ერთი საჭირბოროტო კითხვით მინდა დავიწყო: რა ვქნათ იმ ადამიანებმა, რომლებსაც რუსთაველზე არც ნარკომანების თავყრილობა მოგვწონს და არც მათ დასარბევად გაწეული ახალგაზრდები? სამწუხაროდ, ვერაფერს ვიზამთ, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში სწორედ ნორმალური ადამიანების უფლებებია ყველაზე მეტად გათელილი და იგნორირებული. ჰო, კიდევ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების! უკვე ერთგვარ სამარცხვინო “ტრადიციად” იქცა, რომ ყოველი წლის 9 მაისს ამ გმირ ადამიანებს ვიღაც “გუშინწინდელი”, უსირცხვილო, ძალად “პატრიოტი” ტუტუცი ბავშვები შეურაცხყოფენ და მათ დასაცავად სახელმწიფო არაფერს აკეთებს.
დიახ, სწორედ ამ ადამიანებისთვის თავისუფალი გამოხატვის საშუალების უფლებასა და მის დაცვაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ის, რაც ჩვენ 13 მაისს, ღამით ვნახეთ, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ მათ იცავენ, ვის დაცვასაც ჩვენი მთავრობისგან ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები ითხოვენ. სხვა ყველა და ყველაფერი ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებისთვის “დაბალი ღობეა”.
როდესაც 9 მაისს ტელევიზიით ვნახე ჩვენი სასიქადულო გმირი ომის ვეტერანების ვანდალური დარბევა, მაშინვე თვალწინ დამიდგა ამას წინათ თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული, როგორც მისი ორგანიზატორები უწოდებდნენ, “აქცია-პერფორმანსი”, რომლის ორგანიზატორებიც, შემსრულებლებიც და მაყურებლებიც თვითონ იყვნენ. სამმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, მდედრობითი სქესისამ, სავსებით უნიჭოდ წარმოსახა, როგორ მისდევს “ქალთა უფლებებს” დანით “ღრუზინი ქართველი მუტრუკი” და კლავს, რადგან მესამე _ “სახელმწიფო”, უმოქმედოდ დგას და უყურებს. ამ ყოველივეს უცქერდა ხუთიოდე მათივე მხარდამჭერი, ორი მათგანი კი “აიფონით” იღებდა. მთელი ეს უნიჭობა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, შემდეგ ჩასხდნენ მანქანებში და დაიშალნენ.
რატომ გამახსენდა ეს ამბავი? როგორ ფიქრობთ, მათი “იდეა” მომეწონა თუ “გარდასახვის” უნარი? არა, მკითხველო! ჩემი ყურადღება მიიქცია ამ 8-კაციან აქციაზე შეკრებილმა და შეჯარულმა 200-ზე მეტმა პოლიციელმა, რომლებიც იცავდნენ ამ აქციის მონაწილეებს, რათა ისინი ვინმეს არ შეურაცხეყო, არ ეცემა ან არ მიდგომოდათ სხვა სახის ზიანი.
ძალიან კარგი. განა იმას ვამბობ, რომ ეს ცუდია, მაგრამ განა არ შეუძლია ჩვენს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ ვისაც ეხება, ამდენივე ან ამის ნახევარი პოლიციელი მაინც გამოყოს ჩვენი საამაყო ვეტერანების დასაცავად? ან კიდევ, უნდა მიეცეს კი ვინმეს, ვინც უნდა იყოს, ისეთი გამოხატვის უფლება, რომ მათ შემხედვარეს მათ მიმართ აგრესია გაუჩნდეს, თავს ვერ მოერიოს და საცემად გაიწიოს? ეს, ბატონებო, გამოხატვის უფლება არ არის. ასეთ საქციელს ცოტა ხნის წინათ პროვოკატორობა ერქვა და სისხლის სამართლის წესით ისჯებოდა.
თავდაპირველად 13 მაისის მოვლენებზე დავიწყე საუბარი და აკი ვნახეთ, როგორი მონდომებით იცავდა პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ 400-მდე ნარკოდემონსტრანტს.
