ადამიანი იკვლევს მარსის ზედაპირს, ტელესკოპით აკვირდება კოსმოსის შორეულ გალაქტიკებს, მაგრამ დედამიწაზე ჯერ კიდევ არის შეუსწავლელი ადგილები. მათ, რა თქმა უნდა, მიეკუთვნება მღვიმეები.
ვერიოვკინის მღვიმე, საქართველო
ეს არის მსოფლიოში ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე აფხაზეთში, გაგრის რაიონში. მდებარეობს არაბიკის კირქვულ მასივზე, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე. 2018 წელს მეცნიერებმა კიდევ ერთხელ გამოიკვლიეს მღვიმე და მისი სიღრმის ნიშნული 2 212 მ-ით განისაზღვრა. სახელი ეწოდა ტრაგიკულად დაღუპული სპელეოლოგის, ალექსანდრე ვერიოვკინის, პატივსაცემად. მღვიმე 1968 წელს აღმოაჩინეს კრასნოიარსკელმა (რუსეთი) სპეციალისტებმა.
კრუბერის მღვიმე, საქართველო
კრუბერის კარსტული მღვიმე, რომელიც ვერიოვკინის გამოქვაბულის შემდეგ სიღრმით მეორეა მსოფლიოში, აფხაზეთში მდებარეობს, ბერჭილის ქედზე. მღვიმეში არის მინიატურული სტალაქტიდები და სტალაგმიტები, აგრეთვე, პატარა ტბები. გამოქვაბულში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები, გამჭვირვალე თევზები და სხვ.
სონ–დონგი, ვიეტნამი
გამოქვაბული მდებარეობს ვიეტნამის ტერიტორიაზე, ლაოსის საზღვართან და მსოფლიოში ყველაზე დიდი მიწისქვეშა სისტემების სამეულში შედის. საკვირველია, რომ ეს გამოქვაბული 1991 წელს აღმოაჩინეს. სპელეოლოგები, რომლებმაც პირველებმა გამოიკვლიეს ეს გამოქვაბული, განცვიფრებას ვერ მალავდნენ _ თითქმის 2,5 მლნ წლის განმავლობაში ეს გამოქვაბული უცნობი იყო ადამიანებისთვის.
ანტილოპას კანიონი, აშშ
სილასა და წყალს შეუძლია საოცრების შექმნა, განსაკუთრებით, თუ ათასობით წლის განმავლობაში “მუშაობენ” ერთობლივად. არიზონას კანიონი ბუნების საოცრებაა, რომელიც განსაცვიფრებელია არა მხოლოდ უცნაური ფორმებით, არამედ ქანების წითელ-ყავისფერი ფერებით.
ცისფერი მღვიმე, იტალია
წარმოიდგინეთ ცისფერი ფერით განათებული გალერეები, რომლებიც ბუნებამ შექმნა, და მიხვდებით, რატომ ითვლება ტირენიის ზღვაში მდებარე კუნძულ კაპრის მღვიმე დედამიწის ერთ-ერთ ლამაზ ადგილად.
მერცხლების მღვიმე, მექსიკა
დილაობით ფრინველთა გუნდი სპირალისებური ტრაექტორიით მიფრინავს ზევით, მღვიმის გასასვლელისკენ, საღამოს კი უკან ბრუნდება – თავიანთ ბუდეებში. ასე გრძელდება რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში. მერცხლების მღვიმე ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, ჯეიმს კემერონის, ფილმ “სანკტუმში” ასახული მღვიმის “პროტოტიპია” და ბევრ ავანტიურისტს იზიდავს. ეს გასაკვირიც არ არის, მერცხლების მღვიმე ხომ მსოფლიოში ერთადერთია, რომელშიც პარაშუტით ჩახტომას შეძლებთ.
მარმარილოს გამოქვაბულები, ჩილე
მრავალი ათასი წლის განმავლობაში ეხეთქებოდა ტალღები სანაპიროს, რათა შეექმნა ეს საოცარი გამოქვაბული.
ვატნაიეკუდლი, ისლანდია
ყინულის გამოქვაბულების 99,9% წყლით არის შექმნილი, მაგრამ ისლანდიის ყინულოვანი გამოქვაბულის დერეფნები და დარბაზები ვულკანის მოქმედების შედეგად წარმოიქმნა, რომლებიც ფანტასტიკურ ელფერს აძლევს ამ გამოქვაბულს. ვატნაიეკუდლი ისლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის მოცულობით (8133 კვ.კმ) უდიდესია ევროპაში. აქ ყინულის საშუალო სისქე 40- მეტრია, მაქსიმალური _ 1000 მ.
მღვიმე ორდინსკაია, რუსეთი
ეს გამოქვაბული მდებარეობს პერმის მხარის სოფელ ორდის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე კუნგურის მარცხენა ნაპირზე. ის რუსეთის ყველაზე გრძელ წყალქვეშა და მსოფლიოში ყველაზე დიდ თაბაშირისგან შექმნილ გამოქვაბულად ითვლება. გამოქვაბულის გამოკვლეული ნაწილის სიგრძე 4600 მეტრია, ამასთანავე, მის მშრალ ნაწილს მხოლოდ 300 მ უკავია, დანარჩენი წყალქვეშაა.
მამონტის მღვიმე, აშშ
მამონტის მღვიმე, რომელიც აშშ-ის შტატ კენტუკიში მდებარეობს, ყველაზე გრძელია მსოფლიოში _ მიწისქვეშა გასასვლელების საერთო სიგრძე დაახლოებით 700 კმ-ია. გამოქვაბულში ნაპოვნი საგნები მიუთითებს იმაზე, რომ პირველი ადამიანი იქ ჩვ. წ. აღ-მდე 2000 წლის წინათ იყო, თუმცა ჩვენი წინაპრები იმხანად ძალიან ცოტა რამით ჰგავდნენ თანამედროვე ადამიანებს.
მოამზადა ნიკა კორინთელმა