გენიალური მოჭადრაკე, მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონი ჭადრაკში, სამართლის დოქტორი ალექსანდრე ალეხინი (და არა “ალიოხინი”) 1892 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა მოსკოვში, დიდგვაროვანთა ოჯახში.
ალექსანდრე ალეხინმა ჭადრაკის თამაში 7 წლისამ დაიწყო _ ფიგურების გადაადგილება დედამ ასწავლა. ჭადრაკით სერიოზულად რომ დაინტერესდა, 12 წლის იყო, თამაში დაიწყო მიმოწერით ტურნირებში.
მოზარდი ალექსანდრე ჭადრაკმა ისე გაიტაცა, რომ მშობლები იძულებულნი იყვნენ, მისთვის საჭადრაკო დაფასთან ჯდომა აეკრძალათ, თანაც, მან გადაიტანა მენინგიტი _ ძალიან მძიმე დაავადება, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა.
ჭადრაკის მომავალი ჩემპიონი მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა. მისი კლასელები იხსენებდნენ, რომ ალექსანდრე ჩაკეტილი და უკარება იყო, არავისთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა და გაკვეთილებზე საჭადრაკო პარტიებს აანალიზებდა, რადგან იმხანად მოდური იყო ჭადრაკის მიმოწერით თამაში. მას არ აინტერესებდა არც კლასელების რევოლუციური გატაცებები, არც საყოფაცხოვრებო საკითხები, არც იმხანად მოდური მწერლების შემოქმედება და თეატრი. ყმაწვილი ალეხინის ერთადერთი გადაცება ჭადრაკი იყო. მოგვიანებით გაუჩნდა კიდევ ერთი გასართობი _ სიამის კატა სახელად ჩესი, რომელსაც ალეხინი (უკვე მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკე) თილისმად მიიჩნევდა, მატჩებზე ყოველთვის მიჰყავდა და თავის გვერდით სვამდა.
აღსანიშნავია, რომ, ჭადრაკით ასე გატაცების მიუხედავად, ალეხინი ყველა საგანში ფრიადოსანი იყო. მეხსიერება მართლაც ფენომენური ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სახელი გაითქვა, მსოფლიოს გამოჩენილი მოჭადრაკეები გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ ალეხინს მის მიერ ნათამაშები ყველა პარტია ახსოვდა, თუმცა ცხოვრებაში დაბნეული და გულმავიწყი იყო.
16 წლის ალეხინმა პირველად ითამაშა საერთაშორისო ტურნირში გერმანიაში. გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ ცუდად არ უთამაშია _ ცნობილ ოსტატებს ტოლი არ დაუდო.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე პეტერბურგში გაიმართა გრანდიოზული საჭადრაკო ტურნირი ძალიან ძლიერი მოჭადრაკეების მონაწილეებით. შეჯიბრების მთვარი ფავორიტები იყვნენ მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ემანუელ ლასკერი, მსოფლიო ჭადრაკის ამომავალი ვარსკვლავი ხოსე რაულ კაპაბლანკა, ძლიერი გერმანელი მოჭადრაკე ზიგბერტ ტარაში და ამერიკელი ფრენკ მარშლი. ტურნირში სულ 10 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ალეხინმა მე-3 ადგილი დაიკავა, პირველი იყო ლასკერი, მეორე _ კაპაბლანკა.
მალე დაიწყო I მსოფლიო ომი და დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირები აღარ იმართებოდა. ალეხინი რუსეთში იყო და თანამედროვე ოსტატებს ეთამაშებოდა. აგრეთვე, თვალახვეული თამაშობდა სეანსებს, რომლებიც ხშირად საქველმოქმედო იყო.
1916 წელს ალეხინი ფრონტზე წავიდა “წითელი ჯვრის” რაზმთან ერთად და რამდენიმე მეომარი იხსნა სიკვდილისგან, ამისთვის დაჯილდოებულიც იყო.
1920 წელს ალეხინი დაქორწინდა მოსკოვში ჩასულ შვეიცარიელ სოციალ-დემოკრატ ქალზე და მასთან ერთად დატოვა რუსეთი.
ევროპაში გადაბარგებულმა ალეხინმა აქტიური საჭადრაკო ცხოვრება დაიწყო. მონაწილეობდა კონტინენტზე გამართულ ყველა დიდ საერთაშორისო ტურნირში და ხშირად გადიოდა პირველ ადგილზე.
უკვე 1920-იანი წლების შუაში ცხადი იყო, რომ ალეხინი მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეების, სულ ცოტა, ხუთეულში შედიოდა.
თვითონ ალეხინი მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩზე ოცნებობდა კაპაბლანკასთან, რომელიც იმ მომენტში მსოფლიოს ყველა მოჭადრაკეზე დომინირებდა და უძლიერეს მოთამაშედ ითვლებოდა, მაგრამ მატჩის ჩატარება არც ისე იოლი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ კაპაბლანკამ მკაცრი პირობები წაუყენა პრედენტენტებს, რომლებსაც მისი გამოწვევა სურდათ _ საჩემპიონო მატჩი კაპაბლანკას პირობებით (6 გამარჯვებამდე პარტიების შეუზღუდავად) უნდა გამართულიყო და, რაც მთავარია, გამარჯვებულის საპრიზო ფონდი პრეტენდენტს უნდა შეევსო. ამ ფონდს კაპაბლანკა 10 ათას დოლარად აფასებდა. იმხანად ეს დიდი თანხა იყო (დღევანდელი კურსით დაახლოებით 140 ათასი) და ალეხინს ამდენი ფული არ ჰქონდა, ამიტომ საჩემპიონო მატჩს 6 წელიწადს ელოდა. მატჩის ორგანიზებაში დაეხმარა არგენტინის ხელმძღვანელობა იმ პირობით, რომ შეხვედრა ბუენოს-აირესში ჩატარდებოდა.
