Home რუბრიკები საზოგადოება ცოტაც და თავზე დაგვემხობოდა, ანუ საშობაო ამბავი

ცოტაც და თავზე დაგვემხობოდა, ანუ საშობაო ამბავი

ფიქრის გორა, იაკობ ნიკოლაძეს ქუჩა, სახლი #5ა

არც უწიგნურობა ვარგა და არც

მარტო წიგნიერებიდან გამოხედვა”.

ილია ჭავჭავაძე

თბილისში, ფიქრის გორაზე, იქ, სადაც იაკობ ნიკოლაძის ქუჩას სოფიკო ჭიაურელის ქუჩა უერთდება, დგას ექვსსადარბაზოიანი, 110-ბინიანი სახლი #5-, რომელშიც იმდენი მოქალაქე ცხოვრობს, რამდენსაც რადიკალური ოპოზიცია თავის მრავალათასიან მიტინგებზე ვერ აგროვებს.

შენობის აგება 1975 წელს დასრულებულა, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობამდე საკმაო ხნით ადრე. მალევე გარკვეულა, რომ კატასტროფულად ავარიული იყო და არავინ უწყოდა, როდის დაემხობოდა თავზე აქ მცხოვრებ ადამიანებს. იცოდა ყველამ, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას, და ისიც ყალიბდებოდა, როგორც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის არაადეკვატურობის საჩვენებელი მაგალითი, რომელსაც, როგორც გაკვეთილს, არ ითვალისწინებდა ახალი დემოკრატიული სოფლის მშენებელი ელიტა.

და სანამ ახალგაზრდა დემოკრატები დაბერებული თიმსალ მაკოს მონდომებით წყლის ზედაპირზე ფიწლით გვიხატავდნენ აყვავებული ქვეყნის მომავალს;

სანამ ე.წ. პოლიტიკოსები ამომრჩევლებს ამისტებად და იმისტებად თავიანთ სახანოებში ინაწილებდნენ, ხოლო “სრტინგერი” ტელეჟურნალისტები მშობლიურ ენას პირდაპირ (ღია, თავისუფალ და ნაყიდ) ეთერებში ორღობის უნივერსიტეტებში ნასწავლი ქართულით ათანამედროვებდნენ;

სანამ კორუფცირებულთა ერთ “კლასტერს”, მეორე ენაცვლებოდა _ “უფრო დიდი და ჩახჩახა”;

სანამ კოვიდ-19-ის ვირუსი გახდებოდა ჩვენი დარჩენა-ამოწყვეტის კონსტიტუცია;

თრიალეთის ქედის განშტოებათა კალთებიდან წამოსული გრუნტის წყლის წყაროები, ნაკადულები, ღელეები და წვიმით ადიდებული მიწისქვეშა მდინარეები ამ სახლის საძირკველს ისე რეცხავდნენ, როგორც ბაზრობების “ბრენდული” საქონლით მოვაჭრე დახლიდარები ჩვენს საოჯახო ბიუჯეტებს;

ეს სახლი ჰაერში გამოკიდებული რჩებოდა, როგორც ანტიგრავიტაციული ძალების ანომალიური მოვლენა დედამიწაზე, ხოლო საზოგადოებრივ გონს ნეგატივიზმზე აწყობილი “აქტუალური პრობლემები” ღრღნიდა და ბურღავდა.

ირაკლი ახალაძე
ირაკლი ახალაძე

ახლა კი ალეგორიების ამტანცპლაშჩადკასავარიული სახლის გადარჩენის სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო ფირმაარქიტრავის” (მთავარ კოჭს ნიშნავს) ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძე გასაგები ქართულით გაგვიშიფრავს:

_ ჩვენ ვმუშაობთ ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერებაზე, მათი ექსპლუატაციის გახანგრძლივებაზე.

ამ სახლის მცხოვრებთა ამხანაგობამ დახმარებისთვის მიმართა დედაქალაქის მერიას, რომლის სპეციალიზებულმა ლაბორატორიამ შეისწავლა შექმნილი ვითარება. შენობას ავარიულობის ხარისხი მიენიჭა, დაგვიკვეთეს პროექტის მომზადება და სამუშაოს შესრულება, გავიარეთ ექსპერტიზა და საქმეს შევუდექით.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, გამაგრებითი სამუშაოების შესრულების პროცესში დამატებითმა სიძნელეებმა იჩინა თავი: რკინაბეტონის ფილა, რომელზეც შენობა არის დასაძირკვლებული, გარკვეულ ფრაგმენტებში სრულად აბსორბირებული, არმატურაამოყრილი იყო, რაც გამოყენების მიზეზით ხდება ხოლმე. სამუშაოს მოცულობა ამიტომაც გაიზარდა და შესრულების ვადაც გაიწელა.

_ ეს პრობლემა თბილისში იშვიათი არ არის. შენობის ბალიანობის გაზრდა არსებული ნორმატივით ჩვენ არ გვევალება. ეს სახლი 8-ბალიან მიწისძვრაზე არის გათვლილი, მაგრამ ამ დონეზე მისი გაყვანა ამჯერად არარენტაბელურია: მოსახლეობას დისკომფორტი უნდა შეუქმნა, დროებით, მაგრამ მაინც უნდა გაასახლო (რაც ფული ღირს); გამაგრებისთვის საჭირო ხარჯი, სულ ცოტა, ორჯერ გაიზრდება. თუნდაც ერთი ბალით შენობის მდგრადობის გაძლიერება ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენს ქალაქებში საკომუნიკაციო ქსელების რემონტი არ ჩატარებულა. ამის გამო გვქონდა შემთხვევები, როცა გრუნტსა და რკინაბეტონის ფილას შორის 50-60 სანტიმეტრის სიცარიელეები, კავერები, ღრმულები გაჩენილა მიწისქვეშა წყლების ზემოქმედებით. იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზეც იგივე დაგვხვდა, ამიტომ ამოსავსებად მოგვიწია მაღალი წნევით ქვიშა-ცემენტის ხსნარის ჩაჭირხვნა, გადაბურღვა დაგვჭირდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 9000 მეტრი, ანუ ცხრა კილომეტრი გავბურღეთ.

_ ეს სამუშაოები მერიამ დააფინანსა?

_ დიახ, სახელმწიფომ გადაიხადა. ისიც უნდა გითხრათ, რომ პროექტში თითოეული ცვლილების შეტანა მხოლოდ მუნიციპალური ლაბორატორიის შემოწმებითა და მასთან შეთანხმებით ხდება. ამოწმებენ ჩვენი მასალის ხარისხს, ბეტონის ხარისხს და მხოლოდ შემდეგ გვაძლევენ სამუშაოს შესრულებისა და გამოყოფილი სახსრების დახარჯვის უფლებას. უმკაცრესი კონტროლია დაწესებული.

ბატონმა ირაკლი ახალაძემ მორიდებით ილაპარაკა სარემონტო სამუშაოების შესრულების წინააღმდეგ ზოგიერთი მოსახლის გააქტიურებაზე.

ძნელიაო მოსახლეობასთან ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ ყველას ვჭირდებით, მათ შორის, ჭირვეულებსაც, რომლებიც ხან იმას გვიჩივიან, რომ ხმაურობთო, ხან _ მტვერში გვაცხოვრებთო. ჭრელია ხალხი.

ერთ ამბავს მოგიყვებით.

ვერაზე პეტრიაშვილის 11-ის ფასადი უნდა გაგვეწმინდა და გაგვესუფთავებინა. ერთმა მოსახლემ, ჩვენი თხოვნის მიუხედავად, თავისი მანქანა არ გადააყენა. ბუნებრივია, მტვერი დაეყარა. ფული მოითხოვა _ 20 ლარი მანქანის გასარეცხად. შევთავაზეთ, რომ ჩვენ გავურეცხავდით. არ დაგვეთანხმა. გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, “შეგვაშინა”… ჩვენი დაპირისპირება დამთავრდა იმით, რომ გამომიგზავნა ამ ქალბატონმა თავისი საბანკო ანგარიშის ნომერი. ჩავურიცხე 20 ლარი. წაიყვანა მანქანა, გაარეცხინა და თავისი ფულიც დაზოგა.

_ პრინციპული ამხანაგი ყოფილა. ვერელი არ იქნებოდა.

_ არა, მაგრამ თბილისელი გახლდათ.

ტერორისტების ნაკვალევის წაშლა

_ კარგია ახალი სახლის აშენება, მაგრამ ამ საქმეს დიდი დაფინანსება სჭირდება. დღეს, ვინც ფული იშოვა, ყველა მშენებელი გახდა _ ექიმიც, ბანკირიც, პროვიზორიც (ეღიმება ირაკლი ახალაძეს). ჩვენს ფირმაში მხოლოდ პროფესიონალი მშენებლები მუშაობენ, რომლებთან ერთადაც, წლებია, მოვდივართ, ამიტომ სპეციფიკური დავალებების შესრულებაც გვიხდება განსაკუთრებულ შემთხვევებში.

