მთავარი საზოგადოება 10 თვეში 1518 ადამიანი შეეცადა თვითმკვლელობას. საით მიდის ქვეყანა?

10 თვეში 1518 ადამიანი შეეცადა თვითმკვლელობას. საით მიდის ქვეყანა?

738
გააზიარეთ
10 თვეში 1518 ადამიანი შეეცადა თვითმკვლელობას. საით მიდის ქვეყანა?

არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ რაც გააკეთა, იმ პროგრამის ამუშავებაა, რომელმაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ვალები უნდა გაუნულოს. შეგახსენებთ, რომ არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბანკებსა თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციებში 2000 ლარამდე სესხი ჰქონდათ აღებული, ვერ იხდიდნენ და ამის გამო საკრედიტო ისტორიაშიგააშავეს”, “ქართუ ბანკიდაეხმარებოდა და კრედიტს დაუფარავდა. პროგრამა მძიმედ, მაგრამ მაინც ამუშავდა და ახლა ადამიანები გაფაციცებით ეძებენ სიებში საკუთარ თავს. ეძებენ იმიტომ, რომ ვიღაცას ასი და ორასი ლარი ექცა ათასებად, ვიღაცას ორი ათასი ექცა რამდენიმე ათეულ ათასად და საბოლოო ჯამში, როგორც ამბობენ, დაანონსებული 600 ათასი ადამიანის ნაცვლად, ეს პროგრამა უფრო მეტს შეეხება.

რომ ვთქვათ, ცუდია, რასაც ხელისუფლება აკეთებსო, არ იქნება მართებული. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია, ანკესის ნაცვლად, მთავრობა მოსახლეობას ისევ თევზს აძლევს და ეს ფულიც, საბოლოო ჯამში, წყალში გადაყრილი იქნება. იქნება თუნდაც იმიტომ, რომ მეორე მხარეს უკმაყოფილო ადამიანები დგანან, ანუ ისინი, ვინც წელზე ფეხს იდგამდა, კრედიტს პატიოსნად იხდიდა და ახლა საკუთარ თავზე ბრაზდება პატიოსნების გამო. ესეც არ იყოს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თუ ბანკები ან საფინანსო ორგანიზაციები იმავე ადამიანებს შესაძლებლობას მისცემენ, კვლავ აიღონ კრედიტი, მათი უდიდესი ნაწილი კვლავ შავ სიაში მოხვდება და… საზოგადოდ, ჩვენ ხომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ და თვალი არ გვეცეს, 2019-ში თითქოს ვისვენებთ ამ ყველაფრისგან. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ადამიანები სესხის განულების თაობაზე ამცნობენ მეგობრებს, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ათასობით ლარი რეალურად ორასლარიან სესხს მოჰყვა. ჰოდა, მოქალაქეს რომ ორასი ლარის გამო ბანკში გააშავებენ და ასეთი ასიათასობით გყავს, საამაყო არაფერია, თუმცა…

ერთ-ერთი, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაყობს, არის ის, რომ სტატისტიკას არ მალავს. ძალოვანი უწყება არ გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, არც იმას გვეუბნება, საქმეების ას პროცენტს ვხსნითო, გვაძლევს რეალურ სურათს და ამისთვის მადლობა მათ.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში საქართველოში სუიციდის შემთხვევებმა იმატა. პრინციპში, ამას მატებაც აღარ ჰქვია, რიცხვი, შეიძლება ითქვას, კატასტროფულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო ათ თვეში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა და 1518 შემთხვევა შეადგინა. თუ 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ავიღებთ, რაოდენობა ამ შემთხვევაშიც არ არის მცირე _ 562, მაგრამ…

“2018 წლის 1 იანვრიდან, 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ ათი თვის განმავლობაში, სუიციდის 1518 შემთხვევა აღირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 956 ერთეულით მეტია”, _ ასეთია ოფიციალური განცხადება.

რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ეს 1518 შემთხვევა, ცალცალკე აღებული, უბედურებაა. ოჯახებმა დაკარგეს დედა, მამა, შვილი, ძმა, და, ბებიაბაბუები და როგორ გგონიათ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?! რამდენ ადამიანს შეეძლო თავი მოეკლა, მაგალითად, სიყვარულის, კონფლიქტის, სიძულვილის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც სიდუხჭირესა და სიღარიბესთან არ არის დაკავშირებული?! ძალიან, ძალიან ცოტას… და მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები სიცოცხლეს საკუთარი ხელით ისწრაფავენ, სწორედ სიღარიბეა. იმის გამო, რომ ადამიანების ფსიქიკა ვეღარ უძლებს მშიერი შვილების, მშობლებისა თუ ოჯახის ნებისმიერი წევრის ყურებას, თვითმკვლელობამდე მიდის. საუბედუროდ, სოციალიურ ქსელშიც არაერთი ვიდეო ვრცელდება, რომლებშიც არასრულწლოვანი ბავშვები არ ითხოვენ სათამაშოებს და კომპიუტერს, ისინი საკვებს ითხოვენ და ღიად ამბობენ, რომ მათი მთავარი ოცნება დანაყრებაა, მათი მთავარი საზრუნავი საჭმელია და ხმამაღლა ამბობენ, რომ შიათ. გესმის, “ოცნებავ”, ბავშვების ოცნება?! და მერე იწყება საქველმოქმედო აქციები, საკვების, ტანისამოსის, ჰიგიენური საშუალებების შეგროვება და ადგილამდე მიტანა, მაგრამ რად გინდა?! ეს ყველაფერი შეიძლება ერთ-ორ თვეს ეყოს არასრულწლოვანსა და მის ოჯახს. მერე? რა ხდება მერე? როგორც ირკვევა, ხდება ის, რომ ადამიანები სტატისტიკას “ავსებენ”. ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ათასების _ სტატისტიკაო და აგერ, ბატონებო, სუიციდის ამ რაოდენობას უკვე ტრაგედიად არ თუ ვეღარ აღვიქვამთ. ისე შემოვიდა თვითმკვლელობა ჩვენს ქვეცნობიერში, რომ ჩვეულებრივ ამბად ვიღებთ, თითქოს ნერვიულობის უნარიც წაგვერთვა და ვხვდებით, რომ იმ კონკრეტული ადამიანის გარდაცვალებით მის ოჯახს არ ეშველა, უფრო პირიქით _ მეტად დაიქცა და გასანადგურებლად გაიწირა.

ყველაზე საგანგაშო ამ სტატისტიკაში არის ის, რომ სუიციდი გაახალგაზრდავდა. არც თუ იშვიათია შემთხვევები, როცა თვითმკვლელობას 12, 13, 14 და 15 წლის ბავშვები სჩადიან, ანუ ისინი, ვისი ფსიქიკაც ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ბავშვები, რომლებსაც გარდატეხის პერიოდი უდგათ და ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათი წინააღმდეგია. საუბედუროდ, ამას მშობლები ხშირად ვერ ამჩნევენ იმ მიზეზით, რომ დილიდან საღამომდე საშოვარზე არიან გადაგებულნი და კარგ შემთხვევაში, ამას საქართველოში ახერხებენ, ცუდ შემთხვევაში _ საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, არაერთია შემთხვევა, როცა მშობელი იძულებით ტოვებს სკოლამდელი ასაკის შვილს საქართველოში, თვითონ უცხოეთში მიდის ლუკმაპურის საშოვნელად, შვილის მომავლისთვის. წლების მერე კი ხელში შერჩება გაუცხოებული, მის გარეშე გაზრდილი ბავშვი, რომელსაც თავისი სამყრო აქვს, რომელიც მშობლის გარეშე შექმნა და ამ სამყაროში მშობელი უცხოა. აქედან იწყება გაუცხოება, აქედან იწყება პრობლემები, აქედან იწყება ათასი ჯურის ადამიანების გარემოცვა.

