აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენი იქნება, მაგრამ მისი კანდიდატურა ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. პოლიტიკოსი უკვე დაადანაშაულეს ჰარასმენტსა (საქციელი, რომელიც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ან ვნებს სხვა ადამიანს _ გ.გ.) და 2016 წელს უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს, მოსყიდვაში, ახლა კი ადანაშაულებენ რასიზმში, დასცინიან პირდაპირ ეთერებში უცნაური გამონათქვამების გამო და ეჭვობენ, რომ აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან დაავადებულია დემენციით _ მოხუცებულობით გამოწვეული ჭკუასუსტობით.
ზომიერი ვეტერანი
ბაიდენს თამამად შეიძლება ეწოდოს ამერიკის პოლიტიკის ვეტერანი. ის დელავერის შტატის სენატორად 1972 წელს აირჩიეს და ამ შტატის უცვლელი წარმომადგენელი იყო 36 წლის განმავლობაში. შემდეგ ვიცეპრეზიდენტის პოსტი ეკავა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში. ეს საპრეზიდენტო რბოლა მისთვის პირველი არ არის _ 1998 და 2008 წლებშიც ცდილობდა პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, მაგრამ ამაოდ. ამჯერად კი დემოკრატიული პარტიის ელიტამ ფსონი ბაიდენზე დადო. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსს ბაიდენი განიმტკიცებს დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, რომელიც ივლისში გაიმართება.
პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ ბაიდენმა, გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ოვალური კაბინეტიდან უნდა გააგდოს რესპუბლიკელი პრეზიდენტი და კონგრესში დააბრუნოს დემოკრატიული უმრავლესობა. პარტიის წევრების აზრით, სწორედ ჯო ბაიდენმა უნდა მოიპოვოს შავკანიანი მოსახლეობისა და ქალების მხარდაჭერა.
შავკანიანი მოსახლეობა ყოველთვის მხარს უჭერს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ბაიდენს კი პირველ აფროამერიკელ პრეზიდენტთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ქალებს, ბაიდენს დამატებითი ხმები უნდა მოეპოვებინა იმ მხარდაჭერით, რომელიც არაერთხელ გამოხატა მოძრაობა #MeToo-ს მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი რთული აღმოჩნდა.
“შენ ჩემთვის არაფერი ხარ”
ამა წლის მარტის ბოლოს ბაიდენის ყოფილმა თანაშემწე ტარა რიდმა პოლიტიკოსი სექსუალურ დევნაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს მოხდა 1993 წლის გაზაფხულზე, როცა ბაიდენს სენატორის პოსტი ეკავა. იმ დღეს რიდს სთხოვეს, სენატორისთვის გადაეცა ჩანთა, ისინი ერთმანეთს სენატის ერთ-ერთ შენობაში შეხვდნენ. “შეხვედრისას, _ იხსენებს ქალი, _ სენატორმა კედელთან მიმიმწყვდია, ძალით მაკოცა, ერთი ხელი ბლუზის ქვეშ შემიყო, მეორე _ ქვედაკაბის ქვეშ”. ბაიდენს გაუკვირდა, თანაშემწემ ხელი რომ ჰკრა, შემდეგ გაიღიმა და ქალს განუცხადა, მეგონა, მოგწონდიო.
“შემდეგ მან თითი მატაკა და მითხრა: “შენ არაფერი ხარ ჩემთვის, არაფერი”, _ განაცხადა ტარა რიდმა. მისი თქმით, ამ ინციდენტამდე უკვე ნათქვამი ჰქონდა უფროსობისთვის ბაიდენის საეჭვო შეხებებსა და გადაკრულ სიტყვებზე, მაგრამ მის ნათქვამს ყურადღება არავინ მიაქცია, პირიქით _ რიდს განუცხადეს, დაკისრებულ მოვალეობებს ცუდად ასრულებო და სამსახურიდან დაითხოვეს.
