შვედეთში ულტრამემარჯვენეებს, რომლებიც ქვეყნის პარლამენტში პირველად 8 წლის წინათ გამოჩნდნენ, ამჯერად ამომრჩეველთა თითქმის 18-მა პროცენტმა მისცა ხმა, რამაც ისინი მესამე ადგილზე გაიყვანა. პირველზე გავიდა მმართველი მემარცხენე ცენტრისტული პარტია, მეორეზე _ მემარჯვენე ცენტრისტები. ეს შედეგი ნაციონალისტებს გავლენიან ძალად წარმოაჩენს ამ სკანდინავიურ ქვეყანაში.
ულტრამემარჯვენეების ლიდერი იიმი ოკენსონი იუწყება, რომ პარტიის გაძლიერების დასტური უნდა ვეძებოთ ხმის მიცემის ურნებში და ამაოა ოპონენტების მცდელობა, გააყალბონ ციფრები. ჩვენმა პარტიამ, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით, გაცილებით ძლიერი გარღვევა გააკეთა. გასაგებია, რომ შეეცდებიან ჩვენს ამოშლას გადაწყვეტილებების მიმღებთა სიიდან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მომავალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების საკითხზე სალაპარაკოდ ვიწვევ მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერ ულფ კრისტენსონს”.
დამკვირვებელთა დიდი ნაწილის აზრით, ზომიერი კოალიციის პარტიის ლიდერი ულფ კრისტენსონი, რომელმაც წინა დღეს პრემიერმინისტრ ლევენს ურჩია, გადამდგარიყო, შეეცდება უმცირესობის მთავრობის შექმნას. გამორიცხული არ არის, რომ ამის მისაღწევად გაურიგდეს ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასა და “შვედ დემოკრატებს”. შედეგად ნაციონალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, გავლენა მოახდინონ პოლიტიკის ფორმირებაზე, განსაკუთრებით, იმიგრაციის საკითხებზე.
შვედეთში გამართული არჩევნები პირველი იყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქვეყანაში 163 ათასი მიგრანტი მიიღო _ ევროპის ქვეყნებს შორის თითოეულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ოდენობა.
“გრძელი რიგები ოპერაციების ჩასატარებლად, ექიმებისა და მასწავლებლების უკმარისობა, დანაშაულის ზრდა მიგრანტებით დასახლებულ რაიონებში _ ყველა ამ პრობლემამ სახელი გაუტეხა შვედურ სოციალურ მოდელს და პოპულისტური პარტიების წინასაარჩევნო პლატფორმის ძირითადი თემები გახდა”, _ ხაზს უსვამს The Guardian.
The Guardian ასკვნის, რომ უკიდურესმა მემარჯვენე ძალებმა დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში წარმატებას პოლიტიკური მეინსტრიმის წყალობით მიაღწიეს. ისინი სათავეში უდგანან იტალიის, ავსტრიის, ნორვეგიისა და ფინეთის ქვეყნებს.