დრო _ ეს არის განგრძობა არსებობისა და მოვლენებისა, რომლებიც შეუქცევადი თანმიმდევრობით ხდება წარსულიდან, აწმყოს გავლით, მომავალში. ეს არის სხვადასხვა განზომილების კომპონენტი, რომელიც გამოყენებულია მოვლენების თანმიმდევრობის აღსაწერად, რათა ერთმანეთს შევადაროთ მოვლენების ხანგრძლივობა ან მათ შორის ინტერვალი. აი რამდენიმე ფაქტი, რომლებიც შეიძლება, თქვენ არც კი იცოდით.
1. დრო თქვენი სახისთვის უფრო სწრაფად გადის, ვიდრე ფეხებისთვის
აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით, რაც უფრო ახლოს ხართ დედამიწის ცენტრთან, მით ნელა გადის დრო _ და ეს მეცნიერებმა გაზომეს. მაგალითად, ჯომოლუნგმას მწვერვალზე წელიწადი დაახლოებით 15 მიკროწამით ნაკლები იქნება, ვიდრე ზღვის დონეზე.
2. დღე–ღამის რეალური ხანგრძლივობა 24 საათი არ არის
დღე-ღამის ხანგრძლივობა 23 საათი 56 წუთი და 4,2 წმ-ია. მიზეზი, რომლის გამოც მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე 24 საათია, არის ის, რომ დედამიწა ყოველდღე მოძრაობს თავის ორბიტაზე მზის მიმართ, მისი მდგომარეობის ცვლილება კი დღეს ცოტა ახანგრძლივებს.
3. როდესაც დედამიწაზე დინოზავრები ცხოვრობდნენ (დაახლოებით 230 მლნ წლის წინათ), წელიწადში 370 დღე იყო
დედამიწის ბრუნვა ნელდება, რადგან მთვარის გრავიტაცია მოქმედებს, როგორც წინააღმდეგობა, ამიტომ დღეები უფრო ხანგრძლივია დაახლოებით 1,7 მილიწამით საუკუნეში.
4. ფიზიკისთვის არ არსებობს ისეთი რამ, რაც არის “ახლა”
სივრცე და დრო მიმდინარეა. მათზე გავლენა აქვს გრავიტაციასა და თქვენს სიჩქარეს. აინშტაინმა ამის შესახებ თქვა: “ჩვენთვის, ფიზიკოსებისთვის, განსხვავება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის მხოლოდ ილუზიაა”.
5. რასაც ვხედავთ, არსობრივად, ეს წარსულია
რადგან სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად დრო სჭირდება, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, წარსულშია. ის მზე, რომლის დანახვაც სარკმლიდან შეგვიძლია, 8 წუთისა და 20 წამისაა, სწორედ ამდენი დრო სჭირდება სინათლეს მზიდან დედამიწამდე მოსაღწევად. დედამიწიდან ყველაზე ახლო ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრიდან სინათლეებს ჩვენამდე მოღწევას 4 წელიწადი სჭირდება.
6. რაც უფრო სწრაფად მოძრაობთ, მით ნელა გადის დრო
ფიზიკის კანონების თანახმად, თქვენ უფრო ნელა დაბერდებით, თუ სწრაფად იმოგზაურებთ. მაგალითად, თუ თქვენ დედამიწიდან ვარსკვლავ სირუსისკენ სინათლის სიჩქარის 99%-ით გაფრინდებით, შემდეგ კი კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებით, ჩამოსვლის მომენტში 2 წლით უფროსი იქნებით, ის ადამიანები კი, რომლებიც დედამიწაზე დარჩნენ, 17 წლით დაბერდებიან.
7. ყველაზე ზუსტი საათი სტრონციუმის ბატარეებზე მომუშავე საათია
ამ საათს შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს დრო 15 მლრდ წლის განმავლობაში. შესადარებლად: ატომურ საათს შეუძლია, ზუსტად იმუშაოს 300 მლნ წლის განმავლობაში.
8. სამყაროში ყველაზე ძველი ცნობილი ობიექტი არის გალაქტიკა Z8-GND-S296
ეს გალაქტიკა 13,1 მლრდ წლისაა და, სულ რაღაც, 700 მლნ წლით ახალგაზრდაა სამყაროზე.
9. ყველაზე ძველი ობიექტი დედამიწაზე
დედამიწაზე ყველაზე ძველი ობიექტი არის ცირკონის კრისტალი, რომელიც 4,4 მლრდ წლისაა. ეს კრისტალი დასავლეთ ავსტრალიაში, ჯეკ-ჰილზსში იპოვეს.
10. დრო შეიძლება გაჩერდეს
შორეული გალაქტიკები უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე ახლომყოფები. ასტროფიზიკოსების აზრით, სამყაროს გამუდმებით გაფართოება მის აჩქარებას იწვევს. არსებობს თეორია, რომელიც ხსნის ამ გამოუცნობ ძალას, რომელსაც “ბნელ ენერგიას” უწოდებენ. თუმცა ერთმა ესპანელმა ფიზიკოსმა წამოაყენა ალტერნატიული თეორია. მისი აზრით, შორეული ძველი გალაქტიკები უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე ახლომყოფები, იმიტომ, რომ წარსულში დრო უფრო სწრაფად გადიოდა. თუ ეს ესპანელი ფიზიკოსი მართალია, მაშინ რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ “ყველაფერი გაიყინება, როგორც წამიერი სურათი, სამუდამოდ”.
მოამზადა ნიკა კორინთელმა