მაგიური ფოკუსები, ილუზიები, გახერხვა და გაუჩინარება _ ეს ყველაფერი, დიდი ხანია, იპყრობს ადამიანების ყურადღებას და ნუსხავს მათ. პარადოქსია, მაგრამ ამა თუ იმ მაგიური ილუზიის საიდუმლოს გამომზეურების შემდეგაც კი მაყურებლის აღტაცება არ ცხრება. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ილუზიონისტს.
ალესანდრო კალიოსტრო
გრაფ კალიოსტროს (ჯოვანი ბატისტა ვინჩენცო პიეტრო ანტონიო მატეო ფრანკო ბალსამო, 1743-1795) სხვადასხვა სახელით იცნობდნენ. ის იყო ფენიქსი, ტისკიო, ბელმონტე, მაგრამ პოპულარობა მოიხვეჭა სახელით ალესანდრო. იტალიელმა ილუზიონისტმა მოღვაწეობა განძეულის ყალბი რუკების გაყიდვით დაიწყო. დარწმუნების ნიჭი და გამოცდილება მას შესაძლებლობას აძლევდა, სასურველი სტუმარი ყოფილიყო ევროპისა და რუსეთის სამეფო სახლებში. კალიოსტრო არაერთხელ ყოფილა ლიტერატურული პერსონაჟის პროტოტიპი. ის მდიდარ კლიენტებს ე.წ. ახალგაზრდობის ელექსირს უმზადებდა და წყალზე მკითხაობდა. ევროპიდან პეტერბურგში გადაბარგების შემდეგ დაუმეგობრდა თავად პოტიომკინს, კალიოსტროს პერსონით თავის დროზე იმპერატრიცა ეკატერინე მეორეც დაინტერესდა. კალიოსტროს სახელი გაუთქვა ფოკუსმა, რომელიც მან პოტიომკინის კუთვნილი ოქროს მონეტებით ჩაატარა პირობით, რომ, თუ ოქროს მონეტების რაოდენობა და წონა მოიმატებდა, მესამედი მისთვის უნდა გადაეცათ. დღემდე არავინ იცის, როგორ მოახერხა ეს კალიოსტრომ, მაგრამ მონეტები აწონვისა და გაანალიზების შემდეგ ზუსტად მესამედით მეტი იყო. ამის მიუხედავად, პეტერბურგში ბევრი მას თაღლითად მიიჩნევდა და გარკვეული ხნის შემდეგ აიძულეს, რუსეთიდან წასულიყო.
დევიდ კოპერფილდი
ამერიკელმა ილუზიონისტმა და ჰიპნოზიორმა დევიდ კოპერფილდმა (დევიდ სეტ კოტკინმა) პოპულარობა უცნაური ფოკუსებითა და თავისი შოუს წყალობით მოიხვეჭა. ებრაულ ოჯახში დაბადებული ბიჭი 4 წლის იყო, როცა სმენით დაიმახსოვრა თორა, 7 წლისა ნათესავებს აოცებდა ფოკუსებით, ხოლო 12 წლისა უკვე პროფესიონალი ილუზიონისტი იყო. დევიდს იწვევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტში მაგიაზე ლექციის წასაკითხად, იღებდნენ ფილმებში და მონაწილეობდა სხვადასხვა შოუში.
1990-იან წლებში ტელეარხ CBS-ის ეთერში დევიდმა შოუში “დევიდ კოპერფილდის მაგია” პირველად “გააქრო” თვითმფრინავი. შემდეგ კი უამრავი ადამიანის თვალწინ თავისუფლების ქანდაკება “მოიპარა”. კოპერფილდის ტრიუკმა “სიკვდილის ხერხმა” თავის დროზე ფურორი მოახდინა, ხოლო “კოპერფილდის გაფრენა” დღემდე მისი სავიზიტო ბარათია.
