წლების სიმრავლით დამძიმებული სხეული ძლივს ასწია, გაცვეთილი სახსრების ჭრაჭუნით ჩაიცვა, ეზოში გავიდა და ჭერმის ქვეშ დაგდებულ კუნძზე ჩამოჯდა. უყვარდა განთიადის შემობრძანებით გაღვიძებული ბუნების შვილთა ზეიმის საამო სიმფონიის მოსმენა.
ღამეს ჯერ ისევ ჯიუტად გადაეფარებინა მიდამოსთვის შავი ფრთები, მაგრამ ძილ-ბურანში მყოფი ბუნება უკვე მტრედისფრად იფშვნეტდა თვალებს. რა ბედნიერებაა ყოველ დილით ბუნების გაღვიძების ზეიმით დატკბობა. დრო კი უმოწყალოდ მიდის და თითებზე ჩამოსათვლელად დარჩა დღეები ამქვეყნად ყოფნის გაწამაწიაში.
ყველა ბუნების კანონით ცხოვრობს, ზედმეტობა კი ისეთივე უგემურია, როგორც გაუმაძღრობაშეყრილი ადამიანისთვის ბუნების გაღვიძებით ტკბობა. არა, ამას არ ჩივის:
სანამ მზეს უმზერ, სიცოცხლესთან ხარ,
წახვალ და სიკვდილს კვებავ,
შენი თაობის სვლას არ ჩამორჩე,
მომავალს მიეც შვება, _ ჩაიდუდუნა.
მისი თაობიდან ერთეულებიღა შემორჩნენ ამ გაუკუღმართებულ წუთისოფელს. სიბერეს წლების სიმრავლით შემოძარცვულ ახლობელთა კაეშანი ახლავს, მაგრამ, როცა შენი ერი მხიარული და სამშობლოს ერთგული შვილების ზრუნვით გამართულია, სიბერეც წყნარად, საამოდ და უშფოთველად იფერფლება.
რამხელა გაჭირვების გამოვლის შემდეგ გავმძლავრდით, გავმრავლდით, ავყვავდით; ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და ვერ ვიგებდით. უმუშავრობამოსპობილ ქვეყანაში უმუშევრობა ისჯებოდა. მართალია, სტალინის სიკვდილის შემდეგ კრეტინმა, კარიერისტმა კომუნისტმა თავკაცებმა დაანგრიეს და დაამახინჯეს ხალხის სასიკეთოდ შექმნილი ქვეყანა, მაგრამ მაინც დღევანდელობის გადასახედიდან სამოთხედ ჩანს. რა ცოდვა გვქონდა ისეთი, რომ ასე გადაგვარებულ-გადაჯიშებულ, უცხოელებზე მიყიდულ, უჭკუო, უმეცარ, მოხვეჭაზე დახარბებულ დემაგოგთა საჯიჯგნი გახადეს ეს უფლისმიერი სიკეთით ნაკურთხი ერი.
აირია ცხოვრება და “ძირს იმპერიის” ღრიალით დაარბიეს ყოველივე სასიკეთო. მერე ტრაბახი დაიწყეს: იმპერია ჩვენ დავშალეთო. შენ რა დაშალე, შე საცოდავო?! როცა სტალინის სიკვდილის შემდეგ ღალატის ნოტზე აწყობილი კომუნისტური “ვერხუშკა” ანგრევდა და ღრღნიდა ძლიერი გონებით ნაგებ ცხოვრებას, რომელიც ტაკიმასხარა გორბაჩოვმა გედის სიმღერით დაასრულა.
დაიშალა საბჭოთა კავშირი და ყველა მოკავშირე რესპუბლიკა თავისთვის დარჩა. რა გვინდოდა, ვინმემ დამოუკიდებლად არ გაგვიშვა?! რუსეთმა მის ცურზე პირმოკიდებული ყველა რესპუბლიკა თვითონ შემოიფერთხა. ესენი კი იმ კარის მტვრევას იბრალებენ, რომელიც არ არსებობდა.
საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის ყველაზე სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში ჩვენ ვართ. რომელი იბრალებს ასე უსირცხვილოდ ევროპელობას და უთავმოყვარეოდ იხვეწება ნატოში შესვლას? ციცქნა ქვეყანა ავღანეთი ამერიკელების შემდეგ მეორე ადგილზეა სამხედრო კონტინგენტის რაოდენობით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თუ ინტერნაციონალური მოვალეობის შესრულების ბითურთა ტრაბახით. ამ პატარა ქვეყნის მეტიჩრობაზე, თავზე საყრელად რომ აქვს პრობლემები, ნატოს წევრ დიდ ქვეყნებს არ ეღიმებათ?!
გაჰყვირიან, _ ამერიკელთა სტრატეგიული პარტნიორები ვართო. ციცქნა საქართველოს, თავის გადარჩენა რომ აქვს საზრუნავი, რა აქვს სტრატეგიულად საპარტნიორო ქვეყანასთან, რომელიც მსოფლიოზეა გადამჯდარი?! მგელთან პარტნიორობით შეიძლება იამაყოს ტურამ, ისიც ხომ ხორცის მჭამელი მტაცებელია, მაგრამ რის იმედი აქვს კურდღელს, როცა ყველა მტაცებელი მას უღრჭენს კბილებს?!
კურდღელი მგელს ეხუტება,
პარტნიორები ვართო,
მგელი მას ვახშმად ინახავს,
კურდღელი ტრაბახს არ თმობს, _ ხმამაღლა ჩაილაპარაკა.
ეს ქვეყნის საზიანო და სამარცხვინო ისეთივე ახირებაა, როგორიც ქართველი რომ ხარ და თურმე ევროპელი ყოფილხარ. ყველა შერეკილს შეუძლია სოფელ-სოფელ იწანწალოს და იძახოს: მე აფრიკელი ან თუნდაც ანტარქტიდელი ვარო, მაგრამ სავალალოა ის, რომ ეს ნაბოდვარი სახელმწიფო დონეზეა აყვანილი, ისევე, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონით ყველა ბილწი, მყრალი, სქესობრივად გარყვნილი მანიაკების ბოგინი და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონების მუხთლობის ზურგში დანის ჩარტყმის მსგავსი მოლოდინი. არადა, რა გასაკვირია, სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულმა მბრძანებელმა დაავალოს მისი დაკანონება, ვინაიდან მსოფლიოსთვის ამ სისაძაგლის თავზე მოხვევა მისი სტრატეგიის ნაწილია.
ქართველი ხალხის მიერ განვლილი ეკლიანი გზა დამპყრობელთა და მოძალადეთა წინააღმდეგ ბრძოლებში დაღვრილი სისხლით არის მორწყული. ესენი კი, თავის დაღწევის მაგიერ, იქით ეტენებიან. სამარცხვინო, რეკომენდაციებად შეთითხნილ ბრძანებებს დიდი მოწიწებით ასრულებენ, ამერიკა-ნატოს მსოფლიო თანამეგობრობად ნათლავენ და თავს ამ თანამეგობრობის წევრად მიიჩნევენ.
_ სოროსის ცურნაწოვ, იდიოტიზმით შეპყრობილ, თავხედ უმეცრებს არ სურთ, დაინახონ უფრო დიდი და ხალხმრავალი მსოფლიო, სადაც ეროვნული კეთილდღეობა აქვთ სალოცავად და არა სქესობრივი სიბილწის გაფეტიშება, _ აქ ფიქრი გაუწყდა.
ბუნებას უკვე მტრედისფერი სინათლე დაუფლებოდა. მის წინ შაშვმა გაირბინა, ცოტა ხნით შეჩერდა, კაცს დააკვირდა, მერე საძაღლის სახურავზე შეხტა და ჯამით დადგმულ საკენკს შეექცა.
ალვის ხესავით მაღალი და გამხმარი ვაშლის ხის კენწეროზე თურმე შაშვს გაეკეთებინა ბუდე. მოჭრილი ხე მიწას რომ დაენარცხა, ბუდიდან ოთხი ბარტყი გადმოხტა; დაბუმბლულები იყვნენ, მაგრამ ჯერ ფრენა არ შეეძლოთ. დაფეთებულები იქვე დაწყობილი ფიჩხის კონების ქვეშ შეძვრნენ. შეწუხდა. ბუდის არსებობა რომ სცოდნოდა, ხეს არ მოჭრიდა. სადაც შეძვრნენ, ჯამით საკენკი დაუდგა, იქნებ ჭამონ და გადარჩნენო.