მატჩი დაიწყო 1927 წლის სექტემბერში და დასრულდა ნოემბრის ბოლოს. მეტოქეებმა 34 პარტია ითამაშეს (იმ მომენტისთვის აბსოლუტური რეკორდი). შეხვედრის წინ ყველა დარწმუნებული იყო კაპაბლანკას გამარჯვებაში, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა, თანაც მანამდე 5-ჯერ ჰყავდა დამარცხებული ალეხინი, რომელსაც მასთან ერთი მოგებაც არ ჰქონდა, ამიტომ ყველა განაცვიფრა ალეხინის გამარჯვებამ დიდი უპირატესობით _ 6:3.
ალეხინი მეოთხე მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში სტეინიცის, ლასკერისა და კაპაბლანკას შემდეგ. წაგებულმა კაპაბლანკამ მყისვე მოითხოვა მატჩ-რევანში, მაგრამ ახლა უკვე ალეხინმა წამოაყენა იგივე პირობები, რომლებითაც ითამაშა საჩემპიონო მატჩი, კაპაბლანკას კი მათი შეცვლა სურდა. მოწინააღმდეგეები ვერ შეთანხმდნენ და მათ შორის მატჩ-რევანში არ გამართულა. შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში ალეხინი იოლად იგებდა ტურნირებს, მოგზაურობდა ერთი ქვეყნიდან მეორეში და მართავდა ერთდროულ სეანსებს, წერდა და გამოსცემდა წიგნებს. მან ორჯერ დაიცვა ჩემპიონის ტიტული _ ორივეჯერ ეფიმ ბოგოლიუბოვი დაამარცხა.
1934 წელს ალიოხინი დაქორწინდა ამერიკელ-ბრიტანელ მოჭადრაკე ქალზე (საკმაოდ მდიდარ ქვრივზე) _ გრეის ვისხარზე. ამ მომენტიდან მას იღბალმა შეაქცია ზურგი. დაიწყო ბავშვური შეცდომების დაშვება. თუ ადრე თითქმის ყველა ტურნირს იგებდა, ახლა ცხრილის შუაში ხვდებოდა ხოლმე. მისი ასეთი ჩავარდნა გამოწვეული იყო ორი ფაქტორით: პირველი _ მოტივაციის დაკარგვა. კაპაბლანკას დამარცხების შემდეგ ძნელი იყო ახალი სტიმულის პოვნა და ამიტომ ძალიან მოდუნდა; მეორე _ ალეხინმა ალკოჰოლის ხშირი მიღება დაიწყო და ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა მის შედეგებზე.
1935 წელს გაიმართა მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ალეხინსა და ნიდერლანდელ მაქს ეივეს შორის. რუსი მოჭადრაკე ყველას ფავორიტად მიაჩნდა და მატჩის დასაწყისში ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ბოლო პარტიები წააგო და ეივემ მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა _ 15,5:14,5. ალეხინმა ძალები მოიკრიბა და 1937 წელს მატჩ-რევანში გამართა ეივესთან.
ალეხინმა საკმაოდ იოლად გაიმარჯვა _ 15,5:9,5 და დაიბრუნა ჩემპიონის ტიტული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პრაქტიკულად შეწყდა მისი, როგორც მოჭადრაკის, ცხოვრება. ომის დასრულების შემდეგ მაქს ეივემ ამერიკელების მხარდაჭერით წამოიწყო ალეხინის საწინააღმდეგო კამპანია, რათა რუსი მოჭადრაკისთვის (იმხანად ის საფრანგეთის მოქალაქე იყო) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოერთმიათ თითქოს გერმანელებთან კოლაბორაციონიზმის გამო. აღსანიშნავია, რომ თვითონ ეივე საჭადრაკო ფედერაციას ხელმძღვანელობდა ნიდერლანდებში, რომელიც ნაცისტების მოკავშირე იყო. მსოფლიოს ბევრმა მოჭადრაკემ მხარი დაუჭირა ეივეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის საჭადრაკო ფედერაციამ მოითხოვა, საკითხი განსახილველად ფიდესთვის (საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) გადაეცათ.
სანამ ფიდე ალეხინის დისკვალიფიკაციის საკითხს განიხილავდა, 1946 წლის 24 მარტს ალეხინი პორტუგალიაში, სასტუმროს ნომერში, საჭადრაკო დაფასთან სავარძელში ჩამჯდარი გარდაცვლილი იპოვეს.
ალექსანდრე ალეხინი ისტორიაში ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონია, რომელიც ამ რანგში გარდაიცვალა. ამრიგად, ის დაუმარცხებელი (მეორე დაუმარცხებელ მსოფლიო ჩემპიონს, ბობი ფიშერს წოდება ჩამოართვეს პრეტენდენტთან მატჩის გამართვაზე უარის გამო და ამით, ფაქტობრივად, დაასრულა კარიერა, თუმცა ფორმალურად არ დამარცხებულა) წავიდა იმქვეყნად.
ალექსანდრე ალეხინი ჩემპიონთა შორის რეკორდსმენია გამარჯვებების რაოდენობით. 1240 ოფიციალური ორთაბრძოლიდან მან 719 პარტია მოიგო _ 58%. შესადარებლად: კაპაბლანკას, ლასკერისა და ფიშერის მაჩვენებელი 55%-ია, ეივესა და ბოტვინიკის _ 47%, კასპაროვის _ 42%, კარპოვის _ 37%. სწორედ ამიტომ ითვლება ალეხინი უძლიერეს მოჭადრაკედ ისტორიაში.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა
ბევრი უზუსტობებია