ციფრებში ნუ შემედავებით. ყველამ თვალნათლივ დავინახეთ, რომ “მთავრობის სახლის” წინა მოედნიდან მთელი ეს ნარკობალასტი ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს. ყველაზე “ოპტიმისტი” მთვლელის აზრითაც კი, მთავრობის სახლის უკანა ეზოდან, დიდი–დიდი, 10 ავტობუსი დაიძრა, ანუ ნარკომანიფესტაციის ყველა მონაწილე 10 ავტობუსში (შესაძლოა ნაკლებშიც) ჩაეტია. ამ ყვითელ ავტობუსებში კი (მოკლე მოდიფიკაცის “ბოგდანი”), სულ წიხლებითაც რომ ტენო, 40 ადამიანზე მეტი არ ეტევა. გამოდის, რომ 400 გამოშტერებულის დასარბევად მივარდნილი დაახლოებით ამდენივე ტვინმოწამლულისგან დასაცავად ატყდა ამხელა ამბავი.
და რა თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ? “ჩვენთვის მთავარია თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება და ის, რომ ვინმემ მათ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიაყენოს”. ისევ გავიმეორებ წეღან ნათქვამს: რატომ ხდება ჩვენს ქვეყანაში ისე, რომ ვიღაც ვიგინდარა და ნარკომანი სახალხოდ იქცევა ისე, რომ მავანს სურვილი უჩნდება, ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოს?! გარდა ამისა, ბატონო მინისტრო, ჩვენი ვეტერანები, ჩვენი ბებიები და ბაბუები, არ არიან ჩვენი თანამოქალაქეები? 9 მაისს ვაკის პარკში 20-30 პოლიციელს თუ მოჰკრავდა ვინმე თვალს და ისინიც ისე პასიურად იქცეოდნენ, გეგონებოდა, სასეირნოდ და ატრაქციონებზე გასართობად გამოუშვესო _ არავითარი “ჯაჭვი”, არავითარი “კორდონი”. ნებისმიერ ადამიანს სრულიად თავისუფლად შეეძლო, მიახლოებოდა გმირ ვეტერანებს და ეგინებინა, ხელით შეხებოდა, “გეორგიევსკის ლენტი” ჩამოეგლიჯა…
სამაგიეროდ, 13 მაისის ღამეს სრულიად უვნებლად გაიყვანეს “მთავრობის სახლის” წინა მოედნიდან ნარკომანები და არაერთი ადამიანი ამ საქციელს შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას “გმირობად” უთვლის.
მე კი ისევ 9 მაისის თემას მივუბრუნდები და ვიკითხავ: ვის რაში უშლის ხელს ეს მოხუცი გმირი ადამიანები იმ დღეს თუ იზეიმებენ, რომელ დღესაც ეზეიმებათ? ან ამიხსენით, რომელი სიმბოლიკით უნდა გამოვიდნენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები ზეიმზე, თუ არა იმით, რა სიმბოლიკითაც ნახევარი ევროპა ფეხით გაიარეს და კაცობრიობის ყველაზე სისხლისმსმელი ურჩხული დაამარცხეს?
ბოლო წლებია, სწორედ ეს ორი “ტრენდი” მკვიდრდება და წელს განსაკუთრებით მძაფრად და საყოველთაოდ მოხდა ამ ორი სისულელის აფიშირება, რადგან ამ უკიდეგანო სისულელეებს ქართული ტელევიზიებიც აჰყვნენ.
“ფაშიზმზე გამარჯვების დღე არა 9 მაისი, არამედ 8 მაისია!” და “იზეიმონ, არავინ უშლით, მაგრამ საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკა არ გამოიტანონ!” _ აი, ეს ორი ყოვლად შტერული ფრაზა არა მხოლოდ რომელიმე იდეოლოგიური ნიშნით შექმნილი ჯგუფის წევრებისგან, არამედ “ნეიტრალური” ჟურნალისტებისგანაც კი გაისმოდა.
წითელი დროშების წართმევისა და “გეორგიევსკის ლენტების” 100 წლის ბაბუების მკერდებიდან ჩამომგლეჯ “ვაჟკაცებს”, ალბათ, მისცეს უკვე სათანადო “პრემიები”. ეს გასაგებია, მაგრამ უბრალო ადამიანებს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, მინდა, ვკითხო: ეს ხომ, უპირველესად, სწორედ ამ ბაბუების ზეიმია? 80 წელიწადი თუკი 9 მაისს ზეიმობენ და ახლაც ასე ურჩევნიათ, ჩვენ ამით რა გვიშავდება? ან სხვა რომელი და როგორი სიმბოლიკით უნდა იარონ მათ მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებით დასრულების აღსანიშნავ ზეიმებზე?