საღამოს პატარა შაშვები საკენკს მშვიდად შეექცეოდნენ, იქვე ახლოს მათი მშობლები დაჭახჭახებდნენ; როგორ გაიხარა! ახლა საკენკს ყოველდღე უახლებდა. მოჩიტული წიწილებიც შეექცეოდნენ საკვებს. კრუხი შაშვის ბარტყებს არ უბრაზდებოდა და ერთად დასეირნობდნენ ეზოში.
თენდებოდა და შაშვებმა საამო გალობა დაიწყეს. გალობა კი არა, უფრო გასაუბრება. ყველა მომდევნო ამომღერება განსხვავდებოდა წინასგან, თან ელოდებოდნენ, სანამ მსმენელისგან პასუხს არ მიიღებდნენ.
_ თავიანთ ენაზე საუბრობენ, მომაჯადოებელ ჰანგებზე, _ გაიფიქრა და აზრები მათ გალობაზე ააწყო, როგორც მატარებლის ვაგონების მონოტონურ რაკუნზე მისადაგებული სიტყვა. შაშვებს ხეთა კენწეროები დაეპყროთ და საუბრობდნენ:
_ ზაქარ, შენი ჭერმის ქვეშ კაცი რომ ზის, ამდენ ხანს სად იყო? _ ჰკითხა კომშის კენწეროზე შემომჯდარმა.
_ ავად იყო საწყალი, მან გადამირჩინა ბარტყები, _ უპასუხა ზაქარამ.
_ შენ საიდან იცი?
_ მერცხლებმა მითხრეს, მეც რამდენჯერმე შევიხედე, იწვა, მაგრამ შველა არ შემეძლო, _ უპასუხა ზაქარამ.
_ შენ რათა, ადამიანები რატომ არ მიეხმარებიან? _ საუბარში ჩაერთო კაკალზე მჯდომი.
_ ადამიანებს ისეთი გაჭირვება სჭირთ, თავიანთი ქვეყნიდან გარბიან, აბა, ნახე, რამდენი ბინა და კარმიდამოა გამოკეტილი. ვინც დარჩა, გამოსავალს გახიზვნაში ეძებს; მხოლოდ ბობოლებიღა ბაირამობენ. ბებრები კი გაჭირვებაში ფართხალებენ.
_ ვაი, ვაი, ვაი, რა დღეში ყოფილან საწყლები! _ ერთხმად შეიცხადეს შაშვებმა.
_ ხელისუფლება რატომ არ ეხმარებათ?
_ რის დამხმარენი არიან?! მერცხლებმა ისიც თქვეს, რომ იმ თბილ ქვეყნებში, ზამთრობით რომ მიფრინავენ, მერცხალჭამია ხალხს უცხოვრია, ბევრი ფული ჰქონიათ და აქაური ფულზე დახარბებული ბედოვლათებისგან მოქალაქეობასა და მიწებს ყიდულობენ თურმე. ისინი აქ არ მომრავლდნენო, _ ეშინიათ მერცხლებს.
_ მერცხალჭამიები არც ჩვენ დაგვაყრიან ხეირს, _ შეწუხდნენ შაშვები.
_ ჩვენი ადამიანები გადაშენდებიან? _ იკითხა რცხილის ტოტზე შემომჯდარმა.
_ გადაშენდებიან, აბა, რა. შორს, დიდი წყლის იქით, რაღაც ევროპა ყოფილა, და იქაური წვრილ–მსხვილი ქვეყნები უჭერენ თურმე მხარს, სწორედ ისინი ყოფილან ჩვენთან გაბატონებული. სულ მათ მონა ყეყეჩებს ნიშნავენ თანამდებობებზე. თანაც პარტიებად წოდებულ ჯგუფებსა და უმეცარ, თავხედ ახალგაზრდებს არასამთავრობოებად ქირაობენ, ისინიც ჭირად ექცევიან ამ სიკეთის მადლით ნაკურთხ საქართველოს.
_ მხცოვანი მარკოზა მოსულა, ახლოს მოვიდეს, მაგან ყველაფერი იცის, _ გაუხარდათ შაშვებს.