ამ ამბის გახმაურების შემდეგ ბაიდენის მომხრეებმა ქალი სიცრუეში დაადანაშაულეს და ბრალი დასდეს “იდეალური რეპუტაციის მქონე ღირსეული კანდიდატის” სახელის ლაფში ამოსვრის მცდელობაში. ბაიდენმა კი, რომელიც კარგა ხანს დუმდა, ბოლოს განაცხადა, რომ არ ახსოვს ეს ქალი და ასეთი რამ არ მომხდარა. შემდეგ თანდათან გამომზეურდა საქმის სხვა დეტალები. გაირკვა, რომ ტარა რიდსა და კიდევ 7 ქალს, რომლებიც ადრე ბაიდენთან მუშაობდნენ, საჯაროდ ჰყავდათ დადანაშაულებული პოლიტიკოსი ჰარისმენტში. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი შემთხვევა 2019 წელს მოხდა. ყოფილი თანაშემწის ნათქვამი დაადასტურეს მოწმეებმა, მათ თქვეს, რომ რიდმა მომხდარის შესახებ 1990-იან წლებში განაცხადა. გაირკვა, რომ ბაიდენის სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ იცოდნენ ტარა რიდის მეზობელმა, აგრეთვე, ტარას დაქალმა, ძმამ და დედამ. თანაც რიდის დედამ ყველაფერი, რაც მის ქალიშვილს შეემთხვა, 1993 წელს ლარი კინგის შოუში მოყვა, თუმცა სენატორის ვინაობა არ გაუმხელია. მოგვიანებით დადგინდა, რომ ბრალდება წერილობითაც იყო გაფორმებული. დოკუმენტში მითითებულია, რომ რიდზე ჰარასმენტი განხორციელდა ბაიდენის ოფისში, მაგრამ მოძალადე დასახელებული არ ყოფილა. ეს სამხილები საკმარისი აღმოჩნდა ბაიდენის მოწინააღმდეგეებისთვის. განსაკუთრებით აღშფოთდნენ მოძრაობა #MeToo-ს წარმომადგენლები. “შენ არ გაქვს უფლება, მოიქცე ასე, ვინც უნდა იყო _ ტრამპი, ბაიდენი თუ ჰარვი”, _ განაცხადა ყოფილმა მსახიობმა და პროდიუსერმა ლუიზეტ გეისმა, რომელმაც ჰარისმენტში დაადანაშაულა ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ ბაიდენისთვის წაყენებული ბრალდებები შეარყევდა მის და, საერთოდ, დემოკრატიული პარტიის პოზიციებს. ეს შიში გამართლდა. რესპუბლიკელებმა სწრაფად ისარგებლეს შესაძლებლობით და დემოკრატები ფარისევლობასა და ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულეს.
შავი ხმები
ბაიდენმა თავის რეპუტაციასა და პარტიის პოზიციებს მეორედ თვითონ დაარტყა. მაისის ბოლოს რადიოშოუ The Breakfast Club-ს ესტუმრა. პოლიტიკოსი იმედოვნებდა, რომ მიიპყრობდა გადაცემის აუდიტორიის _ ახალგაზრდა აფროამერიკელების _ ყურადღებას და პოპულარობას მოიხვეჭდა, მაგრამ მისი მდგომარეობა გაუარესდა.
ინტერვიუს მიმდინარეობისას ბაიდენმა შავკანიან რადიოწამყვან ლენარდ მაკელვის განუცხადა, რომ მან თავს არ უნდა უწოდოს შავკანიანი, თუკი მხარს ტრამპს დაუჭერს. რეაქციამ არ დააყოვნა _ სოციალურ ქსელებში ბაიდენი მყისვე დაადანაშაულეს, რომ ცდილობს, აფროამერიკელებს ჭკუა ასწავლოს და ეჭვი შეაქვს რასობრივ აუთენტურობაში. ბაიდენის კრიტიკას მხარი აუბეს რესპუბლიკელებმა, ტრამპის შტაბში კი ბაიდენის ნათქვამი რასიზმის გამოხატულებად მიიჩნიეს. სკანდალზე გაუგებარი რეაქციით ვითარება დაამძიმა ბაიდენის საარჩევნო შტაბმა _ პოლიტიკოსის პარესმდივანმა საიმონ სანდერსმა (სხვათა შორის, აფროამერიკელმა) განაცხადა, რომ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, უბრალოდ, იხუმრა.
