საერთაშორისო სინამდვილის გაცნობიერებას და ამ სივრცეში საკუთარი ადგილის მოპოვებას ილია ქართველი ხალხის განვითარებისთვის ყველაზე აუცილებელ პირობად მიიჩნევდა. მისი პრინციპები მუდამ თანამედროვეა და საქართველოს ყოველ ახალ გზაგასაყართან ეხმარება ერს თვითგადარჩენისა თუ თვითგანვითარების გზების პოვნაში. სხვადასხვა ხალხისგან განვითარების საუკეთესო გამოცდილებების ათვისებას თუ სხვათა მცდარი გზების ანალიზს მის პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა.
მას მტკიცედ სწამდა, რომ ერი, რომელიც “ჰთაკილობს სხვისგან ჭკუის სწავლებას”, არ ითვისებს “სხვის ავკარგიანობას”, კარგავს საკუთარ ისტორიასაც, ნაციონალურ ფასეულობებსაც, განვითარების შესაძლებლობებსაც; ის ვერ გაუფრთხილდება იმას, რაც აქამდე შეუქმნია და ვერც რამე ახალს შექმნის. ილია მისთვის ჩვეული გულგაშლილობითა და სიყვარულით ეგებებოდა საქართველოში ჩამოსულ რუს მოღვაწეებს. ხელს უწყობდა მათ საქართველოს ცხოვრების გაცნობაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძის სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა 1899 წელს რუსი მწერლის, მოგზაურის, ლიტერატურის კრიტიკოსისა და ეთნოგრაფის ევგენი ლვოვის ძე მარკოვის (1835_1903) პატივსაცემად გამართულ სადილზე. ილიას ამ სიტყვაში მკაფიოდაა გამოხატული ღრმადდასაბუთებული რწმენა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაზე.
ეს სიტყვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გაზეთ “ცნობის ფურცელში”( #949, 27 ოქტომბერი, 1899წ.) დაიბეჭდა.
სიტყვა წარმოსთქმული თავად ი. გ. ჭავჭავაძის მიერ ნადიმზე
“ნება მიბოძეთ, მეც სხვათა შორის სალამი მოგართვათ ჩემის მრავალ-ტანჯულის სამშობლოს მხარეში, რომელმაც, დასასრულ, თავისი მშვიდობიანობა მოიპოვა მფარველობის ქვეშე რუსეთის სულგრძელ ერისა, რომლის წინამძღოლთა შორის გონებითის და ზნეობითის განვითარების და წარმატების გზაზე ერთი უცილობელად თქვენცა ბრძანდებით. გთხოვთ, გვწყალობდეთ და გიყვარდეთ ჩვენ, დავიწყებულნი მოქალაქენი რუსეთის ქვეყნისა, ჩვენის საერთო მამულისა. ვამბობ, დავიწყებულნი იმიტომ კი არა, რომ არავის ვახსოვართ, არამედ იმიტომ, რომ არავინა გვცნობს, იშვიათია, რომ რომელსამე რუსს გასჩენოდეს სურვილი და ხალისი, იცოდინოს რამ ჩვენი, ჩაიხედოს ჩვენს გულში, გაიგოს ჩვენი გულთნადები და ჩვენის ჭეშმარიტის და არა მოგონილის ზრახვისა და სასოების კვალობაზე მოგვიწყას, რაც გვეკუთვნის ყოველს საქმესა და დაწყობილებაში, რომელთაც სახელმწიფო მნიშვნელობა აქვთ ჩვენს ქვეყანაში. მე ამას ვამბობ არა ვისიმე საწყენად და საყვედურად, არამედ სურვილით, რომ დაიდგინოს ჩვენ შორის სულიერი კავშირი, რომელიც აღმოიშობება ხოლმე მარტო ურთიერთის გაცნობისაგან.
რა საჭიროა დამალვა: ჩვენ უცილობელად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ხოლო არც საჭიროა სიყალბე: მარტო მით, რომ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვიყვარს, გვიყვარს რუსეთიც. ეს ისეთი ბუნებრივია, ისეთი ცხადია, ისეთი ადვილად გასაგებია საგანთა არსების მიხედვითა. რუსეთმა დაიხსნა ჩვენი ქვეყანა წახდენის და განადგურებისაგან, იგი დღესაც იფარავს მას ყოფილ წამებისა და ტანჯვის განმეორებისაგან, მან გაუკურნა ჩვენს სამშობლოს მისი წყლული. თვით სისხლ-მსმელი მხეცი, რომელიც ყოველ წუთს მზად არის, გაჰგლიჯოს ასო-ასოდ ადამიანი, ისიც კი ლბილდება და სიყვარულით და მადლობით შეჰყურებს კაცს, რომელიც უწმენდს და უხვევს წყლულსა და რა საფიქრებელია, რომ გონიერი და სულიერი, რომელსაც მომადლებული აქვს ღვთიური ნიჭი განიმსჭვალოს ზნეობრივ აზრითა, გულში მალულად ინახავდეს თესლს მტრობისასა, ანუ თუნდ უგულოდ, გულ-გრილად ექცეოდეს მხსნელს და მფარველს მისდა წმიდათა-წმიდისას, რომელსაც სამშობლო ჰქვიან. ეს სიყვარული ჩვენი ჩვენის სამშობლოსი თავით თვისით წარმოადგენს იმ ნაყოფიერს ნიადაგს, რაზედაც იზდება და ჰხარობს ჩვენი ერთგულება და სიყვარული რუსეთისა. ეს ჩვენი სიყვარული ჩვენის სამშობლოსი იგი მაგარი და შუამდგომელი ჯაჭვია, რომელიც აერთიანებს ჩვენს ზრახვასა და სასოებას უკეთესს რუსთა ზრახვასა და სასოებასთან. სწორედ ამ ჩვენის სამშობლოს სიყვარულში უნდა მოიძებნოს ნასკვი ნაწილთა დაახლოვებისა და გაერთებისა მთელთან საკეთილდღეოდ ყოველთა და ყოვლისათვის. წაართვით ადამიანს ეს სიყვარული სამშობლოსი და მის გულში ვეღარ იპოვით ამისთანა ღრმას და მაგარს ადგილს, რომ ზედ ამოიყვანოთ საფუძველი ერთგულებისა და სიყვარულისა.
სამწუხაროდ ჩვენდა, ესე არ ესმის ყველას კეთილ-მომქმედი მნიშვნელობა სამშობლოს სიყვარულისა. ამიტომაც მცირედი გამოცხადება ამ სიყვარულისა იმასთან წყნარ და მშვიდობიან საქმეში, როგორიც ეთნოგრაფიული თვით-მყოფელობაა, ჰგონიათ რაღაც შეუნდობელ ცოდვად და ესე ყოველი წარმოსდგება იქიდამ, რომ ჩვენ არ გვიცნობენ. ჩვენ გვიყურებენ და არა გვხედავენ, გვისმენენ და არა ესმით ჩვენი. ამაშია მთელი ჩვენი უბედობა, ამაშია დასაბამი ყოველის ჰო-არაობისა ჩვენს ქვეყანაში.
საბედნიეროდ რუსეთისა და მისს მფარველობის ქვეშ მყოფ სხვა და სხვა ერთა, მარტო ამისთანა კაცებზე არ არის შემდგარი საქმე. არიან რუსეთში იმისთანა კაცნიც, რომელთაც ნამდვილად გაუგიათ ჭეშმარიტი დანიშნულება რუსის მოღვაწეობისა რუსეთის განაპირა ქვეყნებში.
ნება მომეცით, ევგენი ლეონის ძევ, განსაკუთრებულ სიამოვნებით ამისთანა კაცთა შორის დაგასახელოთ თქვენც. თქვენს წერილში კავკასიის გამო თქვენს განათლებულს გულთახედვას არ გამოჰპარვია საჭიროება ამ დიად დანიშნულებას რუსისას განაპირა ქვეყნებში თქვენი მსჯავრი დასდოთ. თქვენ, თქვენდა კუთვნილ დამოუკიდებელ რწმუნისამებრ, წარმოსთქვით დიდებული აზრი მოკლედ, მაგრამ ზედმიწევნით, რომ უნდა ვეცადნეთო სიმტკიცე და ძალ-ღონე სახელმწიფოსი დამყარებულ იქმნას, ერთსახეობაზე კი არა, ერთსულობაზეო. ეს აზრი მიდგა მე გონების თვალწინ მთელის თავისის შეურყეველის ჭეშმარიტების დიდებითა და ამიტომაც ძლევა მოსილება მისი უეჭველია დღესა თუ ხვალე, მე ვსვამ, ბატონებო, სადღეგრძელოს ამ ნაყოფიერ აზრების განხორციელებისას და მისი მიმხრობელის და მოციქულის ევგენი ლეონის ძის მარკოვისას”.
დარეჯან ანდრიაძე