Home რუბრიკები ისტორია ციციშვილები რუსეთში

ციციშვილები რუსეთში

პავლე ციციშვილი

 პეტრე პირველის დროს ვახტანგ მეფემ მტრულად განწყობილი სპარსეთისა და თურქეთისგან ქვეყნის გადარჩენის მიზნით რუსეთის ქვეშევრდომობა ითხოვა. მასთან ერთად რუსეთს გამოემგზავრნენ ბრწყინვალე თავადები: ციციშვილები, ბაგრატიონები, ერისთავები და სხვანი. ვახტანგის ამალას რუსეთში რამდენიმე ციციშვილი გაჰყვა თავისი ოჯახებით, ამიტომაც რუსეთის კულტურულლიტერატურულ სარბიელზე XVIII-XIX საუკუნეებში არაერთხელ გვხვდება ციციშვილების გვარი. როგორც კვლევაძიებამ გვიჩვენა, ციციშვილთა სახელები ძირითადად უკავშირდება რუსეთში ჩასული ორი წინაპრის _ პაპუნა და იასე ციციშვილების სახელებს.

პაპუნა ციციშვილი 1742 წელს გმირულად დაიღუპა რუსეთ-შვედეთის ომში, როგორც ქართველი ჰუსარი. მას დარჩა ერთი ვაჟი _ დიმიტრი. რუსეთში სხვადასხვა ადგილას გაბნეულ ცნობათა მიხედვით, დიმიტრი პაპუნას (პავლეს) ძე ციციანოვი გვევლინება თავისი დროის ერთ-ერთ საინტერესო მოღვაწედ.

ვახტანგის ამალის ნუსხიდან ჩანს, რომ რუსეთში წასულ პაპუნა ციციშვილს წაუყვანია თავისი მცირეწლოვანი ვაჟი _ დიმიტრი.

დიმიტრი ციციშვილი რუსეთში ჩასული ვახტანგის ამალის ახალი თაობის წარმომადგენელია. იგი ერთი პირველთაგანია იმ ქართველ მოსწავლეთა შორის, რომელთაც პეტერბურგის სასწავლებელთა კარი შეაღეს. დიმიტრი ციციშვილი 1739 წელს კადეტთა კორპუსში შევიდა. 1742 წლის 25 თებერვალს ჩატარებულ გამოცდებზე, რომელიც მოეწყო კურსდამთავრებულთათვის პროფესორების: კრაფტის, ვინგეიმის, გეიკსიუსისა და გელერტის მონაწილეობით, დიმიტრი ციციშვილმა მეტად მაღალი შეფასება მიიღო. ის საფუძვლიანად დაეუფლა სხვადასხვა მეცნიერებას: გეოგრაფიას, კრიმინალისტიკას და სხვ. ერთ-ერთი ცნობით, მიხეილ სერსაკოვმა სთხოვა თურმე დიმიტრი ციციშვილს, მონაწილეობა მიეღო რუსული კანონმდებლობის გამოცემაში.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში არსებულ ერთ ხელნაწერში, რომელიც პავლე ციციანოვის (მთავარმართებლის) რუსულიდან თარგმნილ ბიოგრაფიას წარმოადგენს, მისი მამის, ე.ი., დიმიტრი ციციშვილის შესახებ ნათქვამია: თავადი დიმიტრი ციციანოვი აღიზარდა სუხოპუტნის კადეტის კორპუსსა შინა, ჟამსა ღრაფის რუმიანცევის ზადუნაისკისა, თავადის .. ვიაზემსკისა, .. მილისინისა, .. სუმაროკოვისა და სხვათა პირთა, რომელთა მოუგეს თავთა თვისთა გამოჩინებული სახელნი”.

ამრიგად, ჩვენ წინ არის ვახტანგის ამალის წევრთა პირველი თაობა დიმიტრი ციციშვილის სახით. იგი რუსეთის კულტურული ცხოვრების ცენტრშია და მისი საინტერესო წარმომადგენელია.

