ფსიქოლოგები ფრენისადმი შიშს ერთ–ერთ რთულ ფსიქოლოგიურ პრობლემად მიიჩნევენ: ზოგიერთს ელეთ–მელეთი ემართება მხოლოდ იმის გაფიქრებაზეც კი, რომ თვითმფრინავში მიუწევს ჩაჯდომა და გაფრენა. ეს შიში ხშირად გადაულახავ წინააღმდეგობად იქცევა ხოლმე და ადამიანებს ხელს უშლის მოგზაურობასა და ულამაზესი ქვეყნების დათვალიერებებში. კვლევების თანახმად, ფრენის შიში ძლიერდება, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის, აეროპორტში… გთავაზობთ სახიფათო აეროპორტების ჩამონათვალს.
ველინგტონის საერთაშორისო აეროპორტი _ ახალი ზელანდია
ამ აეროპორტში დაშვება შეიძლება სახიფათო იყოს იმიტომ, რომ აქ მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლია, თანაც მოკლე, ამ ზოლის ბოლო კი მთავრდება… ზღვაში. ყველაფრის მიუხედავად, აეროპორტი ლამაზ ადგილზეა, ასე რომ ველინგტონის საერთაშორისო აეროპორტს შეიძლება ეწოდოს არა მხოლოდ ერთ-ერთი სახიფათო, არამედ ლამაზიც.
კანსაის საერთაშორისო აეროპორტი _ იაპონია
ხელოვნურ კუნძულ კანსაის სიგრძე 4 კმ-ია, სიგანე _ 2,5 და ამბობენ, რომ ის კოსმოსიდანაც კი ჩანს. საინჟინრო თვალსაზრისით, ეს აეროპორტი ყველაზე შთაბეჭდავია მსოფლიოში, მაგრამ ინჟინერიის ეს შედევრი ხშირი მიწისძვრების, მძლავრი ციკლონებისა და არასტაბილური ზღვის ფსკერის გამო ერთ-ერთ სახიფათო აეროპორტად ითვლება მსოფლიოში.
ბარას საერთაშორისო აეროპორტი _ შოტლანდია
ეს მართლაც უნივერსალური აეროპორტია დედამიწაზე, იქ ხომ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ნაცვლად გამოყენებულია პლაჟი, დიახ, პლაჟზე მოწყობილია სამკუთხედის ფორმის 3 ასეფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლებიც ხის ხელებით არის გამიჯნული.
გისბორნის აეროპორტი _ ახალი ზელანდია
ეს ყველაზე უცნაური, უჩვეულო და გიჟური აეროპორტია მსოფლიოში. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გასწვრივ გადის რკინიგზის ხაზი. დიახ, რკინიგზის ხაზი, და დისპეტჩერებმა უნდა აკონტროლონ თვითმფრინავების აფრენა-დაფრენა და მატარებლების მიმოსვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინათ რკინიგზის ხაზი დახურეს, ფრენები მაინც ხორციელდება.
ტენცინგისა და ჰილარის სახელობის აეროპორტი
2010 წელს ტელეარხმა History Channel-მა ეს აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე სახიფათოდ მიიჩნია. ის მდებარეობს 2900 მ-ის სიმაღლეზე, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი კი ერთ მხარეს მთავრდება მაღალი მთით, მეორე მხარეს კი _ უფსკრულით.
გიბრალტარის აეროპორტი
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ჩვეულებრივი აეროპორტია, მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ასე არ არის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ აეროპორტის მთავარი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გადის ქალაქის მთავარ ქუჩაზე და ყოველთვის, როცა თვითმფრინავი უნდა დაფრინდეს, ავტომობილები უნდა გაჩერდნენ და გაატარონ თვითმფრინავი.
მადეირის აეროპორტი _ პორტუგალია
კუნძულ მადეირის ამ უჩვეულო საერთაშორისო აეროპორტს აქვს ძალიან მოკლე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ეს მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს 2-ჯერ გაადიდეს. ამას გარდა მას ერთი მხრიდან აკრავს მთები, მეორე მხრიდან _ ოკეანე. აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ სახიფათოდ ითვლება.
გუსტავ III-ის სახელობის აეროპორტი _ სენტ–ბარტელემი
კარიბის ზღვის აუზში მდებარე საფრანგეთის კუთვნილი კუნძულის აეროპორტს უჩვეულოდ მოკლე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს და ამიტომ ემსახურება მხოლოდ პატარა თვითმფრინავებს. ზოლი იწყება მთის ფერდობიდან და მთავრდება პლაჟზე.
აგატის აეროპორტი _ ლაქშადვიპი (ინდოეთი)
ეს აეროპორტი ყველა მხრიდან შემოსაზღვრულია ინდოეთის ოკეანით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1219 მ-ია და ისე მოკლეა, რომ სხვა უფრო დიდი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ფრაგმენტს ჰგავს. ეს ერთადერთი აეროპორტია ინდოეთის ტერიტორია ლაქშადვიპისა, რომელიც 36 ეგზოტიკური კუნძულისგან შედგება.
მოამზადა ნიკა კორინთელმა