ჰარი გუდინი
ამერიკელმა ილუზიონისტმა, ფილანტროპმა და მსახიობმა ჰარი გუდინიმ (ნამდვილი სახელი ერიკ ვაისი) სახელი გაითქვა შარლატანების მხილებითა და რთული ტრიუკებით. შეეძლო, ნებისმიერი ბორკილიდან გათავისუფლებულიყო. ყველაფერს ხსნიდა, რაც კი შეკრულ-ჩაკეტილ-ჩაკვანძული იყო. ის მდინარე თემზაში ბორკილდადებული და 30 კგ სიმძიმის ტვირთით ჩააგდეს, კუბოში ჩაწოლილი დამარხეს, მაგრამ ყოველთვის საღ-სალამათი ჩნდებოდა მაყურებლის წინაშე, რომელიც ჯადოქარს აპლოდისმენტებით აჯილდოებდა.
ლონდონში გუდინიმ პირველად აჩვენა თავისი ყველაზე პოპულარული ტრიუკი “ცოცხალი სპილოს გაუჩინარება”. შემდეგ ეს ტრიუკი ნიუ-იორკის იპოდრომზე წარმოადგინა. პეტერბურგის ციხეში სიკვდილმისჯილთა კამერას დააღწია თავი. გუდინი მალე იქცა ცოცხალ ლეგენდად.
ური გელერი
ისრაელელმა ილუზიონისტმა და მისტიფიკატორმა სახელი გაითქვა იმით, რომ აზრის ძალით ღუნავდა ლითონის კოვზებს. გელერს წარმატება მოუტანა შეუპოვრობამ და თვითწარდგენის უნარმა ტელეშოუში. ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და საზოგადოებას აჩვენებდა ტელეპათიისა და ფსიქოკინეზის უნარს. შეეძლო, აეჩქარებინა ან შეენელებინა საათის ისრების მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება აღტაცებით ხვდებოდა გელერის გამოსვლებს, კრიტიკოსები ზებუნებრივი უნარების გარეშე იმეორებდნენ მის ტრიუკებს.
ემილ კიო
თავისი ფსევდონიმი ემილ გირშფელდ-რენარდმა აიღო კინოთეატრის თავზე დაწერილი სიტყვა “კინო”-დან რომელშიც ასო “ნ” იყო გამქრალი. კარიერის დასაწყისში ის არა ცირკით, არამედ თეატრითა და კინოთი იყო დაინტერესებული, მაგრამ ცხოვრებამ გაიყვანა მანეჟზე, სადაც მისი ყველაზე პოპულარული ტრიუკი იყო “ორმაგი გახერხვა”. გასახერხის როლს კი ასრულებდა ემილ კიოს მეუღლე _ გამხდარი და სიმპათიური ქალი. კიო საბჭოთა კავშირში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ემილ კიოს კვალს გაჰყვა მისი ვაჟი იგორ გიო.
დევიდ ბლეინი
კიდევ ერთი ილუზიონისტი, რომელმაც პოპულარობა საკუთარი შოუს წყალობით მოიხვეჭა. ტელეარხ ABC-ს ეთერში გასულმა შოუმ “დევიდ ბლეინის ქუჩის მაგიამ” საფუძველი ჩაუყარა “სასწაულების მოდას”. დევიდზე გადაიღეს ფილმები და სერიალები, ძალიან პოპულარულია მისი ბლოკი ინტერნეტში. ილუზიონისტის მთავარი ტრიუკები პლასტიკისგან დამზადებულ კონტეინერებში ცოცხლად დამარხვაა, ყინულში გაყინვა (ამ მომენტში ბლეინის სხეულის ტემპერატურა პლუს 33 გრადუსამდე დაეცა, რომელსაც შეიძლებოდა სიკვდილი გამოეწვია), მდინარე თემზის ზედაპირზე ყუთში 44-დღიანი ჯდომა უსაკვებოდ და უწყლოდ, მან, აგრეთვე, პირდაპირ ეთერში შეიკავა სუნთქვა 17 წუთისა და 4 წამის განმავლობაში.
მოამზადა ნიკა კორინთელმა