_ საკენკზე დახარბებულები ვიღაც უცხოელებისგან ქვეყნის საზიანო დავალების შესრულებას რატომ კადრულობენ?! _ აღელდა ვაშლზე მჯდომი აგრაფინა.
_ ყველაზე საზარელ ღალატსა და მტრობაზე უარესია, როცა ქვეყნის ერთგულების ნიღაბაფარებული მოხელე თავკაცი სამშობლოს დამღუპველ შეკვეთებს ასრულებს, _ უპასუხა მარკოზამ, რომელმაც სულ ახლოს, ალუბლის ხეზე გადმოინაცვლა.
ამ მომენტში კაკალზე გულყვითელამ დაიწყო “ბიჭო-გოგიას” ძახილი.
_ რა ვეღარ იპოვე შენი გოგია, წადი აქედან, ხელს ნუ გვიშლი დილის გალობაში! _ მიეჭრა აგრაფინა გულყვითელას და ფრთების ფართხუნით გააძევა. ის კი შორს, ცაცხვის ხეზე შემოჯდა კვლავ “ბიჭო-გოგიას” ხმობით.
_ მარკოზ-ბატონო, თავკაცად ჭკვიანი, ხალხის ერთგული, სამშობლოსათვის შეწირული, უანგარო და მართალი კაცი ვერ მოუძებნიათ, ესენი რომ გადაარჩინოს? _ ჰკითხა ზაქარამ.
_ ხომ გითხარით, თანამდებობებზე იმ წყალგაღმელი ბატონების მიერ შერჩეულ კაცებს სვამენ, ხალხს კი ატყუებენ, ვითომ დემოკრატიულად აირჩიეთო.
_ ეგ დემოკრატიულად რაღაა?
_ დემოკრატიულად ის არის, კაკანათში საკენკი რომ დაგვიყარონ, ბითურები ვინც არიან, შევიდნენ და… კარგად მეყოლე.
_ კაკანათის გარეთ რომ რჩებიან?
_ მათ, ვინც გარეთ რჩება, ყურს არავინ უგდებს.
_ ყველაზე დიდი თანამდებობა თურმე პრეზიდენტობაა, ადრე ვიღაც თავქარიანი აყლაყუდა ყოფილა პრეზიდენტი, ქართველებს საშინელ უბედურებად ქცევიათ, მაგრამ, როგორც იქნა, მოუშორებიათ. ახლა იმ წყალგაღმელი მბრძანებლების წაქეზებითა და მფარველობით, უცხოეთში გაქცეული, გვარიანად უწამლავს ხალხს ცხოვრებას, _ ჩააგალობა ზაქარამ.
_ იმ აყლაყუდას შემდეგ მოსულ ხელისუფლებას წყალგაღმელებმა შეაპარეს პარტიებად წოდებული მოღალატეები და გვარიანად აურიეს ცხოვრება. ახლა აყლაყუდას დარჩენილი მომხრეები ასპიტებივით დასევიან ამ ხელისუფლებას, მათ ყველა ფუქსავატი და ნაგავი პარტიებიც ემხრობა, თურმე ხელისუფლებას ყველა სასიკეთო საქმის გაკეთებაში უშლიან ხელს, _ განმარტა მარკოზამ.
_ მათაც ყველა მოღალატე და გამყიდველი მოიცილონ, აქედან გარეკონ ან კაკანათში გამოამწყვდიონ, _ ჩაერია ტყიდან მოფრენილი შაშვი.
_ ხელი ვერ უხლიათ, მათი მფარველებისა ეშინიათ. წყალგაღმელები, რომელი ხელისუფლებაც არ მოსწონთ, აწიოკებენ, უფროსებს კი ხოცავენ. ამათაც ეშინიათ, ეგრე არ მოგვექცნენო და ის მოღალატეები თამამად დაშლიგინებენ _ პარლამენტში თუ მთავრობაში სამუშაოდ არ უშვებენ.
_ მართლა დიდი საფრთხის წინაშე ყოფილა ეს ხელისუფლება, მაგრად აირევა ქვეყანა, _ დაასკვნეს შაშვებმა.
_ მარკოზ-ბატონო, გამოსავალი იქნებ გამოჩნდეს და ეგ ასპიტები მოიცილონ ან ქვეყნიდან გააქციონ.
