თითოეულ ნახატსა და ქანდაკებას აქვს თავისი ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება. გაგაცნობთ ხელოვნების 5 ნიმუშის საინტერესო ისტორიებს.
გობელენი ბაიედან
გობელენი ბაიედან შუასაუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტეფაქტია. ეს არის 230 მეტრის სიგრძის ტილო, რომელზეც ნორმანების შეჭრისას ვილჰელმ დამპყრობლისა და მეფე ჰაროლდის ბრძოლის 50 სცენაა გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ გობელენი 900 წლისაა, კარგ მდგომარეობაშია, თუმცა აშკარად ჩანს, რომ ბოლო ნაწილი აკლია. საერთოდ კი, გობელენი ბაიედან არის ნაქარგი, რომელიც ჰგავს გობელენს, მაგრამ დამზადებისას გამოყენებულია სხვა ტექნიკა. ძაფები ჩაკერებულია ძირითად ქსოვილში და ასეა შექმნილი გამოსახულება და არა საქსოვ დაზგაზე. ძველი ისტორია, რომ გობელენი შექმნეს მონაზვნებმა, არ დასტურდება.
ექსპერტთა აზრით, გობელენი, დიდი ალბათობით, შექმნილია გამოცდილი მქსოველების მიერ. ყველაზე დიდი გამოცანაა, სად და ვინ შექმნა ის.
გობელენის შემკვეთად ვილჰელმის ძმა, ეპისკოპოსი ოდო სახელდება. ბოლო ვერსიის თანახმად კი, გობელენი, შესაძლოა, დამარცხებული მეფე ჰაროლდის დამ, ედიტ გოდვინსონმა, შეუკვეთა, რათა ახალი მეფის კეთილგანწყობა მოეპოვებინა.
“მოგვთა თაყვანისცემა”
“მოგვთა თაყვანისცემას”, ჩვეულებრივ, უწოდებენ ცნობილ ბიბლიურ სცენას, როდესაც სამმა მოგვმა ჩვილ იესოსა და მარიამს თაყვანი სცა. ამ სცენას ფართოდ იყენებდნენ დიდი მხატვრები, მათ შორის ბოტიჩელი, რემბრანდტი, ლეონარდო დავინჩი და სხვები. მათ დახატეს თავიანთი ვერსიები, მაგრამ აქ ლაპარაკია ჯოტოზე _ XIII საუკუნის იტალიელ მხატვარზე, რომლის “მოგვთა თაყვანისცემაც” შედევრად ითვლება. ნახატზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ბეთლემის ვარსკვლავი, რომელიც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ჯოტომ დახატა კომეტა ჰალეას მსგავსი. ჯოტომ თავისი ტილო 1303 წელს დაიწყო და 1305 წელს დაასრულა, კომეტა ჰალეამ დედამიწას ჩაუქროლა 1301 წელს და სრულიად შესაძლებელია, ჯოტომ ის დაინახა და მიღებული შთაბეჭდილებებით შექმნა თავისი შედევრი. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ბაიეს გობელენზეც გამოსახულია კომეტა ჰალეას გამოჩენა 1066 წელს, რამდენიმე თვით ადრე ნორმანთა შეჭრამდე საფრანგეთში. როგორც ჩანს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები ისე არიან დარწუნებულნი ტილოზე გამოსახული სცენის სიზუსტეში, რომ კომეტა ჰალეას შემსწავლელ კოსმოსურ მისიას მხატვრის პატივსაცემად “ჯოტო” დაარქვეს.
“პერსევსი მედუზის თავით”
ფლორენციაში, პიაცა დელა სენიორნიაზე, ნახავთ აღორძინების ეპოქის შესანიშნავ ძეგლებს. მათ შორის არის ბანდონელის “ჰერაკლე და კაკუსი”, ჯამბოლინის “საბინიელი ქალების მოტაცება” და სხვ. მათგან ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს ბენვენუტო ჩელინის “პერსევსი მედუზის თავით”. ჩელინიმ გამოაქანდაკა მოზეიმე პერსევსი, რომელსაც მაღლა აწეულ ხელში უჭირავს მედუზა გორგონას მოკვეთილი თავი, ფეხებთან კი სხეული გდია. ეს ბერძნული მითოლოგიის ისტორია დღემდე პოპულარულია.
