ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი. სწორედ ამიტომ ამბობს ერის მამა: “ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს”.
ილიას აზრით, ჟურნალისტიკას ორი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, ის არის შუამავალი ცხოვრებასა და მეცნიერებას შორის, ანუ არის საზოგადოებაში ცოდნის გამავრცელებელი; მეორე მხრივ კი, ის საზოგადოების ცხოვრების სარკეა, რომელიც ასახავს ყოველდღიური აზრის “მიდენ-მოდენას”. “იგი საზომია ცხოვრების მოთხოვნილებისა და საჭიროებისა, იმოდენად დიდი საშუალებაა, რომლის ძალითაც თვით საზოგადოება თვისით ცხოვრების სადავეს ხელთ იპყრობს და ცხოვრების თვით–რჯულს დენას საკუთარ თაოსნობას უმორჩილებს”. “ჟურნალ–გაზეთობამ საზოგადოების ჭკუა და გონება უნდა აღზარდოს, უნდა ააღორძინოს საზოგადოების თვით–მოქმედობითი ძალა”.
ილია ამბობს, ჟურნალისტიკა აზრის აღებ-მიცემობაა და ამიტომ იმას ამოგძახებს, რასაც ჩასძახებო; და რომ არავითარ შემთხვევაში ის ლანძღვა-გინების პროფესიად არ უნდა იქცეს. ის ცდილობს, განსხვავება დაგვანახვოს კრიტიკასა და ლანძღვა-გინებას შორის. “წუნის დადება და ლანძღვა-თრევა შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევთ. განა ცუდს ცუდი, ავს ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად?”
ილიას აზრით, საზოგადოებისთვის პირველი წამალი პირში სიმართლის თქმა უნდა იყოს, ისე, რომ არ შეურაცხყო ადამიანის ღირსება. კრიტიკა კარგ რჩევად უნდა გადავაქციოთ და მერე ცხოვრება გაცილებით გამარტივდება.
“ძნელია ეს ყოველისფერი, ჩვენო მკითხველო, მაგრამ მაგ სიძნელეშია ის საწყაოც, რომლითაც უნდა აიწყოს გაზეთის ღირსება და რომლითაც შენ უნდა მიუწყო მისთა მოღვაწეთა შენი გულითადი თანაგრძნობა, შენი პირუთვნელი პატივისცემა”.
ილია უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ჟურნალისტიკას. მას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცნობიერება, ცხოვრება; ამ პროფესიის ადამიანი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თავის საქმეს და ეცადოს, მუდმივად იზრუნოს საკუთარი და საზოგადოების თვალსაწიერის გაფართოებაზე, გემოვნების დახვეწასა და განათლების დონეზე.
XX საუკუნის დასაწყისში, იმ დროს, როდესაც ქართული მედია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, დღევანდელი მედიისგან განსხვავებით, პუბლიცისტური წერილები წარმოადგენდა რიგით ადამიანამდე მისაწვდენ ხმას, ასევე სხვადასხვა საკითხზე საჯაროდ მსჯელობის ფორმას, ხალხში ცნობიერების ამაღლების მეთოდს და აქტუალური თემების სიღრმისეულად განხილვის საშუალებას.
როგორია დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, რადგან მასზე ბევრი ავისა და კარგის თქმა შეიძლება. ასეა თუ ისე, ზოგი სწორ გზას ადგას, ზოგს კი მისთვის ვერ მიუგნია და ჰეროსტრატეს დიდებით მოპოვებული პოპულარობით ყელყელაობს; სამწუხაროდ, სამარცხვინო, უარყოფითი შედეგის მომტანი, ეპატაჟური საქციელით ცდილობს, მომდევნო თაობებს დაამახსოვროს თავი. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ დღეს ჩვენთან, ვისაც სურვილი აქვს, ყველა ჟურნალისტობს. მათთვის ჟურნალისტიკა რეიტინგია, სენსაციაა, სიყვითლეა, ზედაპირულობაა…
მაგრამ, ზოგჯერ რომ “თქმითაც დაშავდების”?
თუ “სიყვითლეს” ნაკლებ ადგილს დავუთმობთ, თუ სიმართლის მსახურება იქნება როგორც პრესის, ასევე ტელევიზიის მთავარი დანიშნულება, მაშინ მოიპოვებენ ჟურნალისტები ნდობას, პატივისცემასა და მათდამი მოკრძალებულ დამოკიდებულებას.
ეს საკითხები აქტუალური იყო ჯერ კიდევ XIX საუკუნეში. ილია ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში ჟურნალისტიკას “პოპულიარულ ლიტერატურად” ან “ადვილ ლიტერატურად” მოიხსენიებს და განმარტავს: “იმიტომ, რომ იგი დანიშნულია მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო, რამოდენათაც შეიძლება, გააადვილოს მეცნიერების და ხელოვნების ნაყოფის მოკრეფა ყველასათვის; მათგან დამუშავებულნი ძნელი მისახვედრი ცნობაები საყოველთავო გასაგებად გაამარტივოს, გააადვილოს და ამით განავრცელოს საჭირო სწავლა და ცნობაები ხალხშია. ამგვარ ლიტერატურას ეკუთვნის ჟურნალიცა, ნამეტნავად ის ჟურნალი, რომელსაც ეძახიან: “საზოგადო ჟურნალი”. აი, რა-რიგ სამსახურისათვის ვნიშნავთ ჩვენს “საქართველოს მოამბესაცა”.
