მრავალტანჯული ქართველი ერის ისტორიაში ამ მართლაც წყევლაკრულვიან საკითხზე ყოველთვის განსხვავებული თვალსაზრისი არსებობდა.
ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ იონა ხელაშვილის პოზიციაზე, რომელიც მან ავტობიოგრაფიული ხასიათის თხზულება “რონინში” ჩამოაყალიბა. იონა ხელაშვილი გახლდათ ქართველი ბერი, მწიგნობარი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, მკვლევარი, ერეკლე II-ის შვილებისა და შვილიშვილების კარის მღვდელი პეტერბურგში. 1809 წელს დავითის, იოანეს და მიხეილ ბატონიშვილების დახმარებით ალექსანდრე ნეველის აკადემიაში მოეწყო ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების განყოფილების სტუდენტად. აკადემიის წარმატებით დამთავრების შემდეგ პეტერბურგის კოლონიის ქართველმა მღვდელმთავარმა დოსითეოზმა მღვდლად აკურთხა. იგი ბატონიშვილების ოჯახში მიღებული კაცი იყო და დიდი პატივისცემით სარგებლობდა.
“რონინში” ავტორი საკითხს დიპლომატის თვალით აფასებს, დარწმუნებულია, რომ პატარა ქვეყანას დამოუკიდებლად ცხოვრება არ უწერია და რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი საქართველოს ვერ ექნებოდა.
იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის არც ერთი წინაპირობა არ არსებობდა, იონა ხელაშვილი ქართველებს მოუწოდებდა, რომ მცირე ერს მფარველის გარეშე თავის გადარჩენა არ შეეძლო: “აჰა, შიშით და ძრწოლით მონებდე ღმერთსა და ცხებულსა მას და არღა მიდრკე მარჯვნივ და მარცხნივ, რომელ მცირე ერი ხარ და არ ძალგიძს თავისა თვისისა დაცვა თვინიერ მფარველისა; არ ძალგიძს თავისა შენისა დიდ-ყოფა”.
და ვის უნდა მინდობოდა საქართველო?
საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით, იონა მსჯელობს იმაზე, ვინ შეიძლებოდა საქართველოს თავის მფარველად ამოერჩია: თუ სპარსეთი გამოგიწვდიდა სამეგობრო ხელს, “გაღანამცა არა მოგცემენ სიყვარულსა და გულსა, რამეთუ სულთა მათთა ბოროტხელოვანთა არა შევალს სიბრძნე საუკუნო ცხოვრებისა”, თურქეთი კი ვერ შეგიწყალებს, “თვითცა დამუსვრილი” და “უკეთუ კავკასიამან მოგცეს ხელი, აჰა, თვითცა უხელო არს”.
პირველ ხანებში იონას საქართველოს მდგომარეობა სატირლად და სავაგლახოდ ეჩვენებოდა. ამ უიმედობის მთავარი მიზეზი სამეფო ოჯახის დაქსაქსვა იყო: ბატონიშვილები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, თავადები ბატონიშვილთა დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებდნენ. ისინი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ და ნაკლებად ფიქრობდნენ ქვეყნის ბედზე. ლეკთა თარეშით აკლებული სოფლების დაცვის ნაცვლად ისინი თავიანთ ციხესიმაგრეებში იკეტებოდნენ. იონა საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის შეუძლებლობაზე წერს: “ესერა თვითუე უწყი (გეორგიავ) არღა ხარ ყოვლადი, ვინათგან სახლისაგან უგუნურისა განვიდა მეფობა ზეგარდმო, ვითარცა წერილ არს. ვინათგან მჭამელ იყავ კაწახისა უუმეტეს სამასისა წლისა… ამისთვის კბილნი შვილთანი მომპალ არიან”…
იგი საქართველოს რუსეთთან შეერთებას ისტორიულ აუცილებლობად თვლიდა, რუსეთთან საქართველოს კავშირში ხედავდა სამშობლოს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული აღორძინების პერსპექტივებს:
“აჰა აწინდელო ივერიაო, გიხაროდენ, მრავალ ბევრეულისა მხიარულებითარე: 1. განმრავლებითა, 2. ეკლესიების აღყუავებითა, 3. განათლებითა, 4. სულიერისა მშვიდობითა, 5. განმდიდრებითა ცათა შინა, განძღომითა და შემოსვითა და სახლთა აღმართვითა, ვიდრე სამსა და ოთხ ძგიდედ და სართულებად, 6. უშიშროებითა სპარსთა, თურქთა და ლეკთაგან… ახლისა აღთქმითა, გიორგიად წოდებულო ივერიაო, აჰა სათნოებითა ღვითასთა აღეშენები მრავალ ბევრეულ ერად, სოფლებად, დაბებად, სანახებად და ქალაქებად, რომელი აღყუავდები სიბრძნითა, მეცნიერებითა განათლებული”.
