ადამიანებმა შექმნეს ცეცხლსასროლი იარაღის ბევრი საინტერესო ნიმუში, რომლებიც ისტორიაში ტექნიკური ინოვაციების წყალობით შევიდნენ. ასეთ იარაღს ძალიან აფასებენ კოლექციონერები, თუმცა იარაღს განძის სტატუსი ენიჭება, თუ მისგან რაღაც ნიშანდობლივი გაკეთდა.
- უაიეტ ერპის კოლტი 45
უაიეტ ერპი ველური დასავლეთისდროინდელი ამერიკელი კრიმინალი და შულერია, რომელმაც პოპულარობა მოიხვეჭა ვესტერნის ჟანრის ფილმებითა და წიგნებით. სახელი გაითქვა ქალაქ ტომბსტოენში ატეხილი სროლების წყალობით. ამ მოვლენაზე გაცილებით მეტი ფილმია გადაღებული, ვიდრე ვატერლოოს ბრძოლაზე, ერპის რევოლვერი ბოლოს 225 ათას დოლარად გაიყიდა.
- რობერტ ფორდის სმიტ–ვესონის რევოლვერი
ამ რევოლვერით მოკლეს ველური დასავლეთის ლეგენდარული მძარცველი და ყაჩაღი, უზნეო ჯესი ჯეიმსი. ბანდიტს ზურგში ესროლა მისმა პროტეჟე რობერტ ფორდმა, რომელიც სინამდვილეში სამართალდამცველი იყო. ეს იარაღი ჯერი ჯეიმსმა თავის მკვლელს თვითონ აჩუქა შერიგების ნიშნად. რევოლვერი 30 ათას დოლარად გაიყიდა.
- ბონისა და კლაიდის კოლტები
ეს რევოლვერი და პისტოლეტი ეკუთვნოდა დიდი დეპრესიის პერიოდის ამერიკელი მძარცველების ყველაზე ცნობილ დუეტს _ ბონი პარკერსა და კლაიდ ბეროუს. ცნობილი მძარცველების იარაღები დღეს ანონიმური მყიდველის კოლექციაში ინახება, მან ამ იარაღებში ნახევარ მლნ-ზე მეტი გადაიხადა.
- ჰენრის შაშხანა
ეს იარაღი ფასობს არა მისი იშვიათობის, არამედ მნიშვნელობის გამო. ჰენრის შაშხანა აშშ-ში სამოქალაქო ომის დაწყებამდე 1 წლით ადრე გამოიგონეს და მან ნამდვილი გადატრიალება მოახდინა საიარაღო საქმეში კონსტრუქტორული ინოვაციებით. სულ დაამზადეს 14 ათასი ასეთი შაშხანა. დღეს ეს იარაღი მრავალი კოლექციონერის ოცნების საგანია. სხვათა შორის, ომის შემდეგ სწორედ ჰენრის შაშხანა დაედო საფუძვლად ცნობილ “ვინჩესტერ რაიფს”.
- თეოდორ რუზველტის თოფი
აშშ-ის პრეზიდენტის ორლულიანი თოფის ხელში ჩაგდება დღეს ბევრ კოლექციონერს სურს. ამ თოფით პრეზიდენტი აფრიკაში იმყოფებოდა პოსტიდან გადადგომის შემდეგ. ზოგიერთი მონაცემით, ამ იარაღიდან გასროლით მოკლულია 13 ათასამდე ნადირი.
- უოლკერის კოლტი
კაფსულიანი მძლავრი რევოლვერი _ კლინტ ისტვუდის საყვარელი იარაღი, შექმნეს გამომგონებელმა სემუელ კოლტმა და ამერიკელი რეინჯერების მეთაურმა სემუელ უოლკერმა. თავდაპირველად, შეიქმნა არმიისთვის, სახელდობრ _ კავალერიისთვის, მაგრამ სამხედრო ნაწილებში ამ იარაღმა ფეხი ვერ მოიკიდა. ამ იარაღის ორიგინალური ნიმუში სულ რამდენიმე ცალია შემორჩენილი. ბოლოს აუქციონზე გაიყიდა 900 ათას დოლარად.
- “შანსების დიადი გამთანაბრებელი”
სწორედ ასე უწოდებენ 1836 წელს გამოშვებულ კოლტს. ამ იარაღს აქვს სხვა სახელიც _ “ველური დასავლეთის დამპყრობელი”. იარაღი აღსანიშნავია იმით, რომ საიარაღო საქმის ისტორიაში პირველი კაფსულიანი აალების რევოლვერია. ძალიან პოპულარული იყო ტეხასელ რეინჯერებს შორის.
- სიმონ ბოლივარის კაჟიანი პისტოლეტები
ეს პისტოლეტები ეკუთვნოდა ადამიანს, რომელიც იბრძოდა ეკვადორის, ბოლივიის, ვენესუელის, კოლუმბიისა და პანამის გასათავისუფლებლად ესპანეთის სამეფოსგან. ის გახლავთ ლათინური ამერიკის დამფუძნებელ სიმონ ბოლივარი. ეს კაჟიანი პისტოლეტები აუქციონზე 1,6 მლნ დოლარად გაიყიდა.
- ვაშინგტონის კაჟიანი პისტოლეტები
ამ ორ პისტოლეტს, რომლებიც ეკუთვნოდა დიდი ბრიტანეთისგან ამერიკის შეერთებული შტატების გათავისუფლებისთვის მებრძოლ ჯორჯ ვაშინგტონს, ბევრი მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან იარაღ არტეფაქტად ამერიკის ისტორიაში. პისტოლეტები 2 მლნ დოლარი ღირს.
- Carcano M1891
გამოძიების მონაცემებით, სწორედ ამ იარაღიდან ისროდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობაში ერთადერთი ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი ამერიკისთვის იმ საბედისწერო დღეს _ 1963 წლის 22 ნოემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ოსვალდის ცოლმა შაშხანაზე ყველა უფლება კერძო კოლექციონერს დაუთმო, აშშ-ის ხელისუფლებამ მესამე პირს არ გადასცა მნიშვნელოვანი სამხილი.
მოამზადა ნიკა კორინთელმა