ან კიდევ: ეს “საბჭოთა ტოტალიტარულ სიმბოლიკაზე” გადამტერებული ადამიანები რატომ არაფერს ეუბნებიან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც, უკვე რამდენიმე წელია, თბილისის ქუჩებში ჰიტლერული, ფაშისტური, ნაცისტური სიმბოლიკით დადიან? რა, 100 წლის ბაბუისთვის “მეორე სამამულო ომის წითელი ვარსკვლავის ჩამოგლეჯა” და მისთვის წითელი დროშის წართმევა იოლია და “ეს–ეს”-ის ან “ფაშისტური სვასტიკის” სიმბოლოიან ახალგაზრდებთან მიახლოებისა გეშინიათ?! აფერუმ, თქვენს ვაჟკაცობას!
აქვე აუცილებლად უნდა მივმართოთ მთავრობის შესაბამის სტურუქტურებსაც: როგორც ცნობილია, უშიშროებისა თუ უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს სოციალისტურ-კომუნისტური მიმართულების პარტიებსა და ორგანიზაციებს დაუგზავნა სპეციალური გაფრთხილება და შეახსენა მათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, “თავისუფლების ქარტიის” აქტის თანახმად, აკრძალულია “საბჭოთა ტოტალიტარული” სიმბოლიკის გამოყენება თავშეყრის ადგილებზე და მოსთხოვა მათ, 9 მაისს ქალაქის ქუჩებში არ გადაადგილებულიყვნენ ასეთი სიმბოლიკით.
იქნებ გაგვცეს პასუხი ჩვენმა მთავრობამ: რატომ არ არის იმავე ან თუნდაც სხვა ქარტიით აკრძალული ფაშისტურ–ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება? რა, ვითომ ჰიტლერული რეჟიმი და ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკები კურორტი და სანატორიუმი იყო?
მაგრამ რაღა არის სალაპარკო, როდესაც არათუ “საბჭოთა სიმბოლიკა”, არამედ, უბრალოდ, წითელი ფერის დროშებიც კი წაართვეს გმირული გამარჯვების აღსანიშნავად გამოსულ ბაბუებს, პოლიციას კი ყურიც არ შეუბერტყია მათ დასაცავად, არც რომელიმე სახელმწიფო ჩინოსანი მოსულა და მოუბოდიშებია მათთვის. სამაგიეროდ, “თეთრ ხმაურს” და მის ნარკომან წევრებს უხდის ბოდიშს საჯაროდ შინაგან საქმეთა მინისტრი.
“კონფლიქტის ესკალაციისა და სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით” ხსნის ბევრი ამ “ბოდიშს”… აი, ესაა ყველაზე სასაცილო! რა, რადგან ჩვენს სასახელო ვეტერანებს არ შეუძლიათ (ასაკისა და მცირე რაოდენობის გამო) კონფლიქტების ესკალაცია და სისხლისღვრის გამოწვევა, ამიტომ ვიკიდებთ ფეხებზე? ამიტომ არ ვიცავთ კბილებით? ამიტომ არ ვუხდით ბოდიშს?
მიდგომა აქ ასეთია: ვისაც შეუძლია ან კადრულობს სახელმწიფოში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას, მათ მინისტრებმა ბოდიში უნდა მოუხადონ, ელაქუცონ, ხოლო ვისგანაც, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო ასეთი საქციელი მოსალოდნელი არ არის, ისინი ფეხებზე უნდა დავიკიდოთ და ექსტრემისტული, ხულიგნური გამოხდომებისგანაც არ უნდა დავიცვათ, მაინც ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნიან მთავრობას და რა მოხდა მერე, თუკი ვინმემ მათ თავმოყვარეობა შეულახა და თუნდაც წიხლებით გადაუარა.
ბაკურ სვანიძე
რედაქციისგან:
ესაა სახელმწიფოს სისუსტე და უნიათობა, როდესაც სწორედ მათ, ვისაც სინდისისა და შუბლის ძარღვის არქონა მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტრუქცია გამოიწვიოს, ბოდიშს უხდი და ეფარცქვალები! ასეთი ადამიანებისთვის მოხდილი ბოდიში მათი და სხვების წაქეზებას ნიშნავს. ეს კარგად უნდა გაიაზრონ მათ, ვისაც ეკუთვნით.
და კიდევ _ ერთი შეხედვით, გაუგებარია, როცა პოლიცია რეიდს ატარებს ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ და შემდეგ ამ რეიდით აღშფოთებულ ნარკომანებს შს მინისტრი ბოდიშს უხდის. ვიმედოვნებთ, ასეთი საქციელისთვის მინისტრს სერიოზული მოტივაცია ჰქონდა, მაგრამ ეს მოტივაცია პატრიოტული იყო თუ არა, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.