როგორც „საქართველოს უკვდავი ჯარის“ დამაარსებელს, პერიოდულად მირეკავენ და და მიგზავნიან წერილებს დიდი სამამულო ომის მონაწილეთა შთამომავლები. ზოგი თავისი წინაპრის შესახებ ინფორმაციების მოძიებაში მთხოვს დახმარებას, ზოგს კი სურს, საზოგადოებამ გაიცნოს ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი წინაპარი.
ასეთი მასალები ჩვენი ინტერნეტგვერდისა და გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მეშვეობით უკვე გამოვაქვეყნეთ, რითაც პატივი მივაგეთ არა მხოლოდ ვინმეს ოჯახის წევრებს, არამედ ყველა ჩვენგანისთვის საამაყო ადამიანებს.
ამჯერად, გთავაზობთ შესანიშნავი პიროვნების, 91 წლის ბატონ დავით რობაქიძის მიერ მოწოდებულ მასალას თავისი ფრონტელი მამის, ტარას დავითის ძე რობაქიძის, შესახებ.
დოკუმენტი
სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატი
მოძრავი საველე ჰოსპიტალი 2325
უ წ ყ ე ბ ა
თქვენმა შვილმა რობაქიძე ტარას დავითის ძემ (წითელარმიელი, დაბადებული 1907 წელს, საქ. სსრ, ქ. ზესტაფონი, ჩხარის რ-ნი, სოფ. გოგნი) სოციალისტური სამშობლოსათვის ბრძოლაში უერთგულა რა სამხედრო ფიცს, გამოავლინა გმირობა, ვაჟკაცობა. გარდაიცვალა 1942 წლის 31 იანვარს. დაკრძალულია ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რ-ნის სოფ. ზაგრიზოვოში.
ეს უწყება წარმოადგენს დოკუმენტს პენსიის მოსათხოვნად (სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატის ბრძანება #—).
/პასუხისმგებელი პირების ხელმოწერები, ბეჭედი/.
ბატონი დავითის წერილიდან:
„დიდი სამამულო ომის დაწყებიდან მამაჩემი, ტარას დავითის ძე რობაქიძე, რომელიც იმხანად ცხოვრობდა ჩხარის (დღევანდელი თერჯოლის) რაიონის სოფელ გოგნში, მალევე გაიწვიეს ჯარში. იმ დროს უკრაინის ქალაქი ხარკოვი ხელიდან ხელში გადადიოდა და ხან ფაშისტები იდგნენ იქ, ხან _ საბჭოელები.
მამაჩემი დაიჭრა მძიმედ და ხარკოვის ოლქის ბოროვსკის რაიონის სოფელ ზაგრიზოვოში, საველე ჰოსპიტალში გარდაიცვალა (მაშინ იქ სკოლა იყო). ოჯახმა იმ სოფლიდან მიიღო უკანასკნელი სამკუთხედად დაკეცილი წერილი. გავიდა ხანი და მე, უფროსმა შვილმა, დავიწყე მამის სამარხის ძებნა. ხუთი თუ ექვსი წელი მქონდა მიმოწერა და ბოლოს მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკიდან მივიღე შეტყობინება. _ მწერდნენ, სად იყო დაკრძალული ათი მეომარი, მათ შორის, ორი ქართველი _ საშუალო სკოლის ეზოში, ძმათა სასაფლაოზე. იქვე, მათ თავს, იდგა საბჭოთა მეომრის თავაწვდილი უზარმაზარი ქანდაკება.
1977 წლის 9 მაისს ჩავედით იმ სოფელში მე, ჩემი ძმა ვალერიანი და ჩემი უფროსი ქალიშვილი ელზა, რომელიც იმხანად 25 წლისა იყო. დიდებული შეხვედრები მოგვიწყეს. ჩვენც თან წაღებული გვქონდა ქართული ღვინოები, ჭაჭა და კიდევ ბევრი სხვა რამ“.
ბატონმა დავითმა, წერილთან და დოკუმენტთან ერთად, რამდენიმე ფოტოსურათიც გამოგვიგზავნა. ტარას რობაქიძის გარდა, ზაგრიზოვოში დაკრძალულია ქართველი მეომარი, რიგითი ა. შ. მენთეშაშვილი. ბატონმა დავითმა, სამწუხაროდ, ვერ მიაკვლია მის ჭირისუფალს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა 1977 წლიდან.
გულბაათ რცხილაძე