Home რუბრიკები ეკონომიკა ხელისუფლებამ ლარის გამყარების საინტერესო გზა მოიფიქრა _ მოსახლეობიდან ლარის ამოღება

ხელისუფლებამ ლარის გამყარების საინტერესო გზა მოიფიქრა _ მოსახლეობიდან ლარის ამოღება

ხელისუფლებამ ლარის გამყარების საინტერესო გზა მოიფიქრა _ მოსახლეობიდან ლარის ამოღება

რაოდენ ხმამაღალიც უნდა მოგეჩვენოთ ეს განცხადება, ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მონობაში ცხოვრობს. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმ დამოკიდებულებას, რომელიც მოსახლეობასა და ბანკებს შორის არსებობს. სამწუხაროდ, ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, უმრავლესობა იძულებული იყო, თავის დროზე ბანკიდან სესხი აეღო, შემდეგ კი შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ ბანკისთვის დაებრუნებინა. არც არის გასაკვირი, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში ყველაზე მომგებიანი ბიზნესი აზარტული თამაშები და ბანკებია. აზარტული თამაშები იმიტომ, რომ ადამიანები ფიქრობენ: იქნებ გამიმართლოს, დიდი ფული მოვხსნა და მონობას თავი დავაღწიოო, მაგრამ ასიდან 99 შემთხვევაში პირიქით ხდება. აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა შარშან 15 მილიარდი ლარი იყო, ბანკების სუფთა მოგება კი _ ლამის 800 მილიონ ლარამდე და სოციალურ ნიადაგზე მომხდარი სუიციდის შემთხვევები ყოველწლიურად იმატებს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მეტად მოსახლეობა სწორედ ბანკებმა დააზარალეს. ჯერ იყო და, კომუნიზმის პერიოდში დაგროვებული ანაბრები გაქრა და გაუფასურდა; მერე იყო და, ბანკები იხსნებოდა, საოცარ პროცენტებსა და პირობებს სთავაზობდნენ ადამიანებს და, როცა სოლიდურ კაპიტალს მიიღებდნენ, იკარგებოდნენ, კოტრდებოდნენ და პასუხსაც არავინ სთხოვდა. ახლა არის და ისეთი პროცენტი აქვთ, პირდაპირ გეუბნებიან: კრედიტს თუ აიღებ, მთელი ის დრო ჩემზე უნდა იმუშაოო. შესადარებლად: მაგალითად, ბანკი გთავაზობთ 10 ათას ლარს 2 “ეფექტური” (ამ სიტყვას ყველაზე ხშირად იყენებენ) 13%-ით და თქვენც ძალიან გიხარიათ, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ესეფექტური” 13% თვეშია გადასახდელი და წლიური 156% გამოდის, ანუ აიღებთ 10 ათას ლარს და უკან აბრუნებთ დაახლოებით 25 ათასზე მეტს.

წეღან ხმამაღალი განცხადება ვახსენეთ და სწორედ ხმამაღლა ვამბობთ იმას, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე ხელისუფლებაა. დიახ, ხელისუფლება, რომელსაც აქვს ბერკეტი, კონკრეტული პროცენტი დააწესოს, კონკრეტული ზღვარი და იმის ზემოთ გაცემა აკრძალოს, ანუ ბანკებმა მოგების დაბალ მარჟაზე იმუშაონ, მაგრამ ნურას უკაცრავად, ამას არავინ აკეთებს. პროცენტის დაწევა კი არა, უკვე გამოტანილ სესხებზე გააძვირეს პროცენტი და პარადოქსია, მაგრამ დააკანონეს კიდეც. მოკლედ, 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. და ეს იმიტომ, რომ რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა მოუმატა, იმ ბანკმა, რომელიც აცხადებს: ლარის კურსს ვაკონტროლებთ, მყარად გვიჭირავსო. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5,3 მლრდ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4,4 მლრდ-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი _ 5,04 მლრდ-დან 5,31 მლრდ ლარამდე.