ილია ჭავჭავაძემ მოხერხებულად აუარა გვერდი ოფიციალურ დაბრკოლებებს და წერილში “საქართველოს მოამბეზედ”, არაპირდაპირ, მაგრამ საკმაოდ გასაგებად, ჟურნალის ძირითად ამოცანად საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემების განხილვა-გადაწყვეტა გამოაცხადა.
“საქართველოს მოამბეს” ილია საზოგადოებრივ ჟურნალსაც არქმევს. “თუ ჟურნალს უნდა კეთილსინდისიერად აღასრულოს თავისი ძნელი საქმე, უნდა თვალგაფაციცებით თან აჰყვეს აწინდელ ცხოვრებასა, რათა ყოველ ფაქტსა თვალი და გონება ადევნოს. ყოველ აზრის საკეთილმოძრაობას გზა მისცეს, ყველაფერი შენიშნოს და ყოვლისფერს პასუხი გასცეს. ერთი სიტყვით, უშველოს ცხოვრების წინ ფეხის გადადგმასა”.
ილიას ამ წერილის მიხედვით, თითქმის ამომწურავად შეიძლება გავიგოთ, რა არის პუბლიცისტიკა, რა ამოცანები დგას მის წინაშე და როგორ ჟურნალს ეწოდება პუბლიცისტური ჟურნალი.
“საქართველოს მოამბეს” ილია უწოდებს საზოგადოებრივს, პუბლიცისტურს, რადგან პუბლიცისტიკა სიტყვაწარმოების მიხედვითაც და შინაარსობრივადაც საზოგადოებრივს ნიშნავს. პუბლიცისტიკა ილიას ესმის, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნაწერები აქტუალურ თემაზე. “მოამბის” უმთავრესი საგანი, _ შენიშნავს ილია, _ აწინდელი ცხოვრება იქნება თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა… თუ ჩვენი ჟურნალი დაჰყურებს დღევანდელი ცხოვრების მოქმედებას, უფრო მაგ თესლისათვის დაჰყურებს, რომ ეგ გამოჰკრიფოს ხვალისათვის… რაც შორს სცემს ჟურნალის თვალი, მით უფრო კარგია… ჟურნალი”.
“საქართველოს მოამბის” რედაქტორი კარგად ხედავს, რომ პუბლიცისტიკა მუდამ მებრძოლი კლასისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. ილია მიუთითებს, რომ პუბლიცისტიკამ წინ უნდა წაიმძღვაროს იდეური დროშა, “უნდა მოგვცეს პირდაპირი პასუხი ყოველს საჭირო კითხვაზედ, რაც კი პირდაპირ მოედგმება ცხოვრების ვითარებას, ის იქნება ჩვენის ჟურნალისათვის… რამოდენადაც… “მოამბე”… მიაგნობს და შეიტყობს ცხოვრების მაჯისცემასა და შენიშნავს იმ მაჯის მცირედსა ცვლილებებს… იმდენად იგი პატივცემული იქნება საზოგადოებაში და ნაყოფიერი ცხოვრებაში”.
საგლეხო რეფორმისა და კაპიტალიზმის განვითარების პირობებში თვით ცხოვრებამ წამოჭრა მწვავე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემები, გამოიწვია ქვეყნის შემდგომი განვითარების შესახებ აზრთა შეხლა-შემოხლა. ჩვენში ამას ეროვნული ტკივილიც ზედ ერთვოდა და ყოველივე ეს მოითხოვდა ახალი სახის პრესას.
რუსულმა ჟურნალისტიკამაც ანალოგიური გზა განვლო. ამ პერიოდში “საზოგადოებრივ-ლიტერატურული” ჟურნალი “სოვრემენიკი” გადაიქცა “საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და მხატვრულ-ლიტერატურულ” ჟურნალად. მღელვარე პუბლიცისტური წერილების წყალობით ის ხელიდან ხელში გადადიოდა, ამიტომ ათენებდნენ მის კითხვაში ღამეებს ჩვენი პეტერბურგელი სტუდენტები. 1858 წელს, “სოვრემენიკიდან” ლიბერალების (უმთავრესად მწერლების) წასვლის შემდეგ ახალი რედაქციის სარედაქციო განცხადებაში ნათქვამია: “ჟურნალისტიკა უნდა იყოს საზოგადოების ცოცხალი აზრის გამომხატველი… ჟურნალის ხასიათი რომ ერთი სიტყვით განვსაზღვროთ, ეს სიტყვა იქნება საზოგადოებრივი”.
იგივე აზრია გატარებული ილიას წერილში “საქართველოს მოამბეზედ”.
ილია ჭავჭავაძემ პირველად თქვა ჩვენში, რომ ჟურნალის, პრესის ძირითადი მიზანია არა მკითხველის გართობა, არამედ მისი მსოფლმხედველობის გამომუშავება, დემოკრატის, პატრიოტის აღზრდა.
“საქართველოს მოამბის” განსაკუთრებულ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ჩვენს ჟურნალისტიკაში მებრძოლი, რევოლუციური, უფრო ფართო გაგებით, საერთოდ პუბლიცისტური ჟანრის დაფუძნება. მას შემდეგ პუბლიცისტიკამ ღირსეული ადგილი დაიკავა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.
შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ “ცისკრის” პუბლიცისტიკა უმწეოდ და უბადრუკად გამოიყურებოდა, ის იყო, რომ მას არ ჰყავდა განათლებული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების პრობლემებში გარკვეულ თანამშრომელთა კადრი. პუბლიცისტს კი, სხვა თვისებებთან ერთად, სწორედ ასეთი ფართო და მრავალმხრივი განათლება მოეთხოვება.
დასასრული შემდეგ ნომერში
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე