Home ახალი ამბები საქართველო 1 მაისიდან პური კიდევ გაძვირდება

1 მაისიდან პური კიდევ გაძვირდება

116

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, პურის მრეწველთა კავშირი, მოკლედ, ყველა, ვისაც პურთან შეხება აქვს, აცხადებს, რომ 1 მაისიდან პურის ფასი მოიმატებს. სავარაუდო მატებად მწარმოებლები 20 თეთრს ასახელებენ და ასაბუთებენ კიდეც, რატომ გაძვირდება მთავარი საკვები პროდუქტი.

“მარტის შემდეგ, ანუ როდესაც საბაჟო გაიხსნა რუსეთთან, ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 75 ლარი იყო, ანუ მოიმატა. ადგილზე ფქვილი 80 ლარი ღირს. ამას დავუმატოთ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, ხელფასების, დისტრიბუციისა და სახელმწიფოს გადასახადები და ეს ყველაფერი სწორედ საბოლოო ფასს ურტყამს. თუ რუსეთიდან შემოსული ფქვილი დაბალი ფასის იქნება, ჩვენ ძველ ფასს შევინარჩუნებთ, მაგრამ, თუ 75 ლარი შენარჩუნდება, მაშინ ღირებულების გაზრდა მოგვიწევს”, _ ეს განცხადება “პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ გააკეთა.

სხვათა შორის, როცა ფასის მატებაზე დაიწყო საუბარი და მარტში პირველი პარტია გამოჩნდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დაფიქრდება სუბსიდიაზე, რადგან პურის ფასი უნდა შევინარჩუნოთო. ეს ყველაფერი ხანიშვილმა ერთი თვის წინათ თქვა, მას შემდეგ კი არ დაუკონკრეტებია, სახელმწიფო ფიქრობს, გადაიფიქრა, თუ, საერთოდ, არ აინტერესებს. მინისტრის მოადგილე პოლიტიკური ფიგურაა და ის კი არ თქვა, ეგებ რუსეთს დაველაპარაკოთ, ფასი დასწიოს, ამის შესაძლებლობა აქვსო… არა, სუბსიდიაზე ვიფიქრებთო… ამ სუბსიდიას ისე თამამად ახსენებენ მაღალჩინოსნები, გეგონებათ, ფულს საკუთარი ჯიბიდან იხდიან. არადა, ფული ბიუჯეტიდან მიდის, იმ ბიუჯეტიდან, რომელსაც ჩვენ ვავსებთ და ჩვენვე გვაკლდება. ფასნამატს ისევ ჩვენი ფულით იხდის სახელმწიფო, ანუ ჩვენს ჯიბეში ყოფს ხელს, იხდის და თან გვამადლის, _ აგერ, თქვენი ფულით ფასი შევინარჩუნეო. მერე რა, რომ ეს ფული სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკლდება, ამას ვერ გავიგებთ, ხოლო, პური რომ გაძვირდეს, მივხვდებით.

ხელისუფლება მიეჩვია, რომ პროდუქტი ყოველდღიურად ძვირდება და ხმას არავინ იღებს. კომენტარსაც კი აღარ აკეთებენ გაძვირებულ პროდუქტებზე და ეს მას შემდეგ უფრო შეიმჩნევა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო. ჰო, სწორედ სასაცილო მდგომარეობაში, რადგან მთავრობის სხდომაზე განაცხადა: საწვავის შემომტანებს, მინდა, ვთხოვო, ფასებს გადახედონ და შეძლებისდაგვარად დაწიონ, მოქალაქეებმა შეძენა რომ მოახერხონ და შეღავათი იგრძნონო. განცხადებიდან მეორე დღეს ბენზინის ფასმაც მოიმატა და დიზელის ფასმაც. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიზნესს სულ არ აინტერესებს, რას იტყვის ქვეყნის პირველი პირი? ნიშნავს და რა ჰქვია ასეთ დამოკიდებულებას? _ ჰო, ეგ ჰქვია!