ეს თაობა, თუმცა რუსეთში იზრდება, ჯერ ძალიან ახლოს დგას საქართველოსთან, მის ცალკეულ წარმომადგენლებთან და მის კულტურასთან. ამას მოწმობს დიმიტრი ციციშვილის მოღვაწეობა რუსეთში ქართული კულტურისთვის. პროფესორი ტრიფონ რუხაძე თავის წიგნში “ქართულ-რუსული ურთიერთობა” მიუთითებს, რომ დიმიტრის ზედამხედველობით რუსეთში დაიბეჭდა შემდეგი წიგნები: “დავითნი”, “სახარება გამოკრებული” და “ჟამნი”. შემთხვევითი არ არის, რომ ანტონ კათალიკოსი თავის “წყობილსიტყვაობაში” აქებს მის სიბრძნეს, გონიერებას და უწოდებს მას “რუსთაცა და ქართუელთა მეცნიერს”.

საინტერესოა ჩვენში დაცული დიმიტრი ციციშვილის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი არითმეტიკა, რომელიც მას 15 წლის ასაკში შეუსრულებია. როგორც ანდერძიდან ჩანს, თარგმანი მიძღვნილია ბაქარ ბატონიშვილისადმი: “უწყოდი, რამეთუ მათა მეფობის სიმაღლე არა მიიღებს დაუმწიფებელსა ნაყოფსა… ამისთვის ვთხოვ წყალობად, რათა ათუთხმეტის წლის აღორძინებულის ხისა ნაყოფი მცირედითა შეწყნარებითა მიიღოს…”

ამგვარ მოღვაწეობას გულისხმობს იოანე ბატონიშვილი, როდესაც დ. ციციშვილის შესახებ წერს: “დიმიტრი ციციშვილი აღიზარდა მოსკოვს სასწავლებელსა შინა. ამან მიიღო უცხოდ სხვადასხვა ენათა სწავლანი და საუფლისწულო ხელოვნება, ისწავა მათემატიკა და სთარგმნა ქართულად ღეომეტრია და სხვებთაცა შეეწია თარგმანებასა ზედა წიგნთასა ქართველთა”.

მაგრამ ტრ. რუხაძე ეჭვობს, რომ იოანე ბატონიშვილს რაღაცა ეშლება, იგი წერს: “აქ რაღაც აღრევასთან უნდა გვქონდეს საქმე. ჩანს, იოანე ბატონიშვილმა ანტონის “წყობილსიტყვაობაში” ნახსენები დიმიტრი ციციშვილი გააიგივა ამის მოსახელე ციციშვილთან, რომელიც ალექსანდრე პუშკინის სკოლის მეგობარი იყო პეტერბურგის ლიცეიდან, ხომ არ ყოფილა მესამე დიმიტრი ციციშვილი?”

ამას მკვლევარს აფიქრებინებს ის გარემოება, რომ 1791 წელს რუსეთში გამოცემულა დიმიტრი ციციშვილის “ანდერძი”, რომლის თაობაზეც ტრ. რუხაძე წერს: “ანტონის დროის დ. ციციშვილი, რომელიც 1777 წელს გარდაიცვალა, XVIII საუკუნის ბოლო წლებში ვერ შეთხზავდა წიგნებსო”.

ალექსანდრა სმირნოვა
ალექსანდრა სმირნოვა

საქმე ისაა, რომ აღნიშნული ანდერძი დაწერილია დ. ციციშვილის გარდაცვალებამდე, მაგრამ გამოცემულია მისი შვილების მიერ გვიან, 1791 წელს. ამას ადასტურებს ანდერძის ბოლოს დართული დიმიტრი ციციშვილისა და მისი მეუღლის _ ელიზავეტა მიხეილის ასულის საფლავთა ეპიტაფიები (ეპიტაფიებში აღნიშნულია ორივეს დაბადებისა და გარდაცვალების წლები და მათი მოკლე დახასიათება).