ცეცხლზე ნავთი დაასხა მასმედიამ. New York Post-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ბაიდენი “პრიმიტიულ რასიზმში” დაადანაშაულეს. მასალაში აღნიშნულია, რომ ბაიდენის გამონათქვამი წელს ქვემოთ დარტყმა იყო აფროამერიკელებისთვის და ეს მას “შავი ხმების” დიდ ნაწილს დააკარგვინებს.
მოკლე ხანში ბაიდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცა, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო მინეაპოლისში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო. ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა დაგმო სამართალდამცველების მოქმედება და განაცხადა, რომ ასეთი სისასტიკის წინააღმდეგ ხმის ამოღება “მართებული და სამართლიანია”. პოლიტიკოსი ქალაქ უილმინგტონში (დელავერის შტატი) გამართულ დემონსტრაციასაც კი დაესწრო და შეხვდა ადგილობრივი შავკანიანების ლიდერებს, თუმცა, ექსპერტთა აზრით, თავისი შელახული იმიჯის აღსადგენად ბაიდენს ვიცეპრეზიდენტად აფროამერიკელის დასახელება მოუწევს.
“დიდი ორატორი”
The Breakfast Club-ში გამოსვლამ ნათლად წარმოაჩინა ბაიდენის კიდევ ერთი სუსტი მხარე _ მისი უუნარობა, მკაფიოდ უპასუხოს დასმულ შეკითხვებს და ნათლად ჩამოაყალიბოს აზრი. პოლიტიკოსმა ჯერ დელავერის შავკანიანი მოსახლეობის რაოდენობის მონაცემი ზუსტად ვერ დაასახელა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამ მაჩვენებლით შტატი ქვეყანაში მეშვიდეა, სინამდვილეში კი 33-ე ადგილზეა. კაზუსი ბაიდენს არაერთხელ მოსვლია _ მაისში ვირტუალურ მრგვალ მაგიდასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, არადა, იმ მომენტისთვის დაღუპულთა რაოდენობა 85 ათასი იყო. როგორც გაირკვა ბაიდენმა უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობა დაღუპულთა რაოდენობაში აურია.
მარტში ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყოფილ ვიცეპრეზიდენტს ცოლი და და ერთმანეთში აერია, თებერვალში კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტისთვის კი არა, სენატორობისთვის იბრძვის. მანამდე კი თქვა, რომ 2007 წლიდან დღემდე 150 მლნ ამერიკელი დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით (ამერიკაში სულ 327 მლნ ადამიანი ცხოვრობს).
მიუხედავად იმისა, რომ 1980-იან წლებში ბაიდენის ორატორულ ოსტატობას დითირამბებს უმღეროდნენ ჟურნალისტები, თვითონ ბაიდენი თავს დიდ ორატორად არ მიიჩნევს. მან მეტსახელიც კი მოიგონა საკუთარი თავისთვის _ “შეცდომების მანქანა” და ამით მიანიშნა, რომ ბევრ შეცდომას უშვებს საზოგადოების წინაშე გამოსვლისას. მაგრამა თვითირონიამ ბაიდენი ვერ იხსნა ტრამპის დაცინვისგან, რომელმაც მას “მძინარე ჯო” შეარქვა და ხშირად შეაქვს ეჭვი მის გონებრივ შესაძლებლობებში (ტრამპის გარმოცვის აზრით, ბაიდენს დემენცია სჭირს).
ცალკე თემაა ბაიდენისა და უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს სკანდალური სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ბაიდენი პოროშენკოს მილიარდ დოლარს სთავაზობს უკრაინის გენპროკურორ ვიტორ შოკინის პოსტიდან დათხოვნისა და კომპანია “ბურისმას” უკანონო მოღვაწეობაზე გამოძიების შეჩერებისთვის. ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი იყო. და, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კიევი თავს შორს იჭერს ამ საქმისგან, სკანდალი მძლავრად დაარტყამს ბაიდენისა და დემოკრატიული პარტიის რეპუტაციას. ჯერჯერობით კი ბაიდენი ცოტა სხვაობით უსწრებს ტრამპს რეიტინგში, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, გამოკითხვის შედეგები ყოველთვის არ ასახავს რეალობას. წინა არჩევნებზე ყველა გამოკითხვაში ჰილარი კლინტონი ლიდერობდა, მაგრამ გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა.
Lenta.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