სუიციდის რამდენიმე ათეული შემთხვევა გვაქვს, როცა გარდაცვლილი არასრულწლოვანის მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი კომპიუტერულმა თამაშმა “ლურჯმა ვეშაპმა” იმსხვერპლა. პრაქტიკულად ყველა შემთხვევაზე შსს-ში გამოძიება დაიწყო და, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. რა ხდება? რომ ვთქვათ, ძალოვნები დაინტერესებულნი არიან ამ საქმის გამოუძიებლობითო, აბსურდი იქნება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რაღაც ხდება, რადგან არაერთი მოზარდი საუბრობს არსებულ თამაშზე და, ამ ყველაფრის მიუხედავად, ოფიციალური მტკიცებულება არ არის.

სხვათა შორის, მოზარდებში სუიციდის მომრავლების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ფსიქოლოგები 1990-იანების თაობას მიიჩნევენ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათი აზრით, დიდწილად ესეც მნიშვნელოვანია, რადგან, თურმე 1990-იანების თაობა ახლა სწორედ მშობლის ამპლუაშია, მათი ფსიქიკა სწორედ იმ წლების გამო სტრესშია და, შესაბამისად, შვილების პრობლემების შემჩნევა უჭირთ, რადგან ნორმალური ჰგონიათ ის, რაც თვითონ გადაიტანეს და იმ სტრესს გადაურჩნენ.

და მაინც, ფსიქოლოგებიც, ფსიქიატრებიც, ამ სფეროს სხვა ექსპერტებიც მიდიან დასკვნამდე, რომ სუიციდის მთავარი მოტივატორი ფინანსური პრობლემებია; რომ მშობლები ვერ და არ უძლებენ იმ ყოფას, რომელშიც თავად არიან და რომელშიც შვილები იმყოფებიან; ვერ უძლებენ ოჯახის ავადმყოფი წევრების ტანჯვის ყურებას მაშინ, როცა წამლის ფული არ აქვთ, მით უმეტეს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წამალი საქართველოში ძალიან იაფია. ისე, მათ გასაგონად ვიტყვი: კალცის შემცველი აბები ჩვენთან 70 ლარი ღირს, ევროპაში _ ევრონახევარი. და ასეთი პროპორციაა ლამის ყველა წამალზე და ერთადერთი, რაც იაფია, ციტრამონია, რომელიც ხანდახან თავის ტკივილსაც არ შველის.

თუ საქართველოში სასწრაფოდ არ შეიცვლება მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა, თუ მოსახლეობას არ გაუჩნდება იმდენი შემოსავალი, რომ მასობრივად არ ისესხოს ფინანსური ორგანიზაციებიდან ასი თუ ორასი ლარი, სტატისტიკა გაისადაც გაუარესდება. ადამიანი ასი ლარის სასესხებლად ბანკს რომ მიაკითხავს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ასი ლარი არა მხოლოდ მას, არამედ მის სამეზობლოსა და სამეგობროსაც არ აქვს. ეს კი კატასტროფაა. კატასტროფაა ზუსტად ისევე, როგორც სტატისტიკა იმისა, რომ საქართველოში დღეში საშუალოდ ხუთი ადამიანი იკლავს თავს. მთავრობის საყურადღებოდ: სამუშაო ადგილების შექმნით არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას წაწევთ წინ, არამედ ადამიანებს სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებთ და არ იქნება ამდენი გაუბედურებული ოჯახი. ფინანსთა მინისტრს თუ ვენდობით, საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი 2025 წლისთვის გვექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, მაგალითად, გაისად 75 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. განვითარების ეტაპები თურმე ნელ-ნელა წამოგვეწევა და უახლოეს 2-3 წელიწადში რეალურად არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. შესაბამისად, არ გაგიკვირდეთ, სტატისტიკა თუ მოიმატებს, და არც ის, ამაზე პასუხს რომ არავინ აგებს. ჰო, როგორც წესი, როცა ადამიანები კვდებიან, ვინმემ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ისტორიას მშრალი სტატისტიკა შემორჩება მხოლოდ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here