სათვალავიც აგვერია, ეს უკვე მერამდენე უღიმღამო წელიწადი ჩაჰბარდა წარსულს “ოცნების” ხელში. არადა, რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა თურმე ძველმა, მაგრამ სახელწოდებით ახალმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი “ოცნებებით” ტვინი აგვირია და თავბრუ დაგვახვია. ახალმა პოლიტიკოსებმაც შემოგვაჭყიტეს თვალები, ჩვენ კი, “ტვირთმძიმენი და დამაშვრალნი”, სიხარულით, დიდი იმედებით მოვეგებეთ და “მადლობა ღმერთსო”, გავიძახოდით.
გვეგონა, რომ ახალი სისტემისთვის ახალი კაცნი მოიწვიეს, ერის “მაჯაშისცა შემტვებარნი”. გვეგონა და გვიხაროდა, გვიხაროდა და გვეგონა!
პირველ ხანებში ჩვენს ნაადრევ სიხარულს თითქოს საბუთიც ჰქონდა, მაგრამ ბოლოსკენ შუბი ხალთაში აღარ დაიმალა და ყველამ დაინახა, რომ სისტემა იგივეა და მარტო ხერხია სხვა _ კოაბიტაცია.
დიახ, ბატონებო! იმ ტკბილმა ოცნებებმა ჩაილურის წყალი დალია.
ღმერთო, გვიხსენ!..
რისგან გიხსნასო? _ მკითხავთ თქვენ. მსგავს კითხვას ილიამ 1881 წლის იანვრის შინაურ მიმოხილვაში უპასუხა და ის პასუხი ზუსტად ზედგამოჭრილია დღევანდელ ჩვენს ვითარებაზეც:
“იმისაგან, რომ, ერიჰა, კინაღამ ღმერთი არ გამიწყრა და არ წამოვიყრანტალე პასუხი! სულ გადამავიწყდა, რომ ადამიანს სიტყვა აზრისათვის არა აქვს მინიჭებული, არამედ იმისათვის, რომ დიდმა სთქვას: “მე შენ გიბრძანებ და ხმა უნდა გაიკმინდო”, და პატარამ მიუგოს: “მაქვს პატივი, მოგახსენოთ, რომ ენა მუცელში ჩამივარდა, ბრძანებისამებრ თქვენისა…
შეიძლება თურმე დიდმა უთხრას პატარას: “მე შენ გიბრძანებ, მუხას ვაშლი ასხია–მეთქი” და პატარას ნება აქვს მიუგოს: “მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენმა მუხამ ვაშლი დაისხა, ბრძანებისამებრ თქვენისა”; და ამბობენ, _ რომ ამის თქმას არავინ დაუშლისო”.
ჰო, ამის თქმას არ გვიშლის არც ერთი ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, უფროს ძმას უმცროსმა უნდა გაუგონოსო და ჩვენც თავისუფლად ვლანძღავთ მათ, ვისკენაც ისინი თითით მიგვანიშნებენ. მერე რა, თუ თვითონ სეირს უყურებენ და ფრთხილობენ, ჩვენ კი მათ ხელში მხოლოდ ბრმა იარაღად ვიქეცით?! ის დიდია, ჩვენ კი _ პატარა და დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?!
გამოხტება ახლა ვიღაც ინტრიგანი და იტყვის: შენ თუ ხარ მისი ძმა, ის არ არის შენი ძმაო? რატომ გიმეტებს და გწირავსო? და მოხსნის გუდას თავს:
არც ერთი ქვეყანა არ უშვებს ისეთ შეცდომას, როგორსაც საქართველო; არც ერთი სახელმწიფო არ წყვეტს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას და სარგებლის ძებნას სხვაგან არ იწყებს. პირიქით, მზად არიან, რუსეთთან ხელშეკრულებები გააფორმონ და იმის გარანტია მიიღონ, რომ მომავალში საფრთხე არ დაემუქრებათ. ამ ჩვენს “მეგობრებს” კი ჩვენი დარდი საერთოდ არ აქვთ _ დასავლეთი ზურგს უკან ცალკე მმართველ ძალას დასცინის, ცალკე _ ოპოზიციას. ზემოდან გიყურებს და შენ კი უფლება არ გაქვს, გეწყინოს რამე; შენ თურმე არც აზრი გაქვს და არც ფიქრი შეგიძლია; მაშასადამე, არც მიზეზი გექნება, ჩაება რაღაც იდეების უქმ და მოუსვენარ ტრიალში. ამას ჩაგვჩიჩინებენ და ლამის დავიჯერეთ.