_ რას გულისხმობთ?

_ ჩვენს კოლექტივს, როგორც მაღალკვალიფიციური მშენებლების “სპეცრაზმს”, ორჯერ დაგვავალეს აფეთქებით დაზიანებული შენობების ოპერატიულად აღდგენა-გამაგრება. პირველად _ შარშან, ნოემბრის დასაწყისში, გურამიშვილის ქუჩის 30-ე ნომერში (ბუნებრივი აირი აფეთქდა); 8-10 დღის შემდეგ კი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაციის შემდეგ შენობის ძირითადი კონსტრუქციების აღდგენაც ჩვენმა კომპანიამ განახორციელა.

გვენდობიან და იმიტომ.

ალექსანდრე დუნდუა
ალექსანდრე დუნდუა

მოდის ახალგაზრდობა

სამუშაოთა მწარმოებელმა ინჟინერმა ალექსანდრე დუნდუამ ორი ახალგაზრდა გამაცნო.

_ აკაკი დარსალია, ზვიადის ძე, _ მამის სახელის ხაზგასმით წარმომიდგა ერთი.

_ მუხრან ქალდანი, _ ხელი ჩამომართვა მეორემ.

ზვიადი, მუხრანი _ ოჯახების პრიორიტეტების საინტერესო შეხამებაა.

პირველმა _ ჩხოროწყუს რაიონიდან ვარ წარმოშობითო. ნამყოფი ვარ, მაგრამ იქ გაზრდილი არაო. მეგრული მეტ-ნაკლებად სცოდნია.

შეკითხვაზე _ ამ მშენებლებთან როგორ აღმოჩნდა, აკაკი დარსალიამ დახვეწილი ქართულით მიპასუხა:

_ ჩვენ, მე და მუხრანი, ნათესავები ვართ. ბიძაჩემმა, არკადი კვიციანმა, მომიყვანა ამ ორგანიზაციაში. ახლა ერთად ვართ მე და მუხრანი.

_ რაზე მუშაობთ?

ორ ხმაში მიპასუხეს:

_ გალესვა, არმირება, შეღებვა. პირველ ორ სადარბაზოში სამუშაო დავამთავრეთ. ახლა მესამის ხარაჩოებიც უნდა ჩამოვხსნათ.

დაშლიან სპეციალიზებულ ბრიგადასთან ერთად. მანამდე სადარბაზოს კედლების შელესვასაც მორჩებიან.

სკოლა ორივეს დამთავრებული აქვს. თვითონაც დაოჯახდნენ. ფინანსებით ძირითადად მამები უზრუნველყოფენ. თვითონაც შეაქვთ, რა თქმა უნდა, ერთის მამა ცემენტის ქარხნის ოპერატორია. ამჟამად დროებით შეფერხება აქვსო ქარხანას, მეორის მამა _ ინკასატორი.

_ იცი, რა არის ინკასატორი? _ მეკითხება შვილი.

აღმოჩნდება, რომ ვიცი. ესიამოვნება. დედებიც მუშაობენ.

მოკლედ, როგორც საბჭოთა პერიოდში იტყოდნენ, აგრძელებენ ეს ბიჭები ოჯახების შრომით ტრადიციებს.

ერთი რუსთავში ცხოვრობს.

_ ბოსტანქალაქში სამუშაო არ არის?

_ მაღაზიაში თუ წახვალ, კი, იშოვი.

მეორე გრიგოლეთში სახლობს:

_ ჩვენთან, სოფელში, სამუშაო, ძირითადად, შემოდგომაზეა. ისე კი, სამუშაოდ გასვლა და ყოველდღიურად შინ თანხის შეტანა ძალიან ჭირს, ამიტომ ჩამოგაკითხეთ თბილისში, _ სარკაზმგარეულ რეპლიკას მესვრის.

_ აქაური ხელფასები გყოფნით? _ იმავ ტონალობაში ვუბრუნებ.

_ ხელმძღვანელობას არ ვემდურით, _ მიპასუხებს სერიოზულად, _ მეტ-ნაკლებად ნორმალურია. მაქსიმალურად შესაძლებელი, _ აზუსტებს, _ ჩვენც მაქსიმალურად ვმუშაობთ.