ამრიგად, იოანე ბატონიშვილს დ. ციციშვილის პიროვნება კი არ ერევა ვიღაც მესამე დიმიტრი ციციშვილში, მას მხოლოდ ის ეშლება, რომ დ. ციციშვილის განათლების ადგილად მიიჩნევს მოსკოვს და არა პეტერბურგს. ამის მიზეზი კი ადვილად გასაგებია, რადგანაც დ. ციციშვილმა თავისი ცხოვრების მეორე პერიოდი მოსკოვში გაატარა.

სხვათა შორის სამი დიმიტრი ციციშვილის ვარაუდი გამართლდა. ეს იყო დიმიტრი ციციშვილის შვილიშვილი _ დიმიტრი იოანეს ძე ციციანოვი, რომლის სახელიც მოხსენიებულია პაჟთა კორპუსის მოსწავლეებს შორის.

ეს მესამე დიმიტრი ციციშვილი არის დიმიტრი პავლეს ძე ციციანოვის შვილიშვილი, ანუ პავლე ციციანოვის ძმის _ ივანეს შვილი.

როგორც პეტერბურგში შექმნილი და გადაწერილი ლიტერატურული მემკვიდრეობა გვიჩვენებს, პეტერბურგელი ქართველები ხშირად იყვნენ წევრები პეტერბურგის ლიტერატურული სალონებისა. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ოცდაათიან წლებში დიმიტრი პავლეს ძე ციციშვილი აქტიური წევრი გახლდათ ა. სუმაროკოვის მიერ შექმნილი საზოგადოებისა “Общество любителей российской словесности”. XIX საუკუნის პირველ ნახევარში კი ციციშვილების სალონი პეტერბურგის სხვადასხვა სალონსა და საღამოებთან ერთად ერთ-ერთ წამყვან ადგილს იჭერს საზოგადოებაში და ელაგინის, კარამზინის, ტუტჩევის, ბულგაკოვის, ბულგარინისა და სხვათა საღამოებთან ერთად იხსენიება, როგორც “ციციანოვების ხუთშაბათობები”.

საინტერესოა ალექსანდრა იოსების ასულ სმირნოვას ცნობები ციციშვილების შესახებ. ეს ქალბატრონი XIX საუკუნის 30-იანი წლების პეტერბურგის საზოგადოების ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი გახლდათ. იგი დაბადებულა 1809 წელს. მისი მამა ყოფილა შვეიცარიის ქვეშევრდომი იოსებ ივანეს ძე როსეტი; დედა კი, ნადეჟდა ივანეს ასული, _ ქართველთა შთამომავალი დედის მხრივ. კერძოდ, სმირნოვას დედის დედა (ბებია) ყოფილა ციციშვილის ქალი.

ასევე “Русский архив”-ი გვაცნობს, რომ დიმიტრი იასეს ძე ციციანოვი არის ა.ი. სმირნოვას ბიძა. სმირნოვას მემუარებში, რომელშიც ავტორმა მკითხველის თვალწინ გააცოცხლა XIX საუკუნის დასაწყისის საზოგადოება, დ. ციციშვილის სახელი ხშირად გვხვდება. მოვუსმინოთ ა.ი. სმირნოვას: “ბებიაჩემი _ ეკატერინე იასეს ასული ლორერი _ იყო ციციშვილის ქალი. პეტრე პირველის დროს ვახტანგ მეფემ მტრულად განწყობილი სპარსეთისა და თურქეთისგან ქვეყნის გადარჩენის მიზნით რუსეთის ქვეშევრდომობა ითხოვა. მასთან ერთად რუსეთს გამოემგზავრნენ ბრწყინვალე თავადები: ციციშვილები, ბაგრატიონები, ერისთავები და სხვანი. თავად იასეს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი _ დიმიტრი, რომელიც ცნობილი გახდა თავისი პურმარილითა და ხელგაშლილობით. მოსკოვში ცხოვრება ძნელი შეიქნა დიდი ოჯახისათვის და ისინი გადასახლდნენ სანჟარაში. აქ დაიდეს ბინა იასე და მატრონა ციციშვილებმა”.