“ან რა საკადრისია დარბაისელ კაცისათვის იდეების ბარდებში გაბმა და ტრიალი! სხვა რომ არა იყოს-რა, იდეა ფრიად მაწყინარია კაცის აგებულებისათვის. ბატონო, რაკი კაცს მიესევიან ის რაღაც იდეებია, ზაფხულის ბუზსავით ჩამოეკიდებიან და მოსვენებას არ აძლევენ. ამას კიდევ ზედ მოსდევს კუჭის მოშლა, სტომაქი საჭმელს ვეღარ ინელებს და გულის ფრიალიც იცის. საღი კაცი ტყუილ-უბრალოდ სნეულდება. კეთილად განწყობილ ქვეყანაში განა ყველანი არ უნდა ცდილობდნენ, რომ სნეულების მიზეზნი წინასწარვე მოსპობილ იქმნას? მაშ ის ერთი მეცნიერება, რომელსაც ჰიგიენას ეძახიან, უქმი სიტყვაა? წყლის ნაყვაა? მაშ ტყუილ-უბრალოდ დაშვრა იმოდენა ჭკუიანი ხალხი მაგ მეცნიერების აგებისათვის?..
თუნდ ეგეც იქით იყოს, ახლა ერთი ეს ვიკითხოთ: იდეები რომ არ იყოს, განა ქვეყანაზე ცხოვრება არ შეიძლება? მაშ ამოდენა პირუტყვი როგორა სცხოვრობს? უფრო ჩვენზედ საღნი არიან, ჩვენზედ ჯანმრთელნი, ჩვენზედ ღონიერნი და დღეგრძელნი. აბა, კალია რა არის? ერთი უბრალო მწერი, ერთი რომ შევუბეროთ _ ცხრა მთას იქით გადავარდება, მაგრამ შარშან მთელი ქვეყანა ფეხზედ დადგა, შეეჭიდა და ძლივსა სძლია. ერთის მხრით იდეების მექონი ადამიანები ვიყავით და მეორეს მხრით უიდეო პაწაწა კალია და კინაღამ გვაჯობა. ეს ცხადი მაგალითი არ არის განა, რომ საცა ეგ მოუსვენარი იდეა არ არის, იქ ღონეა და ძლიერება. მაშ რათ ვიუძლურებთ თავს იდეების ტარებითა? ეგ იციან ქვეყნის მკურნალთა და ამიტომაც თვალ-გაფაციცებით აქეთ-იქით იყურებიან, არსაიდამ შემოგვეპაროსო და ღონიერი უღონოდ არ გახადოსო.
თქვენ, რაც გინდათ, ბრძანეთ და ჩვენ კი ამ აზრისანი ვართ, _ ქვეყნის ჯანმრთელობისათვის, გაძლიერებისათვის, ქვეყანაში მოარული იდეები სულ დედა–ბუდიანად უნდა ამოჰხოცოს კაცმა და წყალს მისცეს. ეს წვრილფეხობაა რაღაცა, დაუჟინია და ჰყვირის: იდეა იმისთანა რამ არისო, რომ ვერც ხმალი მოერევა, ვერც თოფიო. სტყუიან, თქვენმა მზემ!”
ილია ამ სარკაზმით დაუნდობლად ააშკარავებდა იმ გულქვაობას, სიმახინჯეს, ბოროტებასა და ფარისევლობას, რომელსაც იმხანად ფეხი ჰქონდა მოკიდებული საქართველოში. ამდენი ხნის შემდეგ რისთვისღა გავიხსენეთ? სწორედ იმისთვის, რომ მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორება და გამოფხიზლება არც ჩვენ გვაწყენდა; ისევე, როგორც იმ “მატრაკვეცას”, რომელსაც გამჩენი არ ასვენებს და მაინც უნდა, “სტრატეგიული მეგობრების” წინ დედის ურჩი კვიცივით იხტუნოს და მგელს შეაჭმევინოს თავი…
თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?!
ახლა ირონიას გვერდზე გადავდებ, ჩემო მკითხველო, და გეტყვით: “პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს, რომელსაც ჩვენ, ქვეყნის სამასხარაოდ, ცხოვრებას ვეძახით, რომელშიაც ჩვენ, რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით, ვჭყუპალაობთ, და რომლიდამაც ათასი სხვადასხვა-ფერი ნაკადული იწრიტება ცალ-ცალკე და სხვადასხვა გზით მიდის, და “რაოდენადაც ერთმანეთზედ შორსა ვალს, ეგოდენ დაუძლურდების”, _ ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე, მაშინ შენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი: “ვართ-ღაო!” (“ზოგიერთი რამ”).
მაგრამ აი იმ კაცს, რომელიც ზემოთ დაუმსახურებლად ინტრიგანად მოვიხსენიეთ, ძალიან უნდა, შავი ფიქრები თავიდან მალე მოიშოროს, იმედები გაუმართლდეს და მერე მოგვიბრუნდეს და გვითხრას: თუ ახლაც ვერ ხედავთ, მუხას ვაშლი რომ არ ასხია, ბრმანი ყოფილხართო.
ეს ის განსაკუთრებული შემთხვევა იქნება, როცა მისი გამარჯვება გაგვახარებს და საკუთარი მარცხი არ გვეწყინება.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე