იყო დრო, როცა ფულის ზომები ძალიან დიდი იყო. კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია საკმაოდ ბევრი შემთხვევა, როცა საყიდლებზე წასვლისას მტვირთავებს ქირაობდნენ ფულის წასაღებად. როგორ გამოიყუნებოდა ფულის ერთეულები სხვადასხვა ეპოქაში?
ლითონის წნელები
ოფიციალური ვერსიის თანახმად, ფულის პირველი ერთეული 4,5 ათასი წლის წინათ გაჩნდა. მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე ძველი ფული არის ვერცხლის წნელები, რომლებსაც ანგარიშსწორებისთვის იყენებდნენ მესოპოტამიაში. ნაკეთობებს ერთნაირი სიგრძე, დიამეტრი და წონა ჰქონდა და ამ პარამეტრებს გულმოდგინედ იცავდნენ დამზადებისა და ანგარისწორების მომენტში. იმ შორეულ პერიოდში ბუღალტერიას აწარმოებდნენ თიხის ფირფიტებით, ამიტომ ვაჭრობის სფეროს მუშაკები ფიზიკურად ძლიერები უნდა ყოფილიყვნენ. ასეთივე წნელებით, ოღონდ რკინისგან დამზადებულით, ანგარიშსწორებისას სარგებლობდნენ სპარტელები. ფულის ერთეულად ითვლებოდა 6 წნელის შეკვრა, რომელიც მამაკაცს უნდა აეღო, ბერძნულად _ “დრაჰმა”. სხვათა შორის, თანამედროვე ბერძნულმა ფულმა ეს უძველესი სახელწოდება მემკვიდრეობით მიიღო.
მარილი
მარილს ყველა ეპოქაში განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. ამ პროდუქტს არა მხოლოდ კერძისთვის გემოს მისცემად და მარაგის შესაქმნელად იყენებდნენ, არამედ რიტუალური მიზნებისთვისაც, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პლანეტის ზოგიერთ კუთხეში ფულის ერთეულად გამოიყენებოდა. ეთიოპიაში მარილი ოქროზე ძვირად ფასობდა და მისი გაცვლა ნებისმიერ რამეზე შეიძლებოდა, მათ შორის, პატარძალზე.
მარილის ზოდებს, როგორც ანგარიშსწორების საშუალებას, იყენებდნენ შუასაუკუნეების ევროპასა და ძველ რუსეთშიც.
ნიჟარები _ ყველაზე გავრცელებული ვალუტა
ჩინეთი თავისი ისტორიის რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ფულის ერთეულად სხვადასხვა საგანს იყენებდა. შესაძლოა, სწორედ ჩინეთში გაჩნდა პირველი მონეტები _ ჩინელებს მოსწონდათ ასეთი ფული და მათ დამზადებას დიდ ძალისხმევას ახმარდნენ. ცნობილია მრგვალი, კვადრატული, მრავალკუთხოვანი მონეტები, შუაში გახვრეტილი ფული, აგრეთვე, პატარა დანების სახით და ზარებიც კი, მაგრამ ყველაზე უცნაურ ჩინურ ფულად შეიძლება ჩაითვალოს მოლუსკების _ ციპრეისა ან კაურის ნიჟარები, რომლებსაც 3,5 ათასი წლის წინათ იყენებდნენ. იმხანად ეს გადაწყვეტილება იდეალური გახლდათ: კაურის გაყალბება შეუძლებელი იყო, თანაც ასეთი ფული ძალიან ცოტას იწონიდა. საზოგადოდ, მოლუსკებისგან დამზადებულ ფულს ბევრი ქვეყანა იყენებდა, მაგალითად, ინდოეთის სამხრეთში კაურის ფული 1900 წლამდე იყო მიმოქცევაში.
ლითონის რგოლები
რკინის, სპილენძისა და ძვირფასი ლითონებისგან დამზადებულ რგოლებს, როგორც ფულის ერთეულს, 1948 წელსაც იყენებდნენ დასავლეთ აფრიკაში. თუ რკინისა და სპილენძის რგოლები გამოიყენებოდა საკვების, ინვენტარისა და მომსახურების საფასურის გადასახდელად, ოქროსა და ვერცხლის რგოლებს მონების შესაძენად და ტყვეების გამოსასყიდად იყენებდნენ.
მარცვლეული
კვების პროდუქტებზე ძველ მსოფლიოში ყოველთვის იყო მოთხოვნა _ ომები, სტიქიები, უბედურებები და მოუსავლიანობა ხშირად ქმნიდა ისეთ ვითარებას, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონოდა ოქრო, მაგრამ შიმშილისგან მომკვდარიყო, ამიტომ ძველი ეგვიპტელები საკითხს მაქსიმალურად პრაგმატულად მიუდგნენ: დაიწყეს ფულის ერთეულად მარცვლეულის გამოყენება _ ჭვავისა და ხორბლის. ანგარიშსწორების ეს მეთოდი ისეთი მოსახერხებელი იყო, რომ დიდ ქალაქებში შეიქმნა მარცვლეულის ბანკები, რომლებშიც შეიძლებოდა მარცვლეულის შენახვა და, როცა საჭირო იქნებოდა, წაღება. ბანკები იძლეოდნენ პერგამენტსა და პაპირუსზე დაწერილ ხელწერილებს, რომლებიც ბაზარში წასვლისას საკრედიტო ბარათების როლს თამაშობდა.
ჩიტის ბუმბული
ტროპიკული ფრინველების ბუმბულს ფართოდ იყენებდნენ მონეტებად სოლომონის კუნძულებზე მცხოვრებნი. მსუბუქი ვალუტა რომ არ დაეკარგათ, მას აწებებდნენ ან ახვევდნენ ლენტებად.
ბუმბულის სამ ლენტად შეიძლებოდა კანოეს ან შუბის შეძენა, აგრეთვე _ საცოლის. მდიდარი კუნძულელები საყიდლებზე რამდენიმე ასეთი ლენტით მიდიოდნენ.
ბუმბულის ფულ ტევაუს XX საუკუნის შუა წლებამდე იყენებდნენ კუნძულ სანტა-კრუსზე.
ჩაის ბრიკეტები
აგურის ან მრგვალი ფორმის დაპრესილი ჩაის ფოთლების ბრიკეტები ძველ ინდოეთში, ჩინეთსა და ტიბეტში ფულის მაგივრობას ასრულებდა.
გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ბრიკეტებზე გარკვეულ ნიშნებს გამოსახავდნენ ხოლმე.
ოკეანის ქვის მონეტები
მიკრონეზიის არქიპელაგი, რომელიც უამრავი პატარა ვულკანური კუნძულისგან შედგება, წყნარ ოკეანეში მდებარეობს. ამ პატარა კუნძულებზე ფულის ერთეულად სხვადასხვა ზომის ტუფის ქვებს იყენებდნენ. კუნძულ იაპზე ამ ფულის ნახვა დღესაც შეიძლება.
ყველაზე დიდ მონეტებს “სამოთხე” ეწოდება და 5 ტონას იწონის, ყველაზე პატარა კი ხელისგულზე თავსდება.
მოამზადა ნიკა კორინთელმა