ამ ვითარებაში უკრაინა კვლავ გვიკიჟინებს, რუსეთს სანქციები დაუწესეთო. იმავე აზრზეა ევროპა და ამერიკაც _ არიქა, რუსეთის ეკონომიკა უნდა ჩამოვშალოთ, დეფოლტის ზღვარზე არიანო (ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსეთი დეფოლტის მდგომარეობაშია _ ეს ჩვენ ვიცით, რუსებმა არაო). რეალურად კი, საკმარისია, საქართველო სანქციებს შეუერთდეს და ჩვენი ეკონომიკა ისე ჩამოინგრევა, მის აშენებას ათეული წლები დასჭირდება. დეფოლტს რაც შეეხება, რუსულმა მხარემ უკვე მიმართა ლამის 200-მილიონიან ბრაზილიას, მხარში ამოგვიდექით, სავაჭრო ურთიერთობები ავაწყოთო და თანხმობაც მიიღო. აქეთ 200-მილიონიანი ბრაზილია, ევროპის რამდენიმე ქვეყანა (სერბეთ, უნგრეთი), იქით ლამის 2-მილიარდიანი ჩინეთი და რუსული ეკონომიკა ყველაფერს მარტივად გადაჭრიან. და ვინ გაიჭყლიტება? სწორია _ საქართველო.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობისლიდერები რამდენიმე გლეხს უკვე შეუთანხმდნენ და საადრეო ხილს, რომელიც, ძირითადად, რუსეთში იყიდება, კონკრეტული ადამიანები აღარ გაიტანენ და კამერების წინ იტყვიან, რომ რუსეთში პროდუქციას არ გაყიდიან, გააფუჭებენ, დაალპობენ და მტერს არ გაუგზავნიან. რეალურად კი, იმ 3-4 გლეხისგან პროდუქციას ნაციონალები შეისყიდიან, შინ წაიღებენ და პოლიტიკურ ამბავსაც მარტივად გამოაცხობენ. ამ ყველაფერს ოპოზიციური არხები შეფუთავენ, დაატრიალებენ და დასავლეთი დაინახავს, რომ საქართველო რუსეთში პროდუქტის შეტანაზე უარს ამბობს, შედეგად კი არც იქიდან მოისურვებს რამის მიღებას. და ვინ დარჩება წაგებული? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ რუსეთის დედაქალაქში იმაზე ხუთჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მთლიანად საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთი ფიზიკურად ვერ იგრძნობს, ჩვენ კიჩვენ ხელს გავიწვდით, ევროპაამერიკის კარზე დავიწყებთ კაკუნს და გვერწმუნეთ, ზუსტად ისე გაგვიღებენ, როგორც ეს ნატოსა და ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა. ხომ გვიმტკიცებდა დასავლეთი: ოღნდ რუსეთს ჩაეხსენით, ოღონდ სანქციებს შემოუერთდით და ყველაფერში გვერდით დაგიდგებითო? სად არის დაპირებული ხორბლის ახალი ბაზარი? სად არის დაპირებული პურის ფქვილი? თუ დასავლეთი ყველაფერში გვერდით გვიდგას, რატომ არის, რომ ქართველი მეწარმეები უიმედოდ შლიან ხელებს და ერთადერთ რეალურ მომწოდებლად კვლავ რუსეთი ჰყავთ?

ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დასავლეთს სურს, მთლიანად ჩავეხსნათ რუსეთს, შემდეგ კი, დამშეული ხალხი ქუჩაში რომ გამოვა, მთავარ მტრად სწორედ რუსეთი გამოუცხადონ და კავკასიაში მართლა გაუხსნან ყბადაღებული მეორე ფრონტი. ასეთ შემთხვევაში, არამხოლოდ ეკონომიკა, არამედ ინფრასტრუქტურაც ზუსტად ისე ჩამოიშლება, როგორც უკრაინაში და, საბოლოო ჯამში, საუკუნოდ გავხდებით დამოკიდებული ევროპა-ამერიკასა და მათ დახმარებაზე. მოესურვებათ და ნახევარ საათში შეცვლიან ხელისუფლებას და მთლიანად მოგვაქცევენ თავიანთი გავლენის ქვეშ, რადგან რუსეთთან მისასვლელი პირი აღარ გვექნება, მათთვის კი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მათხოვრები ვიქნებით. ლამის შუაგულ ევროპაშია სერბეთი, იქვეა უნგრეთი და მათ ლიდერებს ისე არ “აწვებიან”, როგორც საქართველოს. არადა, სერბეთისა და უნგრეთის ეკონომიკა საქართველოსაზე გაცილებით ძლიერია, მეტი შესაძლებლობებიც აქვს, მაგრამ მაინცდამაინც საქართველოა სამიზნეში ამოღებული, იმიტომ, რომ რუსეთს ესაზღვრება; იმიტომ, რომ აქედან უფრო მარტივია რუსეთის გაღიზიანება; იმიტომ, რომ, თუ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზა განთავსდება… ადრეც გვითქვამს, ახლაც გავიმეორებთ _ დასავლეთს საქართველო ერთადერთ რამედ სჭირდება _ პოლიგონად, და პოლიგონზე კი მოსახლეობა არ ცხოვრობს.