იონა, როგორც ქვეყნის საშინაო საქმეებსა და საქართველოს სამეფო კარის ცხოვრებაში ღრმად ჩახედული პირი, “რონინის” ფურცლებზე გულისტკივილით იგონებს 1832 წლის შეთქმულებას და მასში მონაწილეობისთვის დატუსაღებულ თავის უსაყვარლეს მოსწავლეს _ სოლომონ დოდაშვილს: “ესერა ჰვსტირ კაცსა მას ს… დ… რომელსა უკეთუ განუზრახავს ბოროტნი დიდნი, არა აღუარებიეს სულიერისა მოძღვრისათვის და მიუღია საიდუმლო ორისა გულისა მქონსა”… იონა თხზულებაში დიდ ადგილს უთმობს ამ ამბავს: “აჰა, ესერა ვწრტიალებ და ვჭრტინავ თქუენთვის, დილეგსა შინა დამდნარნო, ვითარცა ცვილი და ბიციერი განმხმელი ჭაობი… სიზმართაცა მკვნესარე გხედავ თქვენ მგოდებელი წინაშე შესაწირავსა და ვრონინებ აქა და იქა მუნ, რათამცა მისმინოს ღმერთმა ღმერთებთამან მადლით ღმრთისა ცხებულისა ჩვენისაგან განხსნა თქუენი”.
როგორც ცნობილია, მთავრობის ხელში ჩავარდნილმა შეთქმულების მონაწილეებმა თავიანთი ჩვენებებით ბევრ სრულიად უდანაშაულო ადამიანს მოახვიეს ბრალდება. იონას გულს უკლავს ეს გარემოება. იონა ხელაშვილი არათუ არ ყოფილა იმ ფარული საზოგადოების აქტიური წევრი, რომელმაც შეთქმულება მოაწყო, არამედ არაფერი იცოდა ამ ორგანიზაციის შესახებ, რადგან მრავალრიცხოვან მიმოწერაში ი. ხელაშვილსა და ს. დოდაშვილს შორის არც ერთხელ არ იხსენიება, გადაკვრითაც კი, არც შეთქმულების რაიმე სამზადისი და არც რაიმე უკმაყოფილება პოლიტიკურ საკითხში; ს. დოდაშვილზე, როგორც შეთქმულების მონაწილეზე, იონა ლაპარაკობს, რომ მას “განუზრახავს ბოროტნი დიდნი და არა აღუარებიეს სულიერისა მოძღვრისათვის”, რომ (სოლომონმა) “მოძღვრებითა თვისითა ეშმაკისათა და გონებისა თვისითა ქარებისთა რჩევითა და ვერაგთა კაცთა შედგომითა მე დამიტევა და მისცა თავი თვისი საუკუნო დასჯასა და ჟამიერ დილეგსა… თვისიცა როჭიკი წარწყმიდა, მონარხისა წყალობა და ერთბამად ხორციელი ღირსება თვისი და ხარისხი მოძღვრობისა და იმკის წყვდიადსა შინა სატუსახელობასა”.
დარეჯან ანდრიაძე