კოზიმო დი მედიჩიმ პერსევსის სტატუა ჩელინის შეუკვეთა, როცა მან დიდი თავადის ტიტული მოიპოვა. 1554 წელს “პერსევსი” დადგეს ზემოაღნიშნულ “ჰერაკლეს”, მიქელანჯელოს “დავითსა” და დონატელოს “ივდითსა და ოლოფერნთან” ერთად მოგვიანებით მიქელანჯელოსა და დონატელოს ქმნილებები მუზეუმში გადაიტანეს, მათ ადგილას კი ასლები დადგეს, “პერსევსის” ორიგინალი კი თავის ადგილას იდგა 500 წლის განმავლობაში და მხოლოდ დროდადრო უტარებდნენ რესტავრაციას.
ჩელინიმ თავის ნამუშევარს უცნაურ ადგილას დააწერა თავისი სახელი _ პერსევსის ქამარზე. ამას გარდა, თუ პერსევსის თავს უკნიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ მისი მუზარადი და თმა ქმნის სახესა და თავს. თუმცა ეს არ არის იდეალური მსგავსება, ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ჩელინიმ თავისი თავი პერსევსის კეფაზე გამოსახა.
“ცოლ–ქმარ არნოლფილების პორტრეტი”
“ცოლ-ქმარ არნოლფილების პორტრეტს”, ჰოლანდიელი მხატვრის, იან ვან ეიკის, მიერ დახატულს, ექსპერტები ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სურათად და, ამასთანავე, წინააღმდეგობის მუდმივ წყაროდ მიიჩნევენ. დავიწყოთ იმით, რომ ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით. დღეს ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგრამ მსგავსი რამ იშვიათი იყო XV საუკუნის დასავლეთ ევროპულ ხელოვნებაში.
ზეთის საღებავებმა შესაძლებლობა მისცა ვან ეიკს, სრულიად გამოევლინა თავისი ნიჭი იმ მეთოდების საშუალებით, რომლებიც იშვიათად გვხვდება მის ადრინდელ ნამუშევრებში. თუ ნახატს ყურადღებით დავაკვირდებით, შევაჩნევთ, რომ უკანა კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში ასახულია მთელი ოთახი, მათ შორის კარში მდგომი ორი ადამიანი. საინტერესოა, რომ წყვილის ფეხებთან მდგომი ძაღლები სარკეში არ ჩანს. სარკის ჩარჩოს პატარა მედალიონებზე გამოსახულია ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სცენები. ნახატის ყველაზე საკამათო ნაწილი არის არა სარკე, არამედ თვით წყვილი. იმხანად უჩვეულო იყო ოთახში მდგომი ადამიანების დახატვა, ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნახატს შეიძლება ჰქონდეს ფარული აზრი. კერძოდ, ზოგიერთის მტკიცებით, ნახატზე გამოსახულია ახალდაქორწინებულები, ხოლო კარში მდგომი ფიგურები ხელისმომკიდეები არიან, მაგრამ ამ მოსაზრებას ბევრი არ ეთანხმება. ექსპერტები, უკვე კარგა ხანია, ცდილობენ, გააანალიზონ ვან ეიკის ტილოს დეტალები: როგორ უჭირავს ერთმანეთის ხელი წყვილს, როგორი ვარცხნილობა აქვს ქალს და სხვა, რათა გაარკვიონ, რა ურთიერთობა აქვს ამ ორ ადამიანს.
“დამოუკიდებლობის დეკლარაცია”
ჯონ ტრამბულის “დამოუკიდებლობის დეკლარაცია” ერთ-ერთი გამორჩეული ტილოა აშშ-ის ისტორიაში. 1817 წელს შექმნილი ნახატი აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, უკვე 200 წელიწადია, ინახება და გამოსახულია 2-დოლარიან ბანკნოტზე. სახელწოდებისა და ნახატის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ ეს ხელოვნების ნიმუში ასახავს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერას. სინამდვილეში, ტილოზე გამოსახულია დეკლარაციის სარედაქციო კომიტეტი თომას ჯეფერსონის (თავმჯდომარე), ბენჯამენ ფრანკლინის, ჯონ ადამსის, როჯერ შერმანისა და რობერტ ლივინგსტონის შემადგენლობით, როგორ წარუდგენს დეკლარაციის პირველ პროექტს კონგრესის პრეზიდენტ ჯონ ჰენკოკს. ნახატზე გამოსახული 56-დან 42 ადამიანი, რომლებიც საბოლოოდ ხელს მოაწერენ დეკლარაციას.
მოამზადა ნიკა კორინთელმა