აბა, როგორ არ გავიხსენოთ 2012 წელს წინასაარჩევნოდ გაცემული ერთ-ერთი მთავარი დაპირება _ უფასო, უპროცენტო ფული და უკიდურეს შემთხვევაში წლიური 3%. ამას იმეორებდნენ ყველგან და, თუ ვიღაცამ სამართლიანობის აღდგენისთვის მისცა ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, არცთუ ცოტანი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო ყუთთან სწორედ იმ იმედით მივიდნენ და გააკეთეს არჩევანი, რომ მომავალი ხელისუფლება მათ ბანკების მონობიდან დაიხსნიდა. რა თქმა უნდა, სხვა მოლოდინების დარად, არც ეს მოლოდინი გამართლდა _ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამხელახლა დაიანგარიშა და განაცხადა, რომ მცდარი დაპირებები გასცა, რომ ბენზინი ვერ გაიაფდებოდა, რომ ბანკები კერძო საკუთრებაა და ვერ შეეხებოდა, რომ ლარის კურსი ხელოვნურად ეჭირა მათ წინამორბედს და მათ კი თავისუფალ ცურვაში გაუშვეს და ისე გამოვიდა, რომ ყველა დაპირება 100%-ით შესრულდა, ოღონდ პირიქით. ჰო, პირიქით _ მოიმატა საპროცენტო განაკვეთმა, ლარის გაუფასურების შემდეგ გაიზარდა სესხის შენატანის ოდენობა, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად ახალ თანამდებობებზე დაინიშნენ და დაწინაურდნენ ის პირები, რომლებიც წინა წლებში ხალხს ატერორებდნენ; სასაცილოა იმაზე ფიქრი და მოლოდინი, რომ ხელისუფლება დაპირებულ საწარმოებს გახსნის და უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლებამ ლარის გამყარების საინტერესო გზა მოიფიქრა. ამ გზას მოსახლეობიდან ლარის ამოღება ჰქვია _ რაც უფრო ცოტა ფული ექნება ხალხს, მით მეტი მოითხოვნა ექნება ეროვნულ ვალუტას და მით მეტად დაედება ფასი, ამიტომაც ბანკებს მწვანე შუქი ექნებათ ადამიანების საღლეტად, მწვანე შუქი ექნებათ აზარტული თამაშების მფლობელებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდონ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრირეს კანონპროექტი მომგებიანი და აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ”, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 9 თვის წინათ ერთხელ უკვე ჩააგდო. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, აზარტული თამაშების რეკლამა გაქრეს როგორც სატელევიზიო სივრციდან, ისე ბილბორდებიდან და ნებისმიერი თვალსაჩინო ადგილიდან. 9 თვის წინათ ამაზე ისეთი ამბავი ატყდა, რომ კანონპროექტი მის ინიციატორებს ლამის თავზე გადაახიეს. მერე იყო ხალხის პროტესტი და ხელისუფლების თავის მართლება, დასახვეწი იყო კანონი და იმიტომ არ მივიღეთო. არადა, არაფერი არ არის დასახვეწი, გარკვევით წერია: აიკრძალოს რეკლამა და მორჩა! ე.ი., აიკრძალოს მოარული სიკვდილის რეკლამა, ხალხის გაღატაკების რეკლამა და, წესით, ნორმალურ სახელმწიფოში ეს ხელს უნდა აძლევდეთ. მით უმეტეს, იმ სტატისტიკის ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ არა _ გნებავთ, სოციალურ ქსელში, გნებავთ, ქუჩებში და გნებავთ, ტელევიზიებში მთავარი სარეკლამო ბადე სწორედ აზარტული თამაშების პოპულარიზაციას უკავია და ეს გასაგებიცაა. როცა წლიური ბრუნვა საქართველოს ბიუჯეტზე მეტია, ასი თუ ორასი მილიონის დახარჯვა რეკლამაში რა პრობლემაა?!

