინასწარმეტყველა იუდეველთა დაბრუნება ბაბილონელთა ტყვეობიდან და ბაბილონის გაუდაბურება; ცხადად განჭვრიტა ძე ღვთისას განკაცებაც. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მისი ხსენების დღედ 11 ოქტომბერი დააწესა.

მომზადდა  წიგნიდანწმიდანთა ცხოვრება”, თბილისი, 2001 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here