_ გამოსავალი ჩრდილოეთის დიდ ქვეყანასთან მეგობრობაა, ადრე საქართველო რომ გადაარჩინა და ააყვავა. ახლა ყველა, ვისაც რაღაც თანამდებობა აქვს, წყალგაღმელთა დავალებით მას აგინებს, ხალხს კი არავინ არაფერს ეკითხება, _ განმარტა მარკოზამ და განაგრძო, _ უცხოეთის მიერ დაშინებული ხელისუფლება გაპარსულ ზღარბს დაამსგავსეს. ახლა ან ეკალს გამოისხამს, მყარად დადგება ხალხის მხარეს და ამ მოღალატეებს მოფშვნის, თავს დააღწევს წყალგაღმელთა ლაქიობას, ჭეშმარიტ მშველელთან იმეგობრებს და გმირთა რიგებში საპატიო ადგილს დაიკავებს, ან ისე გაქრება, როგორც სხვა მუცლისმონა პარაზიტი.
_ თურმე ვინც იმ წყალგაღმელთა ლაქია თავკაცია, თავის ხალხს რომ მტრობენ, ძაღლიშვილებს ეძახიან. და მათ სულ ასეთ პრეზიდენტებს უნიშნავენ, _ ამოიმღერა კომშზე მჯდომმა.
_ ახლა ერთი ბოლოქანქარა გაფრანგებული დედაკაცი ჰყავთ პრეზიდენტად, უთქვამს: სტალინი ქართველი არ იყოო, _ ჩააგალობა კაკალზე მჯდომმა.
_ ეგ სტალინი ვინღაა, გაგვარკვიე, მარკოზ-ბატონო, _ შეეხვეწნენ შაშვები.
_ ადამიანთა მოდგმა რაც არსებობს, მისი მსგავსი ბრძენი კაცი, ძლიერი ნებისყოფითა და საქმით, არ ყოფილა. ხალხის სასიკეთოდ თავდადებულს დიდი გამარჯვებები მოუპოვებია და ყველა სულიერისთვის საშიში მტერი მოუსპია. ჩრდილოეთით უზარმაზარი ცივი ქვეყანა რომ არის, ის ქვეყანა, ჩვენი სამშობლოც და მრავალი სხვა მას აუყვავებია; რომელი ხალხი არ ინატრებს ამგვარი შვილის ყოლას. ჩვენთან კი უცხოელთა ლაქია, კუჭის მონა, ჭკვამოკლე მახინჯ პარაზიტთა ხროვა მას ლანძღავს წყალგაღმელთა დაკვეთით. არადა, მისი საქმეები ბედნიერი მომავლის გარანტიაა, რაც ყველა პატიოსანი ადამიანის ოცნებაა, _ იგალობა მარკოზამ.
_ ვახ, ვახ, ხედავთ, რა მაგარ ხალხთან ვცხოვრობთ! _ აჭახჭახდნენ შაშვები.
_ იმ წყალგაღმელებმა ერთხელ ქალიც კი დაუნიშნეს თავდაცვის მინისტრად, _ ავიშვიშდა ტყიდან მოფრენილი შაშვი.
_ ჩვენი აგრაფიანასავით, მანაც ხო მოიგერია გულყვითელა, _ გამხიარულდნენ შაშვები.
_ იმ ვიღაც უცხოელებზე მიყიდულ დედაკაცს ნუ მადარებთ, მე ჩემი შაშვური ჯიშისა და ჯილაგის ერთგული ვარ და ბარტყებსაც შაშვეთის ერთგულებად ვზრდი! _ გაბრაზდა აგრაფინა.
_ აგრაფინა მართალია, წყალგაღმელთა ლაქია დედაკაცის შესადარებელი რა სჭირს შაშვეთისადმი თავდადებულ ფრთოსანს?! _ დაასკვნა მარკოზამ.
_ ჩვენ შორის ვერ იბოგინებს ყვავის, ძერას, მიმინოსა და სხვა მტაცებლის ლაქიობის მკადრებელი. მშობლიური ჯიშისა და ჯილაგის უცხოელთა საკენკზე გამცვლელს თავისი მოდგმის რისხვა არ ასცდება, შხამად შეერგება ნაძარცვი და ნაარმალი! _ ააფართხუნეს ფრთები აღელვებულმა შაშვებმა.