ეს ციციშვილი უნდა იყოს ის იასე ციციშვილი, რომელიც მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის ამალის ცნობილ რეესტრში. ამათი უმცროსი ქალიშვილი _ ქეთევანი, შემდეგ ეკატერინე, როგორც სმირნოვა მოგვითხრობს, ცოლად გაჰყოლია პრუსიელ პოლკოვნიკს _ ფონ ლორერს. ამ ქეთევანის შვილიშვილია ალექსანდრა სმირნოვა.

მის ხსოვნაში ღრმად აღბეჭდილა ციციშვილების ოჯახი, რომელიც იმხანად პეტერბურგში ცხოვრობდა.

ერთხელ, _ მოგვითხრობს . სმირნოვა, _ ტანთ ჩამაცვეს წითელი ჩითის კაბა, გამიკეთეს კულულები, ყურთ ჩამომკიდეს ჰერცოგის ნაჩუქარი ყურსაკიდები და წამიყვანეს ციციშვილებთან. მათმა სახლმა გამაოცა დიდებულებით: დიდი სვეტებიანი დარბაზები, ავეჯი ღია ცისფერი გადაკრულობით, იმავე ფერისა და ნაჭრის ფარდები და სასტუმრო, აგრეთვე, ცისფერი. სავარძელში იჯდა მაღალი გამხდარი ქალი _ ვარვარა ეგორის ასული. უნდოდა, მომფერებოდა, მაგრამ მისმა მკაცრმა გამომეტყველებამ დამაბნია. _ მოდი, გენაცვალე, დეიდა ანა დიმიტრის ასულთან, მომმართა მან. ანა დიმიტრის ასული, რომელიც მხატვრობას მისდევდა, იყო შესანიშნავი გარეგნობისა და არისტოკრატული სილამაზის ქალბატონი”.

აქ უკვე ლაპარაკია ციციშვილის მეორე შტოზე, კერძოდ, პაპუნა ციციშვილის შთამომავლობაზე.

ციციშვილების ოჯახის წევრები პეტერბურგის ბრწყინვალე საზოგადოების წარმომადგენლები არიან. პუშკინის საზოგადოებაში ტრიალებენ არა მარტო თავადი ციციშვილები, არამედ ამ გვარის ქალთა წარმომადგენლებიც.

დავუბრუნდეთ დიმიტრი იასეს ძე ციციშვილს, რომელიც ცნობილი ყოფილა რუსეთის სალიტერატურო წრეებში, როგორც მახვილგონივრული ნაკვესებისა და მოთხრობების ავტორი. ამის თაობაზე აღნიშნავდა პუშკინი, როცა ეუბნება იმპერატორს, რომ ყოველ თავისუფალ გამოთქმას, ყოველ აღმაშფოთებელ თხზულებას მომაწერენ მე, ისევე, როგორც ყოველგვარ მახვილსიტყვაობას მიაწერენ ციციშვილსო. როგორც ჩანს, იმდენად პოპულარული ყოფილა ციციშვილის ოხუნჯობანი, რომ, როგორც პუშკინი ამბობს, მას იმასაც კი მიაწერდნენ, რისი ავტორიც არ იყო. სმირნოვას მოგონებებიც ხაზს უსვამს დ. ციციშვილის არაჩვეულებრივ ენამოსწრებულობას.

საინტერესოა მოგონების ერთი ადგილი. დიალოგი წარმოებს ა. სმირნოვასა და ერთ-ერთ ცნობილ გენერალ კისელიოვს შორის. კისელიოვი საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის ჩაის დალევა წარმოუდგენელია “სამოვრის” გარეშე.

“_ თქვენ ციციშვილივით ყოფილხართ, _ ეუბნება სმირნოვა.

_ ციციშვილი? ეს ქართული გვარია!

_ დიახ, ჩემი ბებია იყო ციციშვილის ქალი!

_ ჩემი ბებიაც ქართველი იყო, ბაგრატიონის (გრუზინსკის) ასული.

_ ოჰო, ბაგრატიონის? თქვენშიც და ჩემშიც ჩქეფს მეფური სისხლი!”