ცოტაც და თავზე დაგვემხობოდა, ანუ საშობაო ამბავი

ცოტაც და თავზე დაგვემხობოდა, ანუ საშობაო ამბავი

ვადასტურებ: მართალს ამბობს. ლამის კომენდანტის საათის დაწყებამდე შრომობენ: სამუშაო დამთავრებისკენ რომ მიდის, საქმე განსაკუთრებულ აჩქარებას მოითხოვს, ჩაგეჭიდება და შენს ნებაზე არ გაგიშვებს. დრო კი ისე სწრაფად იწურება, როგორც რკინის საწოლის დიდ საცერზე დაყრილი ქვიშა, რომელსაც ბიჭები (ცემენტთან შერეულს) კედლების შესალესი ხსნარის დასამზადებლად იყენებენ

მოვაცდინე, დრო დავაკარგვინე. საკმაოდ: სანამ ჩვენ აქ მათ შრომით კარიერაზე ვსაუბრობდით, მისი უდიდებულესობის ავანგარდი საქმეს იყო შეჭიდებული _ მლესავები, შემდუღებლები. მემონტაჟეები ცხრასართულიან ამ სიმახინჯეს ნაღვენთებით დანაოჭებულ და ჩაშავებულ ღაწვებს “ოქროს ძაფებით” უჭიმავდნენ უშბის შვეულ კედელზე დაკიდებული ალპინისტების ქამარ-სარტყლებითა და ბაგირ-თოკებით დაზღვეულები.

სხვები, მეტრომშენებლებივით რისკიანები, მიწისქვეშ, ძლიერი ჭავლით მიწოდებული ბეტონის უმაღლესი მარკის ხსნარით მზიდ კონსტრუქციებს უმაგრებდნენ ხანგადასულ სიკეკლუცეს.

თუ პროფესიონალი ხარ, ასეთი უნდა იყო

დრო იყო, დავლაპარაკებოდი სამუშაოთა მწარმოებელ ალექსანდრე დუნდუას, რომელიც (შემდეგ გავარკვიე) წიგნის მოყვარული კაცი ყოფილა. ახალგაზრდობაში ცოლოურს გურიაში რომ ჩასულა, სიდედრ-სიმამრის სახლში და მათ მეზობლებში ყველა წიგნი ხომ წაუკითხავს და ნაბეჭდი პროდუქცა რომ გამოლეულა, ლენინის რომელიღაც ტომი თავიდან ბოლომდე დაუმუშავებია.

წიგნიერი პიროვნება მესაუბრება:

_ ერთ-ერთი რთული და დამაფიქრებელი ასპექტი ჩვენი სამუშაოსი არის უსაფრთხოების დაცვა ისეთ პირობებში, როცა გასამაგრებელ სახლში ხალხი ცხოვრობს. ნებისმიერ არასწორად გადაწყვეტილ დეტალს, ყველა ნიუანსს შეიძლება მოჰყვეს გამოუსწორებელი შედეგი, თუ კარგად არ იქნა გათვლილი და შესრულებული. რისკები მინიმუმის მინიმუმამდე უნდა დაიყვანო. საქმეს ართულებს ისიც, რომ ძველის დემონტაჟი უნდა მოახდინო, ახალი შენვე უნდა მოამზადო და უვარგისს ჩაანაცვლო.

_ იუველირის სამუშაოა.

_ დიახ, ასეა. მაგრამ, თუ ოქრომჭედელი სტერილურ გარემოში საქმიანობს, ჩვენს გარჯას მოჰყვება მტვერი, ნამსხვრევები, რაღაც ნარჩენები, მართალია, შენობა ბადეშია გახვეული, გარემო რომ არ დაბინძურდეს, მაგრამ ეს მექანიკური დაცვა კოვიდის პანდემიის პირობებში ასპროცენტიან ეფექტს არ იძლევა.

_ დაგიავადდათ ვინმე?

_ მადლობა ღმერთს, არა! ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ რისკის ქვეშ გვიწევს მუშაობა, რამდენიმე მიმართულებით ყურადღების მაქსიმალური გაძლიერებით. უსაფრთხოებას ვიცავთ, მაგრამ ზოგიერთი მობინადრე მაინც უკმაყოფილო რჩება. აბა, რა ვქნათ, ბეტონს და, ვთქვათ, არმატურის დასამზადებელ მასალას ვერტმფრენით ვერ მოვზიდავთ. ამ პრობლემაზე ფირმის ხელმძვანელი უკვე გელაპარაკათ.

_ დიახ.