ისევ პურს და მის ფასს დავუბრუნდეთ. ძალიან დიდი იყო შანსი იმისა, რომ რუსეთთან ამ პირობებშიც კი მოლაპარაკებები გამართულიყო და პურის ფასზე შეთანხმება მომხდარიყო. ამ ნაბიჯის გადადგმა ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ რუსეთთან ურთერთობების აღდგენა დაიწყო და შემდეგ უკვე საუბარი პირდაპირ ფრენებსა და უვიზო რეჟიმზეც იქნებოდა. შედეგად მივიღეთ უკრაინაში სასწრაფო წესით წასული 2 დელეგაცია და იქ გაკეთებული მკაცრი განცხადებები, რომლებმაც რუსეთთან საუბრის შესაძლებლობა მოსპო. სამაგიეროდ, აქ მაღალჩინოსნები ცდილობენ ხელის მოთბობას და ისევ ჩვენს ხარჯზე, ისევ ჩვენი ფულით.

“დღეს ხორბალი ვინმემ რომ შემოიტანოს, ეს მისთვის რისკია. თუ სახელმწიფო სუბსიდირებას 1 მაისიდან გამოაცხადებს, ავტომატურად, სუბსიდირების პროგრამაში ის სუბიექტები ჩაერთვებიან, რომლებიც ხორბალს სწორედ გამოცხადების შემდეგ შემოიტანენ. გამოვა ისე, რომ, მაგალთად, 30 აპრილს 400 დოლარად ნაყიდი ერთი ტონა ხორბალი არ დასუბსიდირდება, 1 მაისს ნაყიდი _ კი. სწორედ ამიტომ დღეს წისქვილები ხორბლის შემოტანას ვერ რისკავენ და სახელმწიფოს წინადადებას ელოდებიან”, _ განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ. ძაღლის თავიც აქ არის დამარხული _ ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ხორბლისა და ფქვილის ბიზნესში არიან ჩართულნი (არ თქვათ, არაო, თორემ გვარსახელებით ჩამოვწერთ), ცდილობენ, ამ გაჭირვების დროსაც კი ფული იშოვონ და კონკურენტებს ხორბალი იმავე რუსეთისგან ძვირად აყიდინონ, თვითონ იაფად შეიძინონ და სახელმწიფო სუბსიდიაც, პრაქტიკულად, სათავისოდ აამუშაონ. ამ კინკლაობაში კი, შესაძლოა, იქამდე მივიდეთ, სავალდებულო ორთვიანი მარაგები ამოიწუროს, რუსეთმა კი საქართველოსთვის ხორბლის მიყიდვაზე უარი თქვას; უარი თქვას თუნდაც იმ მოტივით, რომ საქართველოს ხელისუფლება მწვავე განცხადებებს აკეთებს და სანქციებზეც მიანიშნებს.

ილუზია იმის შესახებ, რომ დღეს-ხვალ რუსეთის ეკონომიკა განადგურდება, ქვეყანა დაიშლება, სწორედ დასავლეთმა შექმნა. ანალოგიური რამ მოხდა 2014 წელსაც, როცა რუსეთი სანქციებით ვითომ წელში გაწყვიტეს, იზეიმეს კიდეც რუსული ეკონომიკის ჩამოშლა და “წელში გაწყვეტილი” რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ხორბლისა და სიმინდის მთავარ მწარმოებლად დაბრუნდა. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დასავლეთი კვლავ ძველ გაკვალულ გზას მიუყვება, ანუ სურს, ვიღაცები დაარწმუნოს, რომ ამჯერად მართლა ყველაფერი რიგზეა და… ღარიბაშვილმა ხომ თქვა, მე მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებო, იმედია, ამ სიტყვას არც ის და არც ხელისუფლების დანარჩენი წევრები არ გადავლენ.

ალექსანდრე მუმლაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here