ლიტერატურა, რომლის წაკითხვასაც გვირჩევენ ცნობილი და წარმატებული ადამიანები, ხშირად არა მხოლოდ ამ ცნობილ ადამიანებზე, არამედ სამყაროზე მოგვითხრობს. გაეცანით პოპულარული ადამიანების საყვარელ წიგნებს.
მელ გიბსონი
“მამაც გულში” რეჟისურისა და მამაკაცის როლის შესრულებისთვის ორი “ოსკარით” დაჯილდოებულმა მელ გიბსონმა მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებად რეი ბრედბერის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანი “451 ფარენჰაიტით” დაასახელა.
ეს ნაწარმოები მრავალი წლის განმავლობაში იყო ცენზურის ყურადღების ობიექტი; დღეს კი, გაყიდვის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე პოპულარულ წიგნებს შორისაა.
ანჯელინა ჯოლი
ამერიკელ მსახიობსა და გაეროს კეთილი ნების ელჩ ანჯელინა ჯოლის ძალიან მოსწონს ბრემ სტოკერის “დრაკულა”. წიგნი პირველად 1897 წელს გამოიცა და სწორედ მას შემდეგ გაჩნდა ვამპირი არისტოკრატის, გრაფ დრაკულას, ხატება.
დენ ბრაუნი
პოპულარული ამერიკელი მწერალი, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა ისეთი ბესტსელერები, როგორიც არის “და ვინჩის კოდი”, “ანგელოზები და დემონები” და “ინფერნო”, მსოფლიო ლიტერატურის შედევრად მიიჩნევს უილიამ შექსპირის პიესას “აურზაური არაფრის გამო”.
ჯორჯ კლუნი
“ოსკარისა” და “ოქროს გლობუსის” პრემიების ლაურეატი მეორე პლანის როლის შესრულებისთვის ფილმში “სირიანა” _ ჯორჯ კლუნი რუსული ლიტერატურის თაყვანისმცემელია, განსაკუთრებით მოსწონს ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობა”.
ჯიმ კერი
რუსული კლასიკური ლიტერატურის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი _ ეს არის კანადელ-ამერიკელი მსახიობი ჯიმ კერი, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმ “ნიღაბში” მთავარი როლის შესრულებით. არის პრემია “ოქროს გლობუსის” ორგზის ლაურეატი.
ჯორჯ კლუნისგან განსხვავებით, რომელსაც ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობა” მიაჩნია შედევრად, ჯიმ კერის ყველაზე მეტად თევდორე დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი” მოსწონს.
უეინ რუნი
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, ამჟამად მწვრთნელი, ინგლისის ჩემპიონატის 5-გზისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 2008 წლის გამარჯვებული _ უეინ რუნი ლიტერატურაში საუკეთესოდ მიიჩნევს წიგნების სერიას ჰარი პოტერზე.
სტივენ სპილბერგი
ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის (“ყბები”, “ინდიანა ჯონსი”, “იურიული პერიოდის პარკი”, “შინდლერის სია” და სხვ.), უამრავი პრემიის, მათ შორის, ორი “ოსკარის” მფლობელის _ სტივენ სპილბერგის საყვარელი წიგნია ჯეიმს ფენიმორ კუპერის “უკანასკნელი მოჰიკანი”.
ჯოან როულინგი
ჰარი პოტერზე შექმნილი წიგნების (გამოცემულია 500 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი) სერიის ავტორმა თავის ბიბლიოთეკაში საუკეთესოდ მიიჩნია ინგლისელი მწერალი ქალის _ ჯეინ ოსტინის წიგნი “ემა”.
ტომ ჰენკსი
ამერიკელი მსახიობის, რეჟისორისა და სცენარისტის, პრემია “ოსკარის” ორგზის ლაურეატის (“ფილადელფია”, “ფორესტ გამპი”) საყვარელი წიგნია ტრუმენ კაპოტეს “ცივსისხლიანი მკვლელობა”.
ჯულია რობერტსი
ამერიკელი მსახიობის, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმ “ლამაზმანში” ქალის მთავარი როლის შესრულებით, პრემია “ოსკარის” 2001 წლის ლაურეატის (“ერინ ბროკოვიჩი”) საყვარელი წიგნია უილიამ ფოლკნერის “ველური პალმები”.
მოამზადა ნიკა კორინთელმა