სამწუხაროდ, ვახტანგის კოლონიის ამ შორეულ შთამომავალთ რუსეთში მხოლოდ ისღა აკავშირებთ საქართველოსთან, რომ ახსოვთ თავიანთი ქართული წარმოშობა.

გენერალი კისელიოვი სთხოვს სმირნოვას, კიდევ უამბოს რაიმე მათ თანამემამულეებზე და სმირნოვა მოუთხრობს დიმიტრი ციციშვილზე, როგორც არაჩვეულებრივ ენამოსწრებულ ადამიანზე:

ის იყო მოხდენილი აღნაგობის და ამავე დროს ორიგინალური. სხვათა შორის, ესეც ქართული დამახასიათებელი ნიშანია. ერთხელ მას ვხვდები ფრანცესბადეში. მოდის შუა ქუჩაში და მოაქვს თავისი წილი პური, მე მას ვეძახი _ თავადო, რისთვის მოდიხართ შუა გზაზე, აქ ბევრად უკეთესია. ის კი მპასუხობს: ექიმისაგან აკრძალული მაქვს მზეცა და ჩრდილიც, ამიტომ შუა გზაზე დავდივარო”.

“Русский архив”-ში ხშირად იხსენიება დიმიტრი ციციშვილი _ “ცნობილი ენამახვილი და ფანტაზიორი, რომლის ანეკდოტები ჩაწერილი აქვს პუშკინს”.

ჟურნალი ხშირად ბეჭდავს ა.ი. სმირნოვას ძმის _ არკადი იოსების ძე როსეტის (პუშკინის ახლო მეგობრის) არაერთ მოგონებას დ. ციციშვილზე. მაგ.: “როცა ძმისშვილები მას სთხოვდნენ საწვიმარი ქოლგების ყიდვას, ის ურჩევდა, მისთვის მიებაძათ: ჩემს ახალგაზრდობაში, _ ეუბნებოდა ის მათ, _ ქოლგა ჩემთვის მხოლოდ ზედმეტი ატრიბუტი იყო, რადგან მშვენივრად ვახერხებდი წვიმის წვეთებს შორის გაძრომას ისე, რომ არ დავსველებულიყავიო”.

დიმიტრი იასეს ძე ციციანოვის სახელს ხშირად ვხვდებით სხვადასხვა პირთა მიმოწერაშიც: “გუშინ, სადილის შემდეგ ჩემთან მოვიდა გამოსამშვიდობებლად როსეტი. მე სახლამდე მივაცილე, მან მიამბო პუშკინზე და ახლახან გარდაცვლილი თავადი ციციანოვის შესახებ. რა ორიგინალური იყო ეს მოხუცი!” _ წერს ი.კ. გროტი პ.ა. პლეტნევს.

ციციშვილების ამ ოჯახთან დაკავშირებულია ცნობილი დეკაბრისტი ნ.ი. ლორერი. იგი შვილი იყო ქეთევან (ეკატერინე) იესეს ასული ციციშვილისა, რომელიც, როგორც სმირნოვა იუწყება თავის მოგონებებში, ცოლად გაჰყოლია ივანე ივანეს ძე ლორერს. დეკაბრისტი ნ.ი. ლორერი დისშვილია დიმიტრი იასეს ძე ციციანოვისა, ხოლო ბიძაა (დედის ძმა) ა.ი. სმირნოვასი.

ნ.ი. ლორერი თავის მოგონებებში ხშირად იხსენებს ბიძას _ დიმიტრი ციციანოვს, რომლის ოჯახი განთქმული იყო თავისი “ხუთშაბათობებით”. “საღამოები, ვახშმები და ცნობილ აქტიორთა მონაწილეობა საოჯახო სპექტაკლებში დიმიტრი ციციანოვის ოჯახში იზიდავდა მოსკოვისა და პეტერბურგის სხვადასხვა წრის საზოგადოებას”, _ წერს ნ.ი. ლორერი.

უნდა ითქვას, რომ ციციშვილების მოღვაწეობა რუსეთში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ცნობილია ისიც, რომ XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში არა ერთი და ორი ციციშვილი ილტვოდა რუსული პარნასისკენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here