_ ამას ემატება სარდაფების კედლების თავიდან ამოშენების პრობლემა, რომელიც დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. აქაც ბევრი “წვრილმანია”, რომლის შესრულება აუცილებელია, რადგან სხვაგვარად უწყვეტი ფილის დაგება, რომელსაც სახლი უნდა დაეყრდნოს, შეუძლებელია. ჩვენც ისე შევასრულეთ ეს სამუშაო, როგორც ტექნოლოგიით არის გათვალისწინებული…

_ რამაც ტრადიციულიჭირვეული მეზობლებისსინდრომის რეინკარნაცია მოახდინა.

_ სამწუხაროდ.

დელიკატურად თავი ავარიდეთ ამ საკითხის გარჩევას. მით უფრო, რომ სარდაფებს შორის ვიწრო გასასვლელში კიდევ ერთი ახალგაზრდა მუშაობდა, რომელთან გასაუბრებაც გაცილებით საინტერესო უნდა ყოფილიყო.

მერაბ კუდაძე ქართლელი გახლავთ, ხაშურელი:

_ იქ დავიბადე, იქ გავიზარდე.

_ აქ როგორ მოხვედი?

_ პანდემიის გამო უმუშევარი აღმოვჩნდი, ჩაიკეტა ყველაფერი, ტრანსპორტიც აღარ მოძრაობდა. დავიწყე სამუშაოს ძებნა _ ახლობლებს დავუკავშირდი. მათ აქ მოსვლა მირჩიეს და მოვედი კიდეც. პანდემიამდე, გვირაბს რომ აშენებენ ჩინელები ხაშურთან, იქ ვმუშაობდი.

_ რაღაც გამოსვლები იყო ადგილობრივი მოსახლეობის. უკმაყოფილოები იყვნენ თითქოს.

_ ზოგიერთი უკმაყოფილო იყო, უმეტესობა _ არა.

_ ამ სივიწროვეში თუ გაგიჭირდათ მუშაობა?

_ ფიზიკურად მუშაობა ძნელია, მაგრამ, ხელობას თუ ფლობ, ხუთიანზე შეასრულებ.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წასულა.

_ სამხედროში შვიდი წელიწადი გავატარე, კონტრაქტით. მიზეზების გამო ჯარიდან წამოვედი. ერთი პერიოდი უმუშევარი ვიყავი, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი ვარ და უსაქმურად ვერ დავრჩებოდი. ჩემი შემოსავალი უნდა მქონოდა და დავიწყე მუშაობა. ოჯახში სამნი ვართ. დაახლოებით ერთი წელია, რაც დედაჩემი და მამაჩემიც მუშაობენ.

წარმატება ვუსურვე…

დიდ-პატარა სარდაფების ლაბირინთიდან გამოსვლა მეტად გამიჭირდა _ “ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავთ…”. წარმომიდგენია, რა ძნელი იყო ამ კატაკომბებში მუშაობა.

მაგრამ მუშაობენ.

მხოლოდ სამშენებლო ნაგავი ას მანქანაზე მეტი გაიტანეს. 20-ზე მეტი კუბური მეტრი წყალხსნარი დასჭირდათ იმ სიცარიელეების შესავსებად, სახლის საყრდენ ფილასა და გრუნტს შორის რომ იყო გამორეცხილი. ყოველ ჯერზე ამ ხსნარს რომ ასხამდნენ, წყალს მიჰქონდა. ამიტომ ალეკო დუნდუას სპეციალური წინაღობის დამონტაჟება დასჭირდა დანაკარგის ნაკადის შესაჩერებლად. მიწას რომ ბურღავდნენ, 5-6 მეტრის სიღრმეშიც აღმოჩნდა სიცარიელეები და იმათი შევსებაც გახდა საჭირო.

ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან არის წარმოდგენილი: საერთო-რესპუბლიკური მშენებლობაა. ზოგი _ ოჯახით, როგორც, მაგალითად, მამა-შვილი ბეზდენიძეები _ ვახტანგი და ჯაბა, სვანეთიდან არიან; საბურღი სამუშაოების ხელმძღვანელი მანუჩარ გოგოხია _ სამეგრელოდან და ა.შ.

შრომობს მისი აღმატებულება მუშათა კლასი. “უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითამე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ” (მათე, 5, 13; ქართული ოთხთავის (გელათის) გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია).

თუ მარილმა გემო დაკარგა, რიღათი დამარილდესო?!

“არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!” (ლუკა. 14, 34-35).

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here