რაც შეეხება ხალხის გაღარიბებისა და გაღატაკების თემას, ბანკების აქტივში ყოველწლიურად იზრდება უძრავი ქონების ოდენობა, ქონებისა, რომლებსაც იმ ადამიანებს ართმევენ, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან. საუბარია ბინებზე, სავაჭრო ობიექტებზე, მიწის ნაკვეთებზე და რჩებიან ადამიანები ქუჩაში და შემოსავლის გარეშე. ეს ავტომატურად ზრდის სიღარიბის დონეს და, რამდენიც უნდა იძახოს ხელისუფლებამ ყველაზე დაბალი უმუშევრობისა და სიღარიბის დონე საქართველოში სწორედ დღეს არისო, რეალობა აშკარად სხვაა. ალბათ, ძლიერნი ამა ქვეყნისანი გვიან იღვიძებენ და ქუჩაშიც გვიან გადიან, თორემ აუცილებლად დაინახავდნენ ნაგვის ურნებში გადაყუდებულ ადამიანებს, რომლებიც ადრე იმიტომ მიდიან ნაგვის ურნასთან, სხვა მშიერმა კონკურენტმა რომ არ დაასწროს და გადაგდებული საკვების ნარჩენი არ ააცალოს.

ყოველთვის გვეუბნებიან, მწვავე პრობლემებზე როცა წერთ, გამოსავალიც არ დაგავიწყდეთო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოსავალი ერთობაშია. 120 ათას ადამიანს სესხი რომ გაუძვირეს ხელის ერთი მოსმით, გამოვიდნენ ქუჩაში, დადგნენ ერთად, მოსთხოვონ ხელისუფლებას რეაგირება; მოსთხოვონ, რომ სწორედ მათი უნიათობის გამო გაძვირდა სესხი და იმოქმედოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, შეშინებული ხელისუფლება (და 120 ათასი ადამიანის ნამდვილად შეეშინდებათ), ნამატის დაფარვის პირობას დადებს და საამისოდ ბიუჯეტის თანხებს გამოჰყოფს, ანუ ისევ ჩვენ და თქვენ ფულს და ჩვენივე ფულით ჩვენსავე ნამატს გადაიხდის.

ამას წინათ თქვა ერთმა ექსპერტმა: პოლიტიკურმა ნიჰილიზმმა დაისადგურა ხალხშიო. ნიჰილიზმი არ არის ეს, ბატონებო! ადამიანებს არსებობისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ და ამიტომ არ აქვთ დრო, ქუჩაში გამოვიდნენ დაწადი, წადიიყვირონ. მიზეზი მარტივია _ მათ შინ შვილები ჰყავთ, რომლებიცმშია, მშიასამბობენ და, საღამოს საკვები რომ არ მიუტანოს, შესაძლოა, თოკი მოძებნოს და ისედაც მზარდი სუიციდის სტატისტიკა კიდევ უფრო გაზარდოს. ამიტომ მთელი ერი საშოვარზე გადაგებულია და ამიტომ არის, რომ ლუკმაპური უკვე ოქროდ ფასობს. ამას ზემოთ ვერასოდეს მიხვდებიან, რადგან მათ არც სხვა ქვეყანაში კოლეგის ძმის შვილის ქორწილზე წასვლა და მოლხენა უჭირთ, არც შვილები ეუბნებიან ყოველ დილით: 1 ლარი მომეცი, სკოლის სასადილოში რამე რომ შევჭამოო, რადგან მათ შვილებს საბანკო ბარათები აქვთ, რომლებზეც მუდმივად ერიცხებათ თანხა და მშვიდად მიირთმევენ იქ, სადაც მოესურვებათ. ჰო, მათ ანაბრებიც აქვთ, მომავალი უზრუნველყოფილი რომ ჰქონდეთ, და ზოგადად, აქვთ ყველაფერი, რაზეც რიგითი მოკვდავნი ოცნებასაც ვერ ბედავენ.

ხვალაც გათენდება საქართველოში და ზეგაც, ისევ გვიან ადგებიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი საწოლებიდან და ისევ ვერ დაინახავენ ურნებში გადაყუდებულ ადამიანებს, ან თუ დაინახავენ, თვალს აარიდებენ, ხასიათი რომ არ გაიფუჭონ და ნაღებიან ყავას კრუასანი მშვიდად მიაყოლონ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here