_ როგორც ვატყობ, აქ თქვენი ცხოვრება გართულდება. ტყეში წამოდით, შეიძლება მტაცებლებმა შეგვაწუხონ, მაგრამ იქ აუარებელი მაყვალი და სხვა კენკრაა, ახლა აღარავინ მოდის დასაკრეფად და ლპება, _ მიიპატიჟა ტყიდან მოფრენილმა შაშვმა.
_ ვინ დაკრეფს, ახალგაზრდები უცხო ქვეყნებში გაფრენაზე ფიქრობენ, ბებრები კი ძლივს დაათრევენ დამძიმებულ სხეულს, _ უპასუხა კომშზე მჯდომმა.
_ ამ კარ-მიდამოს არ მივატოვებთ. ეს კაცი ჩვენთან მეგობრობით ცოცხლობს. აუგად ვერავინ აგვიქნევს ხელს. თუ ბედი გაგვიწყრა და მერცხალჭამიებმა იმძლავრეს, ტყეში გადავბარგდებით, მაგრამ საწყალ მერცხლებს რა ეშველებათ, მის ბინაში ასე რომ ნებივრობენ?! _ აიშალნენ შაშვები.
ზაქარა ხიდან ჩამოფრინდა, კაცის წინ დაჯდა, ერთხანს უყურა, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მერე საძაღლეზე შეხტა, საკენკი დაათვალიერა და ეზოში ქათმებთან მოფუსფუსე შაშვებში გაერია.
კაცი კუნძიდან ადგა, თავის სახლს გახედა. მერცხლებს დიდი საოჯახო ფუსფუსი ჰქონდათ; სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა.
_ ჰმ, მერცხალჭამია უცხოელები დაიკავებენ აქაურობას და ქართველთა ხსენებას გააქრობენ? შაშვები ასე განიცდიან, ადამიანები კი ცხვრებად ვიქეცით. ნახეთ, რა თქვეს: უცხოელთა მიერ დაშინებული ხელისუფლება თუ ეკალს გამოისხამს, ხალხის მხარეს დადგება, მოღალატეებს მოფშვნის, წყალგაღმელთა ლაქიობას თავს დააღწევს და ჭეშმარიტ მშველელთან იმეგობრებს, გმირთა რიგებში საპატიო ადგილს დაიკავებს, თუ არადა, ისე გაქრება, როგორც მუცელს გადაყოლილი პარაზიტიო. ყველა მოღალატის ბოლო სამარცხვინო გაქრობაა, არც ქართველობა დაკნინებულა ისე, რომ მოღალატეები დამსახურებისამებრ არ მოაშთოს. ბევრი უბედურება მოგვინელებია და ქართველი ერის არტერიაზე პარაზიტად მომჯდარ ყველა მოღალატე ძაღლიშვილსაც ეს დღე ელის! _ უცებ გაჩუმდა, იქაურობას თვალი მოავლო და მზით ანთებულ ზეცას იმედიანად შეხედა.
ალუბლის ხეზე შემომჯდარი მხცოვანი შაშვი მარკოზა გალობას ამთავრებდა:
წავა, წავა, ყველა წავა,
მოსვლა წასვლის დარია,
ზოგის წასვლა დარჩენაა,
ზოგი ისეც მკვდარია.
გივი სომხიშვილი, მწერალი
დიდი მადლობა ბატონო გივი! რა შესანიშნავად გადმოეცით ჩვენი გასაჭირი! ‘მე ქართველი ვარ, მაშასადამე ევროპელი ვარ!’- ეს სამარცხვინო, ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ფრაზა წამოისროლა ზურაბ ჟვანიამ თავის დროზე და მერე სიტყვასიტყვით გაიმეორა ‘დიდმა დიპლომატმა’ სალომე სამადაშვილმა, ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე, ევროპაში. სამწუხაროდ ასეთი მედროვეები წარმოადგენენ დღეს საქართველოს საერთაშორისო არენაზე. თუ არ გაიწმინდა სამთავრობო ყველა სტრუქტურა ასეთი მოღალატეებისგან, მართლა დაიღუპება ქვეყანა. ასევე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბოგინი საქართველოში!!!